უკავშირდება თუ არა ამ ფაქტს დეპუტატის ,,ნაციონალებიდან’‘ წასვლა
რატომ დატოვა საპარლამენტო უმცირესობა მარიკა ვერულაშვილმა, ადამიანმა, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის გაპრეზიდენტებამდე, წლების განმავლობაში, მისი პრესსამსახურის უფროსი, შემდეგ კი პარლამენტის დეპუტატი იყო? არავისთვის დამალული არ არის, რომ მარიკა ვერულაშვილსა და ეკა ბესელიას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. პრესაში უკვე გაკეთდა კიდეც აქცენტი _ შვილის ნათლია ბესელიამ ხომ არ გადაიბირა? გადაბირების მიზეზად ის სისხლის სამართლის საქმე დასახელდა, რომელიც ერთი წლის წინ, მარიკა ვერულაშვილის მეუღლის წინააღმდეგ აღიძრა.
2011 წლის ზაფხულში, საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტისთვის, რელსების შემოტანის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი, პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის მეუღლე, სოსო ჩხაიძე და მისი პარტნიორი, ვასილ ჩიგოგიძე დააკავეს. დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ვერსიად, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტში ქალაქის მერის, გიგი უგულავასა და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერესების დაპირისპირება დასახელდა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რკინიგზის ბიზნესში ვანო მერაბიშვილის ინტერესები იკვეთებოდა, მაგრამ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს გიგი უგულავა აკონტროლებდა. ამიტომ, რელსების შემოტანის ტენდერში, თბილისის მერმა, მისთვის სასურველ ჩინურ კომპანიას გაამარჯვებინა. ჩინური კომპანიის ქართულ წარმომადგენლობას კი სოსო ჩხაიძე და ვასილ ჩიგოგიძე ხელმძღვანელობდნენ. მარიკა ვერულაშვილის მეუღლის დაპატიმრებით, რომელიც რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, ვანო მერაბიშვილმა, გიგი უგულავა გააფრთხილა და საკუთარი უპირატესობაც დაუმტკიცა. კულუარებში საუბრობენ, რომ მარიკა ვერულაშვილს, მისმა მეგობარმა მეუღლის დაპატიმრების, ასევე შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით, შარშანდელი დაპირისპირების ფაქტები შეახსენა და პარტიის დატოვება ურჩია. ეს ინფორმაცია ,,ვერსიამ’‘ კარგად ინფორმირებულ წყაროსთან გადაამოწმა, რომელმაც მარიკა ვერულაშვილის მეუღლის დაპატიმრების ფაქტი დაგვიდასტურა, მაგრამ განგვიმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმე არა ვანო მერაბიშვილმა, არამედ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა აღძრა. ,,ვერსიის’‘ წყაროს ინფორმაციით, მარიკა ვერულაშვილის მეუღლეს შემოვლით რკინიგზასთან არავითარი ბიზნეს-ინტერესი არ გააჩნდა. მეტიც, სოსო ჩხაიძე საერთოდ არ ყოფილა ამ პროექტში ჩართული. წყარო გვიამბობს, რომ დეპუტატის მეუღლის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე ზურაბ ადეიშვილმა სულ სხვა ფაქტის გამო აღძრა, რაც სოსო ჩხაიძის უკრაინაში ბიზნესს უკავშირდება და არა შემოვლით რკინიგზას. წყაროს ინფორმაციით, ეს იყო რეალური მიზეზი, რის გამოც მარიკა ვერულაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა და არა გადაბირება, ან თუნდაც რაიმე ტიპის ზეწოლა. მარიკა ვერულაშვილის მეუღლე თბილისის შემოვლით რკინიგზას პირდაპირ არა, მაგრამ მეგობრისა და პარტნიორის საშუალებით, ირიბად უკავშირდება. იმის გამო, რომ ეს პროექტი 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, ,,ვერსია’‘ დაინტერესდა, მშენებლობის რა სტადიაზეა პროექტი, რის გამოც ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავას ბიზნეს-ინტერესები