ჯაშუშობაში ბრალდებულმა და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ თავის სს საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნაზე პროკურატურისგან უარი მიიღო. "კონტრდაზვერვასა და პროკურატურაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ჩემი საქმე გააყალბეს და სანამ ეს სტრუქტურები გამყალბებლებისგან არ გაიწმინდება, მანამდე არაფერი გამოვა", - ამბობს ვახტანგ მაისაია, რომელიც ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურში აპირებს.
- მომივიდა შეტყობინება, თქვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდაო. ჩემს საქმეს საიდუმლო გრიფი კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დაადო, იქ კი ისევ ის ხალხია, ვინც ამ საქმის ფალსიფიცირება მოახდინა. საკუთარ კუდს ხომ არ მოიჭრიან?!
- როგორ ფიქრობთ, რა ინფორმაციის გამჟღავნების ეშინოდათ?
- სააკაშვილი უფრთხოდა სენსაციური ფაქტების გახმაურებას. მე გავეცანი ჩემს 5-ტომიან საქმეს, რომელშიც 10.000-მდე გვერდია. მესამე რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსის, ობერგრუპენფიურერ კალტენბრუნერის საქმეშიც კი არ ყოფილა ამდენი ტომი ნიურნბერგის პროცესზე (კოალიციურმა პროკურატურამ მას 5.000 გვერდი წარუდგინა). როგორც ჩანს, მე უფრო მეტად ვფასობდი, ვიდრე კალტენბრუნერი. საქმის გაცნობისთვის 4 დღე მომცეს და ყველაფრის წაკითხვა ვერც მოვასწარი.
- მაინც რა წერია 10.000-გვერდიან საქმეში?
- 2008 წლის 24 დეკემბერს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსთხოვა ჩემთვის ფარული მიყურადების ნებართვა შემდეგი მოტივაციით - ვახტანგ მაისაია არის სამხრეთ ოსეთის კა-გე-ბეს უფროსის მრჩეველი და რეზიდენტურის მეთაური და მას ოსური გვარის ოთხი თანამზრახველი ჰყავსო. ერთ-ერთი, რომლის გვარიც იქ იყო ნახსენები, ცხინვალის მოქალაქე თედეევია, რომელიც დაპატიმრების შემდეგ 2010 წლის იანვარში გავიცანი რუსთავის მე-17 დაწესებულებაში. მას ქართველი მეუღლე ჰყავს და ომის პერიოდში ცხინვალიდან იყო გადმოსული ოჯახის მოსანახულებლად. იგი დააკავეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩაიყვანეს გორში და "კაპეზეში" აწამეს. შემდეგ გადასცეს კრიმინალურ პოლიციას, რომელმაც შეთხზა ვერსია, თითქოს თედეევმა რამდენიმე წლის წინ ვიღაც დააყაჩაღა. ამ მუხლით გაასამართლეს და 16 წელი მიუსაჯეს. შემდეგ კი შეეცადნენ, ეს ადამიანი ჩემი საქმისთვის მიებათ. ბრალდების ვერსიით, 2008 წლის 24 დეკემბრიდან 2009 წლის თებერვლამდე სამხრეთ ოსეთის კა-გე-ბეს უფროსის, ვინმე იარავოის მრჩევლად ვითვლებოდი, მაშინ, როდესაც უფროსი იმხანად იყო ბორის ატოევი (ყაბარდო-ბალყარეთის ეფ-ეს-ბეს ყოფილი უფროსი, 2007 წელს გადმოიყვანეს ცხინვალში). ეს რომ შეიტყვეს, საქმეში იარავოის გვარი შეცვალეს ატოევით და დაწერეს, რომ მე მასთან მქონდა კავშირი. ეს ხდება ჩემი დაპატიმრების შემდეგ. საქმეში ისიც წერია, რომ მე და ჩემი მეგობარი ლევან გერაძე კოდორის ხეობაში ვასრულებდით სპეცდავალებას 2008 წლის აპრილში - თურმე ვაგროვებდით სპეციალურ ინფორმაციას კოდორის ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ვანო მერაბიშვილის გადაადგილების თაობაზე და ამ ინფორმაციას ვაწვდიდით სლოვაკებსა და გერმანიის სამხედრო დაზვერვა "აბვერს" (მესამე რაიხის სამხედრო დაზვერვის სამსახური). არადა, 2008 წლის 28 აპრილიდან 2 მაისამდე მე და გერაძე, რომელიც იმხანად აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ბაქოში ვიყავით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მანჯავიძე ხელმძღვანელობდა (დელეგაციის მთავარი ექსპერტი ვიყავი). ასე რომ, ჩვენ ფიზიკურად ვერ ვიქნებოდით კოდორში. ესეც
პირველი ფალსიფიკაცია.
