"ის დრო, როდესაც სააკაშვილი იძახდა, ყველანი ციხეშიო, წარსულს ჩაბარდა"

"უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო. ეს იყო სფერო, სადაც ადამიანის წამება ყოველდღიურობის უცვლელი ნორმა იყო. ადამიანის სიცოცხლეს პატივს არ სცემდნენ, ადამიანის ჯანმრთელობა იგნორირებული იყო. ადამიანის პატივი და ღირსება ყოველწამიერად ილახებოდა. პატიმრის მიერ ყოველი წუთი ამ სისტემაში გატარებული მისი პატივისა და ღირსების შელახვა იყო. იმ სისტემის მიზანი იყო ადამიანების მოკვდინება. ჯერ კიდევ არ ვიცით, ყოველივე ეს რა კვალს დატოვებს იმ ადამიანების ცხოვრებაზე და რა შედეგს მივიღებთ თვეებისა თუ წლების შემდეგ", - აცხადებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ის დრო, როდესაც სააკაშვილი იძახდა, ყველანი ციხეშიო, წარსულს ჩაბარდა".

"თითქოს ვიცოდით, რომ უმკაცრესი რეჟიმი იყო, მაგრამ სისტემა მოწესრიგებული იყო, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ მოვედით სისტემაში, სადაც ერთი გაწერილი დებულებაც კი არ არსებობს. მაგალითად, როგორ უნდა იმოქმედოს სოციალურმა მუშაკმა, როგორ უნდა იმოქმედოს, მაგალითად, სპეცრაზმმა. არც ერთი სტრუქტურის შინაგანაწესი არ იყო. მეტიც, სულ 19 დაწესებულებაა, აწედან დაახლოებით 7 თეორიულად არ არსებობდა. მაგალითად, ციხე აშენებულია, მაგრამ, ვის მიწაზე დგას ნაგებობა, ვერ გაიგებ. სამინისტროს ბალანსზე არ იყო ანუ სამართლებრივი სახელმწიფო არ იყო სააკაშვილის რეჟიმი. ამ ყველაფრის მოწესრიგებაში თვეები გავიდა. ასევე იყო მითი, რომ სააკაშვილმა კორუფცია მოსპო, მაგრამ კორუფცია უმაღლეს დონეზე არსებობდა. კონკრეტულად ამ სისტემაში კორუფცია იყო კვებაში, ჯანდაცვაში, პატიმრის გადაყვანაში ერთი საკნიდან მეორეში, ერთი ციხიდან მეორე ციხეში, ოჯახის წევრებთან შეხვედრაში. ის, რომ მეუღლეს, შვილს მოფერებოდა პატიმარი, ფული ღირდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.

"ჯანდაცვა ერთ-ერთი ურთულესი სფეროა. წლის განმავლობაში 140-145 ადამიანი კვდებოდა. ძალიან მაღალი იყო სიკვდილიანობა. ბოლო ოთხი თვის მანძილზე, რაც ჩვენ მოვედით, გარდაცვლილია 9 ადამიანი. მანამდე თვეში 10-დან 15-მდე ადამიანი კვდებოდა ციხეში. უმძიმესი ავადმყოფები გავათავისუფლეთ, ზოგი აქტირებით, ზოგი პრეზიდენტს ვთხოვეთ და შეიწყალა, ზოგიც პირობით ვადამდე გავათავისუფლეთ, ზოგი სასჯელის გადავადებით. ტუბერკულოზის დაწესებულებაში მკურნალობა თითქმის ჩაშლილი იყო. დაგვხდა ტუბერკულოზის ახალი საავადმყოფო, რომელიც აშენებულიც და გახსნილიც იყო სააკაშვილის მიერ, მაგრამ საავადმყოფო ფაქტიურად არ იყო, არ ფუნქციონირებდა. რა გავაკეთეთ ამ მიმართულებით? პირველი, ქალაქის ჯანდაცვასთან მჭიდრო თანამშრომლობა დავიწყეთ. თვეში 1200 პატიმარი გაგვყავს სამკურნალოდ", - განმარტავს რესპონდენტი.

"ამ შაბათ-კვირას ბოლო პატიმარი დატოვებს ორთაჭალის ციხეს, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. პატიმრების გადანაწილება დაწყებულია. მე-6 დაწესებულებაში გადაგვყავს. ეს საშინელი ციხე ერთხელ და სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდება. თუმცა, რემონტი არაერთ ციხეს სჭირდება. მაგალითად, ბათუმის, ზუგდიდის, მე-12 დაწესებულებას, მე-9 დაწესებულებას. ყველაფერი ერთბაშად, ცხადია, ვერ ესწრება, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს გავაკეთებთ. შენდება ახალი დაწესებულება გურიაში, რომელიც გათვლილი იყო 5500 კაცზე, რომელიც 4300-მდე ჩამოიყვანა წინა ხელისუფლებამ, ჩვენ 1600-ზე, რადგან აღარ არის საჭირო. ის დრო, როდესაც სააკაშვილი იძახდა, ყველანი ციხეშიო, წარსულს ჩაბარდა. მიდგომები შეიცვალა, დანაშაული არსებობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და დანაშაულს ებრძვიან მსოფლიოს უველა ქვეყანაში, მაგრამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში 3900 ლარის თაღლითობის გამო 25 წელს არ უსჯიან სამი შვილის დედას. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში რაღაც ჯართის ქურდობისთვის 19 წლის ბიჭს 15 წელს არ უსჯიან", - განაგრძობს სოზარ სუბარი.

"რეჟიმი ბევრად უფრო ლიბერალური იქნება, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ არავის მივცემთ უფლებას, რომ თვითმმართველობა გააჩინოს. ყველაფერზე ძალიან სწრაფად ვახდენთ რეაგირებას. ამ მხრივ საფრთხე ციხეში არ არსებობს. თუ საჭირო იქნება ძალის გამოყენება, სპეცრაზმსაც გამოვიყენებთ. ის, რომ წამება არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ წესრიგი არ იქნება, წესრიგი ძალიან მკაცრად იქნება დაცული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს საუბრის საშუალება არ ექნებათ", - დასძენს სოზარ სუბარი.