როგორ იგეგმებოდა “ციხის სკანდალი”

როგორ იგეგმებოდა “ციხის სკანდალი”

ვინ აფინანსებდა და რამდენი თვე მზადდებოდა “ციხის ვიდეოების” სპეცოპერაცია, რატომ ვერ გაშიფრა მერაბიშვილის უშიშროებამ ციხის სამი თანამშრომლისა და ყოფილი პატიმრის კონსპირაციული ურთიერთობა და როგორ დაიგეგმა “კარანტინის” დაშლის ფარული გადაღება
   
არსებობს მოვლენა, გნებავთ, ფაქტი, რომელიც, ერთი შეხედვით, მონოტონურ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი “ეპიზოდებისადმი” ინტერესი არასოდეს ნელდება, ზოგი რას ამბობს, ზოგიც _ რას და ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა ხოლმე... ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული “ქართული ბომბი” ე.წ. ციხის ვიდეოები გახლავთ, რომელმაც “ვარდების რეჟიმს” ძირი გამოუთხარა და რომლის შესახებაც მსჯელობა, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება... ამ ისტორიას, ხილულის გარდა, უხილავი პერსონაჟებიც ჰყავს, მაგალითად, “ქართული სიტყვის” დღევანდელი რესპონდენტი, რომლის მონათხრობიც _ არც მეტი, არც ნაკლები _ ნამდვილი ბეტსელერია... მაშ ასე, პირველად “ქართულ სიტყვასა” და, საერთოდ, ქართულ პრესაში, ინტერვიუ ადამიანთან, რომელსაც “ციხის ვიდეოები” ჯერ კიდევ 2011 წლის სექტემბერში ჰქონდა. ამ ადამიანმა ეს კადრები, მოგვიანებით, ანუ 2012 წლის აპრილში ჟურნალისტთა კავშირ “ობიექტივის” ხელმძღვანელ ირმა ინაშვილს მიუტანა და, მეტიც, “ციხის კადრების” სააშკარაოზე გამოიტანის სპეცოპერაცია დაგეგმა. როგორ აუბნია ვანო მერაბიშვილის სპეცსამსახურებს თავგზა, რატომ ვერ გაშიფრა სააკაშვილის “სანაქებო” უშიშროებამ ციხის თანამშრომელთა და ყოფილი პატიმრის კონსპირაციული შეხვედრები და როგორ დაიგეგმა “გლდანის ციხეში” “კარანტინის დაშლის” ფარული გადაღება? _ ამ და სხვა დეტალებზე გიორგი ლომია პირველად ლაპარაკობს:

_ იმის შესახებ, თუ რატომ გააქტიურდა “ციხის კადრების” თემა, რამდენიმე ვერსია მაქვს, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ არ მინდა, თან მგონი, ის უფრო საინტერესოა, თუ რატომ ჩაერთო ისეთი ხალხი, რომელსაც ამ საკითხთან შეხება არ ჰქონია. ამ ხალხის უკან, ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პოლიტიკური წრე დგას, რომელშიც “ნაციონალებიც” არიან და “ოცნების” წარმომადგენლებიც.
_ გიორგი, გასაკვირი არაა, რომ ყველაფერ ამას გარკვეული ძალა მართავს, მაგრამ აქცენტი იმაზე რატომ კეთდება, თუ როგორ მოახერხა იმ ადამიანმა საქართველოს დატოვება, რომელმაც თქვენ ეს კადრები მოგაწოდათ?
_ იმისკენ, რომ ჩვენ თითქოს მერაბიშვილ-ადეიშვილის აგენტები ვიყავით, საქმეში სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური ჩავრთეთ, ამ ადამიანს ვიზა  “გავუკეთეთ” და ბელგიაში ასე ჩავიყვანეთ...
_ გიორგი, მოდით, ყვლაფერი თავიდან დავიწყოთ, ანუ ე.წ. ციხის კადრების სპეცოპერაციის დაგეგმავში რამდენი ადამიანი მონაწილეობდა?
_ ექვსი.
_ როგორ, სად და რამდენ ხანს იგეგმებოდა ეს ოპერაცია?
_ ამ შენობაში, ანუ კინოს სახლში ვიკრიბებოდით ხოლმე. სათადარიგო გეგმით, თუკი ვიზას ვერ მივიღებდით, იმ ადამიანს ცოტა ხანს ჯერ თურქეთში, სასტუმროში დავტოვებდით, მერე, ბინას ვუქირავებდით, ცოტა ხანში კი, კვალის დაკარგვის მიზნით, რომელიმე უვიზო ქვეყანაში, მაგალითად, უკრაინაში გადავიყვანდით, მაგრამ გაგვიმართლდა და ვიზა მივიღეთ...
_ როგორ?
_ თბილისში, ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოს დავუკავშირდი, რომელსაც ვერ დავასახელებ, რადგან არ მინდა, რომ ამ ხალხს უსიამოვნება შეხვდეს.