- ვინ აწარმოებდა თქვენი საქმის ფალსიფიცირებას?
- კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონკრეტულად კი მისი იმჟამინდელი შეფი გიორგი მაზმიშვილი, მისი მოადგილე ოთარ ორჯონიკიძე და მათი ოპერატიული თანამშრომლები. ამ საქმეს ამირან მესხელი კურატორობდა, დამკვეთები კი მერაბიშვილი და სააკაშვილი იყვნენ. მასში ჩართული იყო გიგი უგულავაც. სწორედ მისი უშუალო ბრძანებით გაანადგურეს კომპიუტერში ჩემი ყველა მასალა - ანალიტიკური სტატიები, წიგნები... ყველაფერი წაშალეს. უგულავა, ფაქტობრივად, იმ რეჟიმის გებელსი იყო. მე ე.წ. სამხრეთ ოსეთთან შეხება საერთოდ არ მქონია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2004 წლის მაისში კონფლიქტის ზონაში - ცხინვალში ჩავიყვანე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სამხედრო კონტინგენტის მოსანახულებლად. მას შემდეგ ცხინვალში აღარ ვყოფილვარ. კა-გე-ბეს უფროსის მრჩევლობა რომ არ დამიმტკიცდა, სასამართლოს წერილობით მიმართეს, მაისაიას ოსური მიმართულება არ დაუდასტურდა, მაგრამ იგი სლოვაკეთის ჯაშუშია და გთხოვთ, ფარული მოსმენის უფლება გაგვიგრძელოთო. ჩემი და პოლიტოლოგ დოდო (იოსებ) დოლეჟანის მიმოწერა ისე გადააკეთეს, თითქოს გვქონდა ოპერატიული მიმოწერა როგორც ოპერატორსა და აგენტს (აგენტი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი). დოლეჟანმა სპეცსამსახურები კი არა, პოლიციის შენობა სად იყო თავის ქვეყანაში, ის არ იცოდა. მიმოწერას რომ გავეცანი, გადავირიე, ეკონომიკური კრიზისიდან დაწყებული, ყველაფერი მე მომაწერეს. ეგ კი არა, თურმე ომის პერიოდში "ალ-ქაიდასთანაც" მქონია კავშირი.
ერთ-ერთ მიმოწერაში თურმე მე, დოკუ უმაროვის სპეცსამსახურის წარმომადგენელი და სამხედრო დაზვერვის უფროსი გაბუნია 12 აგვისტოს ვგეგმავდით სპეცოპერაციას - მოვამზადეთ დივერსიული ჩეჩნური ჯგუფი, რომელიც ჩეჩნეთში გადავიდა, მაგრამ თურმე იტუმყალესთან (სოფელი საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართან) გაანადგურეს. 2010 წლის 24 ივნისის სახელმწიფო დეპარტამენტის სხდომის მიხედვით, დოკუ უმაროვის ისლამისტური დაჯგუფება გამოცხადებულია ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად, ალ-ქაიდას ოფიციალურ სტრუქტურად. როდესაც ციხეში ამ დოკუმენტს გავეცანი, წერილი მივწერე ამერიკის ელჩ ბასს, ჰილარი კლინტონს, აგრეთვე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, გუანტანამოს ციხეში რომ გადავეყვანეთ და იქ გაერკვიათ, მართლა მქონდა თუ არა კავშირი ალ-ქაიდასთან. ვითხოვდი ამ ინფორმაციის ამერიკელებისთვის მიწოდებას, მაგრამ ვერ მოხერხდა, ვინაიდან დოკუმენტები გაქრა.
საქმეში ფიგურირებს ოთარ ორჯონიკიძე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მისი გვარი ლორთქიფანიძესთან ერთად ლაფანყურის სპეცოპერაციისას ახსენეს. როგორც ჩანს, მან გააყალბა ჩემი საქმე ალ-ქაიდას მიმართულებით. თუ რატომ დასჭირდათ ალ-ქაიდაზე ყურადღების გამახვილება, ეს სხვა საკითხია და ამის ახსნა შორს წაგვიყვანს.
