ლივერპულის გულშემატკივრები საყვარელი კლუბისთვის ფინანსური დახმარების გაწევას აპირებენ, რათა მერსისაიდელებმა პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი კილიან მბაპე შეიძინონ.
ლივერპულის რამდენმე ფანმა ფრანგი თავდამსხმელის ტრანსფერის განსახორციელებლად GoFundMe-ზე თანხის შეგროვება დაიწყო. ფანები იმედოვნებენ, რომ ამ გზით 250 მილიონი ფუნტის, დაახლოებით 290,5 მილიონი ევროს შეგროვებას და საჭირო ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებას მოახერხებენ. კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენში მონაკოდან, 2018 წლის ივლისში გადავიდა.
22 წლის ფორვარდს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, პორტალი transfermarkt კი მის საბაზრო ფასად 180 მილიონ ევროს ასახელებს. ცოტა ხნის წინ იწერებოდა, რომ მბაპეს ტრანსფერით ლივერპული და მადრიდის რეალი ინტერესდებიან.