"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ ქვეყანაში მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისა და რეცესიის შესახებ. აცხადებენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება ნამდვილად დადგეს საბიუჯეტო კრიზისის პრობლემა. გარდა ამისა, ეკონომიკის ფლანგზე, ბოლო პერიოდში, კიდევ ერთი საკითხი - საბჭოთა ანაბრების გაუფასურებისა და მოსახლეობისთვის დაბრუნება გახდა აქტუალური.
"გურია ნიუსი" ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პოლიტიკასა და საბჭოთა ანაბრებზე, რომლის დაბრუნებაც, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი პირობა იყო ხელისუფლებაში მოსვლის დროს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის წევრ ზურაბ ჯაფარიძეს ესაუბრა.
რამდენად იზიარებთ თქვენი გუნდის პოზიციას მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზის შესახებ და იქნებ კონკრეტრული ფაქტები მოიყვანოთ, რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?
- მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ამაზე საუბრობდა. კონკრეტული ფაქტი არაერთია. ეს არის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. აქედან ერთ-ერთიგახლავთ იმპორტის ზრდის კლება. გასული წლის დეკემბრის მონაცემებს 2011 წლის ანალოგიური პერიოდს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ იმპორტის ზრდის ტემპი შემცირებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობის მყიდველუნარიანობა დაქვეითდა. ეს არის ერთი ინდიკატორი.
მეორე ინდიკატორი გახლავთ ექსპორტის კლება. დეკემბრის მონაცემებით არსებული კლების ტენდენცია, ჩემის აზრით, შემაშფოთებელია. ეს არის 25 პროცენტიანი კლება. ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთი - გლობალურ ბაზარზე უნდა მომხდარიყო რაიმე კატასტროფა, ამის გამო დავარდნილიყო მყიდველუნარიანობა და მეორე - მათ არ უნდა ჰქონოდათ ქართული პროდუქციის შესყიდვის შესაძლებლობა. იმის გამო, რომ მსოფლიო ბაზარზე კარდინალური ცვლილება, ეკონომიკის გაუარესება არ მომხდარა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით, ჩვენს ეკონომიკაში რაღაც დაიმსხვრა, ჩვენი მწარმოებლუნარიანობა შემცირდა და 21 პროცენტით ნაკლები ექსპორტი განვახორციელთ, რაც ძალიან ცუდია. ეს არის ორი მაჩვენებელი. კიდევ ორს დაგისახელებთ. ერთ-ერთი არის დამატებითი ღირებულების გადასახადის ბრუნვის შემცირება 4.3 პროცენტით.
ეს ნიშნავს, რომ ვაჭრობის მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით ნახევარი სწორედ დამატებითი ღირებულების გადასახადზე მოდის, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება ნამდვილად დადგეს საბიუჯეტო კრიზისის პრობლემა, ანუ საქართველოს ბიუჯეტში შემოსავლების ნაკლებობა გაჩნდეს. და ბოლოს, ყველაზე მთავარი ინდიკატორი, რომელსაც ეკონომისტები იყენებენ, ეს არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მთლიან შიდა პროდუქტში გამოხატული. ე.წ. მშპ. თუ მონაცემებს ნახავთ, 2012 წელს დაგეგმილი იყო, რომ მშპ-ს წლიური ზრდა 7.5-დან 8 პროცენტამდე უნდა ყოფილიყო.
სექტემბრის ჩათვლით 7.5 პროცენტიან მაჩვენებელზე გავდიოდით. ოქტომბერში მოხდა ვარდნა 5 პროცენტამდე. ნოემბერში კიდევ უფრო დაბლა ჩამოვედით 3 პროცენტამდე, ხოლო დეკემბერში საერთოდ ეკონომიკური ზრდა დაახლოებით მინუს 1 პროცენტი იყო. ეს მიუთითებს, რომ ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია და სწორედ ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით ვამბობდით, რომ საჭიროა მთავრობის მხრიდან სწორად გაანალიზება იმის, თუ რა არის პრობლემა და მეორეს მხრივ ძალიან მკვეთრი, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. სხვა შემთხვევაში, ეს პრობლემები შეიძლება ეკონომიკურ რეცესიაში გადავიდეს.
- ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანაში უფრო მძიმე მდგომარეობა ყოფილა. მაგალითად 2008-2009 წლებში, მაგრამ მთავრობა იმ პერიოდს და ეკონომიკურ პრობლემებს კრიზისად არ აფასებდა. ამაზე რა არგუმენტები გექნებათ?
