საბჭოთა ანაბრები მხოლოდ ლიტვამ და ყაზახეთმა აანაზღაურა

საბჭოთა ანაბრები მხოლოდ ლიტვამ და ყაზახეთმა აანაზღაურა

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საბჭოთა ანაბრებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზა არ არსებობს. 1996-1997 წლებში, იმდროინდელმა ხელისუფლებამ კომპენსაციების გაცემა მექანიზმი შეიმუშავა, პრეზიდენტმა ბრძანებულებაც გამოსცა და მთავრობას დაავალა, რომ 502 000 000 ლარი შიდა ვალად ეღიარებინა. შესაბამისად, 1998 წლის ბიუჯეტში 5 000 000 ლარი გაითვალისწინეს და პირველი ჯგუფის ინვალიდებსა და მათი ოჯახის წევრებზე, გარკვეული დახმარების სახით, 4 100 000 ლარამდე გასცეს... როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში? `ვერსიას~ ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ესაუბრა. 

პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრაქტიკა

ლევან კალანდაძემ "ვერსიას" განუცხადა, რომ სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური კომისია უნდა შექმნას, რომელიც ანაბრების გადაანგარიშების მეთოდოლოგიას შეიმუშავებს. ექსპერტის თქმით, კომისიამ, ასევე, უნდა შექმნას ყოფილი საბჭოთა მეანაბრეების ბაზა, რომელიც, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანაში არსებობს. როგორც ლევან კალანდაძემ აღნიშნავს, ამ მხრივ საქართველოს, სხვა ყოფილი მოძმე რესპუბლიკებისგან განსხვავებით, სერიოზული პრობლემა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებთან დაკავშირებით აქვს და თუ ეს საკითხი სახელმწიფოთა დონეზე, მაგალითად, რუსეთთან არ მოგვარდება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ბაზების მოპოვება გართულდება.

ლევან კალანდაძე ამბობს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ამ პრობლემის დარეგულირება დაიწყო. ანაბრებთან დაკავშირებული პრობლემა ოთხ ძირითად ეტაპს ითვალისწინებს: პირველი - ვალის აღიარება, მეორე - შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება (კომპენსაცია იქნება ეს თუ დახმარება), მესამე - წყაროს მოძიება ანუ რის ხარჯზე უნდა განახორციელო და მეოთხე - კომპენსაციის გაცემის პროცესის დაწყება და სახელმწიფო მონიტორინგის სისტემის შემუშავება. საქართველოს ამ ოთხიდან მხოლოდ ერთი კომპონენტი აქვს გათავისებული - 502 000 000 ლარი, როგორც აღვნიშნეთ, შიდა ვალად აღიარა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში საბჭოთა ანაბრები სრულად მხოლოდ ორმა ქვეყანამ - ლიტვამ და ყაზახეთმა დაფარა. მაგალითად, ყირგიზეთსა და მოლდოვაში, საბჭოთა ანაბრები გაყინულია და როგორც იქაური ექსპერტები აცხადებენ, საბიუჯეტო კრიზისის გამო, 15-20 წლის განმავლობაში, ამ კუთხით, პოზიტიური ძვრა არ იქნება. 

ლიტვა, ლატვია, ესტონეთი

ლევან კალანდაძის ინფორმაციითვე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე სამართლიანად ლიტვა მოიქცა - მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყანა ლიტვის მოქალაქეების მიერაა შექმნილი და ამიტომ, პრივატიზაციის თანხის 80%-ით საბჭოთა მეანაბრეების დავალიანება გაისტუმრა. 1991 წლის მდგომარეობით, 1 საბჭოთა რუბლი 1 ლიტში გაცვალეს, ოღონდ ზღვრული ოდენობაც დაადგინეს. თუ ლიტვის მოქალაქის საბჭოთა ანაბარი 6 000 რუსული რუბლი იყო, სრულად უნაზღაურებდნენ, თუ 6 000-ზე მეტი ჰქონდა, მაინც 6 000 საბჭოთა რუბლის ოდენობას უხდიდნენ. ლევან კალანდაძე ამბობს, რომ საშუალოდ, ერთ ანაბარზე მოქალაქემ 1 500 ევროს ოდენობის კომპენსაცია მიიღო. ლიტვამ თანხები ორ ეტაპად გასცა და მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები შექმნა ანუ პროცესი დროში გაწელა, რომ ერთჯერადად, ბაზარზე დიდი თანხის გამოსვლას, ეკონომიკური პრობლემები არ შეექმნა.

