რაში ამხელს ნანა კაკაბაძე უგულავას და რატომ შეიძლება დაიჭირონ სოზარ სუბარი

რაში ამხელს ნანა კაკაბაძე უგულავას და რატომ შეიძლება დაიჭირონ სოზარ სუბარი

ის ჯერ კიდევ 20 წლის იყო, როდესაც დააპატიმრეს. ახალგაზრდა გოგონასთვის განსაკუთრებულად მძიმე "კაგებეს" ციხეში გატარებული დღეები იყო. ნანა კაკაბაძეს დღემდე თვალზე ცრემლი ადგება, როდესაც თავის წარსულს და ციხეში დატოვებულ მეგობრებს იხსენებს. როგორც თავად ამბობს, არაერთხელ ჰქონდა შანსი, გამხდარიყო გავლენიანი პოლიტიკოსი ან თუნდაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მაგრამ ერთხელ არჩეული გზიდან გადახვევის სურვილი არასდროს გასჩენია. ირწმუნება, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე პატიმრების უფლებების დასაცავად იბრძოლებს.

- ქალბატონო ნანა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ცხოვრება პატიმრების უფლებების დაცვისთვის მიგეძღვნათ?
- როდესაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში გორბაჩოვი მოვიდა, ე.წ. "პერესტროიკა" დაიწყო და ხალხს აზრის გამოხატვის უფლება მიეცა, მე და ჩემმა მეგობრებმა "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" შევქმენით. თავდაპირველად, ძალიან ძლიერები ვიყავით, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. მერე ქართულმა ხასიათმა თავისი ქნა - ყველამ თავისკენ გაიწია და ნელ-ნელა დავიშალეთ. სწორედ ამ ორგანიზაციის წევრებმა ჩამოაყალიბეს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში პოლიტიკურ ამინდს ქმნიდა. შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, მეც მქონდა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ იყო... ჩვენ, ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ადამიანის უფლებებისათვის დავიწყეთ ბრძოლა. მე დღემდე ამ საქმეს ვემსახურები.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც ციხეში აღმოჩნდით?
- ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ უარს არ გეტყვით. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი დისიდენტობის პერიოდში ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი, როგორც ციხეში, ისე ფსიქიატრიულში მოსახვედრად (ალბათ იცით, რომ საბჭოთა კავშირის დროს პოლიტპატიმრების დასასჯელად ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსაც იყენებდნენ), მაინც ძალიან გამიჭირდა. განსაკუთრებულად ჩემი მშობლების გამო ვდარდობდი: მათ ჩემ გამო ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღეს. დღეს სააკაშვილის "წყალობით", ციხეში ჯდომა ჩვეულებრივი ამბავი გახდა, პატიმარი ან ყოფილი პატიმარი ყოველ მესამე ოჯახს ჰყავს. იმ პერიოდში კი ციხეში ჯდომა მხოლოდ პატიმრისთვის კი არა, მთელი მისი სანათესავოსთვის უდიდესი სირცხვილი იყო.

- რამდენი წელი გაატარეთ პატიმრობაში?
- ჩემი პატიმრობა ორ ეტაპად დაიყო. დაკავების დროს ორთაჭალის ციხეში წაგვიყვანეს, პატიმრობის მოსჯის შემდეგ კი "კაგებეს" იზოლატორში გადაგვიყვანეს. ხელისუფლებას ჩვენთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მონიჭება არ უნდოდა, ამიტომ ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, 206-ე მუხლით გაგვასამართლეს. ჯერ ორთვიანი სანქცია გასცეს, შემდეგ - ოთხთვიანი და ა.შ. სანქციებს მოსკოვი ახანგრძლივებდა. შუალედებში, ვიდრე მოსკოვი სანქციას გააგრძელებდა, ორთაჭალის ციხეში გადავყავდით. ციხეში სულ 2 წელი დავყავი. ორთაჭალის ციხეში საშინელი ანტისანიტარია იყო, საპირფარეშოებში უზარმაზარი ვირთხები დარბოდნენ, "კაგებეს" იზოლატორში კი სანიმუშო სისუფთავე იყო, დერეფნებში ძალიან ძვირფასი, სქელი ნოხები გახლდათ დაგებული, მაგრამ ჩვენთვის "ორთაჭალა" ნამდვილი სანატორიუმი იყო.

