რატომ ატარებს სააკაშვილი ჯიბით გუბაზ სანიკიძის სურათს

რატომ ატარებს სააკაშვილი ჯიბით გუბაზ სანიკიძის სურათს

“ოცნებელ” კობა დავითაშვილისა და “ნაციონალ” სერგო რატიანის სატელევიზიო ცემა-ტყეპა განელებული არ იყო, რომ “მაესტროს” ეთერში კიდევ ერთი “ინციდენტი” მოხდა, რომელიც, წინასგან განსხვავებით, ერთობ სასიამოვნო სანახავი გახლდათ _ ეკრანზე, ლამის ხუთი წუთის განმავლობაში, პირმშვენიერი მანდილოსანი ჩანდა, რომელიც თმას ისწორებდა, ანუ გასაგებად რომ ვთქვათ, რეჟისორმა ეთერში შემთხვევით სხვა სტუდია “შეუშვა”... ეს კურიოზი მალე “გაფეისბუქდა” და ბევრი “ლაიქიც” დაიმსახურა. ჰოდა, ბევრი აღარ მიფიქრია და, ამ პირმშვენიერ ქალს, ანუ ჩემს მეგობარს, უმრავლეობის დეპუტატ, “ფორუმელ” ანი მიროტაძეს დავურეკე... ერთმანეთი მივიკითხ-მოვიკითხეთ და შეხვედრაც დავთქვით. საუბარი კი, ცხადია, ზემოხსენებული კურიოზით დავიწყე.
     
_ ანი, სხვა დეპუტატები პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ხოცავენ, შენ კი, იპრანჭები...
_ (იღიმება) ეს ძალიან საინტერესო მომენტი, როგორც მითხრეს, “იუთუბიზე”, მალევე “ატვირთეს”. ყველაფერი კი, რეჟისორის პატარა შეცდომა იყო, თუმცა რეჟისორიც არაფერშუაშია, რადგან სწორედ იმ დღეს, “დებატების” პირდაპირ ეთერში, კობა დავითაშვილსა და სერგო რატიანს შორის დაპირისპირება მოხდა, ტელევიზიაში გამომძიებლები იმყოფებოდნენ და ეს, ეტყობა, ყველაზე აისახა. მოკლედ, “პოლიტმეტრის” პირველი სტუმარი პაატა ზაქარეიშვილი იყო, მე კი, ეთერში შესასვლელად ვემზადებოდი და თმას ვისწორებდი. რეჟისორმა კი, შეცდომით, ეთერში “შემიყვანა”. ამას დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა და უარყოფითიც, მაგრამ არა უშავს, ეს ჩემთვის სასიამოვნო კურიოზია...
_ ეს კურიოზი საინტერესო თუნდაც იმიტომ იყო, რომ საზოგადოებამ დაასკვნა, “ფორუმს” მხოლოდ სძინავსო. “ძილი”, ალბათ, ხვდები რატომაც გამახსენდა _ ამასწინათ, პრეზიდენტმა ჩაძინებული გუბაზ სანიკიძის ფოტო ააფრიალა...
_ ყველაზე კურიოზული ისაა, რომ პრეზიდენტი გუბაზ სანიკიძის ფოტოს ჯიბით ატარებს...
_ ჯიბით, როგორც წესი, სიდედრის სურათს ატარებენ ხოლმე, თუმცა ანი, ხუმრობას მოვეშვათ და სერიოზულ საკითხებზე გადავიდეთ. პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე “ფორუმი” ზომაზე მეტად აქტიურობდა, თუმცა პარლამენტში მაინცდამაინც აღარ აქტიურობს. რატომ?
_ ვანო, მერწმუნე, “ფორუმი” პარლამენტშიც ძალიან აქტიური იქნება...
_ კი ბატონო, მაგრამ ზოგი ენამწარე ქირქილებს, გუბაზ სანიკიძემ მილიონი იშოვა და ხმას ამიტომაც აღარ იღებსო...
_ მერე, ეს მილიონი სადაა?..
_ იმასაც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა “ფორუმი” აითვალწუნაო...
_ ეს ხმა, ალბათ, იმას უკავშირდება, რომ ჩვენი და პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გაერთიანება არ შედგა. ათასჯერ ვთქვი და ათასმეერთედ ვიმეორებ, რომ კოალიციაში ვრჩებით, თუმცა ვანო, გეთანხმები, რომ არ ვაქტიურობთ...
