საქართველოს თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, გივი თარგამაძის, სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგამოძიებო კომისიამ ოფიციალურად დაადანაშაულა ქართველი დეპუტატი რუსული ოპოზიციის დაფინანსებასა და ხელმძღვანელობაში, რაც საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა, თუმცა ამ ეპიზოდზე გაუგებარი ტონით საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი. რუს ჟურნალისტებთან საუბარში სააკაშვილი აცხადებს, რომ გივი თარგამაძე აღფრთოვანებულია ასეთი ბრალდებებით... ერნესტო ჩეგევარას შემდეგ მსოფლიო ისტორიაში არავის ღირსებია ისეთი ყურადღება, როგორიც თარგამაძეს (იგულისხმება ბრალდება მსოფლიო რევოლუციონერობაში). რამდენად ადეკვატურია ბატონი გივის აღფრთოვანება ან ჩვენი პრეზიდენტის პათოსი, ამ და სხვა საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტიკოსი პეტრე მამრაძე ესაუბრება.
_ ბატონო პეტრე, გივი თარგამაძე არის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში საკვანძო თანამდებობა ეკავა, ამავე დროს ის თავად გვევლინება კანონდამრღვევად. რასთან გვაქვს საქმე: არის ეს უპასუხისმგებლობა თუ, უბრალოდ, უგუნურება ამ ადამიანის მხრიდან?
_ გივი თარგამაძეზე ყოველთვის ერთგვარი ტკივილით მიწევს ფიქრი თუ საუბარი. საქმე ის არის, რომ კარგად ვიცნობ მის მამას _ ვასილ თარგამაძეს. ის წესიერი ადამიანია, ინტელიგენტი, ფიზიკოსი, თავისი საქმის კარგი მცოდნე, რასაც ვერ ვიტყვი მის შვილზე... გივი თარგამაძის ქმედებები ყოველგვარ საზღვარს სცდება, რაც სრული უპასუხისმგებლობაა მისი მხრიდან; აღსანიშნავია, მისი საეჭვო კავშირები კრიმინალურ სამყაროსთანაც.
_ ე. წ. შავ სამყაროს გულისხმობთ?
_ დიახ, სწორედ შავ სამყაროს. ჩვენ გვახსოვს, როგორი ხმაურით დააკავეს ეს ეგრეთ წოდებული ქურდები. ხშირად ეს დაკავებები ტელევიზიითაც შუქდებოდა, მაგრამ გავიდა წლები და სხვადასხვა არხით ვიგებთ, რომ ხმაურით დაკავებული მთელი ეს ქურდები ჩუმჩუმად გაუშვეს, მეტიც, ხელიც კი შეუწყვეს მათ საზღვარგარეთ წასვლას. ამის შემდეგ ამ ადამიანებთან თარგამაძის საუბრებს ვისმენთ. უფრო მეტიც, უკრაინაში თარგამაძე კანონიერ ქურდებს დონეცკის განადგურებით ემუქრება. ასეთი აფსურდები ხშირი იყო და წინა ხელისუფლების პირობებში დაუსჯელი დარჩა. მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ დამოუკიდებელმა იურისტებმა სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანეს, რადგან კრიმინალურ სამყაროსთან აშკარა კავშირისთვის საქართველოს კანონმდებლობით ადამიანი 15-წლიანი პატიმრობით ისჯება, ხოლო თარგამაძეს არც უარუყვია, რომ ეს მისი ხმა იყო და საკმაოდ უტიფრადაც კი ეჭირა თავი.
_ გივი თარგამაძე ერთ-ერთი იმ მაღალჩინოსანთაგანია, რომელმაც ხელი შეუწყო საკუთარი ქვეყნის რუსეთთან ომში ჩაბმას. თქვენი აზრით, თარგამაძე მიზანმიმართულად აქეზებდა მთავარსარდალს საომარი მოქმედებების დასაწყებად?
_ 2008 წლის ზაფხულში, აგვისტომდე გივი თარგამაძე ტელევიზიის ღია ეთერში კატეგორიულად აფრთხილებდა რუსეთს, რომ საქართველოში უკვე გათხრილი იყო საფლავები რუსი ჯარისკაცებისთვის და, თუ ისინი მაინც გაბედავდნენ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმას, აუცილებლად ჰპოვებდნენ სიკვდილს. ამავე დროს, ის მიმართავდა რუს დედებს და აფრთხილებდა, დაეცვათ საკუთარი შვილები... თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავდა ასეთი მიმართვა ტრადიციული სკოლის რუსი გენერლებისთვის...
