ქართული პოლიტიკური ცემა-ტყეპის ანატომია

ქართული პოლიტიკური ცემა-ტყეპის ანატომია

ქართველი პოლიტიკოსები, როგორც ბოლო დროს ამბობენ, “თმენის ვალდებულებით” მაინცდამაინც არ გამოირჩევიან. ამიტომ, ქართულ პოლიტიკას უამრავი ჩხუბი ახსოვს, მაგრამ იმან, რაც რამდენიმე დღის წინ, “მაესტროს” ეთერში მოხდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა _ “კოალიციელ” კობა დავითაშვილისა და “ნაციონალ” სერგო რატიანის ჩხუბი შეიძლება, “ქართული კოჰაბიტაციის” სიმბოლოდ ჩავთვალოთ. ერთი, ანუ ამ შემთხვევაში, “ნაციონალური” ოპოზიცია, როგორც წესი, პროვოკატორობს, მეორეს კი, ანუ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელს, ამ პროვოკაციაზე საშინელი რეაქცია აქვს და თავს, რა თქმა უნდა, ვერ თოკავს. ისე, ვინმემ ნომინაცია “ყველაზე ნაცემი” რომ დააწესოს, დავითაშვილს კონკურენციას ვერავინ გაუწევს, რადგან ქართველი პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად სწორედ მას მოხვედრია?! მოკლედ, რაკი მუშტი-კრივი კვლავ აქტუალურია, “ქართული სიტყვა” ქართული პოლიტიკური ცემა-ტყეპის ანატომიას გთავაზობთ.

პირველი აყალმაყალი შორეული მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ე.წ. იმელის პარლამენტში მოხდა _ იმჟამინდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ნოდარ ნათაძეს “ბორჯომი” შეასხა, გამწარებულმა ნათაძემ კი, ტრიბუნაზე მჯდარ რჩეულიშვილს ტელეფონი ესროლა. იმ დღიდან საკანონმდებლო ორგანოში შუშის ჭურჭლის “გამოყენება” აიკრძალა...
ტელეფონისგან განსხვავებით, მიხეილ მაჭავარიანის ნასროლი საფერფლე ვახტანგ რჩეულიშვილმა ვეღარ აიცილა და თავიც გაიტეხა: “საფერფლის ინციდენტი” პარლამენტის სხდომათა დარბაზში კი არა, ერთ-ერთ კაბინეტში მოხდა, სადაც ეს ორი ადამიანი “საქმის გასარჩევად” შეიკეტა. მერე, თავგატეხილმა ვახტანგმა ჟვანიას თანამოაზრეებს სულ “გაურკვეველი ორიენტაციის ხალხი” ეძახა. გამოხდა ხანი და, ამ “გაურკვეველი ორიენტაციის ხალხმა” “ვარდების რევოლუციის” დროს, რჩეულიშვილი ხალხს ხელიდან ძლივს გამოჰგლიჯა.

ერთხელაც, პარლამენტში, მინიმუმ, ხუთი წყვილი დაერია ერთმანეთს და თავპირი “დაუმუშავა”. ეს “რინგი” მაშინ მოეწყო, როცა “მოქკავშირზე” გულაცრუებული მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს და პარლამენტის სხდომაც ამ ფაქტის განხილვით დაიწყო. პეტრე ცისკარიშვილი ტრიბუნაზე ავიდა და განაცხადა:
_ რა არის ძალადობა? თქვენ ძალადობა ის გგონიათ, რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა ჩვენ მოგვცა? ან ის არის დემოკრატია, როცა საკრებულოს თავმჯდომარეს ირჩევდნენ, წინა დღეს, “ახალი მემარჯვენეები” ათეულათასობით დოლარს სთავაზობდნენ საკრებულოს წევრებს, რომ სააკაშვილისთვის ხმა არ მიეცათ?

ცისკარიშვილს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ სკამიდან ერთ-ერთი “მემარჯვენე” წამოხტა, “შე ახვაროო”, მიაძახა პეტოს და სხდომათა დარბაზის დახურული კარი თავით “გაანგრევინა”. მოგვიანებით, ცისკარიშვილმა “იხუმრა”, “მემერჯვენე” კოლეგამ სახე ბასრი იარაღით დამისერაო.

ეს “ბათქი” ბოლომდე დამთავრებული არ იყო, რომ მიხეილ მაჭავარიანმა  თენგიზ გაზდელიანს “წამოარტყა”, მერე, რჩეულიშვილი წაეჩხუბა ერთ-ერთ “ახალბედა ნაციონალს” და ისე დაარტყა, რომ ამ უკანასკნელმა თავი ვეღარ შეიკავა, რეზო ყიფიანს დაეჯახა და კინაღამ ისიც წააქცია. ბოლოს, გადაწყდა, რომ “მოჩხუბრებს” “საქმე” კინოდარბაზში გაერჩიათ და ყველამ, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინც კაცი იყო, თავი კინოდარბაზში მოიყარა.
პირველი, ვინც “საქმის გარჩევით” დაკავებულ დეპუტატებს კარი შეუღო, ვანო მერაბიშვილი გახლდათ, რომელსაც უყვირეს და სულ კინწისკვრით გამოაგდეს. მერე, ისევ ცისკარიშვილმა “ივაჟკაცა” _ კარში ჯერ კიდევ დასისხლიანებული თავპირი შეჰყო, “თქვენი დედაო”, შეიგინა და უკან გამობრუნდა.