_ “ფორუმიდან” პარლამენტში განცხადებებს, პრინციპში, მხოლოდ შენ აკეთებ, ანუ ეს სტრატეგიაა?
_ არა, უბრალოდ, ასე გამოვიდა... მას შემდეგ, რაც ოპოზიციიდან ხელისუფლებაში გადმოვინაცვლეთ, ამ მოცემულობასთან ადაპტაცია ხდება, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ არ ვმუშაობთ. მოკლედ, ნამდვილად არ გვძინავს და, ჩავთვალოთ, რომ ეს პატარა ტაიმ-აუტი გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებში გასარკვევად დაგვჭირდა.
_ რომელ პროცესებს გულისხმობ?
_ თუნდაც იმას, რომ გაერთიანება-არგაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიდიოდა.
_ ანი, ამასწინათ, შენი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობდი, “ფორუმისა” და ივანიშვილის პარტიის გაერთიანება იმიტომ არ შედგა, რომ ამით კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური ძალების არათანაბარ პირობებში ჩაყენება მოხდებოდაო...
_ დიახ, ასეა...
_ კეთილი, მაგრამ როცა გაერთიანების იდეა გაჩნდა, მაშინვე რატომ არ იფიქრეთ, რომ ამ “გამსხვილებას” სხვა პარტნიორებისთვის შეიძლება, გარკვეული უხერხულობა შეექმნა?
_ ვანო, მოდი, ყველაფერს თავიდან მოგიყვები. ეს იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ ამით გამსხვილების პროცესი დაგვეწყო. საერთოდ, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ პოლიტიკურ ველზე მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების არსებობა ბევრად ეფექტური და მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია.
_ შეიძლება, მაგრამ თუკი კოალიციაში შემავალი ყველა პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” შეუერთდებოდა, ეს ხომ ერთპარტიულობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა?
_ აქ ყველა პარტიაზე არ იყო ლაპარაკი, თან მითითებას ვერავის მივცემდით. უბრალოდ, გვინდოდა, ამ გაერთიანებით პრეცედენტი შეგვექმნა, რომ მონათესავე იდეოლოგიის პარტიები ერთად ყოფილიყვნენ... “ქართული ოცნება” გამარჯვებული ბრენდია და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, “ეროვნულ ფორუმს” კი, ექვსწლიანი ძალიან სერიოზული პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს და ყველაფერ ამის შერწყმით, მოლაპარაკების პროცესში...
_ ანი, მაპატიე, გაწყვეტინებ, მაგრამ მოლაპარაკებები იმაზე მიდიოდა, რომ “ფორუმი”, როგორც პარტია დაიშლებოდა და “ფორუმელები” ქართულ ოცნებაში გაწევრიანდებოდნენ?
_ ვანო, იცი, როგორ იყო? _ გადაწყვეტილება რომ მივიღეთ, იმის დათვლა დავიწყეთ, რა გვქონდა, თუმცა მოლაპარაკების დროს გაჩნდა შეკითხვა, ამით სხვა სუბიექტებს არათანაბარ მდგომარეობაში ხომ არ ჩავაყენებდით.
_ ეს გავიგე, მაგრამ “ქართულ ოცნებასთან” გაერთიანების იდეა “ფორუმის” ე.წ. სტაფს გაუჩნდა...
_ დიახ, ამ იდეის განხილვაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ბატონი ბიძინა ივანიშვილი და კახა შარტავა...
_ რიგით “ფორუმელებს”, რომლებიც პარტიაში ექვსი წლის წინ, ანუ პარტიის დაარსების დღიდან გაწევრიანდნენ, გაერთიანების შესახებ არაფერი ჰკითხეთ? იქნებ, წინააღმდეგობა სწორედ მათგან წამოვიდა და გაერთიანებაც ამიტომ ვერ შედგა?
_ ამ ვერსიას არსებობის უფლება, რასაკვირველია, აქვს, მაგრამ მსგავსი წინააღმდეგობა არ ყოფილა. ეს რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვიტყოდი, მით უმეტეს, რომ ვანო, სხვა თუ არა, შენ მაინც მიცნობ და იცი, რომ რაღაცის აღიარება არ მიჭირს.