- ასეთი რა ხდებოდა "კაგებეს" იზოლატორში?
- პატიმრის სრული იზოლაცია. წარმოიდგინეთ, კამერა ისეთი პატარა იყო, რომ რკინის "ნარის" ერთი ბოლო კედელზე იყო მიბჯენილი, მეორე კი - კარზე. "ნარის" გვერდით ისეთი წვრილი ტუმბო იდგა, რომ მასზე ორ თეფშს ვერ დადგამდით. არანაირი გაზეთი და რადიო, ტელევიზორზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. იზოლატორში ისეთი სამარისებური სიჩუმე იყო, როგორიც სასაფლაოზე, თუმცა არა, სასაფლაოზე ნიავის ქროლვისა და ფოთლების შრიალის ხმა მაინც ისმის. იქ კი შემზარავი სიჩუმე იდგა. სხვათა შორის, იმ მდიდრული, სქელი ხალიჩების დანიშნულება ის იყო, რომ დაბლა დავარდნილი ნივთის ან ნაბიჯების ხმა არავის გაეგონა. სიჩუმეს ხანდახან ზარის ხმა არღვევდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ "ნადზორი" ანუ კონტროლიორი მოდიოდა. პატიმრები მისი ფეხსაცმლის ჭრაჭუნის ხმის მიხედვით ვხვდებოდით, თუ ვის "კარმუშკასთან" აპირებდა გაჩერებას. იქ ყველას ერთნაირი, შავი ტყავის ფეხსაცმელი და ასევე შავი ტანსაცმელი ეცვა. საკანში შემოსულ "ნადზორს", დავალებული ტექსტის გარდა, ერთი სიტყვის თქმის უფლებაც კი არ ჰქონდა. დავალებული ტექსტი კი ასეთი იყო, - თქვენი გვარი? თქვენი სახელი? (თუმცა ეს შესანიშნავად იცოდნენ) წამომყევით! დერეფანში ორი "ვივადნოი" გვხვდებოდა: ერთი წინ მიგვიძღოდა, მეორე - უკან. კორიდორში ისე გავდიოდით, რომ კაციშვილი არ გვხვდებოდა. ბოლოში კიბე იყო, შემდეგ - კიდევ ერთი კორიდორი, რომლის ბოლოშიც საგამოძიებოში კაბინეტი გახლდათ. როგორც კი კიბის უჯრედზე შევდგებოდი, "ვივადნოი" კედელზე მიმაგრებულ ღილაკს ხელს აჭერდა; გარდა იმისა, რომ ზარი ირეკებოდა, დერეფანი წითლად ინთებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პატიმარი მოდიოდა. როგორც კი "ვივადნოი" ზარს დარეკავდა, საგამოძიებო კაბინეტამდე მისასვლელ კორიდორში კარის რახარუხი ატყდებოდა. იქ მომუშავე ადამიანები ჩვენს დანახვაზე სულ კისრისტეხით გარბოდნენ; ვინც ოთახში შესვლას ვერ ასწრებდა, ჩვენკენ ზურგით დგებოდა და სახეზე ხელებს იფარებდა. ასეთი ფაქტი რამდენჯერმე რომ განმეორდა, ვიფიქრე, ამ უწყებაში არანორმალური ადამიანები მუშაობდნენ. ერთხელ ვეღარ მოვითმინე და გამომძიებელს ვკითხე, - თქვენს თანამშრომლებს ხომ არ აკლიათ, კორიდორში რას დარბიან-მეთქი? ამიხსნა, რომ ეს ჩემ გამო ხდებოდა: თურმე პატიმარს იქ მომუშავე ადამიანის სახე არ უნდა დაენახა. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე ასატანი იყო.

