წინააღმდეგობა საჯარო მოხელეთა ამნისტირების პრინციპებში

წინააღმდეგობა საჯარო მოხელეთა ამნისტირების პრინციპებში

საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში კონსტიტუციური თემატიკის საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, მისი რეალიზების შემაფერხებელ ფაქტორად კი ერთადერთ საკითხში შეუთანხმებლობა რჩება. კერძოდ, უთანხმოების საგანია საჯარო მოხელეთა შესაძლო ამნისტირება, რასთან დაკავშირებითაც მხარეებს განსხვავებული ხედვა აქვთ. დიალოგი გრძელდება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ათდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების რეზულტატი სავსებით კომპრომისული ვერ გამოდგა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მოლაპარაკებები, რომელშიც უმრავლესობა ძირითადად პრეზიდენტისთვის ახალი მთავრობის ერთპიროვნულად, პარლამენტის თანხმობის გარეშე, ფორმირების საშუალების ჩამორთმევას ისახავდა მიზნად, 11 თებერვალს პრეზიდენტის სასახლეში დაიწყო და ლამის ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში გადავიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ შემხვედრი საკითხები იყო საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებასთან ერთად კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისი ნაწილების ვადაზე ადრე ამოქმედება, იმ დებულების ჩათვლით, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებებისათვის საჭირო კვორუმს, 2/3-ის ნაცვლად, ¾-ით განსაზღვრავს. „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა იყო ასევე საქართველოს პროდასავლური კურსის კონსტიტუციაში ასახვა და პარლამენტის ქუთაისში დატოვება.

როგორც 20 თებერვალს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, უმცირესობის მოთხოვნები ძირითადად დაკმაყოფილდა, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღწეული შეთანხმების განხორციელების წინაპირობად ”ნაციონალურმა მოძრაობამ” საჯარო მოხელეების სრული ამნისტია მოითხოვა იმ დანაშაულზე, რომელიც მათ შესაძლოა 2012 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინეს, გარდა ძალადობრივი და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებებისა. საჯარო პირთა წრე, ამ განმარტებით, მოიცავს მოხელეებს პრეზიდენტით დაწყებული, მუნიციპალიტეტის რიგითი თანამშრომლით დამთავრებული. დავით უსუფაშვილის განმარტებით, „ქართულო ოცნება“ დათანხმდა განხორციელდეს უპირობო და სრული ამნისტია საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა. ამას გარდა, ”ქართული ოცნება” თანახმა იყო მაღალი რანგის თანამდებობის პირთა ნაწილობრივ ამნისტიაზეც.

” ესაა უმაღლესი რანგის 1500-მდე საჯარო მოხელე: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, მათი მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ასე შემდეგ. კერძოდ, თუ ისინი იქნებოდნენ ბრალდებულნი რაიმე დანაშაულში და აღიარებდნენ ამ დანაშაულის ჩადენას, მაშინ ისინი ყველა გათავისუფლდებოდა სისხლის სამართლებრივი სასჯელისგან და დაეკისრებოდათ ერთადერთი სასჯელი: საჯარო სამსახურში 5 წლამდე სამსახურის უფლების ჩამორთმევა”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეთანხმება, როგორც აღვნიშნეთ, ვერ შედგა. საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კი ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ”დევნის კამპანია” უნდა შეჩერდეს და ”ნაციონალურ მოძრაობასთან” რაიმე ფორმით დაკავშირებულ პირთა დაკითხვებზე ტარება შეწყდეს:

”ლიდერების დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკური პირების თანამდებობის დონეზე თუ რაიმე სადმე პრობლემა ან გადაცდენა, ან დანაშაული იყო, არავინ არ ითხოვს იმუნიტეტს საკუთარი თავისთვის, არავინ არ ითხოვს პატიებას საკუთარი თავისთვის. დამნაშავეა დათო ბაქრაძე? გამოიძიონ და დასაჯონ დათო ბაქრაძე. დამნაშავეა გიგი უგულავა? დამნაშავეა ვანო მერაბიშვილი? დამნაშავეა მიხეილ სააკაშვილი? კი, ბატონო. არავინ არ ითხოვს იმუნიტეტს საკუთარი თავისთვის, მაგრამ თავი დაანებეთ ყველა იმ ადამიანს, ათასობით ადამიანს, რომელიც დღეს ყოველდღიურ რეჟიმში დადის დაკითხვებზე. აი, ეს არის ჩვენი წინადადება”.

საჯარო მოხელეთა რა დონეზე მოხდება დევნის შეწყვეტა, დიალოგის საგნად რჩება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის მიუხედავად კი, უკვე გადაწყვეტილია, რომ ორი კვირის ვადაში ”ქართული ოცნება” პარლამენტში წარადგენს საჯარო მოხელეთა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც სწორედ უმრავლესობის პოზიციებს დაეფუძნება. მხარეთა შორის მოლაპარაკებების ჩაშლის კვალობაზე კი, საპარლამენტო უმრავლესობა შემდგომი მოქმედების გეგმას სახავს: კერძოდ, პრეზიდენტის მიერ მთავრობის ერთპიროვნულად შექმნის აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი საჭიროების მიხედვით, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეყრება; კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის ბოლომდე არ გავა საკონსტიტუციო საკითხი პარლამენტის ადგილსამყოფლის შესახებ; გაგრძელდება საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე ინტერფრაქციული შეთანხმების მიზნით მოლაპარაკებები; შეიქმნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციური რეფორმის მოსამზადებლად და სხვ.

პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცინცაძე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფიქრობს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შინაგანი აგრესია არ მოთოკეს, ნებისმიერი მოლაპარაკება წარუმატებლობისთვისაა განწირული. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კი იმედს გამოთქვამს, რომ დროთა განმავლობაში ორმხრივი შიშები და ეჭვები გაქრება, რაც მხარეთა პოზიციების დაახლოებას შეუწყობს ხელს:

”გამოიკვეთა, მაგალითად, რომ საგარეო პოლიტიკაზე შეთანხმება შედგა. ეს კი აჩენს იმის იმედს, რომ, როგორც ჩანს, შეიძლება მოლაპარაკება ამ ორ ძალას შორის და ამ სიტუაციაში, მე მგონი, ძალიან ცუდ როლს თამაშობს ერთმანეთის დემონიზაციის მცდელობები: გამყიდველები, დამნაშავეები, მოღალატეები და ასე შემდეგ. ორივე მხრიდან ეს უნდა აღიკვეთოს, ალბათ, ამ სიტუაციაში”.

საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების თემას 20 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარ
საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც რიჩარდ ნორლანდი გამოეხმაურა.
იგი მიესალმა გარკვეულ საკითხებზე მხარეთა შეთანხმებას, მოლაპარაკებების კონსტრუქციულ სულისკვეთებას და შენიშნა, რომ რამდენიმე თემაზე სამუშაო ისევ რჩება.

”შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პატივისცემა და გამოძიების წარმართვა მართლმსაჯულების პრინციპების დაცვით, რათა შერჩევითი სამართალი თავიდან იქნეს აცილებული“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ამერიკის ელჩმა საქართველოში.