_ “ფორუმმა” გაერთიანებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ირაკლი ალასანია საჯაროდ დატუქსეს, ანუ ხომ შეიძლება, ვინმე ინტრიგანმა იფიქროს, “ფორუმელებმა” გაერთიანებისგან თავი სწორედ იმიტომ შეიკავეს, რომ მსგავს უხერხულობაში არ აღმოჩენილიყვნენო?
_ არგაერთიანებაზე გადაწყვეტილება ამ გახმაურებულ ამბამდე მოხდა...
_ ისე, ანი, როგორც დეპუტატს, მოგეწონა, რომ შენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს ყური აუწიეს?
_ ყურის აწევის პოლიტიკა სწორად არ მიმაჩნია.
_ საერთოდ, კოალიციაში ეს პრობლემა დგას?
_ პირადად მე, და “ფორუმს” არ გვიგრძვნია.
_ “ფორუმში” არც “ნაცაგენტები” არიან?
_ თქვეს, აგენტები “ფორუმის” ასპინძის ორგანიზაციაში იყვნენო, მაგრამ ასპინძაში რაიონული ორგანზიაცია საერთოდ არ გვაქვს, მაგრამ თუკი ვინმე ამ აგენტის ვინაობას მეტყვის, გადავამოწმებ.
_ შენი აზრით, კოალიციაში აგენტების ძებნა რას ემსახურებოდა? ზოგი ამბობს, ვიღაცებმა “აგენტომანია” იმიტომ ააგორეს, რომ “ოცნებაში” გავლენის მოპოვება უნდოდათო...
_ ასე არ ვფიქრობ... საერთოდ, არ გამოვრიცხავ, რომ აგენტები, მართლაც, შემოეგზავნათ, მაგრამ არ მგონია, ეს მტკივნეული თემა იყოს. არსებობს აგენტი? _ კი ბატონო, გამოავლინე და შენი რიგები გაასუფთავე, მაგრამ ამაზე საჯარო ლაპარაკი საჭირო არაა.
_ ...ანი, ხალხი ახალი ხელისუფლებისგან ყველაზე მეტად სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. შენი, როგორც დეპუტატის აზრით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი სამართლიანად მიდის? მაგალითად, გაქვს თუ არა ინფორმაცია, რომ რომელიმე ბიზნესმენს წართმეული ქონება დაუბრუნეს?
_ ვიცი, რომ ოთხ-ხუთ ასეთ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს...
პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მოვედი და ძალიან კარგად ვიცი, ხალხმა ის რეჟიმი იმიტომ შეცვალა, რომ ცუდი პრაქტიკა, რომელიც მაშინ არსებობდა, აღარ განმეორდეს. კარგად გვახსოვს, რომ გამომძიებლები ადამიანებს შუაღამისას იბარებდნენ, ნოტარიუსიც გამზადებული ჰყავდათ და ჩუქების ხელშეკრულებას აფორმებინებდნენ...
_ რა ამის პასუხია და, რატომ სჯობნის “ნაცმოძრაობა” “ოცნებას” დემაგოგიაში?
_ იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” დემაგოგიით არაა დაკავებული...
_ ეს, ალბათ, კარგია, მაგრამ უმრავლესობაში რამდენიმე ჟურნალისტი დეპუტატი ხართ და, არ მსჯელობთ, რომ პიარი ცოტა უფრო უნდა გაააქტიუროთ?
_ ბევრი აღიარება გამომდის, მაგრამ ვაღიარებ, რომ პიართან დაკავშირებით ცოტა სხვა გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები. უმრავლესობაში ამ თემაზე არათუ ვლაპარაკობთ, არამედ, რამდენიმე წინადადება მაქვს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, განვახორციელებთ.
_ და შენი პიარ-იდეები პირადად ბიძინა ივანიშვილს უნდა შესთავაზო?
_ პრემიერი ძალიან დაკავებულია, მაგრამ ჩემს წინადადებებს გუნდში გავივლით...
