გელა ნიკოლაიშვილი:

გელა ნიკოლაიშვილი: "დონაძემ იცოდა, რომ სასამართლო გაათავისუფლებდა, ამიტომ ჩამოვიდა"

"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წინასწარ დადგმული სპექტაკლი იყო, წინასწარ მოფიქრებული, სასამართლოსგან მიცემული გარანტიით, რომ დონაძე აუცილებლად გირაოთი გათავისუფლდებოდა. მე უკვე აღარაფერს ვამბობ იმ ბანალურ კითხვაზე, რომელიც პირველ რიგში დაისვა და დღეს ყველა სვამს, რომ სად იყვნენ ამ 9 წლის განმავლობაში თუ ეს მართლა ასეთი დამადასტურებელია, რომ იარაღი მართლა არსებობდა და მონტაჟის ნიშნებს არ შეიცავს ეს მასალა, რატომ არ გამოაქვეყნეს აქამდე?!" - აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "დონაძემ იცოდა, რომ სასამართლო გაათავისუფლებდა, ამიტომ ჩამოვიდა".

"მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ფირცხალავა საკმაოდ ოდიოზური ფიგურაა, რომელიც ფიგურირებდა როგორც ვაზაგაშვილის საქმეში, ასევე ფიგურირებდა, სხვათა შორის, ბათო საღინაძესთან დაკავშირებულ საქმეში. მე ეს ვიცი იმიტომ, რომ საღინაძეს ვიცავდი და აქედან ვიცი ეს საქმე. ის შემჩნეული იყო დამნაშავეების მფარველობაში. მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა ორგანიზებულად დაგეგმილი იყო დონაძის, ფირცხალავას და სხვების მიერ. ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ დონაძემ ეს არ იცოდა. რატომ მალავდნენ აქამდე? ამ გამოძიებას თუ არ ენდობოდა, საკუთარი ხელისუფლების გამოძიებას ხომ ენდობოდა, იქ რატომ არ წარადგინა?! თუ მართლაც დაუმონტაჟებელია და უწყვეტი ციკლით არის გადაღებული, წარედგინა თავის დროზე, რას უცდიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე არ არის. თვალნათლივ ჩანს, რომ ეს არის მონტაჟი. გადაღებულია როგორც რეალურად მომხდარი, მაგრამ ეს ხდება მას შემდეგ, რაც ბუტა რობაქიძე უკვე გარდაცვლილია და ეს სპექტაკლი იდგმება იმისათვის, რომ დაადასტურონ, რომ იქ იყო იარაღები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი.

"ნაციონალებს" აქვთ ბერკეტები, საკუთარი ტელევიზია აქვთ, საკუთარი საინფორმაციო საშუალებები აქვთ, რასაც წლების მანძილზე მოკლებული იყო ოპოზიცია და რაც მთავარია, ისინი ჯერ კიდევ ნახევრად ხელისუფლებაში არიან. პრეზიდენტის ბერკეტები, სასამართლო ბერკეტები, მერიის ბერკეტები, თვითმმართველობითი ორგანოების ბერკეტები, ეს ყველაფერი კვლავ მათ ხელშია. ისინი კლასიკურ ოპოზიციაში რომ იყვნენ და მათ არანაირი ბერკეტები არ ჰქონდეთ, ისინი აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი და ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"სააკაშვილი რომ პრეზიდენტი აღარ იქნება, მერე უკვე ეს საფრთხეებიც აღარ იარსებებს. უკვე 30%-მდეა დასული პარლამენტში "ნაციონალების" რაოდენობა და ალბათ სააკაშვილის წასვლის შემდეგ 15%-მდე დავა და ამის შემდეგ ისინი საფრთხეს უკვე აღარ წარმოადგენენ ხელისუფლებისთვის. ჯანსაღი და ოპოზიციური ძალები უნდა გამოიკვეთოს. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ოპოზიცია სჭირდება "ქართულ ოცნებას", უამრავ შეცდომას უშვებენ ისინი, მაგრამ როდესაც მეორე მხარეს ოპოზიციონერად დგას "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ალერგიას იწვევს ხალხში, ძალაუნებურად ისინი "ქართულ ოცნებას" ვერ უპირისპირდებიან, რომ "ნაციონალების" წისქვილზე არ დაასხან წყალი. თუ რეალური ოპოზიცია იქნება მეორე მხარეს, მაშინ საკმაოდ დაბალანსებულად განვითარდება პროცესები", - დასძენს გელა ნიკოლაიშვილი.