უამრავჯერ გვცემეს, მაგრამ ერთ ელჩს არ ამოუღია ხმა, როცა გვირტყამდნენ და გვაწამებდნენ

უამრავჯერ გვცემეს, მაგრამ ერთ ელჩს არ ამოუღია ხმა, როცა გვირტყამდნენ და გვაწამებდნენ

მელორ ვაჩნაძე: უნდა რცხვენოდეს ვითომ მთავარსარდალს და ვითომ პრეზიდენტს, როდესაც მკვდარი ახალგაზრდების მემორიალს მახინჯ ქვას უწოდებს

8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტში «ნაციონალური მოძრაობის» წევრები ახალი ხელისუფლების მხარდამჭერებს ადანაშაულებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი პირიქით აცხადებენ, რომ 8 თებერვლის ინციდენტის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, თუმცა «ნაციონალები» გამოძიებას ხელს შეგნებულად უშლიან. პოლიტპატიმრების საპროტესტო აქციის ორგანიზატორები _ მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი _ სასამართლო დარბაზიდან 100-100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ ინციდენტიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს. ინციდენტის მიზეზებზე «საქართველო და მსოფლიოს» მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი ესაუბრებიან.

_ ვინ იყვნენ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილი ადამიანები და რა იყო შეკრების მიზანი?

მელორ ვაჩნაძე:

_ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სააკაშვილის გამოსვლის ჩაშლას ნამდვილად არ ვაპირებდით, როგორც ეს «ნაციონალური მოძრაობის» მხრიდან იქნა შემდეგ ინსპირირებული. ჩვენ მხოლოდ გვსურდა, სააკაშვილის გამოსვლას ათი კაცი დასწრებოდა. სიაც შევადგინეთ, რომელიც ნანა კაკაბაძემ გადასცა მანანა მანჯგალაძეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა, მისმა ზონდერ-ჯგუფებმა, «ნაციონალური მოძრაობის» დეპუტატებმა თუ თბილისის მერმა სპეციალურად მოაწყვეს იქ არეულობა, რათა სააკაშვილს ჰქონოდა მიზეზი, არ მისულიყო.

მიშა მესხი:

_ ზოგიერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციაზე იყვნენ სპეციალურად მოგზავნილი ადამიანები, რომლებსაც ფულს უხდიდნენ, სრული სიცრუეა. 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მშვიდობიანი აქციის გამართვას ვაპირებდით და გვსურდა, «სირცხვილის დერეფანში» გაევლო მიხეილ სააკაშვილს, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ მივიდნენ «ნაციონალური მოძრაობის» პროვოკატორები, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა და თბილისის მერი გიგი უგულავა, რომლებმაც საკუთარი საქციელით გააღიზიანეს აქციაზე მყოფი ადამიანები. კადრებში კარგად ჩანს, როგორ იქნევდა ხელებს უგულავა. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ მოუწოდებდნენ პოლიციელები თენგიზ გუნავას, შესულიყო ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, მაგრამ ის შეგნებულად არ შედიოდა. ამიტომ საუბარი იმაზე, თითქოს პოლიცია არ მოქმედებდა მართებულად, არასწორია. პირველად ვნახე პოლიცია, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავდა და ხალხის გვერდით იდგა, მაგრამ ადამიანებს პოლიციელების ასეთი საქციელი უკვირთ, რადგან პოლიციელებისგან ხელკეტებით ცემას არიან მიჩვეულები.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებული იყო თქვენი ქმედება _ ხელი შეგეშალათ პრეზიდენტის გამოსვლისთვის? ეს ფაქტი «ნაციონალურმა მოძრაობამ» სათავისოდ საკმაოდ კარგად გამოიყენა.

მიშა მესხი:

_ ვფიქრობ, «ნაციონალურმა მოძრაობამ» თავისი ნამდვილი სახე დაანახა ქართულ საზოგადოებას. გამოჩნდა, როგორ ცდილობდნენ «ნაციონალები» ხალხის პროვოცირებას, რადგან ახლა ძალაუფლება არ აქვთ და ეს აგიჟებთ. მიხეილ სააკაშვილს შეუძლია სიტყვით საკუთარ სახლში გამოვიდეს, მაგრამ, თუ ამბობს, რომ ხალხის წინაშე უნდა გამოსვლა, მაშინ კეთილი ინებოს და ხალხს დაელაპარაკოს.

ჩვენი მოთხოვნა იყო მართებული, ჩვენ გზა არ გადაგვიკეტავს და არ გვითქვამს, რომ არ შესულიყო სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თუმცა, ვფიქრობ, მას თავად შერცხვა და შეეშინდა «სირცხვილის დერეფანში» გავლის. თუ ელჩები შევიდნენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სააკაშვილი რატომ ვერ შევიდოდა?