სხვათა შორის, ბოლო ერთი თვის სტატისტიკა შევისწავლე და, “ნაციონალები” ამტკიცებენ, თითქოს ვჩაგრავთ, ვაშინებთ და ვიჭერთ. თავმოყვარე პოლიტიკური გუნდი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ჩვენთან ერთად ქვეყნის შენებაში უნდა მონაწილეობდეს, ასე ილაპარაკებს? ისე, ისინი ისევ ხელისუფლებაში არიან _ უკაცრავად და, პრეზიდენტი, ან თბილისის მერი ხელისუფალი არაა? ისიც მაინტერესებს, თუკი დანაშაული გაქვს ჩადენილი, დეპუტატობა ხელშეუხებლობას ნიშნავს? ვანო, შენ ხომ ძალიან კარგად იცი, 9 წლის განმავლობაში თანამდებობაზე ის ადამიანები ინიშნებოდნენ, რომელთა “სავიზიტო ბარათიც” “ნაცმოძრაობის” წევრობა, ან “ნაციონალებთან” მეგობრობა იყო და ამ ფონზე მეუბნებიან, “ნაციონალებს” იჭერთო.
ნებისმიერი უკანონო დაპატიმრების წინააღმდეგი ვარ. მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილსა და სხვებს ერის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები არიან, ანუ თუ ძიება საკმარის მტკიცებულებებს ვერ დადებს, გამოვალ და ხმამაღლა ვიტყვი, გამოძიებამ ვერ დამიმტკიცა, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან-მეთქი.
_ კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც “ნაციონალები” “ოცნებას” უყენებენ, საგარეო კურსის შეცვლაა. ანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ხარ და გრძნობ, რომ ქვეყანა საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას იცვლის?
_ ვერ ვგრძნობ. მესმის, რომ პოლიტიკურ გუნდს ოპონენტთან პოლიტიკურ ბრძოლაში სტრატეგია უნდა ჰქონდეს, მაგრამ უპასუხისმგებლობაა, როცა ქვეყნის ინტერესებს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ერთი ფაქტი მაინც მაჩვენონ, რომლითაც გამოჩნდება, რომ საგარეო პოლიტიკური კურსიდან გადავუხვიეთ.
_ მაგალითად, ამასწინათ, “ევროპის სახალხო პარტიამ” აჟიოტაჟი ატეხა, საქართველო ევროპას დაშორდაო...
_ “ევროპის სახალხო პარტია” “ნაცმოძრაობის” მეგობარია... მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში გამოვიდა და იმ ხალხს ლანძღავდა, რომელმაც პირველ ოქტომბერს არჩევანი “ქართულ ოცნებაზე” გააკეთა. სხვათა შორის, სააკაშვილმა, 2008 წელს, გორის ტალახში რომ იყო ამოსვრილი, ეს ხალხი სიკვდილის ზონაში დატოვა, მაგრამ ხალხმა სააკაშვილს ესეც აპატია. ის კი, მაინც ხალხს ლანძღავს, რადგან თავისი პოლიტიკური გუნდის წარუმატებლობით ძალიან გაბრაზებულია. მინდა, სააკაშვილს ვუთხრა: “ნაცმოძრაობის” დამარცხება იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაც უნდა დამარცხდეს! ისე, სააკაშვილმა ისტორია რომ იცოდეს, არ იტყოდა, საქართველო, როგორც სახელმწიფო, ბოლო 9 წლის განმავლობაში შედგაო.
_ ანი, რა ამის პასუხია და, გოგო ხარ, ისიც გოგოა, თან კოლეგები ხართ. ჰოდა, ცხვირი რომ გაუტეხეს, ჩიორა რატომ არ მოინახულე? ისე, შენთვის კობა დავითაშვილის ლოყა უფრო მნიშვნელოვანია თუ ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირი?
_ ცუდია, როცა გოგოს ურტყამენ...
_ შენთვის “ნაცმოძრაობის” მომხრეს რომ დაერტყა, რას იზამდი?
_ ძალიან გავბრაზდებოდი! ვანო, ხმამაღლა ნათქვამად არ ჩამითვალო, მაგრამ იმისთვის ვცხოვრობ, ქუჩაში რომ გამოვალ, ასე არ მომექცნენ! ერთმა “ნაციონალმა” მითხრა, ეს ხალხი ციხიდან იმიტომ გამოუშვით, რომ სადარბაზოებთან ჩაგვისაფრდნენო. ერთია, ვინ ჩაგისაფრდება და მეორეა, როგორ ცხოვრობ, მაგრამ ძალადობა დაუშვებელია!|