_ ტურისტულ სააგენტოს როდის დაუკავშირდით?
_ 2012 წლის ივნისში. ამ დროს ციხის ის თანამშრომელი, რომელმაც ეს კადრები მომაწოდა, ბორჯომში იმყოფებოდა, სადაც სპეციალურად გავუშვი, რადგან მაინტერესებდა, მისით ვინმე დაინტერესდებოდა თუ არა.
_ მისი სამსახურიდან წამოსვლაც ამ გეგმის ნაწილი იყო?
_ რა თქმა უნდა. შემიძლია, გაჩვენოთ მესიჯები, რომლებსაც არ ვშლი, რადგან თუ საჭირო გახდება, დავადასტურო, რომ მის ნაბიჯებს თავიდან ბოლომდე ჩვენ ვაკონტროლებდით. ვეუბნებოდი, ისეთი მიმოწერა უნდა გვქონდეს, რომ გადაამოწმონ, გამოჩნდეს, თითქოს ავად ხარ და სამსახურიდან ამიტომ მოდიხარ-მეთქი. ამიტომ, ერთ-ერთ მესიჯზე მიპასუხა, ღვიძლმა შემაწუხა, თორემ კაცი ასეთ სამსახურს როგორ დაკარგავდაო.
_ სამსახურიდან წამოსვლა რომ გადაწყვიტა, ადმინისტრაციას ეჭვი არ გაუჩნდა?
_ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს გაბედავდა...
მოკლედ, ივნისის პირველ დეკადაში, ეს ადამიანი, ოჯახთან ერთად, ბორჯომში, მეგობართან წავიდა. ცხადია, სოლიდური თანხა მივეცი...
_ ტურისტულ ფირმას რა უთხარით?
_ რა და, _ ჩემს მეგობარს უნდა, რომ იტალიაში ჩავიდეს, სადაც ხუთი დღე დარჩება-მეთქი. საერთოდ, ვიზა 34 ევრო ღირს, მაგრამ ტურისტულ ფირმას, ვიზა რომ “გაეკთებინა”, სოლიდური თანხა გადავუხადე.
_ თუკი ვიზა 34 ევრო ღირს, სოლიდური თანხა რატომღა გადაიხადეთ?
_ ადამიანს ვიზა რომ მისცენ, სხვა თუ არაფერი, ბანკში ანგარიში და სამსახური უნდა ჰქონდეს. ამიტომ, მას ანგარიში გავუხსენით, სამსახური კი, თვითონ ტურისტულმა სააგენტომ “გაუკეთა”. სხვათა შორის, მთელი საქართველო საზღვარგარეთ სწორედ ასე მიდის...
მოკლედ, ხუთშაბათს ფირმამ მითხრა, რომ შაბათს ჯგუფი გადიოდა. იმ ღამეს ბორჯომში წავედი, ფული კიდევ მივეცი, რომელიც ცოლ-შვილს დაუტოვა და თბილისში დავბრუნდით. ბაზრობაზე “ბრიჯები”, მაისური, “კეპკა” ვუყიდე, ანუ ეჭვი რომ არავის შეპარვოდა, ტურისტს დავამსგავსე, მერე, ტურისტულ სააგენტოში მივიყვანე, ავუხსენი, თუ როგორ უნდა ემოქმედა. ავტობუსი შაბათს, დილით, აღმაშენებლის ხეივნიდან გავიდა... სხვათა შორის, ამ ტურისტულ ჯგუფში მამაკაცი მხოლოდ ეს ადამიანი იყო. თურქეთში მას სლოვენიის ვიზა უნდა მიეღო. იმის შესახებ კი, რომ იტალიაში აპირებდა დარჩენას, მხოლოდ ტურისტულმა სააგენტომ იცოდა.
თურქეთში ჩასულმა, ჯგუფთან ერთად, პასპორტი ჯგუფის ხელმძღვანელს ჩააბარა...
_ თურქეთში თქვენიანი დახვდა?
_ არა, კავშირი მხოლოდ ტელეფონით გვქონდა. ჯგუფის ხელმძღვანელსაც ვურეკავდი, როგორ ხართ, როგორ მგზავრობთ-მეთქი. ათი დღის შემდეგ, ვიზა მთელმა ჯგუფმა მიიღო... იტალიაში ის ჯგუფს დაშორდა და ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ჩემი მეგობარი ელოდებოდა, რომელმაც მას ე.წ. სუფთა ტელეფონი მისცა. მეც “სუფთა ტელეფონი” ვიყიდე და ერთმანეთს ასე ვეკონტაქტებოდით. ბრიუსელში ჩასულს “ობიექტივის” ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე უნდა შეხვედროდა, მაგრამ გიორგის ბრიუსელში ჩასვლა ორი დღე დააგვიანდა, ამიტომ, მას მერაბ ბლადაძე შეხვდა...
