კახა კახიშვილი - "რა უხაროდა პრეზიდენტს, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყო სადისტური დაჭერები სხვადასხვა ჩინოვნიკების?"
"თავიდანვე ცოტა უცნაურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, საზოგადოებას ჰქონდა განცდა, რომ ვაპირებდით ძალიან დიდი ფასის გადახდას იმ კონსტიტუციური ბერკეტებისთვის, რომელიც სააკაშვილს აქვს. ამის ვარაუდები არაერთხელ გამოგვითქვამს და ახდა კიდეც. თურმე ძალიან სერიოზული ვაჭრობა მიდიოდა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. სავსებით გაუგებარია ეს ვაჭრობა, რადგან მანამდე აცხადებდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის 100 ხმა იყო საჭირო და ეს 100 ხმა მათ გარანტირებულად ჰქონდათ", - აცხადებს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი გაზეთ "ალიასთვის"მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რა უხარია პრეზიდენტს?".
"ჩვენ ნათლად ვიცით, რომ, თუ სააკაშვილს რაიმე სახიფათო ბერკეტი აქვს, ეს არის ის კონსტიტუციური ბერკეტი, რითაც შეუძლია, ეს მთავრობა გადააყენოს. ამ ბერკეტის დათმობის შემთხვევაში სააკაშვილი რომ მოითხოვდა ძალიან მაღალ ფასს, ეს რთული გასაანალიზებელი არ იყო. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ფასი გამოიყენებოდა იმაში, რომ, ფაქტობრივად, მათი ცხრაწლიანი საქმიანობის სამართლებრივი შეფასება უნდა შეწყვეტილიყო. ფაქტობრივად, დაიტოვეს ვითომდა პასუხისგებისთვის მისაცემ პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირთა ნუსხა, რომელთა პროკურატურაში დაბარებაც კი შერაცხული იქნებოდა, როგორც მათ მიმართ პოლიტიკური დევნა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კახიშვილი.
"ნაციონალები" ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიას, როგორც მათთვის, ისე ყველა მომხრისთვის, ვინც რეალურად წლების განმავლობაში სჩადიოდა სისხლის სამართლის დანაშაულს, ასევე საუბარია იმაზე, რომ გაზარდონ კონსტიტუციური ცვლილებებისთვის საჭირო ცენზი სამ მეოთხედამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად სავაჭროდ უნდა გადაიქცეს კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების საკითხი. როგორც ჩანს, სურთ, რომ ქვეყანაში ოთხი წლის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტი იყოს მთავარი მოთამაშე. "ქართული ოცნება" მასში შემავალი ყველა ფრაქციით და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" . პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შედიან "ოცნებაში", საკუთარ თავსაც დიდ ფასს ადებენ. წარმოიდგინეთ, 100 ხმა ვერ შეუგროვებიათ და 113 ხმა როგორი შესაგროვებელი იქნება, მაშინ, როცა შესაძლებელია კრიზისის პრევენციისთვის საჭირო რაღაც კონსტიტუციური ცვლილების გატარება", - განმარტავს რესპონდენტი.
"სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის მოედანზე დიდი ხანია გადაიყვანა "ქართული ოცნება" და სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი ხელისუფლება ამ ეტაპზე უსუსური აღმოჩნდა "ნაცმოძრაობასთან" შედარებით. ფაქტობრივად, სულ თავისმართლების რეჟიმშია "ოცნება" "ნაცმოძრაობასთან" და სულ "ნაცმოძრაობა" კარნახობს ყველა თემას. ყოველდღიურ ამბებშიც "ნაცმოძრაობაა" თემის შემომტანი, "ქართული ოცნება" კი თავისმართლების რეჟიმშია. ეს ყველაფერი კი იმით არის გამოწვეული, რომ მთავრობის ზოგიერთი ხელმძღვანელი სათანადოდ არ არის კვალიფიციური, რათა მიიღონ დროული და ეფექტური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ეს არის იმის გამოძახილი, რომ პარლამენტში არ ჰყავთ სათანადო სპეციალისტები, დეპუტატები, რომლებიც უმოკლეს ხანში უზრუნველყოფენ ისეთი სამართლებრივი ნორმების მიღებას, რომელიც ქვეყანას სამართლებრივ სივრცეში გადმოიყვანდა. ყველა თემამ ერთობლიობაში შექმნა ისეთი ვითარება, რომ "ნაცმოძრაობა", რომელიც მოსახლეობაში დისკრედიტებულია და მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობაში არიან, დღის წესრიგში მაინც ნომერ პირველები არიან, ხელისუფლებისთვის თამაშის წესების კარნახით დაწყებული, დამთავრებული ჩანაწერების ტირაჟირებითა და კონსტიტუციური ცვლილებით", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რა უხაროდა პრეზიდენტს, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყო სადისტური დაჭერები სხვადასხვა ჩინოვნიკების? რა უხაროდა პრეზიდენტს, როდესაც "ნულოვან ტოლერანტობას" აცხადებდა? რა უხაროდა პრეზიდენტს, როდესაც ჯოჯოხეთური პირობები იყო შექმნილი სასჯელაღსრულების სისტემაში? რა უხაროდა პრეზიდენტს, როცა ხალხს ცხრილავდნენ ქუჩაში? მართლა მაინტერესებს, რა უხაროდა მაშინ პრეზიდენტს? დღეს როცა ის საუბრობს, რომ ვიღაცის დაჭერა ვიღაცას უხარია, პირადად მე, არავის დაჭერა არ მიხარია, მაგრამ მეორეა ის, რომ სამართლებრივი შეფასებაა საჭირო. თუკი ამ 9 წლის მანძილზე ის დანაშაულები, რასაც ხელისუფლება სჩადიოდა, არ იქნება დღეს სამართლებრივად შეფასებული, ეს მოსახლეობას უბიძგებს, გადავიდეს თვითშემოქმედებაზე, რომელიც ძალიან რთულად დასრულდება. ქვეყანაში იწყება ძალადობა მაშინ, როცა არ არის მართლმსაჯულების რწმენა. დღეს არის თავისუფალი სასამართლო? როდესაც პრესაზე საუბრობს, გაიხსენოს, როგორ გაანადგურა პირველივე წლებში პრესა. პრეზიდენტისთვის დღეს მთავარია ერთი რამ, რომ თვითონ და მისი უახლოესი გარემოცვა და ის მხარდამჭერები, რომლებიც დღემდე ჰყავთ საბიუჯეტო თანხებზე დოტაციურად მიმაგრებული, იყვნენ ხელშეუხებლები და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც კი, მათ არ დაემუქროთ არაფერი", - დასძენს კახა კახიშვილი.