ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ძვრებია მოსალოდნელი - საზოგადოებას ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ უკვე ამცნო, რომ ის არც ქვეყნიდან და არც პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. შესაბამისად, მისი გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება. ის მოვლენებს მიჰყვება და ამის მიხედვით იმოქმედებს.
რა გეგმები აქვს გახარიას და ვის ვიხილავთ მასთან ერთად. რა სახის პოლიტიკური კაპიტალი აქვს და ვისი უშუალო კონკურენტი შეიძლება გახდეს, ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდების დონეზე საუბარი შეგვიძლია.
აქვს შანსი, რომ მესამე პოლიტკური ძალის ფორმირება მოახდინოს და ხომ არ არის ეს ბიძინა ივანიშვილის თამაში? - ამ და სხვა კითხვებზე „რეზონანსს“ ინტერვიუში ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესუბრა.
„რეზონანსი“ : როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა გიორგი გახარიას იმ დონის პოლიტიკური კაპიტალი, რომ მან მესამე პოლიიტკური ძალის ფორმირება შეძლოს? რა სახის განაცხადია ქართულ პოლიტიკაში მისი დაბრუნება?
პაატა ზაქარეიშვილი: მისი განცახდება მეც მომეწონა, საქართველოს გამოცდილი პოლიტიკოსები აკლია და ვფიქრობ გახარია ნამდვილად არის გამოცდილი. შეიძლება აკრიტიკო და წარსული შეახსენო, მაგრამ დადებითი მომენტებიც აქვს.
მიმაჩნია, რომ მისი ბოლო ქცევა, მაღალი რანგის პოლიტიკოსების ქცევას მიეკუთვნებოდა, ამიტომაც ქართული პოლიტიკისთვის საჭირო ფიგურაა. ის არ უნდა დაკარგულიყო, ამიტომაც მისი ეს გადაწყვეტილება ძალიან გამიხარდა.
ამ ფონზე, შესაძლოა მან მესამე პოლიტიკური ძალა ვერ შექმნას, მაგრამ, „ქართული ოცნების“ ალტერნატიული ძალა გახდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ის „ოცნებიდან“ სხვადასხვა დროს წასული ხალხის გვერდით შემოკრებას შეძლებს. თუ ის შეძლებს და ამ ხალხით სერიოზულ გუნდს შექმნის, მაშინ ის ნეიტრალური ამომრჩევლის გულის მოგებას შეძლებს, რომელსაც არც „ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა.
ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის გახარია ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გახდება. ის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გახლეჩვას შეძლებს. ასეთი პარტია კი 2024 წელს 5%-იან ბარიერსაც კი გადალახავს და „ოცნებას“ სერიოზულ ხმებს წაართმევს.
„რ“: ფიქრობთ დღევანდელ ოპოზიციას, გიორგი გახარია ხმებს ვერ წაართმევს?
პ.ზ: კი, ვერ წაარმთევს, რადგანაც იქ უკვე ანტიოცნების ხმებია. ამიტომაც ყველაზე მეტად გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე გამოჩენა „ქართულ ოცნებას“ უნდა ეშინოდეს. ფაქტიურად არჩევნებზე გახარიას ზურგით გავიდნენ, ამიტომაც ის კაცი, რომელიც მათი სიის პირველი ნომერი იყო, ცალკე პოლიტკურ ძალას ქმნის. თავისთავად ცხადია, „ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილი მას გაჰყვება. მითუმეტეს სახელისუფლებო გუნდში ბიძინა ივანიშვილიც აღარ არის. კაცი ამბობს წავედი პოლიტიკიდანო.
„რ“: გახარიას განცახდების შემდეგ, თავად „ოცნების“ შიგნით ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები გახარიას მისამართით კრიტიკული განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებენ. გაჩნდა მოსაზრება, რომ გახარია პოლიტიკაში ივანიშვილმა დააბრუნა და „ოცნება 2“-ის გაკეთებას აპირებს...
პ.ზ: არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარია თამაშში შემოჰყავდეს. უბრალოდ ივანიშვილს უნდა, რომ „ქართული ოცნებიდან“ ახალი პოლიტიკური სპექტრი ამოიზარდოს. როგორც ეს „მოქალაქეების“ შემთხვევაში მოხდა „ნაციონალების“ სახით. მერე დაიყო და „ნაციონალური მოძრაობაც“ კი სხვადასხვა განშტოებების სახით არსებობს. დაახლოვებით ამ ტიპის რაღაცა ხდება.
მგონია ბიძინა ივანიშვილს უნდა, ქართულ პოლიიტკურ სპექტრს „ქართული ოცნებიდან“ გასული ძალა მართავდეს. ეს მან პირდაპირაც თქვაა. მისთვის „ნაციოანლური მოძრაობა“ და სააკაშვილი მიუღებელია. ამიტომ, თუ გახარია რაღაცა წარმატების მიღწევას შეძლებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის ხელით კეთდება.
ეს არის უბრალოდ ის პროცესი, რომელიც მან 2012 წელს დაიწყო. ივანიშვილს მშვიდი და წყნარი ცხოვრება უნდა პოლიტიკის გარეშე. მას არ უნდა, რომ სააკაშვილის ტიპის ადამიანები ემუქრებოდნენ. ამიტომ თუ კი გაჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მის ოჯახს, ბიზნესს არ შეეხებიან და დაემუქრებიან, როგორც ელცინი წავიდა და პუტინი დარჩა ისე იქნება.
პუტინმა ელცინის საწინააღმდეგოდ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ელცინს არ შეეხო. არ მგონია ივანიშვილს გული დასწყდეს, თუ კი გიორგი გახარია პოლიტაკაში უკან დაბრუნდება.