გადაიკვეთა. შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის ხაზის პროექტს შპს ,,საქართველოს რკინიგზა’‘ ახორციელებდა. ამ პროექტის მიხედვით, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით, ახალი სარკინიგზო ტრასა უნდა აშენებულიყო, რომელიც დედაქალაქში მოძრაობას განტვირთავდა და ცენტრალურ ნაწილს, გარეუბნებთან უმოკლეს დროში დააკავშირებდა. თუკი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა თბილისის ცენტრიდან, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გადავიდოდა, სატვირთო და სამგზავრო მატარებლები თბილისის ცენტრალურ ნაწილს აღარ გადაკვეთდნენ. ამ პროექტით, 30 კმ სიგრძის, ახალი, ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზი აშენდებოდა, რომელიც არსებულ ხაზს ზაჰესთან გამოეყოფოდა, გაივლიდა ავჭალისა და გლდანის ტერიტორიებს, ასევე თბილისის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მაღლობს და კახეთის სარკინიგზო ხაზს, სადგურ ლილოსთან შეუერთდებოდა. ამავე პროექტით, თბილისის ცენტრალურ სადგურს გააუქმებდნენ, ხოლო ,,დიდუბისა’‘ და ,,ნავთლუღის’‘ სადგურებს გაარემონტებდნენ. ,,ნავთლუღი’‘ აღმოსავლეთის მიმართულების, ხოლო ,,დიდუბე’‘ – დასავლეთის მიმართულების მგზავრებს მოემსახურებოდა. თბილისის შემოვლითი რკინიგზის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის საერთაშორისო ტენდერის შედეგად, გამარჯვებულად ქართულ-ჩინური კონსორციუმი გამოვლინდა, რომლის საქართველოში წარმომადგენელი ს/ს ,,ხიდმშენი’‘ იყო. პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთების მიხედვით, ახალი სარკინიგზო ტრასის მშენებლობის ვადად 3 წელი დასახელდა. მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და 2013 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის ღირებულება 170 000 000 ევრო იყო, საიდანაც 100 000 000 ევრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (,,იბიარდი’‘), შპს ,,საქართველოს რკინიგზას’‘ სესხის სახით გამოუყო, ხოლო 70 000 000 ევრო შპს „საქართველოს რკინიგზას“ უნდა დაეფარა. იმასაც შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით, ეს პროექტი ,,იბიარდმა’‘ დატოვა. ,,ვერსია’‘ შპს ,,საქართველოს რკინიგზის’‘ გენერალური დირექტორის მრჩეველს, გია ხუხაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისის შემოვლითი გზის პროექტი ამჟამად შეჩერებულია და გამოძიება მიმდინარეობს: ,,ეს საკმაოდ მძიმე პროექტია, სრულიად გაუმართლებელი, დანაშაულებრივიც კი, რომელიც თავის დროზე ისე შეფუთეს, თითქოს ქალაქში მოძრაობა განიტვირთებოდა. სინამდვილეში, ამ ტიპის შემოვლით, გზა უფრო გრძელდება, რადგან თბილისის ჩრდილოეთით მაღლობებია. ეკონომიკური თვალსაზრისით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი პროექტია და ამიტომ, ახლა ამ პროექტის განხილვა მიმდინარეობს, ექსპერტიზას გადის, რათა ყველა ის დეტალი გადამოწმდეს, რაც ახლა გითხარით. თბილისის შემოვლითი გზის პროექტი ახლა გაჩერებულია და დარწმუნებულიც კი არ ვარ, ღირს თუ არა ამ პროექტის დასრულება. ძალიან დიდ ტვირთად დააწვება არა მარტო ,,საქართველოს რკინიგზას’‘, არამედ _ სახელმწიფო ბიუჯეტსაც, რადგან როგორც გითხარით, შემოვლითი გზა საკმაოდ ხარჯიანია’‘. გია ხუხაშვილმა ,,ვერსიას’‘ განუცხადა, რომ ლოგიკურია, შემოვლითი გზის პროექტით თბილისის მერი, გიგი უგულავა დაინტერესებულიყო, რადგან ის ამ პროექტს სერიოზულად ლობირებდა. მისივე თქმით, თუ ექსპერტიზა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის აბსურდულობას დაასკვნის, გამორიცხული არ არის, გიგი უგულავას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.