_ გიორგი, როგორც ვიცი, ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც კადრები მოგცათ, საპატიმროში გაიცანით...
_ დიახ... 2009 წლის 2 თებერვალს დამაკავეს...
_ ნინო ბურჯანაძესთან პოლიტიკური თანამშრომლობის გამო დაგიჭირეს?
_ აგიხსნით: ბურჯანაძის ოფისიდან გამოსულმა შევამჩნიე, რომ ავტომანქანა “ამყვა”. ამიტომ, სახლში არ მივედი, მაგრამ ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, პოლიცია გკითხულობსო. ვერ მივხვდი, ჩემი დაპატიმრება თუ რა მიზეზით შეიძლებოდა. მოკლედ, შინ მივედი და პოლიციამ მითხრა, ავტომანქანასთან დაკავშირებით, რომელიც 1996 წელს გერმანიიდან ჩამოიყვანე, რაღაც შეკითხვებია და, თუ შეიძლება, სამმართველოში წამობრძანდითო. სამმართველოში კი მითხრეს, ყიფშიძის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი თაღლითურად შეიძინეთო... ჩავთვალე, რომ პოლიტიკური ნიშნით დამიჭირეს...
_ ესე იგი, ვიდრე დაგაკავებდნენ, გითვალთვალებდნენ, არა?
_ ალბათ...
_ ციხეში რამდენ ხანს იყავით?
_ ორწელიწადნახევარი...
_ თქვენზე, როგორც არასაიმედო ელემენტზე თვალთვალი, ალბათ, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც გაგრძელდა...
_ შესაძლებელია, ასეც იყო...
_ ჰოდა, ამ ადამიანს რომ ეკონტაქტებოდით, ყასიდად მაინც არ უშვებდით, რომ თქვენით სპეცსამსახური ისევ დაინტერესდებოდა?
_ როგორ არ ვუშვებდი...
_ მერე, თავს როგორ იცავდით?
_ აგიხსნით, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ ციხის კადრები 2011 წლის სექტემბრიდან მქონდა...
_ თავად იმ ადამიანმა მოგცათ?
_ დიახ...
_ რატომ?
_ ციხიდან რომ გამოვედი, ის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მოვინახულე...
_ ანუ, ციხეში დამეგობრდით?
_ დიახ... მერე, ვაკეში, “კოპალაში” შევხვდით, ვისაუბრეთ და სპონტანურად თქვა, 2010 წელს ვიდეოკამერები დაგვირიგეს და ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვიღებთო. რად გინდათ, ბიჭო-მეთქი? _ დავალებაა, აინტერესებთ, თუ რამდენადაა ციხე კონტროლის ქვეშ და ორი კასეტა სახლში მაქვსო. ამ თემით დავინტერესდი, მაგრამ რომ ვთქვა, მაშინვე რაღაც გეგმა დავსახე-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, ვუთხარი, თუ საიდუმლო არაა, ეს კასეტები მაჩვენე-მეთქი. რაზეა ლაპარაკიო. მასთან, სახლში წავედით, კასეტები აიღო და ჩემთან მივედით... კადრების ნახვის შემდეგ, ერთადერთი შეკითხვა ცოცხთან დაკავშირებით დავუსვი, ბიჭო, ხომ ხვდები, რომ სულიერად ავადმყოფია და ამის წამება რაღა საჭირო იყო-მეთქი. მიპასუხა, “პროსტა”, ეს კადრები მაქვს გამოტანილი, თორემ რომ იცოდე, რას ვაკეთებდით, გაგიჟდებიო. ამის შემდეგ შევთავაზე, რომ თუ პრეტენზია არ ექნებოდა, ამ კადრების ელექტრონულ ვერსიას გავაკეთებდი. დამთანხმდა...
_ გიორგი, დავაზუსტოთ: ეს ხდება 2011 წლის სექტემბერში?
_ დიახ...
_ ანუ, ამ დროს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი, არა?
_ დიახ, ასეა... შევთავაზე, მოდი, ამ ორი ორიგინალი კასეტიდან ერთს გაგატან და ერთსაც მე დავიტოვებ-მეთქი. შეკითხვა არ გასჩენია, ბიჭო, რამეს ხომ არ აპირებო...
_ ირმა ინაშვილმა თავის დროზე თქვა, რომ ციხის კადრები შს სამინისტროს მაღალჩინოსანმა მიაწოდა. გიორგი, თქვენი მონათხრობით კი, იკვეთება, რომ “ობიექტივის” ხელმძღვანელს კადრები შს სამინისტროს მაღალჩინოსანმა კი არა, თქვენ მიაწოდეთ...