„რ“: გაჩნდა ასეთი მოსაზრებაც, რომ შესაძლოა კახა კალაძე და გიორგი გახარია ერთ ძალად და ერთ გუნდად ვიხილოთ. კალაძის ბოლო დროს უცნაური სიჩუმეც, გარკვეულ კითხვებს აჩენს. როგორ ფიქრობთ, ეს ტანდემი რამდენად ძლიერი ძალა იქნება?
პ.ზ: კალაძე ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებით დისტანცირებულია. ერთადერთი გული იმაზე დამწყდა, როცა გახარია წავიდა და კალაძე ამ კობახიძის და თალაკვაძის ჯგუფთან ერთად გამოჩნდა. ჯობდა კალაძე იქ არ ყოფილიყო, მაგრამ რადგანაც იყო, ვნახეთ, რომ ჩუმად იდგა. ის დისტანციერებას არ მალავს და დიდად არ იგიჟებს გუნდის დაცვით თავს. ჯერჯერობით ისევ მერია და წარმატებული ქალაქის თავადაც ითვლება.
ამიტომ ეცდება თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩუმად იყოს და ზედმეტი არაფერი არ ილაპარაკოს. ახლა საინტერესოა, გახარია პოლიტიკაში როდის დაბრუნდება. დაელოდება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებს და მერე შემოვა, თუ ახლავე გუნდს ჩამოაყალიბებს.
მგონია დალოდება ჯობია, რადგანაც ნახავს რა ძალები გავლენ და როგორი შედეგით. მის გუნდს ჩაძირავენ თუ თავს გადაირჩენენ. უამრავი ფაქტორი გამოჩნდება, რაც მომგებიან სიტუაციაში ჩააყენებს. ამასობაში კალაძესაც ვადა ამოეწურება და შეხედავს წასვლა საით სჯობს.
„რ“: მიუხედავად იმისა, რომ გახარიას მოღვაწეობის დროს არაერთი ინციდენტი მოხდა. განსაკუთრებით ბასიანში სპეცრაზმის შესვლა, შემდეგ პანკისში მოსახლეობასთან პოლიციის შეტაკება და ბოლოს 20 ივნისისი საკმაოდ მძიმე ფაქტი, ის საზოგადოებაში მაინც პოპულარულია. როგორ ფიქრობთ რატომ?
პ.ზ: კი ბატონო, გიორგი გახარიას ირგვლივ ბევრი კითხვები არსებობს, თუმცა საზოგადოებაში მისი გამბედაობა და გარკვეული ხასიათის თვისებები სიმპათიას იწვევს. ასევე ნიკა მელიას დაკავების ამბავმა, გავრილოვის ღამეც კი რაღაცნაირად შეარბილა.
ხალხმა დაიჯერა, რომ მას მელიას დაკავება არ უნდოდა, რადგანაც ქვეყნის ინტერესები კიდევ უფრო წინ დააყენა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ კალაძე-გახარიას ტანდემმა, კობახიძის ამბიციები საერთოდ ჩაძიროს და „ოცნების“ ამომრჩევლის დიდი ნაწილი იქით გადავიდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გახარია თანამდებობაზე ყოფნის დროს პასუხისმგებლობას არ გაურბოდა. ის დარტყმას საკუთარ თავზე იღებდა.
გავრილოვის ღამე, აშკარად მის სინდისზეა, რადგანაც მან უფრო მეტი აიღო საკუთარ თავზე, ვიდრე უნდა აეღო. ვიღაცას პასუხისმებლობა აარიდა. მას პასუხისმგებლობის აღების არ ეშინოდა. ხოლო კრიტიკულ სიტუაციაში ის დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს იღებს. ეს კი პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებაა. ვიღაცამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და დაანახოს გუნდს, რომ პასუხისმგებლობას რაღაცაზე იღებს. „ოცნებაში“ გახარიამ დაკარგული პერსონალური პასუხისმგებლობა დააბრუნა.
ბოდიშის მოხდა რომელი პოლიტიკოსისგან გაგიგიათ. ბასიანის და პანკისის შემთხვევაშიც დარტყმა საკუთარ თავზე აიღო. ხალხის მხარე დაიკავა და საზოგადოებას განცდა გაუჩინა, რომ ის მათი მინისტრია და არა „ქართული ოცნების“. მელიას საქმეზეც ასე ქნა. აჩვენა საზოგადოებას, რომ ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა პარტია ვერ დადგება.
„რ“: ელით, რომ გიორგი გახარიას დარტყმის ობიექტი ბიძინა ივანიშვილი იქნება?
პ.ზ: გახარია ივანიშვილს არასდროს დაარტყმას, რადგანაც ეს მისი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. ასევე, მის პოლიტიკურ მომავალს დააზიანებს. რაც არ უნდა გახარიასთვის ივანიშვილი მიუღებელი იყოს, ის მას არ დაარტყამს. თუ თავად ივანიშვილმა არაფერი თქვა, რაც ძალიან მეეჭვება.
გახარია ივანიშვილს რაღაცა კონტექსტში გააკრიტიკებს, მაგრამ მის დამსახურებებზეც ისაუბრებს და იტყვის, რომ კარგი პარტნიორი იყო. გახარიას ოპოზიცია 20 ივნის ვერ შეახსენებს, რადგანაც წარსული ოპოზიციასაც აქვს და გახარიაც შეახსენებთ. გირგვლიანის მკვლელობა, 7 ნოემბერი, 26 მაისი და ასე შემდეგ. მკვლელობების მთელი სერიები იყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.
ამიტომ ყველაზე მეტად წარსულზე საუბარი მათ არ უნდა აწყობდეთ. ის ვინც მას აკრიტიკებს, მასზე სისხლიანია, ამიტომ 20 ივნისის საქმეზე გახარია ოპოზიციასთან სუფთაა.