ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების შერჩევის ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება და ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება. ყოველ შემთხვევაში ასეთ პირობას იძლევა ახალი მთავრობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. პორტის პროექტის ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ.
„ჩვენმა ხელისუფლებამ პროექტს საკანონმდებლო დონეზე გამოუცხადა სრული მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულებები, მათ შორის ძირითადი ვალდებულებები გადავადდა 3-ჯერ, ასევე მთავრობამ გამოისყიდა და ინვესტორს გადასცა 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ტერიტორია, ჩვენ ავიღებთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მოწყობის ვალდებულებაც. გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს.
გარდა ამისა, საპარტნიორო ფონდი მზად იყო ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ დოლარის ოდენობით, იმ პირობით, რომ ინვესტორი აღებული ვალდებულების შესრულებას შეძლებდა. სამწუხაროდ, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მლნ დოლარის სასესხო დაფინანსების მოძიება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების შერჩევის ახალი ტენდერი ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო კონსულტანტიც.
„ჩვენი სამინისტროს სისტემაში შექმნილია სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო“. დღეს ჩვენმა სამინისტრომ და კერძოდ, ამ სააგენტომ მივიღეთ დავალება, რომ უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა იმისთვის, რომ მოვამზადოთ ანაკლიასთნ დაკავშირებული ინვესტორების შერჩევის კონკურენტული ტენდერი. იგი უახლოეს თვეებში გამოცხადდება და ჩატარდება მაღალ დონეზე, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით დასავლელი პოტენციური ინვესტიორების მხრიდან და ვიმუშვებთ შესაბამის კვალიფიცური კონსულტანტთან ერთად“, - აღნიშნა თურნავამ და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან.
„ჯერ არ იქნება სწორი, რომ ვისაუბროთ, რამდენად დიდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან და ვინ იქნება სავარაუდო ინვესტორი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან. შედეგები გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ყველა წესის დაცვით გავმართავთ ტენდერს. მიუხედავად საკმაოდ დინამიური და რთული მსოფლიო ვითარებისა, პანდემიიდან და იმ სხვადასხვა პროცესიდან გამომდინარე, რაც რეგიონში მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რათა ეს პროექტი იყოს წარმატებულად შესრულებული“, - განაცხადა თურნავამ.
სპეციალისტები კი გაცილებით სკეპტიკურად უყურებენ ამ ყველაფერს. ფინანსისტი ვასილ რევიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა სისტემურად და სურვილების დონეზე პროექტის განხორციელებისთვის მზად არ არის.
„ქვეყანა არც მზადაა და არც დიდად სურვილი ჩანს, რომ ხარისხიანი ინვესტიცია გაკეთდეს, განსაკუთრებით ასეთ მსხვილ პროექტებში. ეს მომდინარეობს სხვადასხვა მიზეზებიდან - თუნდაც ინვესტორის დაცულობა, ეკონომიკური პერსპექტივები, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა და სასამართლოს სისტემის ხარვეზები...
ქვეყანა არ არის მზად სისტემურად. შესაბამისად მგონია, რომ ეს პროცესი გაიწელება, თუმცა იმედი მაქვს, რომ პარალელურად დაიწყება მუშაობა პრობლემების აღმოფხვრაზე, რაც ჯამში მიგვიყვანს ამ მნიშვნეოვანი პროექტის განხორციელებამდე“, - აღნიშნა რევიშვილმა.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-24 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.