_ არა... ირმას სამი ჩანაწერი ჰქონდა: ერთი _ ამ ადამიანის, მეორე _ დავით აკობიასი და არსებობს მესამე ჩანაწერიც, რომელიც ირმას მაღალჩინოსნებმა აგვისტოში მიაწოდეს და რომელიც პროკურატურაში დევს, თუმცა ეს ის მასალა არაა, რომელსაც ხალხში ემოციის გამოწვევა შეეძლო.
_ ინაშვილს ჩანაწერები თქვენ როდის გადაეცით?
_ 2012 წლის აპრილში... სამართლებრივად, სისტემის დაშლა უფრო “კარანტინის” კადრებმა გამოიწვია, მაგრამ სად ცემა და სად _ ცოცხით გაუპატიურება. სხვათა შორის, დავით თარხან-მოურავს ევროპაში პირდაპირ უთხრეს, ჩვენ რომ მხოლოდ წამების კადრები გვენახა, ეს ერთი ადამიანის დანაშაული იქნებოდაო, ანუ შეეძლოთ, ეთქვათ, ამ ერთმა ადამიანმა ფული აიღო და პატიმრებს ამიტომ აწამებდაო, “კარანტინის” კადრებმა კი, სისტემის სახე აჩვენა.
_ გიორგი, “ობიექტივის” ხელმძღვანელს ეს კადრები რა მიზნით გადაეცით და, საერთოდ, აქცენტი მაინცდამაინც ირმა ინაშვილზე რატომ გააკეთეთ?
_ საქართველოში ძალიან გაგიჭირდებათ ადამიანის ნახვა, რომელსაც შეიძლება, იმ დონეზე ენდოთ, რომ ეს ნდობა ოჯახის სიცოცხლის ფასად არ დაგიჯდეთ. ირმა იმთავითვე ცნობილი იყო, როგორც მებრძოლი ჟურნალისტი...
_ და მხოლოდ ამის გამო ენდეთ?
_ თავდაპირველად, ციხეში ირმას ძმა, კოტე გავიცანი. დავით თარხან-მოურავს კი, 2008 წლიდან ვიცნობდი...
_ ციხეში ყოფნის დროს იცოდით, რომ პატიმრებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ?
_ გაუპატიურებაზე არ მსმენია, რადგან ციხე დახურული სისტემაა, ანუ ურთიერთობა მხოლოდ თანასაკნელებთან გაქვს. სხვებს კი, მაშინ ხვდები, როცა სასამართლოზე მიჰყავხარ _ ამ დროს ერთ საკანში ორმოცამდე ადამიანი  გროვდება, მაგრამ ამ თემაზე ვინ ილაპარაკებდა? თუკი პატიმარი “გაქათმებულია”, ის სხვა საკანში მიჰყავთ, გაუპატიურებული ადამიანი კი არასოდეს იტყვის, რომ გააუპატიურეს...
სხვათა შორის, ამ ადამიანმა თავიდანვე მკითხა, რამეს მოიფიქრებო? ვუპასუხე, რომ ამ კადრების გამო სამუდამო პატიმრობა ჰქონდა გარანტირებული, თან დავპირდი, რომ ვიდრე რამეს მოვიფიქრებდი, ეს კადრები არსად გავიდოდა, ანუ ვაგრძნობინე, რომ მის გარეშე რამე პროცესი არ დაიწყებოდა. მოკლედ, ვაკვირდებოდი, თუ შემოგზავნილი იყო, დიდხანს ვერ მოითმენდა და, დაახლოებით, ერთ თვეში შემახსენებდა, აბა, რა მოიფიქრე, რას ვაკეთებთო. საერთოდ, მარტივი პრაქტიკაა _ თუ ადამიანი შემოგზავნილი არაა, თავისით არაფერს გკითხავს. ეს კადრები მხოლოდ ჩემს ოთხ მეგობარს ვაჩვენე _ ადამიანებს, რომლებსაც თავიდან ბოლომდე ვენდობი. 2012 წლის იანვარში კი, _ სოსო მანჯავიძეს... ინფორმაციას რომ გაეჟონა, ყველას დაგვიჭერდნენ...
ამასობაში, აბაშიძის ქუჩაზე კაფე-ბარი გავხსენი _ ყველას ვაჩვენებდი, რომ ბიზნესში ვიყავი და პოლიტიკაში არ ვერეოდი, ანუ რომც ეთვალთვალათ, ვერაფერს მიხვდებოდნენ, ტელეფონშიც მხოლოდ ბიზნესზე ვლაპარაკობდი...
_ გიორგი, წეღან თქვით, რომ “ციხის კადრების” ოპერაციის დაგეგმვაში ექვსნი მონაწილეობდით. კონკრეტულად, ვინ და ვინ?
_ მე, დათო თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, სოსო მანჯავიძე, კოტე ინაშვილი და აჩიკო ლეკიშვილი.
_ ამბობთ, რომ ტურისტულ სააგენტოს სოლიდური თანხა გადაუხადეთ, ამასთან, ფულს იმ ადამიანსაც აძლევდით, რომლის ვინაობასაც არ ასახელებთ. ფული საიდან გქონდათ?