- "კაგებეში" პატიმრების მიმართ მუქარა ან შანტაჟი თუ ხორციელდებოდა?
- არა, ასე პრიმიტიულად იქ არ იქცეოდნენ, ძალიან დახვეწილად და კულტურულად გხდიდნენ სულს. ფიზიკურად არავინ გვეხებოდა, ტკივილს არ გვაყენებდნენ, მაგრამ... სტრესი, რომელსაც სრული იგნორირების შედეგად ვიღებდით, დედის გინებასა და ცემაზე მძიმე იყო. ხშირად ორთაჭალის ციხეში მოსმენილი გინებაც კი მენატრებოდა; იცით, რატომ? ის ემოციური, ადამიანური ხმა იყო. ორთაჭალაში ციხის ადმინისტრაციის წევრებს ემოციები, მიმიკა ჰქონდათ, გაბრაზებაც შეეძლოთ, გაცინებაც, გაოცებაც, ხანდახან - თანაგრძნობაც. თანაც კამერაში რამდენიმე პატიმართან ერთად ვიყავი და ერთმანეთზე ზრუნვისა და თანაგრძნობის გამოხატვის საშუალება გვქონდა. იცით, "კაგებეში" ყველაზე დიდი დაცინვა რა იყო? პროკურორი რომ გვეკითხებოდა, - რაიმე პრეტენზია ხომ არ გაქვთო? ხომ ძალიან მძიმე დღეში ვიყავით, მაგრამ ვერაფერს ვამბობდით, მხოლოდ სიმწრით გვეცინებოდა.

- ციხიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოება როგორ შეგხვდათ?
- პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თავისუფლებას საკმაოდ დიდხანს ვერ შევეგუე. გამუდმებით იმ პატიმრებზე ვფიქრობდი, რომლებიც ორთაჭალაში დარჩნენ. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა მუხლებით ისხდნენ, ისინი ხომ გაჭირვებაში თანამიგრძნობდნენ, ჩემზე ზრუნავდნენ. "კაგებედან" დაბრუნებულს გულში მიხუტებდნენ და მანუგეშებდნენ. ერთი პერიოდი ღამე ვდგებოდი და ტაქსით ციხის ფანჯრებთან ჩავივლიდი ხოლმე.

- თქვენთვის მართლა არა აქვს მნიშვნელობა, რა დანაშაული აქვს ჩადენილი პატიმარს?..
- ჯერ ერთი, ორთაჭალაში ჩემს საკანში მძიმე დანაშაულში ბრალდებულები არ იყვნენ. თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, განა შეიძლება, ოჯახის წევრი არ გიყვარდეს იმიტომ, რომ ის დამნაშავეა? რაც შეეხება საზოგადოების განწყობას ჩემ მიმართ, - მათი დიდი ნაწილი გამოფხიზლებული დამხვდა... მე და ჩემი მეგობრები სამების ეკლესიის მრევლი ვიყავით. იქ ყველამ იცოდა, რომ დისიდენტები ვიყავით. ჩვენი დაპატიმრება იმ ადამიანებმაც კი გააპროტესტეს, რომლებიც მაინცდამაინც ეროვნული იდეებით არ გამოირჩეოდნენ. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს დანახვაზე ლოყას იხოკავდნენ, - ვაიმე, ნაციხრებიო!..

- ნაციხარის იარლიყმა პირადი ცხოვრების აწყობაში ხელი არ შეგიშალათ?
- იმ პერიოდში ვფიქრობდი, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე იყო. მინდოდა, ჩემი თავი ციხეში დარჩენილი პატიმრებისთვის მიმეძღვნა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე, თამრიკო ჩხეიძემ მითხრა, - ან გვექნება ოჯახი, ქმარი, შვილი, მშვიდი სამსახური, ან ცხოვრებას მივუძღვნით ქვეყანას, ორივეს ვერ შევათავსებთო. ჩვენ არჩევანი სამშობლოსა და საქმის სასარგებლოდ გავაკეთეთ...

- და ცხოვრება როგორ გააგრძელეთ?
- პირველ რიგში, უნივერსიტეტში დავბრუნდი. ქიმიის ფაკულტეტი დავამთავრე. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, გავთხოვდი და ქალიშვილი შემეძინა. ამის მიუხედავად, საქმე ვერ მივატოვე. როდესაც საქმე და ოჯახი სასწორზე დადგა, არჩევანი ისევ საქმის სასარგებლოდ გავაკეთე.

