„ტელევიზიის ის წარმომადგენლები, რომლებიც მთლიანად დანაშაულებრივი ფულით ფინანსდებიან, სხვის ქონებას რომ იკვლევენ, ტრაგედიაა“

„ტელევიზიის ის წარმომადგენლები, რომლებიც მთლიანად დანაშაულებრივი ფულით ფინანსდებიან, სხვის ქონებას რომ იკვლევენ, ტრაგედიაა“

სოსო მანჯავიძის განცხადებით, კოაბიტაციის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებდა, სრული კრახი იყო, რადგან ანალიტიკოსის შეფასებით, ამ პოლიტიკას ქართული სახელმწიფო დაშლისაკენ მიჰყავს. რესპუბლიკელებმა, რომლებსაც 3 მინისტრი ჰყავდათ მთავრობაში, ასევე ჰყავდათ პარლამენტის თავმჯდომარე, უმთავრეს ამოცანად დაასახელეს ნაციონალების გადარჩენა, რაც მანჯავიძის განცხადებით, გააკეთეს კიდეც.

for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ კანონი იქნება აღსრულებული, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება. პრემიერ–მინისტრად არჩევიდან რამდენიმე საათში შს სამინისტრომ სისრულეში მოიყვანა სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც ოპოზიციის მხრიდან შეფასდა, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის დევნა. ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, ღარიბაშვილი იქნება ის მკაცრი ხელი, რასაც ითხოვს საზოგადოება?

სოსო მანჯავიძე: გასაგებია, რომ სამართალი აღსრულდა და მელია დაიჭირეს - კაცი, რომელმაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადა სახელმწიფოს. ისე გამოვიდა, ახალ სახელმწიფოს ქმნიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მაგრამ მელიას დაკავებით რომ პრობლემა არ გადაჭრილა და ახალ ჭრილში გადავიდა, ესეც გასაგებია. რუსთაველზე ვხედავთ პროტესტის კარიკატურას, როდესაც ეს მარგინალიზებული პოლიტკომი აშანტაჟებს ხელისუფლებას, რომელიც ვერაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ.

მაგრამ ფაქტია, რომ სტიმული აკლია ამ პროტესტს...

–ხალხი არ გამოდის ამათ დაძახილზე. ამიტომ დიდი სახალხო პროტესტის იმიტაციას აკეთებენ, რომელიც იყო იმ ცნობილი „კარვების ქალაქის“ დროს, როდესაც გარეთ 150–200 ათასი ადამიანი იდგა, მაგრამ ესენი მაინც არ რეაგირებდნენ. ახლა კი, ვხედავთ, რომ ამის მეასედი ადამიანიც არ არის გარეთ და პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა უნდათ, ულტიმატუმების ენით საუბრობენ.

მეორე მხრივ კოაბიტაციის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებდა, სრული კრახი იყო. ამ არჩეულ პოლიტიკას ქართული სახელმწიფო დაშლისკენ მიჰყავს. აბსურდის თეატია, როცა ერთ დღეს იძახი, რომ საშინელი რეჟიმი იყო, უმძიმესი დანაშაულებები მოხდა, მათ შორის სამშობლოს ღალატი და მეორე დღეს ამ ხალხს პარლამენტში ეპატიჟები და მწუხარებას გამოთქვამ რატომ არ შედის ეს ხალხი საკანონმდებლო ორგანოში. 8 წელია ეს პროცესი მიმდინარეობს.

ერთი ადამიანი მეორეს ტრიბუნიდან მკვლელებს და კანიბალებს ეძახის, მეორე წუთში ძვირფას კოლეგებს. არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ერთდროულად იყოს პოლიტიკურ–ლეგალური, ამავე დროს კრიმინალური. თუ კრიმინალურია, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური და პირიქით. ასეთი ტერმინების აღრევასთან გვაქვს საქმე.

გასაგებია, ირაკლი ღარიბაშვილს პიროვნული პოზიცია აქვს, მაგრამ გავიხსენოთ, მან მიიღო მონაწილეობა კასრების აღმოჩენაში, მაგრამ რა მივიღეთ? ეს კასრების კადრები განადგურდა, ისევ მისივე შს მინისტრობის დროს. ამავე დროს გვეუბნებიან, რომ იქ აღმოჩენილი იყო ადამიანისთვის სრულიად წარმოუდგენელი დანაშაულებები.

ეს წარმოუდგენელი დანაშაულებები თავისით ხდებოდა? იმ დანაშაულებებს ხომ მთელი ეს სისტემა ქმნიდა და მერე, რომ ნივთმტკიცებას ანადგურებ, ეს სად წერია?! შედეგად მივიღეთ ეს სურათი. ძალიან კარგი თუ ირაკლი ღარიბაშვილი შეეცდება ამის გამოსწორებას, ამას მივესალმები, მაგრამ უკვე რთულია. ძალიან მძიმე პროცესია, ღრმად არის წასული ეს სისტემური აბსურდი, რომელიც ქვეყანაში 8 წელია მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, სოსო თოფურიძე, ძმები ახალაიები, რომა შამათავა, ყველა ამ გახმაურებულ საქმეზე გამოძიება სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში დაიწყო. ამის შემდეგ ყველა საქმე გაიყინა, ეს კოაბიტაციას დავაბრალოთ?

