ფონდები ბიზნესის დასაფინანსებლად

ფონდები ბიზნესის დასაფინანსებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ეკონომიკის განვითარების მიზნით, სამი სხვადასხვა ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ეს იდეა პრემიერ-მინისტრმა 19 თებერვალს ბიზნესმენებს გააცნო. თუ რა დგას მთავრობის ხელმძღვანელის ინიციატივის მიღმა, ჯერჯერობით ბევრი ბიზნესმენისა თუ ექსპერტისთვის უცნობი რჩება. რა ფონდების შექმნას აპირებს მთავრობა და როგორ იმუშავებენ ისინი?

ჯერ კიდევ არჩევნებამდე კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს სოფლის მეურნეობის მილიარდიან ფონდს დაჰპირდა, პერიოდულად ისმოდა განცხადებები სხვა ფონდის შექმნის შესახებაც. მთავრობის მუშაობის 100 დღის თავზე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ ფონდების შექმნის ინიციატივაზე საუბრობს. მან 19 თებერვალს ბიზნესმენებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პირველი ფონდი იქნება "სუვერენული ფონდი". მასში გაერთიანდება წინა მთავრობის მიერ შექმნილი საპარტნიორო ფონდის ორი მილიარდი აშშ დოლარის აქტივები, რომლის არსებობას ივანიშვილის მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის პირველ დღეებში კატეგორიულად უარყოფდა:

"ერთი შეიქმნება საპარტნიორო ფონდის ბაზაზე, რომელიც იქნება საქართველოს „სუვერენული ფონდი“. ეს არის უცხოელების ენაზე გადათარგმნილი და კარგად ესმის საპარტნიორო ფონდს. პრაქტიკულად დატვირთვა არ ჰქონდა და ქვეყანას დამატებით არავითარ შეღავათებს არ აძლევდა იმ ფორმით, როგორითაც არსებობს".

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, "სუვერენული ფონდის" შექმნით ინვესტორთა შორის საქართველოს იმიჯი გაიზრდება. ეს ფონდი სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარების პროექტებს მოემსახურება, რასაც ის დღემდეც ახორციელებდა. ბიძინა ივანიშვილმა ასევე ისაუბრა მეორე ფონდზეც, რომელსაც "კერძო საინვესტიციო ფონდი" უწოდა:

"ამ ფონდის დანიშნულებაა ის, რომ უცხოურ ინვესტიციებს დახვდეს ადგილობრივი კაპიტალი, დაწყებული 25 პროცენტიდან 75 პროცენტამდე. თუ ინვესტორი მოდის საინტერესო პროექტით საქართველოში, მას 25 პროცენტი მაინც გააჩნია ამ პროექტის დასაფინანსებლად, დანარჩენი შეიძლება მას დახვდეს ამ ფონდის სახით, როგორც პარტნიორი".

პრემიერ-მინისტრის აზრით, ასეთი ფონდი უცხოელ ინვესტორებს საქართველოში დაფუძნებას გაუადვილებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან უკვე შესთავაზა რამდენიმე მდიდარ თანამემამულეს აღნიშნულ ფონდში მონაწილეობა. მან ასევე არ გამორიცხა საკუთარი კაპიტალის მონაწილეობაც. კიდევ ერთი ფონდი, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, 50 მილიონიანი ახალგაზრდული ფონდია, რომელიც „სუვერენულ ფონდთან“ ერთად იქნება.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ფონდების შექმნის შესახებ დადებითად გამოეხმაურა შეხვედრის მონაწილე რამდენიმე ბიზნესმენი, მათ შორის, "თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე:

”ჩვენ რამდენიმე დიდი პროექტი გვაქვს გაჩერებული სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს საინვესტიციო თანხა, რომლის რაღაც ნაწილი მოვიძიეთ უცხოეთში, მაგრამ ნაწილის მოძიება ვეღარ მოვახერხეთ, რადგან ევროპაშიც, იცით, რომ არ არის მთლად დალხინებული სიტუაცია ეკონომიკური კრიზისის მერე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ინიცირებული ფონდებიდან ბიზნესს სტიმული ექნება”.

"თიბისი ჯგუფის" - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესის - პრეზიდენტის მსგავსად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დადებითად აფასებს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი კახა კოხრეიძე. მისი განცხადებით, საქართველოში ფინანსების ხელმისაწვდომობა დამწყები ბიზნესმენებისთვის პრობლემაა. კახა კოხრეიძის თქმით, საქართველოში არიან მცირე და საშუალო ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ კარგი პროექტები, ბაზრის სწორი ხედვა და სტრატეგია, მაგრამ არ გააჩნიათ საბანკო კრედიტის უზრუნველყოფისთვის საჭირო გარანტია:

"ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა გართულებულია, ყოველთვის იდგმება ხოლმე პროგრესული ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან. ეს ნაბიჯები გადადგმული აქვს აშშ-ს და დღემდე აგრძელებს პრაქტიკას. ეს გზა გავლილი აქვთ ევროპის ქვეყნებს, აზიის განვითარებულ ქვეყნებს და საქართველოშიც, მე ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გადადგას ეს ნაბიჯები, რათა ხელი შეუწყოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ამ ყველაფერს კი ბიზნესისთვის კარგი შედეგები მოჰყვება, რაც გამოიხატება სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში".

კახა კოხრეიძე უცხოეთის წარმატებულ პრაქტიკას იხსენებს, თუმცა კი თავად საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების რამდენიმე მცდელობის მაგალითიც არსებობს. ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე სახელმწიფოს თანამონაწილეობით მეწარმეობის განვითარებისთვის გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტები გაიცემოდა. მომდევნო ხანებში - კონკრეტულად კი, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - "იაფი კრედიტის" პროექტი განხორციელდა, მაგრამ არც ერთ მათგანს არანაირი თვალსაჩინო, მნიშვნელოვანი ეფექტი არ მოუხდენია.

ამგვარი მაგალითებისა და ბევრი დეტალის გაურკვევლობის გამო, მთავრობის ახალი ინიციატივის მისამართით ეკონომიკის ექსპერტთა ერთ ნაწილს კითხვები დაუგროვდა. ვისი ფულით მოხდება ფონდების შევსება, როგორ შეფასდება მისი მუშაობა და სხვა ამ რიგის კითვხები ჯერჯერობით პასუხგაუცემლად მიაჩნია "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტს გია ჯანდიერს:

"თუ ეს კერძო ფონდები იქნება, ჩემთვის სულ ერთი იქნება კერძო ფონდები რას აკეთებენ. თუ ეს სახელმწიფო ფონდი უნდა იყოს, მაშინ მე, მის მონაწილეს, ჩემი გადასახადებით თუ ჩემი შვილების გადასახადებით, მექნებოდა უამრავი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებენ მოგროვებას, დახარჯვას და ასევე მექნებოდა ყველაზე რთული კითხვა, როგორ უნდა შეფასდეს ასეთი ფონდების საქმიანობა".

ანალოგიური კითხვები ჩნდება სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდის შესახებაც. ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ შეგროვდება მილიარდი, რა პროექტებში დაიხარჯება ის და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბიუჯეტო დაფინანსება100 მილიონ ლარამდეა, რის საფუძველზეც უფასო ხვნა-თესვის პროგრამის განხორციელება დაიწყო.