_ ბატონ დავით თარხან-მოურავისგან.
_ და თარხან-მოურავს ამდენ ფულს ვინ აძლევდა?
_ არ იფიქროთ, რომ აქ ისეთ ფულზეა ლაპარაკი...
_ არაფერს ვფიქრობ, უბრალოდ, საინტერესოა ფრაზა _ “სოლიდური თანხა”. ზოგისთვის “სოლიდური თანხა” შეიძლება, მილიონია, ზოგისთვის კი, _ 5 ათასი...
_ მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო გარიგებაში 200 ათასი გადავიხადე, დღეს ჩემთვის 5 ათასი ევროც სოლიდურია.
_ არ გაგჩენიათ შეკითხვა, ეს ფული საიდან მოდიოდა?
_ ბატონი დავითის ძმა ნავთობის ბიზნესშია. ადამიანისთვის, რომელიც ნავთობბიზნესშია, დამეთანხმეთ, ხუთი კი არა, ასი ათასი ევროც სასაცილო თანხაა...
_ 2012 წლის აპრილში, ანუ მაშინ, როცა ოპერაციის დაგეგმვა დაიწყეთ, პოლიტიკური ვითარება უკვე დაძაბული იყო. შესაბამისად, თქვენი აქტიურობა სპეცსამსახურს არ გამოეპარებოდა...
_ “ობიექტივში” სულ რამდენჯერმე მივედი... საერთოდ, ეჭვს მაშინ უფრო იწვევ, როცა იმალები...
აპრილში კაფე-ბარი დავხურე და გავახმაურე, რომ თითქოს გავბანკროტდი... “ბაიკი” ვიყიდე და “ბაიკერებთან” ერთად დავრბოდი, ანუ ყველაფერ ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ თითქოს ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი და შეიძლება, ეფიქრათ, ამ 37 წლის კაცმა საერთოდ “გაუბერა” და რა პოლიტიკა, რის პოლიტიკაო... სხვათა შორის, ერთმანეთს ხშირად არ ვხვდებოდით...
_ ამ შეხვედრებს ის ადამიანიც ესწრებოდა?
_ არა, მას აინტერესებდა, თუ ვინ იდგა ჩემს უკან, მაგრამ არ ვენდობოდი და ამაზე უბრალო მინიშნებასაც ვერ მივცემდი...
როცა ვუთხარი, რომ ამ კადრების გამოქვეყნებას ვაპირებდი, ვკითხე, სანაცვლოდ თუ რას ითხოვდა. მან რიგი პირობები დააყენა...
_ პირობების დაყენებაში, მგონი, ცუდი არაფერია...
_ ბუნებრივია და არც მიკითხავს, პირობებს თუ რატომ აყენებდა... მას მუდმივად ვეუბნებოდი, რომ მისი მხრიდან ეს გმირული საქციელი იქნებოდა, თუმცა ვიცოდით, რომ მხოლოდ მისი კადრებით მიშას გადაგდებას ვერ შევძლებდით. უბრალოდ, იმის იმედი გვქონდა, რომ ამ კადრების გახმაურების შემდეგ, ძალიან ბევრ ადამიანს ვუშველიდით, რადგან წამებას ვეღარ გაბედავდნენ...
_ გიორგი, ცოლ-შვილი გყავთ?
_ დიახ, ერთი შვილი მყავს...
_ შვილი რისკის ქვეშ რატომ დააყენეთ?
_ ოჯახი საფრთხის ქვეშ დავაყენე, რადგან ვფიქრობდი, რომ ციხის სისტემის დანგრევასთან ერთად, ხალხი შიშს დაძლევდა! მაისის ბოლოს დათო თარხან-მოურავმა თქვა, თუკი დასავლეთში კარგად ვიმუშავებთ, სისტემა დაინგრევაო. აგვისტოში, როცა “კარანტინის კადრები” მოვიპოვეთ, მივხვდით, რომ “ნაციონალებს” დედა აღარ ეყოლებოდათ...
_ “კარანტინის კადრების” ავტორი, აკობია როგორღა გადმოიბირეთ?
_ იმ კაცს მაისში ვუთხარი, რომ თუ “კარანტირის” კადრები არ გვექნებოდა, არსებული კადრები, შეიძლება, ჩვენს წინააღმდეგ გამოეყენებინათ. დამპირდა, რომ “კარანტინის” დაშლის გადაღებას შეეცდებოდა, მაგრამ ეს კადრები არ გადაიღო.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ის ფარული კი არა, სამოყვარულო კამერით ღიად იღებდა... მოკლედ, “კარანტინის” კადრები რომ ვერ მომიტანა, თან საქართველოდან გასვლას მთხოვდა, ვუთხარი, რომ ისეთი ადამიანი გაეცნო, რომელსაც დავამუშავებდი და თუ საქმეს ვერ გააკეთებდა, არ “ჩამიშვებდა” მაინც. მან ფარულავა შემომთავაზა.