მიზანმიმართულად იქცეოდა თუ არა? გიპასუხებთ: რამდენადაც მე მას ვიცნობ, თავს ვერ დავდებ, რომ რაიმეს ეს ადამიანი გააზრებულად აკეთებდა ან აკეთებს. იულია ლატინინამაც კი, რომელიც ცნობილია, როგორც სააკაშვილის რეჟიმის თანმიმდევრული აპოლოგეტი, უდალცოვთან ეპიზოდისას, თარგამაძე უპასუხისმგებლო ლოთად, იდიოტად და კლინიკურად ფსიქიკამოშლილ ადამიანად მოიხსენია. რეიგანის მრჩეველი დაგ ბენდოუ, როცა სააკაშვილს «იდიოტ ბავშვს» უწოდებს, გულისხმობს კლინიკურ გადახრას და არა სალანძღავ სიტყვა «იდიოტს». აქაც იგივეა, თუმცა სრული უპასუხისმგებლობა აშკარად სახეზეა. აქვე ლატინინას შევახსენებ, რომ ეს იდიოტი ლოთი და უპასუხისმგებლო ადამიანი, სხვათაშორის, სააკაშვილის მარჯვენა ხელია და მისი მოღვაწეობა იმიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს, რომ სააკაშვილს მოსწონს.
_ რის იმედად იწყებდნენ ომს რუსეთთან?
_ ეს იყო დიდი ავანტიურა, შეიძლება ეს დაუჯერებელია იმათთვის, ვინც ამ ხალხს ახლოს არ იცნობს, მაგრამ მე თარგამაძესაც და სააკაშვილსაც ვიცნობ. მათ მართლა სჯეროდათ, რომ ჩაატარებდნენ «ბლიც-კრიგს», ანუ ელვისებურ ომს. ამ ომის ფარგლებში მთლიანად აიღებდნენ სამხრეთ ოსეთის ყოფილ ოლქს, ისე, რომ რუსეთის მთავრობა ვერაფერს მოასწრებდა; გადაკეტავდნენ როკის გვირაბს, რაც შუასაუკუნეობრივი სიბნელის გამოხატულებაა, რადგან დღეს, როცა თვითმფრინავები და რაკეტები დაფრინავენ, როკის გვირაბი და კავკასიონის ქედი, სამხედრო თვალსაზრისით, არავის სჭირდება, მაგრამ მათ სწამდათ ეს.
მათ ეგონათ, რომ რუსეთის მთავრობა დასავლეთის შიშით ვერ გაბედავდა სრული მასშტაბით თავისი ძალების ამოქმედებას და, როცა დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, დასავლეთი და შეერთებული შტატები სააკაშვილის მხარეს დაიჭერდა. აი, აქედან მოდიოდა ეს მეგალომანია, რომელიც დასრულდა იმით, რომ პანიკაში ჩავარდნილი სააკაშვილი გორში წინ და უკან დარბოდა, მაშინ, როცა აღარაფერი ხდებოდა. ეს არის სრულიად ირაციონალური რამ და ზუსტად ვიცი, რომ თარგამაძე ყოველთვის იყო ამ სამხედრო მოქმედებების მომხრე. საერთოდ უნდა ითქვას, რომ თარგამაძე სააკაშვილის უგუნური, უპასუხისმგებლო, ირაციონალური «ქორების» სიაში იყო. ის არა თუ გააჩერებდა სააკაშვილს, არამედ უფრო წააქეზებდა და უბიძგებდა ომისკენ.
_ რა ხდებოდა ომის დროს ჯარში? ამბობენ, რომ ჯარისკაცებს საკმარისი ტყვიებიც არ ჰქონდათო, ეს მართალია?
_ ტყვიები კი არა, საკმარისი წყალიც არ ჰქონდათ.Aასე რომ, ყველაფერი მართალია და, ვისაც არ სჯერა, შეუძლია რონ ასმუსის წიგნი წაიკითხოს, სხვათაშორის, ეს ადამიანი ეხმარებოდა საქართველოს ნატოში შესვლაში და იგი თავის წიგნში წერს, რომ მართვის სისტემა მთლიანად მოშლილი იყო, რომ ცხინვალში ქართველ ბიჭებს ხელჩართული ბრძოლის დროს მობილურით უხდებოდათ მეთაურებთან და ერთმანეთთან დაკავშირება, ხოლო სამოქალაქო ხელმძღვანელობა წამდაუწუმ ერეოდა ბრძოლის მიმდინარეობაში, რამაც ყველაფერი არია. სამოქალაქო ხელმძღვანელობაში, პირველ რიგში, უგულავა, თარგამაძე და მსგავსი ადამიანები იგულისხმებიან. ეს ამბავი თავის დროზე უცხოელმა დიპლომატებმა მითხრეს.