მისი თქმით, პირველ ჯგუფში 80 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები, გადასახლებულები, მათი ოჯახის წევრები და პოლიტპატიმრები შევიდნენ; მეორე ჯგუფში - 70 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები, ინვალიდები, მათი ოჯახის წევრები, მრავალშვილიანი ოჯახები, შრომისუუნარო მოქალაქეები; მესამე ჯგუფში - 60 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერები; ხოლო მეოთხე ჯგუფში - ყველა, სხვა დანარჩენი. 1998 წლიდან, კომპენსაციებით პირველი და მეორე ჯგუფის მეანაბრეები, ხოლო 2007-2008 წლებში - მესამე და მეოთხე ჯგუფის მეანაბრეები უზრუნველყვეს. 

ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ამ მხრივ ლატვიასა და ესტონეთში პარადოქსული სიტუაციაა, რადგან ამ ქვეყნებმა წმინდა მემარცხენე, რადიკალურ-ნაციონალური პოლიტიკა განახორციელეს. ლატვიასა და ესტონეთის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ყოფილი `გოსტსტრახის~ მეანაბრეების წინაშე ვალდებულება არ აქვთ და ეს რუსეთის ვალდებულება, რადგან საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთია, რომელმაც "სბერბანკის" ყველა დავალიანება აღიარა.

ყახაზეთი

ლიტვის გარდა, მეორე ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა ანაბრების გასტუმრების პროცესი დაასრულა, ყაზახეთია. ლევან კალანდაძის ინფორმაციით, ყაზახეთში სულ სხვა მოდელი შეიმუშავეს, რომლითაც ზარალი, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახით, გრძელვადიან პერსპექტივაში აანაზღაურეს - 15 000 რუბლზე 100 აშშ დოლარი გასცეს, გამოუშვეს გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც მოსახლეობას დაურიგეს და უთხრეს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კომპენსაციას ნაღდი ფულის სახით მიიღებდნენ, ანაბარზე არსებული ნაშთის პროპორციის შესაბამისად:

"შესაძლოა, ვიკამათოთ, რამდენად ოპტიმალური და სამართლიანი მოდელი შეიმუშავა ყაზახეთმა საკომპენსაციო თანხების გასაცემად, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობამ ეს პროცესი დასრულებულად გამოაცხადა", - განუცხადა "ვერსიას" ლევან კალანდაძემ.

ყაზახეთშიც მოქალაქეები ორ ჯგუფად გაყვეს, მაგალითად, პენსიონერებს ობლიგაციების 5-10 წლის, ყველა დანარჩენ ანუ შრომისუნარიან მოქალაქეს კი, 15-20 წლის შემდეგ გაუნაღდებენ. ყაზახეთმა ე.წ. გრძელი ფულის ეფექტი შექმნა, რომ ერთჯერადად, მიმოქცევაში ფულის გამოსვლის სახით, ქვეყანა პრობლემის წინაშე არ დამდგარიყო.

უკრაინა

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა ანაბრების თემაზე მუშაობა დაიწყო, უკრაინაა. ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ანაბრების გაცემის მოდელი ჯერ კიდევ 1996 წლიდან შეიმუშავეს, რომლითაც 1 რუსული რუბლი 1 უკრაინულ გრივნაში გადაიანგარიშეს, ოღონდ იმ პირობით, რომ ერთ მეანაბრეზე, მაქსიმუმ, 1 000 გრივნის ოდენობის თანხას გასცემდნენ. თუ მოქალაქეს საბჭოთა ანაბარზე 1 000 გრივნაზე მეტი ჰქონდა, კომპენსაციას მაინც 1 000 გრივნის ოდენობით მიიღებდა.

