"რომელიღაც ციხეში თუ ვიღაც პატიმარზე თუ ზეწოლა მოხდა, ამის გამო მთელი ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს"
"რუსეთთან სწორი პოლიტიკით ვერც სააკაშვილი გამოირჩეოდა, თუმცა, ამათ მაინც ჯობია. ქვეყანაში დენისა და ნაგვის გაიაფება ქვეყნის კეთილდღეობის განმსაზვრელი არ უნდა იყოს"
"დიდ პატივს ვცემ საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს, მაგრამ მისი პუტინთან ჩასვლა ერის სულიერი მამის მხრიდან, ღირსეული საქციელი არ იყო"
"25 თებერვლიდან საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით ფართომასშტაბიან აქციებს ვმართავთ, ეს იქნება დასაბამი ქვეყანაში მესამე ძალის გააქტიურებისა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახვა, რომ მხოლოდ "ნაციონალებისა" და ქართული ოცნების" იმედზე არ შეიძლება ქვეყანა დარჩეს. უნდა არსებობდეს რაღაც საკითხი, რომლის გარშემოც ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, მაგრამ ეს ამათ არ ესმით. რუსი არის ოკუპანტი და ეს ბიძინას მომხრე ქართველისთვისაც ასეა და მიშას მხარდამჭერისთვისაც" - აცხადებს ჩვენთან საუბარში ედპ-ს (ეროვნულ დამოუკიდებელი პარტიის) ლიდერი ირაკლი წერეთელი, რომლის თქმითაც, "გაზაფხულიდან ქვეყანაში მძლავრი ანტისაოკუპაციო მოძრაობა უნდა გაიშალოს".
- 25 თებერვალს მე და ჩემი მეგობრები თბილისში ანტისაოკუპაციო, განმათავისუფლებელ დემონსტრაციას ვმართავთ და ვიწვევთ ყველას, ყველა ძალის წარმომადგენელს, პოლიტიკურ ორიენტაციას მნიშვნელობა აქვს და ვნახოთ რა იქნება. ამ დღეს გვექნება კონკრეტული მოთხოვნები, რომლის შეუსრულებლობა სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნება და იმ შემთხვევაში, თუ მას არ შეასრულებენ, ჩვენს მიერ ორგანიზებული აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
- კონკრეტულად რა მოთხოვნები გაქვთ?
- ქვეყნის დეოკუპაცია. როგორც პოზიციამ ისე ოპოზიციამ, რუსეთი აგრესორად უნდა გამოაცხადოს. ასევე ხელისუფლებამ მსოფლიო თანამეგობრობას იგივე მოთხოვნით უნდა მიმართოს. გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვთ, აგრესიის შედეგების ლიკვიდაციას და კიდევ, საქართველო უპირობოდ უნდა მიიღონ ნატოში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მათი მიკიბულ-მოკიბული საუბარი, - საქართველო ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ქართველებმა საბჭოთა კავშირის დროს, ყველა სხვა ქვეყნის წარმოადგენელზე მეტი სისხლი დავღვარეთ და რომელიღაც ციხეში თუ ვიღაც პატიმარზე თუ ზეწოლა მოხდა, ამის გამო მთელი ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს.
ამ აქციის შემდეგ, პარლამენტთანაც გავმართავ აქციას, რათა სოჭში ოლიმპიურ თამაშებში ჩაიშალოს და არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ იქ მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმა. მე გამაოცა, ამ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებამ, არაფერი დაშავდება იმით, რომ სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილოებას ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენო. ეს იგივეა, კაცმა სახლ-კარი წაგართვას, ცხვირ-პირი დაგიმტვრიოს და მერე სახლში დაგპატიჟოს სუფრაზე. სხვათა შორის, რუსეთთან სწორი პოლიტიკის გატარებით ვერც მიხეილ სააკაშვილი გამოირჩეოდა, მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ხელი მოაწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას, სადაც რუსი ოკუპანტად არ იყო მოხსენიებული. თუმცა, ამათ მაინც ჯობია. ქვეყანაში დენისა და ნაგვის გაიაფება, ქვეყნის კეთილდღეობის განმსაზვრელი არ უნდა იყოს და სოციალური ფონის გაუმჯობესებამ ეროვნული თვითშეგნება არ უნდა დაგვიჩლუნგოს.
- თუმცა, ბატონო ირაკლი, რუსეთი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია და გვინდა თუ არა მასთან ოდესმე უნდა დალაგდეს ურთიერთობა...
- კი ბატონო, ოღონდ ეს ჩვენი ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე არ უნდა მოხდეს... საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ჩვენმა თაობამ სისხლი დაღვარა. მაშინ ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ამ შედეგს დიდი ბრძოლის ფასად მივაღწიეთ ახლა ისევ უკან ვბრუნდებით?!. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს, მაგრამ მისი პუტინთან ჩასვლა ერის სულიერი მამის მხრიდან, ღირსეული საქციელი არ იყო. ამ სახელმწიფოს "დამსახურებით" პატარა საქართველომ ათასობით ქართველი დაკარგა. ამბროსი ხელაია ასე არასდროს მოიქცეოდა და იმიტომ შევიდა საქართველოს ისტორიაში ასეთი სახელით... ვიცი, რომ ამის თქმის გამო ანათემას გადამცემენ და სწორედ იმ ხალხს ვეკითხები, რა შეიცვალა ამის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში?...
ასე რომ, ეროვნული თვითშეგნება ტყუილად არ მიხსენებია, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი აქციები, რომელიც ქართველი საზოგადოების გამოღვიძების წინაპირობა უნდა გახდეს.
- ბატონო ირაკლი, რომელი პოლიტიკური ძალა დგას თქვენს გვერდით?
- ჯერჯერობით მხოლოდ მე და ჩემი მეგობრები ვართ, მერე თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დაგეგმილი გვაქვს, ვიფიქრებთ თუ ვისთან ღირს ურთიერთობა. თუ უახლოეს წარსულს გადავხედავთ, მივხვდებით, ჩვენ ერთადერთი ეროვნული ძალა დავრჩით და დამოუკიდებლად უნდა ვიბრძოლოთ.
პატიმარს თუ ცოცხი გაუყარეს სხვებმა რა დავაშავეთ. დემონსტრაციაზე ვიწვევთ ყველას და არ გვაინტერესებს, ზვიადისტია, მიშისტი თუ ბიძინისტი. ამ დღეს ყველა ქართველი ჩემთვის ამ ქვეყნის შვილია და მიმაჩნია, რომ ამ დღეს მაინც ერთი იდეის გარშემო უნდა გაერთიანდნენ.