„არავითარი არჩევნები მათ არ უნდათ, მათ უნდათ ძალაუფლება, კატეგორიულად არ დავუშვებთ სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნებას“

„არავითარი არჩევნები მათ არ უნდათ, მათ უნდათ ძალაუფლება, კატეგორიულად არ დავუშვებთ სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნებას“

ხელისუფლების პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ამისთვის გაიხსნა შესაბამისი ფორმატი და მზად არიან გააგრძელონ ეს ფორმატი. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ერთიან პარლამენტში მუშაობა უნდა გახდეს შესაძლებელი.

„მე პირადად და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის პირადი ახირებისა თუ ინტერესების შესაბამისად. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ ეს ფორმატი. მე იქ გავეცანი და მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი, კონსტურქციული მოსაზრებები.

ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვივარაუდო, ეს დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რათა ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომელიც ზოგადად მუსირებს და ოპოზიციური პარტიების მხრიდან განხილვის საგანია.

„ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა საჯაროდ დავაფიქსირო. პირველი საკითხი შეეხებოდა ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებას, ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ამასთან, ნიკა მელიას ოჯახს და პარტიის წევრებს თუ სურვილი აქვთ, თუ მართლა მათ ინტერესებშია მელიას გამოყვანა, სანამ საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება, აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს და დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო.

მეორე საკითხი ეხებოდა ჩვენი მხრიდან სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, ეს მოიცავს კომპლექსურ საკითხებს, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ საარჩევნო რეფორმა. ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს. მესამე საკითხი იყო ვადამდელი არჩევნები. ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის უცვლელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის ტონი არ მოსწონს ქუჩის ოპოზიციას. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა ხელს არ უწყობს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, ღარიბაშვილის განცხადება ნამდვილად არ იყო პარტნიორების მოლოდინი და დათქმა, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა.

„ჩარჩო–შეთანხმებაში, რომელიც გუშინ მაღალი ხარისხის მედიაციიდან დარჩა, უმნიშვნელოვანესი საკითხებია. პირველი – ეს არის რურუასა და მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები, რაც შემდეგ დათქმით უნდა ჩაიტანონ ევროპაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ასეთი რიტორიკით ეს არ იქნება მარტივი. ასევე, შეხვედრაზე ვისაუბრეთ აქციებთან დაკავშირებით, რომ პიკეტირება აღარ იქნება და აქციები იქნება სხვადასხვა მშვიდობიანი ფორმით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნინო ბურჯანაძე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიწვეული არ იყო, ამტკიცებს, რომ პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით კომპრომისი ვერ იქნება.

„არჩევნები არის მოპარული, გაყალბებული. ყველა დანარჩენ საკითხზე, საარჩევნო გარემოზე, როგორ მივალთ არჩევნებამდე და ასე შემდეგ, ბუნებრივია, შესაძლებელია მოლაპარაკებების პროცესი. ახლა ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. ოპოზიცია ელოდება ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული წინადადების და შეთანხმების თარიღს, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც დღეს უცნაური განცხადება გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, რომ თურმე „წითელი ხაზია“ არჩევნები“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ლევან თარხნიშვილი ამტკიცებს, რომ ახალი არჩევნები ახირება არაა, ეს ერთადერთი გზაა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. მისი თქმით, ოპოზიცია მსჯელობს აქციების ისეთ ფორმაზე, რომ ხელისუფლებამ აქციები მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად ვერ გამოიყენოს.

„ჩვენ ვერ და არ განვიხილავთ მხოლოდ საარჩევნო რეფორმას ცალკე, ჩვენთვის ესაა ერთიანი პაკეტი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის და გარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს იმ პაკეტის ფარგლებში, რომელზეც გუშინ იყო საუბარი. ესაა პოლიტპატიმრების საკითხი, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ის, თუ როგორ მივდივართ ახალ არჩევნებამდე. ახალი არჩევნები ჩვენი ახირება არაა, ესაა ერთადერთი გზა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეგვიყვანა ყველა“, – აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ანალიტიკოსებს. დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი ნათელია, თუ უმრავლესობა პარლამენტს არ ექნება, პარლამენტი არ უნდა შედგეს. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, რასაკვირველია, ოპოზიციას არჩევნები არ აინტერესებს და ის მილიონამდე ამომრჩეველი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, მათთვის არის ზედმეტი ადამიანების ბრბო.