მართალია, ეს პროცესი 1996 წელს დაიწყო, მაგრამ ძირითადი თანხა უკრაინაში 2007-2008 წლებში გასცეს, იუშჩენკო-ტიმოშენკოს მმართველობის დროს. უკრაინაში 12 000 000 მეანაბრეა და გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე, პირველ 6 000 000 მოქალაქეს აუნაზღაურებდნენ ზარალს. უკრაინის ბიუჯეტში 6 მილიარდი გრივნა გამოყვეს და კომპენსაციის გაცემა დაიწყეს, მაგრამ როგორც ლევან კალანდაძე აღნიშნავს, უკრაინამ ერთბაშად, საკმაოდ დიდი `ქეშ-აუთი~ გააკეთა, რის გამოც 2009 წლიდან, ეკონომიკური კატასტროფა დაიწყო და უკრაინული გრივნა 90%-ით გაუფასურდა:

"ამის შემდეგ, უკრაინის მთავრობაში საბჭოთა ანაბრები რამდენიმე წლით "დაივიწყეს". 2011 წელს, უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა, მთავრობას მითითება მისცა, რომ 2012 წლიდან, საბჭოთა მეანაბრეებისთვის, კომპენსაციების გაცემა განახლებულიყო. ეს პროცესი 2013-2015 წლებზე უნდა გაიწეროს და კომპენსაცია დარჩენილმა 6 000 000-მა მოქალაქემ უნდა მიიღოს, რომლებმაც 2007-2008 წლებში ვერ მიიღეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ 1996 წელს, 1 000 უკრაინული გრივნა 568 აშშ დოლარის ექვივალენტი იყო, 2008 წელს 1 000 გრივნა - 198 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წელს კი 1 000 გრივნა მხოლოდ 125 აშშ დოლარია", - აცხადებს ლევან კალანდაძე. 

ბელორუსი

ლევან კალანდაძის თქმით, 1991 წლის მდგომარეობით, ბელარუსში, "სბერბანკის" ანგარიშზე 16 მილიარდი საბჭოთა რუბლი იყო. 1998-1999 წლებში ბელორუსშიც იყო მცდელობა, რომ კომპენსაციები გაეცათ. განსაზღვრეს კიდეც, რომ მოქალაქეს, რომელსაც ანაბარზე 10 000 საბჭოთა რუბლამდე ჰქონდა, 500 აშშ დოლარს მიიღებდა. 1998-1999 წლებში ამ პროცესს ინფლაცია მოჰყვა, რადგან კომპენსაციას ეროვნულ ვალუტაში - ბელორუსულ მანეთში გასცემდნენ. ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ბელორუსის მთავრობას კომპენსაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ეს პროცესი, ინფლაციის გამო, ბუნებრივად შეჩერდა:

"ბელორუსში ერთი პარადოქსული ტენდენცია შეინიშნება - ამ ქვეყნის ეროვნული ბანკის ყოველი ახალი ხელმძღვანელი, ახალ თანამდებობაზე მუშაობას, საბჭოთა ანაბრების თემის გააქტიურებით იწყებს. წლების მანძილზე, ბელორუსის ეროვნული ბანკის ყველა ხელმძღვანელი ერთსა და იმავე პირობას დებს, რომ მეანაბრეებს ანაბრები დაუბრუნდებათ სრული ოდენობით, გასული წლების პროცენტებისა და ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით. თუმცა თანამდებობაზე დანიშვნის ეიფორიის გასვლის შემდეგ, ამ ტიპის აქტიურობა წყდება და თავს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ამერიკისა და ევროპის ეკონომიკური კრიზისით იმართლებენ", - გვიამბობს ლევან კალანდაძე.

რუსეთი

რუსეთში ეს პროცესი 1996 წელს დაიწყო, ლევან კალანდაძის ინფორმაციით, ამჟამად, ქვეყანაში ანაბრების მომსახურების მესამე ტალღაა. თავდაპირველი მეთოდით, 1 საბჭოთა რუბლში რუსეთის მოქალაქეს 1 რუსულ რუბლს უხდიდნენ, შემდეგ ეტაპზე კომპენსაციის თანხა გაორმაგდა და 1 საბჭოთა რუბლში უკვე 2 რუბლს იხდიდნენ. დღეს მოსახლეობა გაყოფილია ორ კატეგორიად. მაგალითად, 1945 წლამდე დაბადებულები, რომლებსაც საბჭოთა ანაბარზე არსებულ 1 რუბლში ახლანდელ 3 რუბლს უხდიან, მაგრამ როგორც ლევან კალანდაძე ამბობს, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რუსულ რუბლს ცუდი კურსი აქვს და ეს კარგი მაჩვენებელი არაა. 1946-დან 1991 წლამდე დაბადებულ მოქალაქეებს და მათ სამართალმემკვიდრეებს, 1 საბჭოთა რუბლში 2 ახლანდელ რუსულ რუბლს აძლევენ.