არადა, იმხანად ვიყავი აქტიური წევრი ნატოს სამშვიდობო კონსორციუმის სამუშაო ჯგუფისა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის საქმეზე მუშაობდა. გავაკეთე სპეციალური მოხსენება, რომელიც ეხებოდა დაზვერვის როლს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, ვკითხულობდი ლექციების კურსს საქართველოს შსს-ს აკადემიაში, როგორც ეუთოს ექსპერტი. 2009 წლის ივლისში გერმანიაში უნდა წამეკითხა მოხსენება კიბერტერორიზმზე, მაგრამ დამაპატიმრეს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მაისაია ომის პერიოდში გენშტაბში იჯდა და რუსებს ინფორმაციას გადასცემდაო. არადა, სს საქმის მასალების მიხედვით, მე დამიგეგმავს სპეცოპერაციები და რუსეთის ბაზებიც ამიფეთქებია, გამიგზავნია დივერსიული ჯგუფები, რომლებმაც დედა უტირეს რუსებს... ან პრეზიდენტი ტყუის, ან ამ მასალების ავტორები. სხვათა შორის, ოთარ ორჯონიკიძე "ენვერის" ოპერაციის დაგეგმვასაც კურატორობდა. შსს-ს სახელით მან გააკეთა პირველი ოფიციალური განცხადება "ენვერის" ჯგუფის დაკავების თაობაზე. ეს ადამიანი ფიგურირებს ჩემს საქმეშიც, "ენვერის" საქმეშიც და ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც. დასკვნები თვითონ გამოიტანეთ. როგორც ჩანს, ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაც ჩემს საქმეში ფიგურირებს.
- მიზანი რა იყო?
- ჩაფიქრებული იყო სამხედრო და საგარეო დაზვერვის თანამშრომლების დაკავება, ისინი აღიარებდნენ ჩემს, ჩეჩნების, დოკუ უმაროვის შემადგენლობის ბრალს და იტყოდნენ, რომ ორგანიზატორი იყო ვახტანგ მაისაია. ანუ ამზადებდნენ მეორე სარეზერვო - ალ-ქაიდას ვარიანტს, რომელიც ნატოელებისთვის იყო გათვალისწინებული და მას უკვე 2012 წლის არჩევნების შემდეგ გამოააშკარავებდნენ, ვინაიდან, როგორც ვიცი, ნატო ძალიან დაინტერესდა ჩემი საკითხით.
- ლაფანყური ახსენეთ და, როგორც სამხედრო ექსპერტი, რას იტყვით ამ ბურუსით მოცულ ოპერაციაზე?
- მგონია, რომ ლაფანყურის ოპერაციისას ბაჩო ახალაიას სპეცსამსახურები (ოპერატიული სამსახურების მეშვეობით) აპირებდნენ ჩეჩნური ჯგუფის გადაგზავნას რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ კი რუსებისათვის მათ გადაცემას. ზუსტად ვერ გეტყვით, რა მოხდა, მაგრამ იქ ორმაგი თამაში მიდიოდა. ისინი ამზადებდნენ ამ ჯგუფს და ცდილობდნენ გაეგზავნათ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეტყობა, ამ ჯგუფმა მარშრუტი შეცვალა, გამოვიდნენ კონტროლიდან და უარი თქვეს დასახული ამოცანის შესრულებაზე, მაგალითად, რუსული სამხედრო ბაზების აფეთქებაზე. მე გეუბნებით ჩემს ვარაუდს. ის მოდელი და სცენარი, რაც ჩემს საქმეში ეწერა, ლაფანყურში ხორციელდებოდა.
- თქვენს საქმეზე გრიფი "საიდუმლო" რომ არ მოხსნან, რას მოიმოქმედებთ?
- მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სტრასბურს. გარდა ამისა, დავიწყებ მის გასაჯაროებას, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, ასეთი რამ აკრძალულია. 85-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს სახელით გამოტანილი სასამართლო განაჩენი ღია და საჯარო უნდა იყოს. ეს საქმე მარტო დახურული კი არა, საიდუმლოცაა, ანუ ესენი ასაიდუმლოებენ ოპერატიული ტიპის დოკუმენტებს. კონტრდაზვერვაშიც და პროკურატურაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ჩემი საქმე გააყალბეს და ვიდრე ეს სტრუქტურები გამყალბებლებისგან არ გაიწმინდება, არაფერი გამოვა.
ერნსტ კალტენბრუნერი (1903-1946 წ.წ.) - გერმანიის (მესამე რაიხი) იმპერიული უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (ეს-ეს) უფროსი და გერმანიის შსს-ს სტატს-მდივანი (1943-1945 წ.წ.) ეს-ეს-ის ობერგრუპენფიურერი. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კალტენბრუნერი ამერიკელებმა დააპატიმრეს და ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალს გადასცეს, რომელმაც მას სიკვდილით დასჯა - ჩამოხრჩობა მიუსაჯა. 1946 წლის 16 ოქტომბერს განაჩენი აღსრულდა.სიკვდილით დასჯამდე კალტენბრუნერის ბოლო სიტყვები იყო: "Deutschland, Geück auf!" ("ბედნიერი იყავი, გერმანიავ!")