რატომ არ გაანადგურეს ნაციონალებმა

რატომ არ გაანადგურეს ნაციონალებმა "კომპრომატების სკივრი"

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი 8 თებერვალს განვითარებული მოვლენები იყო, როდესაც საჯარო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის გამოსვლა ჩაიშალა.

საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი თავისთავად ძალიან უარყოფითი მოვლენაა და მიუღებელია, როდესაც ქალს ხელით ეხები, მაგრამ თუ დავაკვირდებით, როგორ ვითარდებოდა 8 თებერვალს მოვლენები, შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციურ ველზე "გაჭრილი" პრეზიდენტისა და მისი გუნდის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ამაზე ბევრი ფაქტორი მიგვანიშნებს. უპირვე­ლესად ის, რატომ იყო შერჩეული მაინცდამაინც საჯარო ბიბლიოთეკის შენობა, რომელიც ისეთ ადგილას არის განლაგებული, სადაც არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი და მისი დაცვის სამსახური, გამომდინარე დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობიდან, არ მოინდომებს სიტყვით გამოსვლას, რადგანაც იქ შეუძლებელია უსაფრთხოების ეფექტიანი ზომების გატარება.

8 თებერვალს განვითარებულმა მოვლენებმა, სამწუხაროდ, დაადასტურა ჩვენი ვარაუდი, რომ საქართველოს სპეცსამსახურები, ადრე თუ გვიან, ჩათრეულნი იქნებოდნენ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მივიღეთ მძიმე რეალობა: საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირდაპირ დაქვემდებარებაში მყოფ სპეცსამსახურებს, სურთ თუ არა, უწევთ პრეზიდენტის ღია თუ ფარული განკარ­გულებების შესრულება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 8 თებერვალი იმ არაჯანსაღი გარემოს ლოგიკური შედეგია, რომელშიც უწევთ მუშაობა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) უმოქმედობამ დაცვითი ღონისძიებების უსაფრთხოების ერთიანი სისტემის რღვევა გამოიწვია. ის, რაც შემდეგ მი­ნისტრმა განაცხადა, მართლაც შოკის მომგვრელია: "სამწუხაროდ, გასული წლის ოქტომბრიდან სდსს-მ პრაქტიკულად გაწყვიტა ინტენსიური ოპერატიული კავშირი ჩვენთან, რაც საფრთხის შემცველია. არსებული პრაქტიკის თანახმად, წინასწარ ხორციელდება დაცვითი ღონისძიებები სდსს-ს და არა შსს-ს მიერ. სდსს-მ ერთი დღით ადრე იცოდა, რომ 8-ში პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მის­ვლას აპირებდა. ამის მიუხედავად, არ გაატარა ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. კერძოდ, სდსს-ს ერთობლივი დაცვისთვის საჭირო ერთჯერადი გეგმა უნდა შეემუშავებინა, ასევე არ გასულა ობიექტზე ერთობლივი ჯგუფი, რომლის დროსაც უნდა განსაზღვრულიყო პოლიციის მოქმედების არეალი, შსს-ს მიერ გამოსაყენებელი ძალებისა და საშუალებების ოდენობა და დამცავი ჯებირების გამოთხოვა ქალაქის მერიიდან. სდსს-მ 15:00 საათისთვის მოითხოვა საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟის და რაიონული პოლიციის ადგილზე გამოცხადება. ადგილზე პოლიციამ იმოქმედა სიტუაციური რეაგირების რეჟიმში. გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ეს ღონისძიება და ჩემი ბრძანებით, ერთი ეკიპაჟის ნაცვლად მობილიზებული იყო 55 ეკიპაჟი, ასევე ცენტრალური კრიმინა­ლური პოლიციისა და ქალაქის მთავარი სამმართველოს, დაახლოებით, 200 პოლიციელი".

გამოდის, რომ ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა (შსს და სდსს), სულ ცოტა, ერთმანეთთან არ თანამშრომლობენ, აქედან ხომ ერთი ნაბიჯია ღია დაპირისპირებამდე? რჩება შთაბეჭდილება, რომ "8 თებერვალი" კარგა ხანია მზადდებოდა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს პრეზიდენტი და მისი გუნდი ჯიუტად ამკვიდ­რებენ აზრს, რომ ამნისტიის შედეგად განთავისუფლებულები კრიმინალები და საზოგადოებისთვის საშიში ელემენტები არიან. კრიმინალი უწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც გასამართლებულნი იყვნენ პოლიტიკური ნიშნით (თუნდაც 26 მაისის ან 7 ნოემბრის დარბევების შემდგომ), გამართლებული არ არის. ამნისტია ფართოდ გავრცელებული მოვლენაა, რომელსაც ბევრი ქვეყნის ხელისუფლება მიმართავს, მაგრამ, როგორც წესი, ეს ხდება გამორჩეული თარიღის ან პოლიტიკური მოვლენის აღსანიშნავად (მაგ., პრეზიდენტის არჩევა და ა.შ.), არის კიდევ ერთი გარემოება, როდესაც ამნისტიას მოითხოვს გარდაუვალი აუცილებლობა,
თუ დავრწმუნდებით, რომ ეს ადამიანები დაპატიმრებული იყვნენ უსამართლოდ ან სასჯელის მოხდის პროცესში მათზე ხორციელდებოდა საერთაშორისო ნორმებით აკრძალული ფსიქოლოგიური, ფიზიკური, მორალური ზემოქმედება, ნებისმიერი ხელისუფების ვალია, ეს ადამიანები დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ან შეუმსუბუქოს სასჯელი.