ლევან კალანდაძის თქმით, რუსეთი ყოველწლიურად ითვალისწინებს ბიუჯეტში კომპენსაციას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ თანხის გაცემას ვეღარ ახერხებს. მაგალითად, 2013, 2014, 2015 წლების ბიუჯეტებში, 50 მილიარდი რუსული რუბლია გათვალისწინებული, მაგრამ რუსეთის ყველა ექსპერტის პროგნოზით, საბიუჯეტო კრიზისის გამო, დამატებით 50 მილიარდ რუსულ რუბლს ვერ მოიძიებენ და რომც მოიძიონ, ამ კონკრეტული მიზნისთვის ვერ გამოიყენებენ.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ერთ-ერთი კარგი მოდელია შემუშავებული, მაგრამ როგორც ლევან კალანდაძე მიიჩნევს, ეს მოდელი საკმაოდ ჩახლართულია. მისი თქმით, აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც განაცხადა, რომ საბჭოთა ანაბრებს შიდა ვალში არ აიღებს, მაგრამ მოქალაქეები კომპენსაციას მაინც მიიღებენ, რასაც ხელისუფლების კეთილი ნება უწოდეს. 2012 წლის 14 მარტს, ილხამ ალიევმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც მთავრობას სპეციალური მეთოდიკის შემუშავება და 2013 წლიდან კომპენსაციის გაცემა დაავალა.

თავდაპირველი მოდელით, 1 საბჭოთა რუბლში აზერბაიჯანი 0,50-დან 1 აშშ დოლარამდე იხდიდა, რაც მაღალი მაჩვენებელი იყო. ალიევის ბრძანებულების შემდეგ, საკომპენსაციო თანხები 0,13-დან 1 აშშ დოლარამდე გადაიანგარიშეს. ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ეს რთული მოდელია, რადგან ადრინდელი 2 000 საბჭოთა რუბლი, ამჟამინდელი 4 აზერბაიჯანული "გაპიკია" ანუ თითოეულ "გაპიკზე" 75 აზერბაიჯანულ მანათს იხდიან, რაც ცუდი არ არის. თუ მოქალაქეს ანაბარზე 1 500 საბჭოთა რუბლი ჰქონდა, დღეს 225 აზერბაიჯანულ მანათს, ანუ 270 აშშ დოლარს მიიღებს. ის კი, ვისაც 2 500 საბჭოთა რუბლი ჰქონდა - 350 აზერბაიჯანულ მანათს ანუ 420 აშშ დოლარს.

სომხეთი

რაც შეეხება სომხეთს, ლევან კალანდაძის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობამ ამ პროცესს თავი 2015 წელს უნდა მოაბას. კალანდაძის თქმითვე, სომხეთის მთავრობამ სამართლებრივი ბაზა შექმნა და მეთოდოლოგიაც შეიმუშავა, რა პრინციპით უნდა გასცეს კომპენსაცია. მაგალითად, ვისაც ანაბარზე 1 000 საბჭოთა რუბლი ჰქონდა, ის პირდაპირ 200 აშშ დოლარს მიიღებს, ის კი, ვისაც 1 000 რუბლზე მეტი ჰქონდა, ყოველ მეორე და მესამე 1 000 რუბლზე - 140 აშშ დოლარს, მეოთხე და მეხუთე 1 000 რუბლზე - 80 აშშ დოლარს, მეექვსედან მეათე 1 000 რუბლის ჩათვლით კი - 40 აშშ დოლლარს, 10 000 რუბლის ზემოთ, ყოველ 1 000 რუბლზე 20 აშშ დოლარს მიიღებს.