მას შემდეგ, რაც ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ტარიფების დაწევისა და ინდმეწარმის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით გაიფიცნენ, უფლებადამცველი ლევან ჩიტაძე შეეცადა გაერკვია, ვინ არიან სინამდვილეში ამ ბიზნესის მფლობელები და რა სქემით მოქმედებენ ისინი.
ლევან ჩიტაძე, უფლებადამცველი: - თბილისის მერიის მიერ სამარშრუტო ტაქსებზე გამოცხადებულ ტენდერში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა. ოთხივეს მფლობელი რეალურად ერთი ადამიანი იყო და ეს წილები მიდიოდა "ჯიემსი ჯგუფისკენ". თითოეული კომპანია, რომელთა საწესდებო კაპიტალი 100 ლარი იყო, ერთ დღეს დარეგისტრირდა. ხოლო მათი დირექტორები, ამასთანავე, დასაქმებულნი იყვნენ "ჯიემსი ჯგუფში". სქემა იყო ძალზე მარტივი: "ჯიემსი ჯგუფის" უკან მდგარი ადამიანები, მათ შორის - ხვიჩა მაქაცარია, შეთანხმდნენ ტენდერის პირობებზე და იმაზეც, როგორ უნდა გაყოფილიყო თანხა. ამ ოთხ კომპანიაში მათ საკუთარი ფული არ ჩაუდიათ. მაქაცარიამ სამარშრუტო ტაქსების შემოსაყვანად კრედიტები აიღო, რამაც, 100 მილიონი დოლარი შეადგინა. საბოლოო ჯამში, გარკვეული თანხა გაიყვეს ხვიჩა მაქაცარიამ, გიგი უგულავამ და "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთმა მფლობელმა, რომელმაც სესხი მისცა მაქაცარიას.
- ანუ მიკროავტობუსების ოთხივე კომპანია მაქაცარიას საკუთრებაა?
- ხვიჩა მაქაცარია მფლობელია ამ ოთხი კომპანიისა, რომელთა ქონებას, ანუ სამარშრუტო ტაქსებს, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" უწევს მენეჯმენტს. საინტერესოა ისიც, რომ ამ ოთხივე კომპანიის ანგარიშები კარიბის ზღვაში მდებარე ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, სადაც გაედინება თანხები ამ კომპანიებიდან. ზემოაღნიშნული ინფორმაცია და დოკუმენტაცია ფინანსთა სამინისტროს, თავის დროზე, საპროტესტო აქციის მონაწილე მძღოლებმა მიაწოდეს. კომპანიებიდან ყველაზე მსხვილი ლოტის მფლობელი გახდა "თბილ ლაინი", რომელმაც ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის რაიონში მოიგო ტენდერი და მის საკუთრებაში გადავიდა სამარშრუტო ხაზები. ძველი თბილისისა და დიდგორის რაიონში ტენდერი მოიგო "კაპიტალ გრუპმა", ისან-სამგორში გამარჯვებული გახდა "ფაბლიქ ქარი", ხოლო დანარჩენ უბნებში - "თბილ ქარი". ამის შემდეგ ოთხივე კომპანია სამართავად გადაეცა "თბილისის მიკროავტობუსს". ხვიჩა მაქაცარიას საქმიანობა, რა თქმა უნდა, ამით არ შემოიფარგლება. ეს ადამიანი წლების განმავლობაში იყო სააკაშვილის კარის ბიზნესმენი. მაქაცარია, ძმები შარანგიები და ძმები ყარამანიშვილები წარმოადგენენ ერთ კლანს, კარტელს, რომელიც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ ექსკლუზიური უფლებით, ეწარმოებინათ საქართველოში ბიზნესი. მათ დღესაც აქვთ წილები კომუნიკაციების სფეროში, მედიაბიზნესში, ფლობენ ფარმაცევტულ და ნავთობპროდუქტების ბაზარს, სასტუმროების ქსელებს, განკარგავენ დიდი რაოდენობით უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც მფლობელებისათვის უკანონოდ არის ჩამორთმეული. მათია ლატარიის კომპანიაც, რომელიც ოფშორში რიცხავს თანხებს. ხვიჩა მაქაცარიასა და მისი ბიზნესკარტელის წარმომადგენელთა ქონების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ოფშორულ ზონაში. საქართველოში მათი ქონება არ ჩანს. ისინი ყოველთვის თავს არიდებენ მედიას, არასოდეს გაუკეთებიათ განცხადება, თუმცა, მგონია, ახლა მოუწევთ არა მხოლოდ საჯარო განცხადებების გაკეთება, არამედ, სავარაუდოდ, ძალოვან სტრუქტურებში სიარულიც.
