"ახალ ხელისუფლებას პიარტექნოლოგიების მხრივ პრობლემები აქვს".

"დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს საოცარი მოვლენა, თუ პრეზიდენტთან გამოძიებას კითხვა გაუჩნდება. აშშ-ში თავის დროზე პრეზიდენტი ბილ კლინტონი დაჰკითხეს, ისრაელში კი - მოშე კაცავი, მაგრამ არ დაქცეულა ქვეყანა. კანონი ინდულგენციას არავის აძლევს და დროა, ეს ჩვენთანაც დამკვიდრდეს. რაც შეეხება გიგი უგულავას მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ტელეკომპანია "იმედთან" თუ "თბილსერვისთან" დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სასამართლოს უნდა დაველოდოთ. ბრალდებები მართლაც მძიმეა და თუ მართლაც მოქმედებდა აღნიშნული სქემა, საგანგაშოდ ყოფილა საქმე. ისე, საინტერესოა, პატარკაციშვილის ოჯახმა თუ იცოდა ამის შესახებ და თუ იცოდა, რატომ დუმდა. ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკურ ზეწოლასთან გვაქვს საქმე. უგულავამ ნაჩქარევად არ უნდა შეაფასოს მოვლენები. ვიმეორებ, ბრალდება ძალიან სერიოზულია, რომელიც გამოძიებას საჭიროებს. მერაბიშვილის მერიაში გადასროლით სააკაშვილი ადასტურებს, რომ თბილისის დათმობას არ აპირებს", - აცხადებს ექსპერტი ბადრი ნაჭყებია გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ახალ ხელისუფლებას პიარტექნოლოგიების მხრივ პრობლემები აქვს".

"ღიმილის მომგვრელია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავს ოპოზიციას უწოდებს. საქართველოში კლასიკური ორხელისუფლებიანობაა. "ნაციონალების" 19 აპრილის მიტინგზე იქნება მცდელობა, რომ გამოიწვიონ ძალოვანი სტრუქტურები, როგორც ეს "ფერადი რევოლუციების" დროს ხდება. თუ მიზანს მიაღწევენ, ჩაგრულის იმიჯს უკვე "ნაციონალური მოძრაობა" მოირგებს. ასეთი ნაბიჯები ემსახურება იმას, რომ მათ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დივიდენდები მიიღონ. 19 აპრილის მიტინგთან დაკავშირებით მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებზე არ უნდა ვილაპარაკოთ. შესაძლოა, გაიმართოს პარალელური აქციაც და, მაგალითად, ეს გამართონ იმ ადამიანებმა, რომლებიც 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეიკრიბნენ. შესაბამისად, რა მოხდება, არავინ იცის. თუმცა თუ რაიმე მოხდა, პოლიციას ჩარევა მოუწევს. ამიტომაც "ნაციონალების" მთავარი მიზანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიციის გამოწვევა და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენაა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ნაჭყებია.

"არ გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალებმა" ასევე გამოიყენონ "ფერადი რევოლუციების" ტექნოლოგიები. ამ ტექნოლოგიების მეორე თუ მესამე პუნქტი მიზნად ისახავს ძალოვან სტრუქტურებთან დაპირისპირებას. სხვათა შორის, ამის სერიოზული გამოცდილება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". ამიტომაც მეორე მხარე და მთლიანად საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს. იმედია, "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ეყოფათ ჭკუა, რომ ვითარება არ გაამწვავონ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუბიკონის გადალახვა არ შეიძლება, თორემ სამოქალაქო დაპირისპირებას მივიღებთ. არ მინდა სირია ან ლიბია გავიხსენო, მაგრამ ეგვიპტის მაგალითს მოვიყვანდი, სადაც პერმანენტული დაპირისპირებაა და ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსია. საქართველოშიც, თუ არ დამთავრდება ორხელისუფლებიანობა და ერთი პოლიტიკური ძალა არ მიიღებს კარტბლანშს, სულ პოლიტიკური ქაოსი იქნება. იმასაც ვიტყოდი, რომ ახალ ხელისუფლებას პიარტექნოლოგიების მხრივ პრობლემები აქვს. ქვეყანაში ადეკვატური პიარკომპანია არ მიმდინარეობს მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" აუდიოვიზუალური მასმედიის გამოყენებით სერიოზულ სამუშაოებს ატარებს. ისინი ახერხებენ, მუდმივად დაძაბულობაში ჰყავდეთ საზოგადოება და რაც მთავარია, თვითონ იყვნენ ყურადღების ცენტრში, მათგან მოდიოდეს ინიციატივები", - განმარტავს რესპონდენტი.

"ახალ ხელისუფლებას რეზონანსული საქმეების სახით სერიოზული კოზირი აქვს, მაგრამ მათი გამოძიება ნელი ტემპით მიმდინარეობს. პარალელურად კი, არ არსებობს პიარი, რომელიც მოსახლეობას აუხსნიდა, რატომ ჭიანურდება ამა თუ იმ საქმის გამოძიება. შესაბამისად, იქმნება სეგმენტი, რომელიც ამით უკმაყოფილოა. "ნაციონალები" კი ამ სეგმენტზეც "მუშაობენ" და ასეთი ტიპის უკმაყოფილების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობენ. ამიტომ თუ ამ პრობლემას სერიოზულად არ მიხედა ახალმა ხელისუფლებამ, შესაძლოა, ყველაფერი სავალალოდ დამთავრდეს. 19 აპრილის აქციის ერთ-ერთი მთავარი თემა ის არის, რომ საქართველოს მომავალი რუსეთი არ არის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ კარგად იყენებენ "ნაციონალები" ამა თუ იმ საკითხს. მათ რუსეთის თემის პედალირებით არა მხოლოდ საშინაო, საგარეო არენაზეც მიაღწიეს იმას, რომ ახალი ხელისუფლება თავს იკავებს რუსეთთან უფრო აქტიური კონტაქტების დამყარებაზე. არადა, საქართველოს ეკონომიკური მომავალი გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, დავალაგებთ თუ არა რუსეთთან ურთიერთობას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ქართულ ეკონომიკაში სირთულეებიც გაჩნდეს და "ქართულ ოცნებას" გაუჭირდეს ან დროში გაეწელოს დაპირებების შესრულება. ამით ისევ და ისევ "ნაციონალები" ისარგებლებენ, რომლებიც მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ "ქართული ოცნება" დაპირებებს არ ასრულებს", - განაგრძობს ბადრი ნაჭყებია.

"ჩემთვის გასაკვირი იყო ამ მასალის გამოჩენა, რადგან ვიდეომასალის ნამდვილობის დამტკიცება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პრობლემა არ არის. რაც შეეხება ჩემს ეჭვებს - ის უკავშირდება სიტუაციურ მომენტებს. ვიდეომასალაში პოლიციელების მოქმედება არაადეკვატურია. გასროლის მომენტს მივაქციოთ ყურადღება _ როგორც წესი, ასეთ დროს პოლიციელები სხვაგვარად იქცევიან. ასეთი დოკუმენტური შვარცენეგერიზმი მართლაც ბევრ ეჭვს ბადებს. სწორედ ამ მომენტის გამო ეჭვი შემაქვს ამ ფირის ნამდვილობაში. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ საერთაშორისო ექსპერტიზის პასუხს", - დასძენს რესპონდენტი.