მელორ ვაჩნაძე:

_ მე პირადად ვფიქრობ, რომ «ნაციონალებმა» სათავისოდ ეს ფაქტი ვერ გამოიყენეს და ყველამ კარგად დაინახა, რომ ინციდენტი მათ მიერ იყო პროვოცირებული. ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. თუმცა «ნაციონალები» არაადეკვატურად იქცევიან და ჭორებს ავრცელებენ, თითქოს პოლიტპატიმრებმა ნანა კაკაბაძეს ფული გადაუხადეს, იძახიან, თითქოს ფორმალური შს მინისტრები ვიყავით, თითქოს იმ დღეს სატელეფონო საუბრები გვქონდა მე და ნანა კაკაბაძეს და ხელისუფლებიდან დირექტივებს ვიღებდით. არადა, ვერავინ იტყვის, რომ ჩემთვის ან ნანა კაკაბაძისთვის ოდესმე დირექტივები მოუცია. ასე ის ადამიანები ფიქრობენ, რომლებიც ყოველთვის მონასავით ცხოვრობდნენ და იმართებოდნენ. ცილისწამებისთვის სასამართლოს წინაშე ყველა პასუხს აგებს.

ყოფილმა პოლიტპატიმრებმა საჩივარი უკვე შევიტანეთ პროკურატურაში იმ პროვოკაციის გამო, რამაც განაპირობა 8 თებერვალს შეკრებებისა და მანიფესტაციების და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის ხელის შეშლა და მშვიდობიანი აქციის ჩაშლა. შევხვდით გენერალურ პროკურორს. მან გვითხრა, რომ აუცილებლად განიხილავს ამ საქმეს და დეტალურად იქნება გამოძიებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი და რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია.

_ მელორ, თქვენც ხშირად გადანაშაულებენ აგრესიულ ქმედებებში, მიიჩნევთ, რომ 8 თებერვალს სამართლიანად დაგაპატიმრეს?

_ რაც შეეხება ჩემს აგრესიას, მთელი დღის მანძილზე ვცდილობდი, დერეფანი გაგვეკეთებინა და მშვიდობიანი აქცია ჩატარებულიყო. თენგიზ გუნავას მოსვლის შემდეგ ძალიან დაიძაბა სიტუაცია, ის ძალიან აგრესიულად და უზრდელურად იქცეოდა, მეც ადამიანი ვარ და გავღიზიანდი, მაგრამ ჩემს ქმედებაში არ ყოფილა კანონდარღვევა და არ უნდა ვაგებდე და არც ვაგე პასუხი კანონის იმ სიმძიმით, როგორც «ნაციონალები» მოითხოვდნენ. პოლიცია 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ ვინაიდან მოსამართლემ ვერ ნახა ვერანაირი კანონდარღვევა, გაგვათავისუფლეს. იმ დღეს გურამ დონაძე, რომელიც მკვლელობის თანამონაწილედ ითვლება, გირაოთი გაათავისუფლეს და ჩემი საპატიმროში გამომწყვდევა არაადეკვატური იქნებოდა.

_ მიხეილ სააკაშვილმა უახლოეს მომავალში კვლავ რომ გადაწყვიტოს სიტყვით გამოსვლა, ისევ გააპროტესტებთ?

მიშა მესხი:

_ მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა ჩემი პრეზიდენტი, მაგრამ დღეს ის ვადაგასული პრეზიდენტია და მისი დრო საქართველოში უკვე დასრულდა. სადაც კი შემხვდება, იქნება ეს აქცია, რესტორანი თუ წვეულება, ყოველთვის გამოვხატავ საკუთარ პროტესტს მის მიმართ, რადგან ამ ადამიანმა მეც და ჩემი მეგობრებიც 9 წლის განმავლობაში გვაწამა. სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა დასრულდა და დაკავებული თანამდებობიდან უნდა წავიდეს.

მელორ ვაჩნაძე:

_ მე ყოველთვის გავაპროტესტებ, სანამ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ებღაუჭება სავარძელს. ვინაიდან მის მმართველობას უკავშირდება ქვეყნის უკუსვლა და უამრავი ახალგაზრდის სიკვდილი, ათასობით პოლიტპატიმრის არსებობა ქვეყანაში. უნდა რცხვენოდეს ვითომ მთავარსარდალს და ვითომ პრეზიდენტს, როდესაც მკვდარი ახალგაზრდების მემორიალს მახინჯ ქვას უწოდებს. ეს მემორიალი თავისუფლების სიმბოლოა და სააკაშვილს არ აქვს მორალური უფლება, მას შეურაცხყოფა მიაყენოს.