_ ფარულავა, ანუ “ბასტი”?
_ დიახ. “ბასტის” მასთან ერთად შევხვდი.
_ სად?
_ რუსთაველზე. საერთოდ, ერთმანეთს უმეტესად რუსთაველზე ვხვდებოდით და სათვალთვალო კამერის ჩანაწერები რომ ამოეღოთ, ამას ნახავდნენ... კაფეშიც შევდიოდით ხოლმე, მაგრამ ტელეფონებს სხვაგან ვინახავდით. როცა გვინდოდა, რომ ჩვენი შეხვედრა, ასე ვთქვათ, საჯარო ყოფილიყო, ისეთ კაფეში შევდიოდით, სადაც რამდენიმე კამერა დაგვაფიქსირებდა. სხვა შემთხვევაში კი, ისეთ კაფეს ვირჩევდით, სადაც კამერა ვერ დაგვაფიქსირებდა.
_ გიორგი, პროფესიით ვინ ხართ?
_ იურისტი, თუმცა არაკლასიკური ფსიქოლოგიური განათლება და სხვადასხვა სფეროში თრეინინგებიც მაქვს გავლილი...
_ ფარულავას გაცნობაზე ვსაუბრობდით...
_ ფარულავას სხვადასხვა ფარული კამერა _ “პასტა”, “საათი” მივეცი, მაგრამ ის მასალა, რომელიც მომიტანა, არ გამომადგებოდა.
_ ფარულავამ “გლდანის ციხეში” ფარული ვიდეოკამერა როგორ შეიტანა?
_ ვიდეოკამერა დიდ ე.წ. მაჯის საათში იყო ჩამონტაჟებული, თუმცა მანამდე, ზუსტად ანალოგიური დიდი საათი ვუყიდე, რომლითაც სამსახურში ათი დღე დადიოდა. ფარულავა პატარა ტანის ადამიანია და ამხელა საათი რომ ეკეთა, ბუნებრივია, ყველას ინტერესი და, შეიძლება, ეჭვიც გამოიწვია. ერთხელ, ხუჭუას თუ მის მოადგილესაც უკითხავს, მეც ასეთი საათი მაქვს და, აბა, მაჩვენეო. მოკლედ, როცა ამ საათით აღარავინ ინტერესდებოდა, შევცვალეთ და კამერიანი საათით შევიდა, მაგრამ მის მიერ გადაღებული კადრები არაფრისმთქმელი იყო _ პატიმარი თავის ისტორიას ჰყვებოდა...
ერთ დღეს “ბასტიმ” დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. შევხვდი და მითხრა, “კარანტინიდან” ადმინისტრაციაში გადამიყვანეს და კადრებს ვეღარ გადავიღებო. ისევ ეჭვი გამიჩნდა: “კარანტირის” კადრები მანაც არ თუ ვერ გადაიღო, მისი კაცი კი, მეუბნება, “კარანტინზე” “დოსტუპი” აღარ მაქვსო, ანუ რაღაც თამაში ხომ არ იყო, მაგრამ ვა-ბანკზე წავედი და “ბასტის” ვუთხარი, ორი-სამი ადამიანი შემახვედრე, ვისაც ენდობი-მეთქი. “ბასტის” ფული მივეცი, რომ ეს ხალხი რესტორანში დაეპატიჟებინა. შეხვედრა მეტროსადგურ “ახმეტელის მეტროსთან”, რესტორანში დავგეგმეთ, სადაც ვითომ შემთხვევით შევედი... საუბარში ციხეზე სხვადასხვა ინფორმაცია “შევაგდე”. ერთმა თქვა, რას იზამ, ძმაო, ჩვენ არ გავაკეთებთ, სხვები გაკეთებენო. მეორემ კი, ანუ აკობიამ გააპროტესტა, ყველაფერი მიუღებელიაო. მივხვდი, რომ აკობიასთან მუშაობას ადვილად შევძლებდი. ოთხი-ხუთი შეხვედრის შემდეგ, აკობიასთან “მუშაობა” დავამთავრე და ის მზად იყო, რომ ეს საქმე გაეკეთებინა, მაგრამ პრობლემა კამერის შეტანა იყო, რადგან აკობიას “შმონავდნენ”. ციხეში არსებობს ადგილი, სადაც თანამშრომლები ერთმანეთს კონსპირაციის გარეშე ხვდებიან. გადავწყვიტეთ, რომ კამერის გადაცემა ამ ადგილას მოხდებოდა...
_ კამერა, ამჯერადაც, საათში იყო ჩამონტაჟებული?
_ არა, ეს ე.წ. ღილი იყო, მაგრამ პერანგზე მისი დამაგრება თვალშისაცემი იქნებოდა. ამიტომ, ამ “ღილზე” დიდი ღილი დავაწებე და შარვალზე დავამაგრე, თუმცა ვნერვიულობდი, რომ შეიძლება, ზედა ღილი ამწყდარიყო...