- საქართველოს ეკონომიკაში 2004 წლიდან დაწყებული მუდმივი ზრდა იყო. 2007 წელს ჩვენ გვქონდა ყველაზე დიდი - 12 პროცენტიანი ზრდა. 2008 წლის მეორე ნახევარში და 2009 წელში ჩვენ ნამდვილად გვქონდა ვარდნა. ეს ორი მიზეზით იყო გამოწვეული. ერთი - 2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია განახორციელა. ჩვენ ომი გამოვიარეთ. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, 2007 წლის ბოლოს დაიწყო მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 2008 წელს გაძლიერდა და 2009 წელს მისი სახე სრულად გამოავლინა, რამაც გამოიწვია ეკონომიკური კლება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალური მასშტაბით. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში იყო ეკონომიკური ვარდნა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ომიც გავიარეთ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ შეძლო კრიზისისითვის მთელს დედამიწაზე მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გაუძლო ჩვენზე უკეთესად.
- ბოლო პერიოდში, საკმაოდ აქტუალური გახდა და წამოიწია საბჭოთა ანაბრების გაუფასურებისა და მოსახლეობისთვის დაბრუნების თემა. ზოგი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს დავალიანება მეანაბრეების მიმართ ივანიშვილის მთავრობამ უნდა დააბრუნოს. თქვენ რას ფიქრობთ, როგორც პარლამენტის წევრი. ამ მოწვევის პარლამენტის განხილვის საგანი უნდაგახდეს ეს თემა თუ არა? შეგახსენებთ,რომ 2004 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის სათავეში მოვიდა, ერთ-ერთი დაპირება სწორედ ანაბრების დაბრუნებას ეხებოდა.
- შემიძლია ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რომელიც ანაბრებთან დაკავშირებით ცალსახაა: ის ანაბრები, რომელთა დაბრუნებაზეც ახლა არის საუბარი, ამ სახელმწიფოს ვალი არ არის. ანაბრები საბჭოთა კავშირის დროს იყო დაგროვებული, ჩვენ კი დღეს დამოუკიდებელი, სხვა სახელმწიფო ვართ. საბჭოთა ანაბრები საბჭოთა კავშირის ვალდებულება იყო მისი მოქალაქეების მიმართ და ჩემი აზრით, სამართლიანი არ არის, რომ ახალ სახელმწიფოს დავაკისროთ. სამართალმემკვიდრეობაზე და სამართლიანობის აღდგენაზე ამ შემთხვევაში საუბარი ვერ იქნება.
სხვა საკითხია, შესაძლებელია თუ არა მისი დაბრუნება. მე სამწუხაროდ ზუსტი ციფრები არ მაქვს, თუ რა მოცულობის თანხაზეა საუბარი. ამიტომ კონკრეტული კომენტარის გაკეთება, თუ რამდენად შეუძლია დღეს სახელმწიფოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ასეთი ტიპის ფულის გადახდა, რთული სათქმელია. ეს თანხები, დამოუკიდებელი საქართველოს დასაბრუნებელი არ არის. ზოგადად, ეს შეიძლება იყოს კეთილი ჟესტი...
კითხვა ასე დაისმის: რამდენად შეუძლია ჩვენს ქვეყანას, რომ ეს ნაბიჯი გადადგას, ან რა პერიოდზე შეიძლება ეს თანხები გაიწეროს? გავმეორდები და ვიტყვი, რომ მე პირადად ვთვლი, ეს თანხები დღევანდელი ქართული სახელმწიფოს გადასახდელი არ არის.
- მაგრამ, 2004 წელს იყო ასეთი დაპირებაც, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდა.
- კი "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ბევრი დაპირება ჰქონდა გაცემული. კიდევ არაერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ამ თემაზე საუბრობდა.
- სხვადასხვა ექსპერტები სხვადასხვა ციფრს ასახელებენ. 2002 წლის მონაცემებით, ეკონომიკური ექსპერტები, რომლებიცამ საკითხზე მუშაობდნენ, ამბობდნენ, რომ საუბარი იყო 400 მილიონ დოლარზე, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეს 17მილიარდ დოლარამდე ადიოდა. ხშირ შემთხვევაში, ამ თანხის მითვისებას კონკრეტულ პიროვნებებს მიაწერენ. თქვენ რაპოზიცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლებოდა, რომ ერთ პიროვნებას ამდენი ფული მიეთვისებინა?
- პრესაში წამიკითხავს და მსმენია, რომ იქ იყო ჯგუფი ადამიანებისა, რომლებმაც ნახევრადლეგალური თუ არალეგალური მანიპულაციებით მოახერხეს, რომ ეს თანხები მიეთვისებინათ. სამწუხაროდ, მე ამ საქმის დეტალებში ჩახედული არ ვარ, ამიტომ გამიჭირდება, რომელიმე კონკრეტული ადამიანის, ან ადამიანების ბრალეულობაზე საუბარი.