სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა ინფლაციის ახალმა მაჩვენებელმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია როგორც ანალიტიკოსებში, ასევე ბიზნესმენებში. იმ დროს, როდესაც ფასების ზრდა შეუჩერებელია, „საქსტატი“ ახალ-ახალ მანიპულაციებს იგონებს ციფრების დასაბალანსებლად.
თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კალკულაციაში კვლავ იყო გათვალისწინებული კომუნალური ტარიფების სუბსიდირების ეფექტი, რომ არა სუბსიდია, ინფლაცია 1.85 პროცენტული პუნქტით უფრო მეტი, ანუ 5.45% იქნებოდა.
კომუნალურების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის გავლენით, თებერვალში 21%-ით შემცირდა ფასები წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ჯგუფში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კომუნალური ტარიფების სუბსიდირების 4-თვიანი პროგრამა 28 თებერვალს დასრულდა და მარტში კომუნალური ტარიფების სუბსიდია აღარ იმოქმედებს, ინფლაციის დონე, ისევ კვლავ მაღალი იქნება.
„რა თქმა უნდა, კომუნალურების სუბსიდირებამ გამოიწვია ის, რომ მთლიანად მაჩვენებელი ინფლაციის, რომელიც არის 3,6% უფრო ნაკლებია, ვიდრე იქნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს გამოწვეულია იმ ღონისძიებით, რაც სახელმწიფომ ჩაატარა გრძელვადიან პერიოდში, არ შენარჩუნდება და ფასები პირიქით, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ხდება ტარიფების გადახედვა, რაც ინფლაციის საერთო დონეზეც იმოქმედებს გაზრდის მიმართულებით“, - განაცხადა „აისეტის“ უფროსმა მკვლევარმა სალომე გელაშვილმა.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სტატისტიკის სამსახური მონაცემების გაყალბებით არის დაკავებული. რომან გოცირიძის აზრით, საქსტატმა რომ ყველა სუბსიდირება გაითვალისწინოს და არ ასახოს ინფლაციის მაჩვენებელში, საერთოდაც დეფლაცია გვექნება.
„სტატისტიკის ეროვნული სამსახური იტყუება, როცა დეკემბრიდან არ ითვლის სახლის ხარჯებს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო და ამბობს, რომ 20%-ით შემცირდა კომუნალურების ხარჯი. ეს მანიპულირებაა. პირველი ტალღის დროს, როცა ასევე დასუბსიდირდა კომუნალურები, ის არ გამოუკლიათ ინფლაციის მაჩვენებლისთვის. სუბსიდირება იყო ოქტომბერ-ნოემბერში და არც მაშინ გახსენებიათ ამ მინუს 20%-ის გამოკლება. დაიწყეს დეკემბრიდან.
რასაც სახელმწიფო ასუბსიდირებს, ინფლაციის მაჩვენებელს რომ ყველაფერი გამოვაკლოთ, დეფლაციაში გადავვარდებით. აპრილში თუნდაც იმიტომ იქნება მაღალი, რომ სუბსიდირება დასრულდება და ასევე, ინფლაციას გაზრდის მონეტარული პოლიტიკაც, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.
ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, სებ-ს შეიძლება წელს მილიარდი დოლარის რეზერვების გაყიდვაც კი მოუწიოს, რომ კურსი ელემენტარულად ამ ფარგლებში შეინარჩუნოს და ეკონომიკა არ ჩამოშალოს. რეზერვებში დალექილი ფული არ არის მარეგულირებლის მიერ გამომუშავებული ან მუქთა ფული.
გარდა ამისა, საპენსიო ფონდის ფული ისევ ბანკებს მისცეს. ასევე 2.5 მლრდ მიდის ე.წ. ლიკვიდობის ფული სებ-იდან ბანკებში. რომ შევაჯამო, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ქმნის სერიოზულ მაკროეკონომიკურ და ფასების ზრდის რისკს და ახლავე უნდა მიხედოს მთავრობამ“, - განაცხადა გოცირიძემ „საქმეში“.
ფასების ზრდის მორიგ ტალღას აანონსებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელიც. ივა ჭყონია ამბობს, რომ გაძვირებული კომუნალური გადასახადები წარმოებული პროდუქციის ფასს, რა თქმა უნდა, კიდევ გაზრდის.
„ეს მაჩვენებელი (ინფლაცია 3,6%) არ ასახავს რეალობას და უახლოეს 2-3 თვეში კიდევ უფრო მძიმე შედეგი გვექნება. ჩვენ ის ეფექტი ჯერ არ მიგვიღია, გაძვირებული კომუნალური გადასახადების გავლენით რამდენით გაძვირდება პროდუქტების თვითღირებულება. სუპერმარკეტებს, საცალო სავაჭრო ობიექტებს, ქსელურ მარკეტებს, საკმაოდ გაეზარდათ ხარჯები გაზზე, ელექტროენერგიაზე. საწვავზე, დაახლოებით, 20%-იანი მატებაა ბოლო თვეების განმავლობაში მაშინ, როცა ყველაფერი ლოგისტიკაზეა მიბმული. ეს მაჩვენებელი (ინფლაციის), ვფიქრობ, 6%-ს გადასცდება“, - განაცხადა ჭყონია და იქვე დასძინა, რომ ფასების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არასტაბილური ეროვნული ვალუტაა. თუკი სიღრმისეულად არ მიეხედა ეკონომიკას, ეს კიდევ უფრო მეტად აისახება ფასებზე.