ხვიჩა მაქაცარია დაბარებულია შსს-ს ერთ-ერთ განყოფილებაში იმის გამო, რომ მან სიტყვიერად შეურაცხგვყო და დაგვემუქრა. როდესაც აქტუალური გახდა მიკროავტობუსების საკითხი და დაიწყო მოლაპარაკება მძღოლებსა და ერთ-ერთ კომპანიას შორის, გადავწყვიტეთ, ამ გარიგების სქემა გაგვეშიფრა და დაგვედგინა, ვინ და როგორ გახდა ყვითელი მიკროავტობუსების მფლობელი. ამ მიზნით მოვიძიეთ ხვიჩა მაქაცარიას სახლი. მივაკვლიეთ არა მარტო მისი საცხოვრებელს, არამედ უზარმაზარ ოფისსაც. თუ სამართალდამცველ სტრუქტურებს სურთ, გაარკვიონ ფინანსური მაქინაციების დეტალები, ისინი აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ მაქაცარიას სახლის გვერდით მდებარე ოფისით, რომელიც საირმის გორაზე, 2 ნომერში მდებარეობს. მაქაცარია შსს-ს განყოფილებაში 31 იანვარს მომხდარის შემდეგ დაიბარეს: მე და ჩემი მეგობრები დეტალების გასარკვევად მაქაცარიას საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ვიმყოფებოდით. მაქაცარია თავის დაცვის წევრებთან ერთად დაგვესხა თავს, თუმცა ვერ გაბედეს ფიზიკური დაპირისპირება, თუ არ ჩავთვლით ჯიკაობა-ხელის კვრას. არადა, ჩვენ გვქონდა ფოტოების გადაღების უფლება, რადგან საქმე ეხებოდა ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში უკანონოდ აწარმოებდა ბიზნესს. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ადამიანის საქმიანობა მოსახლეობისთვის საჯარო უნდა გახდეს... მდგომარეობა მას შემდეგ განიმუხტა, როცა ადგილზე მოვიდნენ მელორ ვაჩნაძე და მამუკა ბალიაშვილი საპატრულო ჯგუფთან ერთად. სხვათა შორის, მაქაცარიას მეზობლებიც საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილი. იციან, ვისთან აქვთ საქმე. მეზობლებმა თქვეს, რომ მაქაცარიას სახლში მიჰყავდათ ადამიანები, რომლებსაც აწამებდნენ, სცემდნენ. აგრეთვე, ქონებას ართმევდნენ ბიზნესმენებს - მაქაცარიას ოფისში აწერინებდნენ დოკუმენტებს ბიზნესის გაჩუქების შესახებ, ჰყავდათ თავიანთი ნოტარიუსები და ბინძურ საქმეებს აკეთებინებდნენ.
ვიდრე მაქაცარია საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის, პირობას ვაძლევ, არ მოვასვენებთ. ყველა ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე უკანონოდ მოიპოვებდა ქონებას, უნდა დაისაჯოს. აღსანიშნავია, რომ მაქაცარიას კომპანიას სამარშრუტო ტაქსებით წელიწადში 54 მილიონი მოგება რჩება. თანაც ყვითელი სამარშრუტო ტაქსების შეკეთება-გამართვა ხვიჩა მაქაცარიასავე კუთვნილი კომპანიების ავტოსადგურებში უნდა ეწარმოებინათ მძღოლებს საკუთარი სახსრებით, ეს ხელშეკრულებაშია გაწერილი. არადა, იქ მომსახურება 4-ჯერ ძვირი ღირდა,
ვიდრე მძღოლს სხვაგან დაუჯდებოდა მისი
შეკეთება. არჩევნებამდე მგზავრობის საფასურიდანაც (80 თეთრი) ირიცხებოდა გარკვეული პროცენტები მაქაცარიას და უგულავას ანგარიშზე. მაქაცარიასთვის, რა თქმა უნდა, მძიმეა მილიონების დაკარგვა, ამიტომაც ებღაუჭება კბილებით ამ ბიზნესს და ყველა ხერხს მიმართავს, ერთი თეთრითაც არ იზარალოს.