_ 8 თებერვლის ინციდენტი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი უარყოფითად არ აისახება ახალი ხელისუფლების იმიჯზე?

მელორ ვაჩნაძე:

_ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დღეს მოღალატეობრივ პოლიტიკას ატარებენ, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს და ახალ ხელისუფლებას როგორმე იმიჯი შეულახონ და საერთაშორისო საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. სინამდვილეში საქართველოში ყველა კარგად ხედავს, რომ არჩევნების შემდეგ შეთითხნილი ბრალდებით ადამიანებს უკანონოდ აღარ აპატიმრებენ, ახალგაზრდებს ქუჩაში აღარ ხვრეტენ, ბიზნესს აღარ დევნიან და ვფიქრობ, ეს ბევრად თავისუფალი საზოგადოებაა, ვიდრე აქამდე იყო. ვფიქრობ, ლობისტური კომპანიების მცდელობა, შელახონ ხელისუფლების იმიჯი, მალე კრახით დასრულდება. საერთაშორისო საზოგადოება სიმართლეს მალე გაიგებს და ეს პატარა გაუგებრობა მოგვარდება.

მიშა მესხი:

_ უამრავჯერ გვცემეს, მაგრამ ერთ ელჩს არ ამოუღია ხმა, როცა გვირტყამდნენ და გვაწამებდნენ. აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი პროტესტის გამოხატვა სურდათ. აქ არაფერ შუაში არ იყო არც ირაკლი ღარიბაშვილი და არც ბიძინა ივანიშვილი.

სააკაშვილმა დღესვე რომ დაითხოვოს პარლამენტი, «ნაციონალური მოძრაობა» 5%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს. ეს ადამიანები «მაგრები» მაშინ იყვნენ, როდესაც ძალაუფლება ჰქონდათ.

_ ტელევიზიით გავრცელდა ჩიორა თაქთაქიშვილისა და გიგა ნასარიძის ცემის კადრებიც...

მიშა მესხი:

_ მე შეიძლება პროტესტი გამოვხატო, მაგრამ ცემას არ მივესალმები, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ქუჩაში მოდიან მოქალაქეები, სხვათა შორის ქალებიც, და ჩიორა თაქთაქიშვილისა და გიგა ნასარიძის მიმართ დიდ აგრესიას გამოხატავენ. ამბობენ, კიდევ მეტად რატომ არ სცემესო.

_ თქვენ საპატიმროდან ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გათავისუფლდით. რა ვითარება იყო და როგორ გექცეოდნენ ციხეში?

მიშა მესხი:

_ ქუთაისის სასჯელაღსრულების #2 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში ვიმყოფებოდი. როდესაც სასამართლოში მივყავდი, გზად ხშირად მინახავს სისხლის გუბეები. თუმცა იყვნენ ისეთი ციხის თანამშრომლებიც, რომლებიც ადამიანურად იქცეოდნენ. ციხის უფროსი იყო ბაჩო ახალაიას მეგობარი, ვინმე ჯიჭონაია, რომელიც მემუქრებოდა და მოითხოვდა, თმა შემეჭრა, გარკვეული ვადაც მომცა. საბედნიეროდ, შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა და გამათავისუფლეს.


მელორ ვაჩნაძე:

_ პოლიტპატიმრებზე ფიზიკურ ზეწოლას ერიდებოდნენ, ვინაიდან ჩვენი ბედით დაინტერსებულები იყვნენ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ასევე არასამთავრობო სექტორი, თუმცა ძლიერი იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. მემუქრებოდნენ. თუ ავად იყავი სათანადო მკურნალობას დროულად არ ჩაგიტარებდნენ, რაც ასევე ერთგვარი წამება იყო, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ცუდად და არანაირი დახმარება არ აღმომიჩინეს. დამთრგუნველი იყო ის ფაქტიც, როცა ვხედავდი ჩემს გვერდით რომ ვიღაცებს აწამებდნენ. საპატიმროებში წამების ამსახველი ვიდეოკადრები არის მცირედი ნაწილი იმისა, რაც ციხეში რეალურად ხდებოდა. ბევრი პატიმრის სიკვდილის ფაქტი გაასაღეს თვითმკვლელობად _ ვითომ ინფარქტი დაემართა ან საწოლიდან ჩამოვარდა, რაც ტყუილია, სინამდვილეში პატიმრებს ცემით კლავდნენ.