"საზოგადოებაში უკვე მწიფდება აზრი - სააკაშვილი და "ნაციონალები" ამდენს იმიტომ ბედავენ, რომ ხედავენ, რეალურად მათი დამსჯელი არავინაა. მართალი გითხრათ, მეც ვეთანხმები ხალხის განწყობას. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ ბევრს ბედავენ, ისევ მუქარით გველაპარაკებიან და ივანიშვილის მთავრობის დისკრედიტაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "თუ ბიძინა არ იმოქმედებს, მისი ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლების ბედს გაიზიარებს!".
"მართალი გითხრათ, ბიძინასგან მეტს ველოდი სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. არც კი მინდა ვიფიქრო, რა მოხდება, თუ სამართალი არ აღსრულდება. უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ, თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს დამნაშავეთა დასჯას, ამას თვითონ ხალხი გააკეთებს. გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ბაჩო ახალაიასაც პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ. ეს უკვე ბოლო წვეთი იქნება. იმედია, ეს კარგად ესმის ხელისუფლებასაც. მინდა, შენიშვნა გავაკეთო ივანიშვილის მისამართით. პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, ხალხიც ჯერჯერობით მხარს უჭერს. მოვიდა კონკრეტული მოქმედებების დრო. მარტო ლაპარაკი საქმეს არ აკეთებს. თუ ბიძინა არ იმოქმედებს, მისი ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლების ბედს გაიზიარებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე.
"როგორც ჩანს, ვიდრე სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია, სამართალი ვერ იზეიმებს. ამიტომ ვურჩევ ბიძინას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები და მოაგვაროს ეს პრობლემა. თუ ის არ გააქტიურდება, დაკარგავს ყველაზე მნიშვნელოვანს - ხალხის მხარდაჭერას და სწორე დეს უნდა "ნაციონალურ მოძრაობას". ვურჩევ, ნუ მისცემს მათ ამის საშუალებას. რომელ გარანტიებზე და პოლიტიკურ ამნისტიაზეა ლაპარაკი, როცა ხალხი მათ დასჯას ელოდება?! ეს კი, ვერ მოხდება, სანამ კუბლაშვილი ისევ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა. სხვათაშორის, მანაც ჩემს დროს გაიკეთა პოლიტიკური კარიერა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეც კი იყო. ამის შემდეგ კიდევ სხვაზე იტყვიან - შევარდნაძის დროინდელი მინისტრებიო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"უკვე დროა, პარლამენტში შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეისწავლის. ის კი აარა, დაგვიანებულიც კია. ეს რომ აქამდე გაგვეკეთებინა, სააკაშვილი და მისიანები ამდენს ვერ გაბედავდნენ. უსაფრთხოება იფრძნეს და ხომ ხედავთ, რას აკეთებენ. თითქოს ესენი არ იყვნენ, ხალხს რომ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, ახლა უნდათ, იგივე ხალხი დააჯერონ, რომ მათი კეთილდღეობისთვის იბრძვიან, ხოლო ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. მათი მიზანია, ხალხი წყობიდან გამოიყვანონ, მათ აწყობთ არეულობა! მაგრამ მე საზოგადოების იმედი მაქვს, რომ "ნაციონალების" პროვოკაციას არ აჰყვება. ქართველი საზოგადოება საკუთარ თავს ასეთ შეურაცხყოფას არ მიაყენებს და 19 აპრილს იმ ადამიანების გვერდით არ დადგება, ვინც 9 წლის განმავლობაში აწამებდა, კლავდა და აუპატიურებდა!" - დასძენს ედუარდ შევარდნაძე.