სხვათა შორის, ოთხი დღის განმავლობაში აკობიას ამ “ღილით” რუსთაველის გამზირზე ვავარჯიშებდი, ანუ ვეუბნებოდი, რომ ვთქვათ, მანქანის ნომერი, ან ვიტრინა გადაეღო. შემდეგ, ამ კადრებს ვნახულობდით და ვამოწმებდით, რამდენად სწორად გადაიღო. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ ჩანაწერში სახეები გამოჩენილიყო... აკობიამ “კარანტინის” დაშლაზე სულ 18 წუთი გადაიღო _ კამერა თავისით გაითიშა...
იმ ადამიანზე, რომელიც კადრებს სამოყვარულო კამერით ღიად იღებდა, ამხელა აჟიოტაჟია, აკობიაზე კი არავინ არაფერს ამბობს. არადა, მისთვის რამე რომ შეემჩნიათ, მოკლავდნენ...
_ აკობიამ “კარანტირის დაშლის” კადრები აგვისტოში გადაიღო. სექტემბრამდე, ანუ მანამდე, ვიდრე სკანდალი ატყდებოდა, ქვეყნიდან რატომ არ გაიყვანეთ?
_ აკობიამ სამსახური 24 აგვისტოს დატოვა.
_ არ დაეჭვდნენ, სამსახურს რატომ ტოვებდა?
_ არა, მაგრამ საზღვარგარეთ მაშინვე რომ გაგვეყვანა, შეიძლება, ეჭვი გაჩენილიყო _ ჯერ ციხის ერთი ყოფილი თანამშრომელი გავიდა, მერე _ მეორე და ფარულავაც ხომ უნდა გაგვეყვანა? ამიტომ, გადავწყვიტეთ, ფარულავა და აკობია ერთად გაგვეყვანა... სხვათა შორის, იქ, სადაც “კარანტინს” შლიან, ე.წ. შიდა კამერებიც აყენია და ამ ჩანაწერის მიხედვით ძალიან ადვილია იმის გამოთვლა, თუ რომელი რაკურსიდან იყო ფარული კადრები გადაღებული, ანუ იმ ადგილას ვინ იდგა...
აკობია სომხეთის საზღვრამდე მე და ჩემმა მეგობარმა ჩავიყვანეთ, საიდანაც ერევანში უნდა ჩასულიყო. იქ ჩვენი კაცი დახვდებოდა და უკრაინაში გადააფრენდა, მაგრამ საზღვარზე დაიჭირეს, უფრო სწორად, “დაცვის პროგრამაში” ჩასვეს _ მიხვდნენ, რომ აკობიას მიერ გადაღებული კადრები სისტემას ანგრევდა და ამ ბიჭს რამე რომ მოსვლოდა, ესეც მათ დაბრალდებოდა.
_ ახლა აკობია სადაა?
_ ცოლი მოიყვანა, მალე ქორწილი აქვს. დავით აკობიას იმ საქმისთვის, რაც გააკეთა მადლობას კიდევ ერთხელ ვუხდი და გაბედნიერებას ვულოცავ.
_ ისე, გიორგი, თუკი სომხეთის საზღვრამდე აკობია თქვენ მიაცილეთ, რატომ არ დაგაკავეს?
_ აკობია კი არ დააკავეს, უბრალოდ, დაცვის პროგრამაში ჩასვეს.
_ ეს გავიგე, მაგრამ დავიჯერო, არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ყველაფერი გიორგი ლომიამ დაგეგმა, მით უმეტეს, “ნაციონალები” ყველაფერს აკონტროლებდნენ?
_ არ მგონია, რომ აკობიას უთვალთვალებდნენ. ასე რომ ყოფილიყო, თბილისშივე “აიყვანდნენ”...
სხვათა შორის, ამ კადრების შესახებ ინფორმაციამ ბრიუსელიდან გაჟონა და, როგორც გვითხრეს, “ნაციონალებს” ინფორმაცია “მწვანეთა მოძრაობამ” მიაწოდა და ამიტომ, თვითონ დადგეს კადრები, სადაც ფარულავა პატიმარს ურტყამს...
_ ფარულავას ამის გაკეთება აიძულეს?
_ კი, აიძულეს. ამ კადრების შემდეგ კი თქვეს, აი, ფარულავა დავაკავეთ და მეორეზე ძებნა გამოცხადდაო, თუმცა “ნაციონალებმა” არ იცოდნენ, რომ “კარანტინის დაშლის” კადრებიც არსებობდა. აკობიას კადრების გაშვების შემდეგ კი, ოთხის დღის განმავლობაში, მთელი მთავრობა დუმდა, რადგან ამ კადრებმა სისტემური კრახი გამოიწვია...