საზოგადოდ, დემოკრატიულ ქვეყანაში ამნისტიის კანონი ისე გამართული უნდა იყოს, რომ სასჯელი სრულად შეესაბამებოდეს დანაშაულის სიმძიმეს და, ცალკეული შემთხვევების გარდა, მასშტაბური ამნისტიის საჭიროება აღარ იქნება. ამნისტია ნიშნავს, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, აღია­რებს დანაშაულს. ამ შემთხვევაში "ქართულმა ოცნებამ" აღიარა არა თავისი დანაშაული, არამედ შეეცადა, გამოესწორებინა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული იმ ათასობით პატიმრის წინაშე, რომლებიც უკანონოდ და გაუსაძლის პირობებში იხდიდნენ სასჯელს. ხოლო როდესაც ადამია­ნებს, რომლებიც მოგონილი ბრალდებებით წლობით ისხდნენ ციხეში, ბოდიშსაც არ უხდი და "კრიმინალთა ბრბოს" უწოდებ, ძნელია, გაწონასწორებული მოქმედება მოსთხოვო.

"კომპრომატების სკივრი"

ამ წლის თებერვლის დასაწყისში შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყების არქივში თავისი მთელი წლის საუბრების ჩანაწერი აღმოაჩინა. მისი სიტყვებით: "ჩემი მთელი წლის საუბარი, აუდიო-ფაილები აღმოვაჩინეთ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთ საიდუმლო არქივში. ეს იყო დაახლოებით, ერთი ჩე­მოდანი ფაილები. მათ შორის ძალიან "საინტერესო" მასალებს მივაგენით. ჩვენ დაგვხვდა იქ საზოგადოების ბევრი ცნობილი პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, ეს იყო ამაზრზენი, უბრალოდ, რაც ჩვენ იქ ვნახეთ და ძალიან სამწუხაროა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რასთან გვქონდა საქმე. არ ვაპირებ ამ კადრების გამოქვეყნებას, იქ ძალიან მძიმე კადრებია. მიმდინარეობს გამოძიება და კონკრეტული პირები ძალიან მალე დაიკითხებიან", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მოხდება ამ ფირების განადგურება.

სპეცსამსახურების მუშაობა სხვადასხვა ოპერატიული, აგენტურული და ოპერატიულ-ტექნიკური მეთოდის გამოყენებას გულისხმობს. ოპერატიულ-ტექნიკური მეთოდის ერთ-ერთი ფორმა კი, ფარული ვიდეო და ფოტოგადაღებაა, რომელსაც კანონი მკაცრად არეგულირებს. ფარული გადაღება მხო­ლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ მოსამართლის შესაბამისი ნებართვა არსებობს. კანონში ისიც ხაზგასმითაა მითითებული, რომ თუ ფარული მოსმენისა და ვიდეოგადაღების პერიოდში ოპერატიულმა თანამშრომელმა დაკვირვების ობიექტის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მოიპოვა, დაუყოვნებლივ უნდა გაანადგუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონში შესაბამისი სასჯელია გათვალისწინებული. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" ფარულ ვიდეო და აუდიოჩაწერას კანონის ყველა პრინციპის დარღვევით ახორციელებდა, თუმცა ის, რასაც დღეს ვხედავთ, სავარაუდოდ, მხოლოდ აისბერგის წვერია. ანუ, სავარაუდო მასალების ძალიან მცირე ნაწილია. უმეტესობა კი, განადგურებულია ან ქვეყნიდანაა გატანილი. თუმცა საინტერესოა, რატომ დატოვეს ნაციონალებმა კომპრომატების თუნდაც ნაწილი? მათ არჩევნების შემდეგ საკმაო დრო ჰქონდათ, ეს "კომპრომატების სკივრი" გაენადგურებინათ ან ქვეყნიდან გაეტანათ. არსებობს ვერსია, რომ ნაციონალებმა ვიდეოჩანაწერები შეგნებულად და­ტოვეს იმათ გასაფრთხილებლად, ვისაც ისინი დღემდე აშანტაჟებენ. ამ ვითარებიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ის, რომ შანტაჟის ობიექტი თავისი ფეხით მივიდეს პროკურატურაში და განაცხადოს, ვინ და რა მიზნით აშანტაჟებს. ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს "ოცნების" წინააღმდეგ შეგროვებული ჩანაწერების ასლები და­უტოვეს და მიანიშნეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" "ოცნების" წევრების წინააღმდეგ არაერთი კომპრომატი აქვს - ასლებს გიტოვებთ, მაგრამ გახსოვდეთ, ორიგინალები ჩვენ გვაქვსო! უკვე აგორდა ათასი ჭორი საზოგადოების ე.წ. ცნობად სახეებზე: ფარული ვიდეოჩანაწერების მთავარი მოქმედი გმირი სწორედ ის არისო და რაც საინტერესოა: ამ ჭორების მოქ­მედი "გმირები" პოლიტიკოსებზე მეტად ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწენი არიან. ეს არასასიამოვნო რეალობა ქართველ საზოგადოებას კიდევ უფრო ანაწევრებს. იმედია, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ეს "კომპრომატების სკივრი" სამუდამოდ განადგურდება.