_ ვინ იყო ის ახალგაზრდა, დედას რომ გვაგინებს? მე ამათთან მუშაობა არ შემიძლია, _ ნერვები ხელმეორედ მოეშალა რჩეულიშვილს.
საერთოდ, გინებისმოყვარული ცისკარიშვილი იმჟამინდელ პარლამენტში არაერთ სხვა ხულიგნობაშიც იყო შემჩნეული. ამ მხრივ კი, ყველაზე დასამახსოვრებელი მაშინდელ “მემარჯვენე” დავით საგანელიძესთან დაკავშირებული ინციდენტია:
ცისკარიშვილს საგანელიძესთან ჯერ ჩხუბი მოუვიდა, მერე, სახლში წავიდა, პარლამენტში “კასტეტი” მიიტანა და “მემარჯვენე” დეპუტატს სახე დაუსერა. ვიდრე სამართალდამცავები ამ ინციდენტს გამოიძიებდნენ, სააკაშვილმა ცისკარიშვილი ახლადშექმნილი “ნაცმოძრაობიდან” გარიცხა.

...მოგვიანებით ისინი თანამოაზრეები და ერთი გუნდის წევრები გახდნენ, თუმცა იყო დრო, როცა ერთი “კარგი ჩხუბი” პარლამენტში მათაც მოაწყეს. მაშინ გიორგი ბარამიძე ჟვანიას გუნდის წამყვანი ფიგურა გახლდათ, ნოდარ გრიგალაშვილი კი, _ “ნაციონალი”. ერთ-ერთი გამოსვლისას, გრიგალაშვილმა ბარამიძეს თავისი პარტიის “ლეღვის ფოთოლი” უწოდა და... ერთი კარგი “მუშტი-კრივის” მომსწენი გავხდით.

“ვარდების რევოლუცია” ახალი მომხდარი იყო, რუსთაველზე ე.წ. მოჭიდავეების ბუნტი რომ მოეწყო. ამ გამოსვლების დროს, ლევან ბერძენიშვილს გიგა ბოკერიამ დაურეკა და დედა აგინა. გავიდა რამდენიმე კვირა და... გიგა ბოკერიამ შავი სათვალით დაიწყო სიარული _ როგორც აღმოჩნდა, ძმის გამო შური დავით ბერძენიშვილმა იძია და ბოკერიას თვალები საფუძვლიანად “დაუმუშავა”, თუმცა ეს ფაქტიც, ბევრი სხვის მსგავსად, დავიწყებას მიეცა და დღეს, ალბათ, აღარავის ახსოვს, თუ როგორ “გაუერთიანა ძვალი და ტყავი” დეპუტატ გოჩა ჯოჯუას თბილისის პოლიციის იმჟამინდელმა შეფმა სოსო ალავიძემ, როგორ “წამოარტყეს” კირკიტაძემ და ბალავაძემ გიორგი ცაგარეიშვილს, რამდენს ჩხუბობდა აკაკი ბობოხიძე ხან ვისთან და ხან _ ვისთან...
ისე, ქვემო ქართლის ჯერ კიდევ მოქმედ გუბერნატორ კირკიტაძის “ანგარიშზე” კიდევ ერთი ჩხუბია _ 2004 წლის მოწვევის პარლამენტში დაცვის ბიჭი “გაასილაქა”, თუმცა ამის გამო არავის დაუსჯია...

ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკოსების ამ მეტად “საინტერესო საქმიანობების” გაშუქებით იყვნენ დაკავებულნი, ერთხმად აღიარებდნენ, რომ პარლამენტში ყველაზე დიდი “მოჩხუბარი” თენგიზ გუნავა იყო...

პოლიტიკოსთა ნაწილი, რომელმაც საზოგადოებას თავი, სხვა თუ არაფრით, ხულიგნური საქციელით მაინც დაამახსოვრა, დღეს აქტიურ პოლიტიკას ჩამოცილებულია. ნაწილმა კი, მშობლიური პარტია მიატოვა და ახალ მმართველ ძალასთან “გადაბარგდა”. რას აკეთებს ამ დროს “ნაცმოძრობა”? რას და, _ ახალი “დამრტყმელი ძალის” აღმოჩენითაა დაკავებული. ერთ-ერთი ასეთი “დამრტყმელი” კი, უდავოდ, პროფესორი სერგო რატიანია...