- ასეთი არჩევანის წინაშე რატომ დადექით? უამრავი დაოჯახებული ქალბატონი ემსახურება თავის საქმეს ერთგულად.
- მაშინ სხვანაირი ცხოვრების წესი იყო. დღეს ყველა მიტინგზე დადის, არც 2 საათამდე მუშაობაა პრობლემა. მაშინ გათხოვილი ქალი საღამოს შინ უნდა ყოფილიყო. მეუღლემ ჩემი საქმიანობის შესახებ იცოდა და თანამიგრძნობდა კიდეც, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ცოლის შუაღამემდე ქუჩაში ყოფნას ვერ შეეგუა. ვერც ვამტყუნებ, მესმის მისი. სკანდალებით არ დავშორებულვართ, ოფიციალურადაც კი არ განვქორწინებულვართ, უბრალოდ ცალ-ცალკე ცხოვრება გავაგრძელეთ.

- ამის გამო ქალიშვილი ხომ არ გსაყვედურობთ?
- იყო პერიოდი, როდესაც ანა ამბობდა, - რა მოხდებოდა, ერთი დიასახლისი დედა მეც მყოლოდაო?! ახლა 25 წლის არის და უფრო კარგად ესმის ჩემი.

- თქვენ რამდენად კარგად უგებთ მას?
- მე მგონი, კარგად ვუგებ.

- მის პირად ცხოვრებაში არ ერევით?
- ჯერ ამის აუცილებლობა არ არის, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ჩავერევი.

- ამბობენ, რომ ანა ჯაბა ჯიშკარიანს უყვარდა, მაგრამ თქვენ ის სასიძოდ არ მიიღეთ...
- ამის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს, რის საფუძველზე გავრცელდა ასეთი ჭორი. საერთოდ, ჩემ ირგვლივ იმდენი ჭორი ვრცელდება, რომ ვეღარ გავიგე, სად ტყუილია და სად - სიმართლე...

- "მხედრიონელებთან" თქვენი მეგობრობის ამბავი ტყუილია თუ სიმართლე?
- ეს სიმართლეა. გამსახურდიას ხელისუფლებამ "მხედრიონის" წინააღმდეგ რეპრესიების გატარება დაიწყო, მე კი თავი ვალდებულად მივიჩნიე, მათი უფლებები დამეცვა. საქმიან ურთიერთობაში ბევრ მათგანს დავუმეგობრდი და მათთან დღემდე ვურთიერთობ. არ ვამბობ, "მხედრიონელებს" არაფერი დაუშავებიათ-მეთქი, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ყველა კარგი საქმე დავუკარგოთ. სხვა თუ არაფერი, 800 კაცი "ჩადეს" აფხაზეთის მიწაში.

- გამსახურდიას მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის მიზეზით დაუპირისპირდით?
- არა მარტო. მთელი მისი პროვინციულ-ფაშისტური პოლიტიკა იყო ჩემთვის მიუღებელი.

- იმის მერე კიდევ ორი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლამ მოგიწიათ. თქვენი აზრით, ყველაზე ჰუმანური მაინც რომელი იყო?
- თუ ობიექტური ვიქნები, შევარდნაძე.

- როგორ ატყობთ, ივანიშვილთანაც ხომ არ მოგიწევთ დაპირისპირება?
- მე ადამიანებს სიკეთეს არ ვუკარგავ. ივანიშვილმა კატასტროფის წინაშე მდგარი ქვეყანა გადაარჩინა. ამიტომ სულ რომ ჯვარს მაცვას, მისი მაინც მადლიერი ვიქნები. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ციხეებში ხალხს არ აწამებენ, არ კლავენ და ქვეყანას პოლიტპატიმრები აღარ ჰყავს.

- სხვათა შორის, "ნაციონალები" ამბობენ, რომ პოლიტპატიმართა სიებში ქრთამის სანაცვლოდ, კრიმინალებიც შეიყვანეთ.
- ეს "ნაციონალების" ბინძური ცილისწამებაა, რომელსაც ვერასდროს დაამტკიცებენ.

- "ნაციონალები" ამბობენ, რომ ამის დამტკიცება შეუძლიათ, რადგან თქვენ სულ ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირზე ბინა შეიძინეთ.
- საჯარო რეესტრი ხომ არსებობს? გადაამოწმეთ და ნახავთ, რომ 13 იანვრიდან დღემდე არაფერი შემიძენია. ჭავჭავაძის გამზირზე დაბადებიდან ვცხოვრობ.