მინდა გითხრათ ერთი შემზარავი ფაქტი. სამთავრობო წრეებში ცნობილია, რომ გივი თარგამაძე არის ერთ-ერთი, ვინც როინ შავაძისა და დავით ცინდელიანის სადისტური მკვლელობის უკან დგას. გაგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ქალაქ ბათუმში საშინელი წამებით მოკლეს ოფიცერი შავაძე, რომელსაც ყველა ძვალი და ხერხემალი გადამტვრეული ჰქონდა, სხეულში კი 20 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მისი ცხედარი ორ დღის შემდეგ იპონეს. მაშინ თარგამაძე გამოვიდა და საშინელი რამ განაცხადა, რომ შავაძე ნარკოტიკებზე დააკავეს, რომ იგი გაიქცა და ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. შავაძის მეუღლე ყველაფერს ამბობდა, რაც როინ შავაძეს დამართეს, რის გამოც მასზე ტერორი ხორციელდებოდა. ამერიკისა და საფრანგეთის მაშინდელი ელჩების ჩარევამ ეს ქალბატონი გადაარჩინა. გივი თარგამაძე არის სააკაშვილის მარჯვენა ხელი _ ტერორის აღმასრულებელი.
_ გივი თარგამაძე ასევე მხილებულია სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უხეშად ჩარევასა და სხვადასხვა შავბნელ საქმიანობაში, პოლიტიკური პირის მკვლელობის ორგანიზების მცდელობაში. თანაც ის ამას აკეთებდა, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი და არა, როგორც მოქალაქე. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
_ ჩვენ გვახსოვს კადრები, თუ როგორ გეგმავს მთვრალი თარგამაძე უცხო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას, ასევე გვახსოვს მისი სატელეფონო საუბრები კიევში კანონიერ ქურდებთან.…მისი მუქარები, რომ, თუ ისე არ იქნება, როგორც მას სურს, იგი, მსუბუქად რომ ვთქვათ, გადაუვლის ყველას და ა. შ. რა შეიძლება ამაზე ითქვას?! ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, თარგამაძე, კალანდაძე და სხვები ბელარუსში იყვნენ მივლინებულნი. სხვათაშორის, ეს ის ლუკაშენკოა, რომელსაც თარგამაძე, სააკაშვილი და სხვები ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებდნენ.
_ თარგამაძეს და სხვა მაღალჩინოსნებს საკმაოდ მძიმე დანაშაულებში ედებათ ბრალი, როგორ მოხდება მათი დასჯა?
_ მკვეთრად გავყოთ პოლიტიკური შეფასება, რაც სახეზეა და რაც ზედაპირზეა, და რისი მომსწრეც ვართ მთელი ერი; მისი განცხადებები, მისი საქციელი მისი ფიზიკური მდგომარეობა (რომ ის არის ნამდვილად უგუნური, უპასუხისმგებლო ადამიანი და სრულად იმსახურებს ლატინინასეულ შეფასებებს), ეს არის მხოლოდ ერთი მხარე.
მეორე მხარეა გამომძიებლები, სამართალდამცავები დადგენილი სამართლებრივი ნორმების დაცვით რას დაუმტკიცებენ და რას ვერა. თქვენ ვერ მონახავთ ვერც ერთ საბუთს და დოკუმენტს, რომელზეც თარგამაძეს, უგულავას, მერაბიშვილს თუ სხვა მაღალჩინოსანს ხელი ჰქონდეს მოწერილი. ისინი ბრძანებებს და მითითებებს ზეპირად გასცემდნენ და ამით კვალს არ ტოვებდნენ.
მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ისტორიაში მოხდა ძალიან სამარცხვინო რამ, როცა ქვეყნის სათავეში მოვიდა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც თავისი გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო, ავანტიურული ქმედებებით უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას და საფრთხეც კი შეუქმნა მის არსებობას. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ამ ადამიანებმა 2010 წელს გვაჩვენეს «მოდელირებული ქრონიკა», რის შემდეგაც «სქაინიუსმა» მათ ოფიციალურად უწოდა სააკაშვილისა და მისი კლოუნების თეატრი.