ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა ანაბრების თემა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენციაც მიუძღვნეს. "ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოს მთავრობას მიმართეს, რათა რუსეთთან მოლაპარაკებისას საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის კომპენსირებისა და ანაბრების დაბრუნების საკითხი დააყენონ.
"გურია ნიუსი" უფრო დეტალურად დაინტერესდა ამ თემით და საკითხის გასარკვევად ი. ჯავახიშვილის სახელობის ეკონომიკისა და ბიზნესის კათედრის ხელმძღვანელს, სრულ პროფესორს, ელგუჯა მექვაბიშვილის დაუკავშირდა.
2001-2002 წლებში პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შექმნა "1990- იან წლებში მოსახლეობის ანაბრების გაუფასურების მიზეზების დამდგენი სახელმწიფო კომისია", რომელსაც სწორედ ელგუჯა მექვაბიშვილი ხელმძღვანელობდა.
ბატონო ელგუჯა, მოგეხსენებათ ეკონომიკისადმი მიდგომები რადიკალურად შეიცვალა. მაგალითად საუბარია ანტიმონოპოლიური კანონის აღდგენაზე, შრომის კოდექსისა და ხარისხის კონტროლის დახვეწაზე . როგორ ფიქრობთ, რა შედეგს გამოიღებს ეს რეფორმები საქართველოს ეკონომიკისთვის?
- მე მიმაჩნია, რომ რაც თქვენ ბრძანეთ, შრომის კანონმდებლობის ცვლილება და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შექმნა, ამ საკითხის აღდგენა აუცილებლად იქნება დადებითი ეკონომიკისთვის. მე მქონდა შესაძლებლობა და ადრეც დამიწერია ამის შესახებ, შრომის კანონმდებლობა, რომელიც აქამდე არსებობდა აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა ცივილიზებული, საბაზრო ეკონომიკის სტანდარტებს. დამქირავებელს ყველაფრის უფლება ჰქონდა, დაქირავებულს - არაფრის. ეკონომიკა მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. ის რომ დაქირავებულს არ გააჩნია არავითარი უფლება და ყველაფერი გადასულია დამქირავებლის მხარეზე, ეს ნიშნავს, რომ შენ გაქვს პრიმიტიული ეკონომიკა, ექსპლუატაციის მაღალი ხარისხი. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ესპლუატაციის მაღალი ხარისხი შეიძლება მოგების მაღალ დონეს განსაზღვრავდეს, მაგრამ ეკონომიკის წარმატებას და სტიმულირებას არასდროს უწყობს ხელს. ეს იყო ცალსახად უარყოფითი მოვლენა.
ასევე, ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკისთვის რა თქმა უნდა, საჭიროა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს სამართლიან კონკურენციას. ეს კარგია მომხმარებლებისთვის, ასევე სტიმულია წარმოებისა და ეკონომიკის გავითარებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ორი მიმართულება სწორი მოვლენაა, თუმცა უნდა მოჰყვეს პრაქტიკული ღონისძიებებიც.
არჩევნების შემდეგ ქვეყანაში გარკვეული დადებითი ძვრები შეინიშნება. მაგალითად გაიაფდა: ბენზინი, ხორცი, დენი. საუბარია, რომ გაზაფხულზე გაზის ტარიფი დაიწევს. როგორ ახსნით ამ პროცესებს და წინა ხელისუფლების პერიოდში რატომ ვერ ხდებოდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შემცირება თუ მართლაც იყო ამის საშუალება?
- მე მაინც მგონია, რომ ეს საკითხებია ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ამის ბევრი მიზეზი არსებობდა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უმთავრესი მიზეზი იყო მონოპოლიების არსებობა, რომლის ყველა თუ არა უმეტესი ნაწილი შერწყმული იყო ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან. ის მონოპოლიები, რომლებიც ხელისუფლების მხარდაჭერას იყენებდნენ, უზარმაზარ მოგებას იღებდნენ. ეს ხდებოდა სწორედ რომ მომხმარებლების, ჩვენი ჯიბის გამოცარიელების ხარჯზე.
ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური გახდა საბჭოთა ანაბრების დაბრუნების საკითხი. თქვენ აქტიურად იყავით ამ პროცესებში ჩართული. 2004 წელს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა ქვეყნის სათავეში ერთ-ერთი დაპირება სწორედ ანაბრების დაბრუნებას ეხებოდა. რატომ ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ ამ პრობლემის გადაჭრა და რამე შანსი თუ აქვს "საბჭოთა" მეანაბრეებად წოდებულ ადამიანებს ამ მთავრობისა და პარლამენტის პირობებში მოხდეს თემის წამოწევა?
- საინტერესო კითხვაა. როგორც თქვენ ბრძანეთ, ამ პროცესში ჩართული ვიყავი ჯერ კიდევ 10-12 წლის წინ. შევარდნაძის განკარგულებით შეიქმნა კომისია, რომელიც ანაბრების საკითხს სწავლობდა. ზოგადად ანაბრების დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ აქვე მინდა ისიც გითხრათ, რომ რაც შეეხება წინა ხელისუფლებას, მათ ბევრი დანაპირები ჰქონდათ.
თუმცა, მიმაჩნია რომ ანაბრების დაბრუნების საკითხი რთულია, რაც მდგომარეობს შემდეგში: უპირველეს ყოვლისა, მე თვითონ წავაწყდი სირთულეს დაანგარიშების საკითხში. არსებობს სხვადასხვა დაანგარიშება, როგორ უნდა მოხდეს ინდექსაცია საბჭოთა მანეთებისა, რომლებიც ადამიანებმა შეიტანეს 70-იან 90-იან წლებში შემნახველ სალაროებში და შემდეგ გაუფასურდა. ზოგი 20 მილიარდ დოლარზე გადაანგარიშებითაც კი საუბრობდა, რაც, რა თქმა უნდა, არარეალურია.
