ოფიციალურად: 15 წლის შემდეგ გერმანიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება

ოფიციალურად: 15 წლის შემდეგ გერმანიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება

გერმანიის ნაკრებში იოაჰიმ ლიოვის 15-წლიანი ერა სრულდება. როგორც გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, გამოცდილი სპეციალისტი პოსტს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს.

ლიოვს კონტრაქტი 2022 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ მხარეების გადაწყვეტილებით, ის ვადაზე ადრე გაწყდება და ლიოვი გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ოფიციალურად დატოვებს.

ამრიგად, სრულდება ნამდვილი ეპოქა. იოაჰიმ ლიოვმა „ბუნდესნაკრები“ 2006 წლის ზაფხულში ჩაიბარა და შესანიშნავ შედეგებს მიაღწია. გერმანიას მან 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა და ეს ყველაზე დიდი წარმატება იყო. მანამდე, 2004-2006 წლებში ლიოვი გერმანიის ნაკრებში იურგენ კლინსმანის ასისტენტი იყო.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება „ბუნდესნაკრების“ ახალი თავკაცი. გერმანულ მედიაში მთავარ ფავორიტად იურგენ კლოპი სახელდება, რომელსაც „ლივერპულში“ პოზიცია შერყეული აქვს.