ბასილაშვილი ფედერერთან მოგებაზე:

ბასილაშვილი ფედერერთან მოგებაზე: "დაუჯერებელია, მასთან გამარჯვება ოცნების ასრულებაა"

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში როჯერ ფედერერის ძლევის შემდეგ (3:6, 6:1, 7:5) კომენტარი გააკეთა. ქართველი ჩოგბურთელის განცხადებით, როჯერი მისი კერპი იყო და მასთან გამარჯვებაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო.

„დაუჯერებელია. როჯერი ჩოგბურთში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. უბრალოდ, მის წინააღმდეგ თამაშიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის დაბრუნდა და თამაშს კვლავ აგრძელებს.

ნამდვილად, მის წინააღმდეგ გამარჯვება ოცნების ასრულებაა. ის ყოველთვის ჩემი კერპი იყო და დარწმუნებული ვარ ბევრი ჩოგბურთელისა და გულშემატკივრისთვისაც. წარმოუდგენელი ჩოგბურთელია, ამიტომაც, ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი აზრით, ფედერერი კორტზე ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა და კორტს მიღმა წარმოუდგენელი ადამიანია“, - აღნიშნა ნიკოლოზმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფედერერის ძლევის შედეგად, დოჰაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც 13 მარტს, ამერიკელ ტეილორ ფრიტცს გაეჯიბრება, რომელიც რეიტინგში 33-ე ნომერია. ისინი აქამდე ერთხელ შეხვედრიან, 2017 წელს ჩინეთში და ამერიკელმა სამ სეტში 2:1 იმარჯვა.