„სინამდვილეში ესენი არიან ბრბო. არავითარი სახელმწიფოებრიობის და სამართლის განცდა მათ არ აქვთ. ცდილობენ, რომ ძალით მიაღწიონ და გაიტანონ თავისი. არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. კონსტიტუცია ამომწურავად განსაზღვრავს ყველა იმ შემთხვევას, როცა ტარდება რიგგარეშე არჩვნები. ის, რომ სააკაშვილი და ეს სანაგვე ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, ეს არ არის საფუძველი იმისათვის, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ეს არის სანაგვე და მეტი არაფერი. საქართველოს კონსტიტუცია განსასზღვრავს როდის ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, ისევე როგორც სასამართლომ გადაწყვიტა მელიას დაკავება“, – აცხადებს ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსის შეფასებით, რიგგარეშე არჩევნები ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არის გამოუვალი სამთავრობო კრიზისი. პარლამენტი მთავრობას აღარ ენდობა და ახალ მთავრობას ვერ ნიშნავს, აქიდან გამომდინარე კრიზისის განსამუხტად სავალდებულო ხდება რიგგარეშე არჩევნები და ამომრჩეველი თავად წყვეტს ვინ იქნება პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი.

„ღარიბაშვილი არის პრემიერ–მინისტრი და თქვა, რომ დათანხმდეს ოპოზიციის მოთხოვნას, ის კანონს დაარღვევს და თვითონაც კანონგარეშე დარჩება. ახლა, არჩევნებს მელია მოითხოვს, სააკაშვილი, ან ის ვიღაცა საბა ბუაძე, ამიტომ არჩევნები არ დაინიშნება, რადგან ეს არის ქვეყნის დაქცევის საბაბი. ეს მათი სტილია. რა თქმა უნდა, ტყუილია ეს ყველაფერი, არაფერი არჩევნები მათ არ უნდათ, მათ უნდათ ძალაუფლება, მათ უნდათ პარლამენტი, სადაც უმრავლესობით იქნებიან და ისინი ანაგარიშს არ უწევენ მილიონამდე ამომრჩეველს, არ აინტერესებთ.

კატეგორიულად არ მინდა ისინი ხელისუფლებაში. პირდაპირ ვამბობ, არ დავუშვებთ სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნებას, ამას ვერ შევეგუებით. სააკაშვილი არის საქართველოს მტერი, ყიზილბაში. განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ ის არის საქართველოს ღია მტერი. რატომ გონია მას, ან ვინმეს, რომ ჩემნაირი ხალხი შეეგუება სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნებას, ეს გამორიცხულია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ანალიტიკოსის სოსო მანჯავიძის შეფასებით, ოპოზიციაში ცდილობენ, რომ გამოიყენონ არსებული წინააღმდეგობები, ჩამოშალონ „ქართული ოცნება“ და მოვიდნენ ხელისუფლებაში.

„რევოლუციის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ ხელისუფლებაში მოსვლა. არჩევნებში გამარჯვება, რომ არ შეუძლიათ, ეს ცხადია. არჩევნები კარგი ინსტრუმენტია მათთვის ხელისუფლების შესაცვლელად. ამ არჩევნებს მოიგებენ თუ რა? თავისთავად ცხადია, რომ ვერ მოიგებენ, მაგრამ არჩევნები რომ დანიშნოს ხელისუფლებამ, ის იქნება სრულიად დემორალიზებული, მოსახლეობის თვალში დაკარგავს ლეგიტიმაციას და ამის იმედი აქვს ოპოზიციას. ამიტომ ფიქრობენ, რომ დაანიშნინონ რიგგარეშე არჩევნები და ბოლომდე ჩამოშალონ, მორალურად გაანადგურონ და ამის შემდეგ მოვლენ ხელისუფლებაში. ეს არის ამათი განზრახვა, რაც რასაკვირველია არარეალურია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.