ფარულავას დაკავების შემდეგ, აკობიას ვკითხე, შენთან _ თბილისსა და სამეგრელოში რა ხდება-მეთქი. ორივეგან დარეკა და საგანგაშო არაფერი იყო.
ერთხელ, აკობიამ თქვა, მამაჩემი რაღაცას ეჭვობსო. ჰოდა, ასეთი სპექტაკლი დავდგით: ჩემი კაცი აკობიას მამას რესტორანში შეხვდა, თავი ცნობილი ბიზნესმენის წარმომადგენლად გააცნო და უთხრა, დათო ციხეში გავიცანი, გვინდა, შვეიცარიაში თრეინინგზე გავაგზავნოთ, მერე _ უკრაინაში ჩვენს ერთ-ერთ ფილიალს უხელმძღვანელებსო.
_ ესეც თქვენი სცენარი იყო?
_ რა თქმა უნდა... მოკლედ, აკობიას ახლობლებმა იცოდნენ, რომ შევიცარიაში მიფრინავდა, სადაც ერთი წელი დარჩებოდა... იმ საღამოს აკობიას ვუთხარი, არ ვიცი, სომხეთის საზღვარზე რა სიტუაციაა, ამიტომ, თუ გინდა, სადმე აქ დაგმალავ-მეთქი, მაგრამ თვითონ გადაწყვიტა, რომ საქართველოდან გასვლა გაგვერისკა...
_ გიორგი, თქვენი მონაყოლი ბესტსელერს ჰგავს. ამბობთ, რომ იურიდიული და სპეციფიკური ფსიქოლოგიური განათლება გაქვთ, მაგრამ იმ დროს, როცა მერაბიშვილისა და სხვათა წყალობით, როგორც იტყვიან, კედლებსაც ყურები ჰქონდათ, ასეთი საიდუმლო ოპერაცია დამოუკიდებლად როგორ დაგეგმეთ? დავიჯერო, კონსულტაციას პროფესიონალი სპეცსამსახურელი არ გიწევდათ?
_ ამაში დიდი წვლილი ბატონ დავით თარხან-მოურავს მიუძღვის. სხვათა შორის, 2008 წელს სოლიდური აპარატურა ჩამოვიტანე და კერძო დეტექტიური სააგენტო უნდა გამეხსნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ლიცენზიის მოპოვება შეუძლებელია და შესაბამისად, შს სამინისტრომ რაღაც მასალებზე წვდომის უფლებას არ მოგცემს.
_ რა აპარატურა ჩამოიტანეთ?
_ მოსასმენი, ჩამწერი და ასე შემდეგ... მოკლედ, ამ საქმეში გარკვეული ცოდნა მაქვს.
_ საიდან?
_ ჯარში დაზვერვის ოცმეთაური ვიყავი. მერე, გარკვეული ცოდნა სხვა წყაროებისგან მივიღე.
_ ასეა თუ ისე, ცოტა დაუჯერებელია, რომ ვანოს სისტემის გატეხვა ერთმა ადამიანმა მოახერხა. შეგიძლიათ, დაიფიცოთ, რომ იმჟამინდელ სახელმწიფო უწყებებში ერთი მეკავშირე მაინც არ გყავდათ?
_ ერთი შვილი მყავს და მის სიცოცხლეს ვფიცავარ, რომ ამ ოპერაციის გეგმაზე ჩემი და დავით თარხან-მოურავის მეტი არავინ მუშაობდა!
_ თქვენი ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ, რას აპირებდით?
_ არა. მეტიც, ზემოხსენებული ექვსი ადამიანიდან დეტალები მხოლოდ მე, დათომ და ირმამ ვიცოდით...
_ გიორგი, ყველაფერ ამისგან რა მიიღეთ?
_ მიზანს მივაღწიეთ!
_ გაქვთ თვითკმაყოფილების განცდა?
_ თვითკმაყოფილების განცდა არა, მაგრამ ფარულ სიამოვნებას ვგრძნობ. სხვათა შორის, ამბიცია არასოდეს მქონია, რომ ჩემს შესახებ ყველას გაეგო.
_ გიორგი, ახალმა ხელისუფლებამ სპეცსამსახურში მუშაობა რომ შემოგთავაზოთ, დასთანხმდებით?
_ (იცინის) სიამოვნებით ვიმუშავებ ე.წ. მოსმენების დეპარტამენტში.
_ თქვენი ინფორმაციით, დღესაც გვისმენენ?
_ დღეს უამრავი საშუალებაა, ისე მოუსმინო, რომ ადამიანი ვერ მიხვდეს, მაგრამ როცა ტელეფონში ექო ისმის, ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი ისმინება.
_ დღეს ვიღა გვისმენს?
_ ყველა, ვინც სააკაშვილის დროს სტრუქტურაში მუშაობდა და ამ დავალებებს ასრულებდა, ახლაც იქაა...