- როგორ ფიქრობთ, უგულავა რატომ ითხოვდა პროკურატურისგან თქვენს დაკითხვას?
- უგულავამ "თხარა, თხარა და კატა გამოთხარა". მე მართლა მაქვს ისეთი ინფორმაცია, რაც უგულავას სასიკეთოდ არ წაადგება. გამოძიებას ყველაფერი ვუამბე. იმედია, პროკურატურა "ნაციონალების" მიმართ ლოიალური აღარ იქნება, ყველაფერს ობიექტურად გამოიძიებს და დამნაშავეებს შესაბამისად დასჯის.

- რა ინფორმაციას გულისხმობთ?
- ვიცი, როგორ დაგეგმა უგულავამ 8 თებერვალს პროვოკაცია და როგორ შეიყვანა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში მერვე ბრიგადის ზონდერები. ისინი იქ 11 საათიდან იყვნენ მობილიზებულნი. ეს ყველაფერი პირადად ვნახე. იმედია, უგულავა იმის მტკიცებას არ დაიწყებს, რომ ზონდერები იქ წიგნების წასაკითხად მივიდნენ. მე და ჩემმა მეგობრებმა ისიც დავინახეთ, რომ თბილისის მერი ზონდერებით გარშემორტყმული შევარდა ხალხში და გამწარებული ხალხის პროვოცირება მოახდინა. "ნაციონალები" იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ უგულავა ბრბოში ხელებაწეული მოდიოდა, ის ხელებს ხალხს ურტყამდა. ასევე იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ მათთვის კორიდორები არ იყო. აბა, როგორ მოხვდნენ ბიბლიოთეკაში მანანა მანჯგალაძე, გია ბარამიძე და სხვა დანარჩენები?! მე ისიც ვიცი, რომ სააკაშვილი იქ მისვლას საერთოდ არ აპირებდა. ეს ერთ-ერთმა ზონდერმა თავისი პირით მითხრა. ბიბლიოთეკაში პრეზიდენტისთვის იმათი სიების გადაცემას ვითხოვდი, რომლებსაც კითხვების დასმა სურდათ. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ზონდერმა პირდაპირ მითხრა, კარგი, ნუ გააწყალე გული, მიშა აქ მაინც არ მოვაო. სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, ჩიორა თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანის ცემის გამო რომ დასაჯეს ადამიანი, აქციის მონაწილეების ცემის გამო რატომ არავინ ისჯება? კიდევ რა მაინტერესებს, იცით? უგულავას რომ ელოლიავნენ და ერთი კვირა ემუდარნენ, - მობრძანდით პროკურატურაშიო, მელორ ვაჩნაძე, მიშა მესხი და სხვა დანარჩენები რატომ დაიბარეს იმ საღამოსვე? რა, შერჩევითი სამართალია?!

- ფიქრობთ, რომ პროკურატურა სათანადოდ ვერ მოქმედებს?
- არ მინდა, ასე ვიფიქრო, მაგრამ ჯერ სასიკეთო დასკვნები ვერ გამომაქვს. ძალიან კარგია, რომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს, მაგრამ ისინი ახლა სამართლიანობის აღდგენას ელოდებიან. ეს ხალხი აბსოლუტურად ტყუილად იჯდა ციხეში, არაფრის გამო ცხოვრება დაენგრათ. ამ დანაშაულის ჩამდენები კი ჯერ კიდევ არ არიან დასჯილნი. ძალიან მაწუხებს ის ფაქტიც, რომ ციხეში ძალიან ბევრი ძველი კადრია დარჩენილი. ვერ ვიტყვი, რომ იქ სიტუაცია არ გამოსწორდა. მართვის პოლიტიკა ნამდვილად შეცვლილია, პატიმრებს ვეღარ აწამებენ (ეს რომ მოხდეს, სოზარ სუბარს უგულავაზე ადრე წაიყვანენ ციხეში, თანაც, დათა ახალაიასავით სასათბურე პირობებში ნამდვილად არ ამყოფებენ), მაგრამ მათ ძველი ბადრაგი ისევ ემუქრება და ისევ აღიზიანებს. ციხე ჯერ კიდევ სავსეა ჯალათებით. იმედია, სიტუაცია გამოსწორდება, თუ არა და ჩვენთვის საპროტესტო აქციები უცხო არ არის, ქუჩაში ისევ გამოვალთ.