საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში, რომელზეც ISAF-ის დასრულების შემდეგ გლობალური უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს როლზე იმსჯელებენ.
ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ალიანსის გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან, მის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან, ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალ გენერალ ჯოზეფ დანფორდთან.
თავდაცვის მინისტრი ISAF-ის მონაწილე ნატოს არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრასაც დაესწრება. დაგეგმილია მოლაპარაკებები ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.
"ნატოს-გან და ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმენთ, რა გეგმები აქვთ. ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვაქვს მომზადებული, რა როლს შეასრულებს საქართველო პოსტ-ISAF-ის პერიოდში. მალე ამ საკითხებს მეტად მოეფინება ნათელი. რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, გადაწყვეტილება მიღებულია, თარიღიც, პრაქტიკულად, შერჩეულია. ეს ვიზიტი კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს საქართველოს, რომ უახლოეს პერიოდში მრავალმხრივ ფორმატებში ნატო-ს ქვეყნებთან მეტი ინტეგრაცია მოხდეს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით, მეორე დღეა, ბრიუსელში იმყოფება. უკვე გაიმართა ირაკლი ალასანიას პირისპირ შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.