თქვენი დაანგარიშებით, რეალურად რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი?
- ჩემს კოლეგებთან ერთად, დავიხმარეთ სტატისტიკის სპეციალისტი და ჩემი ანალიზით ეს ფული 2002 წლისთვის ე შეადგენდა სადღაც 400 000 000 ამერიკულ დოლარს.
სხვათა შორის, ერთი ორი წელი იყო რაღაც პრაქტიკა, დაიწყო ამ ფულის რაღაც ნაწილის უკან დაბრუნება გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის. მინდა ვთქვა, რომ სამართლიანი იქნება თუ ხელისუფლება იტყვის, რომ ამ ფულს ფაქტობრივად დააბრუნებს, მაგრამ რა თანმიმდევრობით და რა კატეგორიით, ეს რა თქმა უნდა, მსჯელობის საკითხია.
თუმცა, იყო სხვა პრაქტიკა ბალტიისპირეთში. იქ, ხელისუფლებამ უთხრა მოსახლეობას: ხალხო, კი თქვენ ეს ფული გქონდათ შეტანილი შემნახველ სალაროებში, მაგრამ ამ ფულს ჩვენ ვერ დაგიბრუნებთ, ეს არის ის ფული, რომელიც თქვენ უნდა გადაიხადოთ და გადაიხადეთ საბჭოთა რეჟიმიდან გამოსვლის საფასურადო.
ასეა ჩვენთანაც, ამ ხელისუფლება უნდა უთხრას და დაუსაბუთოს, თუ ვერ დააბრუნებს, რატომ ვერ დაუბრუნებს. იმ ადამიანთაგან, ვისაც ფული ჰქონდათ შეტანილი, ბევრი ცოცხალი არ არის. ბევრს შეიძლება მემკვიდრეც არ დარჩენია ოჯახში.
ხშირ შემთხვევაში, ანაბრების მითვისებას აწერენ კონკრეტულ პიროვნებებს. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით და უკავშირდება თუ არა ანაბრების გაქრობა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილს?
- იცით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ასეთი პერსონიფიცირება არ მიმაჩნია სწორად. ვიღაცამ, რა თქმა უნდა, იმ არეულ-დარეულ სიტუაციაში ისარგებლა, მაგრამ როგორ ისარგებლეს, ეს არის გასარკვევი. მე არ ვარ იურისტი და ვერ გეტყვით, კანონიერად ისარგებლეს თუ უკანონოდ. ეს ცალკე მსჯელობის საკითხია. ამიტომ, გამიჭირდება პერსონიფიცირება და იმის თქმა, რომ ვიღაცეებმა ფული მოიპარა და ჯიბეში ჩაიდო.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შევარდნაძის დროინდელ მთავრობაშიც მონოპოლიზირებული იყო ყველაფერი, ალბათ, ვინმე ერთს, ძალიანაც რომ ნდომებოდა 400 მილიონ დოლარს არავინ დაუთმობდა...
- რა თქმა უნდა. ეს იყო იმ საერთო ქაოსის, ანარქიის, არასწორი პოლიტიკის, გაუმჭვირვალობის, გაურკვევლობის, არაკომპეტენურობის, არაპროფესიონალიზმისა და ბევრი ამდაგვარის ერთობლიობის შედეგი. ამ გადასახედიდან, ადვილია ვიღაცისკენ თითი გავიშვიროთ, ვიღაცას თითი დავადოთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა პირობებში ხდებოდა ეს ყველაფერი. მე მაშინაც ვერიდებოდი ვიღაცა კონკრეტული პიროვნებისკენ თითის გაშვერას და თქმას, რომ ამან მიითვისა და შეჭამა ანაბრები-თქო. ეს, უბრალოდ, პოლიტიკური სპეკულაციის საგნად შეიძლება გამოდგეს.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ შეწყდეს ამ თემაზე საუბარი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს თუ არა ანაბრების გაუფასურების თემის გამოძიება და დამნაშავე პირების წარმოჩენა. ფაქტია, რომ 90-იან წლებში დარჩა უამრავი ასობით ათასი მეანაბრე გადაგდებული სახელმწიფოს მხრიდან და პირველ რიგი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება ამ ადამიანების წინაშე.
- რა თქმა უნდა სამართლიანობის და ობიექტურობის თვალსაზრისით, ეს უნდა იყოს გამოძიებული. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნას შესწავლილი. ისევე როგორც ბევრი საკითხი, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრების ისტორიაში. მაგრამ, რაც უფრო გვაშორებს დრო ამ მოვლენებისგან, ამ საკითხის შესწავლა სულ უფრო რთულდება.
ვფიქრობ, ამ თემის ძიებით ისევ დაიწყება პოლიტიკური სპეკულაციები და ერთმანეთზე გადაბრალებები. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაპირისპირებიდან გამომდინარე, ეს საკითხი შეიძლება ისევ ამაში ჩაიძიროს. ჩემი აზრით ახალი გამოძიება და ურთიერთ ბრალდებები არაა საჭირო. უნდა დაიწყოს პრაქტიკული ღონისძიება. მთავრობამ, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტოს, რომ იწყებს რაღაც თანმიმდევრული მექანიზმით ამ თანხების თანდათან უკან დაბრუნებას და შეიტანოს გარკვეული თანხა. ეს ხალხისთვისაც კარგი და გამოჩნდება, რომ ეს ხელისუფლება არის სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული ძალა.