– რა თქმა უნდა.

კოაბიტაციის პირობებში ახლა როგორი იქნება ღარიბაშვილის პრემიერ–მინისტრობა?

– მე, მინდა ვუსურვო წარმატებები, ღმერთმა ქნას დაძლიოს წინააღმდეგობები, რომელიც შექმნილია, მაგრამ პროცესები უკვე ღრმად არის შესული. მე თუ მექნება საშუალება ყველანაირად დავეხმარებოდი, ვნახოთ.

11 კარავია გაშლილი პარლამენტის შენობის წინ. შეძლებს კი ოპოზიცია პროცესების რადიკალიზაციას, რაც რეალურად არის მათი მიზანი?

– რის რადიკალიზაციას შეძლებს ოპოზიცია, როდესაც ყველას ერთად 2 000 კაცზე მეტის გამოყვანა არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ტელევიზია ჰყავთ რევოლუციურ რეჟიმში გადაყვანილი და ამდენი ბაქი–ბუქისა.

რასთან გვაქვს საქმე?

– იზოლირებული არიან ხალხისგან. ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას უბრალოდ, სძულს ოპოზიცია. ისინი არიან ტოქსიკურები, მათ დაძახებაზე ხალხი ქუჩაში არ გამოდის. პრობლემა იცით რა არის? – „ქართულ ოცნებაში“ არიან დაჯგუფებები, რომლებიც ამ ტოქსიკურ, ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან თანამშრომლობენ და იდეურად ერთნი არიან. პრობლემა ის არის, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ აგრძელებს და იგივე მიდგომები აქვს, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ – ეკონომიკური, სოციალური, კულტურული მიმართულებით. ესენი აგრესიულები არ არიან და ძალადობით არ ახორცილებენ ამ კურსს. კარგია ისიც, რომ 9 წლის განმავლობაში უზრუნველყვეს მშვიდობიანობა, რასაც საყვედურობს მათ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთაც მიაჩნიათ საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გახდეს ბასრი იარაღი რუსეთთან მიმართებაში.

დღეს, ოპოზიცია გათამამებულია და ეს მათი ტონალობიდან ჩანს. ამის მიზეზი არის თვითონ გამოძიების უმოქმედება? შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით რამდენჯერმე აღიძრა საქმე, მაგრამ ეს საქმე მხოლოდ მოწმეთა დაკითხვით შემოიფარგლა. დღეს, ეს ოპოზიცია აცხადებს, რომ აქვთ დასავლეთის მხარდაჭერა და მეტიც, 11 კარავი გაშალეს პარლამენტის შენობის წინ და იგივე ბოკერია აცხადებს, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება...

– ესენი არიან სრულიად გაკოტრებული, ტოქსიკური, აბსოლუტურად გაუნათლებელი და ზნეობრივად დაცემული ადამიანები, რომელთაც არ აქვთ არავითარი მხარდაჭერა, გარდა მათნაირებისა. სხვა თემაა, რომ „ქართულ ოცნებაში“ იგივე შემადგენლობის ხალხი მხარს უჭერს მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი ხანი ესენი არავითარ შემთხვევაში არ იარსებებდნენ. „ოცნება“ ჰომოგენური არ არის, იქ არიან ნორმალური და პატივსაცემი ადამიანები, მათ შორის მიმდინარეობს ბრძოლა და ეს ბრძოლა ხორციელდება მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მედია რესურსების გამოყენებით. ერთამენთს უშვებენ ხან ელისო კილაძესთან, ხან მელაძესთან. ერთმანეთს ებრძვიან ამათი საშუალებით, სხვაგვარად ვერ წარმოუდგენიათ არსებობა და ამაშია საქმე. საქმე გვაქვს ასეთ ტოქსიკურ ნაერთთან და მართვის სქემასთან. „ქართული ოცნების“ ეს ნაწილი, ვისზეც მე ვსაუბრობ, სრულიად შეგნებულად მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტად, რომ არჩევნებში მუდამ გამარჯვებული იყოს. ჩვენ ხომ ვიცით ეს ყველაფერი. ირაკლი ღარიბაშვილი რამდენად შეძლებს ამ წრის გარღვევას, ამას დრო გვაჩვენებს.

როგორ ფიქრობთ, შეძლებს ამ წრის გარღვევას, მათ შორის დასავლეთთან ურთიერთობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძარაობამ“ ვერ შეძლოს დასახული მიზნის მიღწევა, ანუ, ვერ შეძლოს ხელისუფლების დამხობა?

– ამ სისტემის პირობებში რთულია, მაგრამ უნდა შეძლოს ამ სისტემის გარღვევა. თუ ვერ შეძლებს, შეიწირავენ. დასავლეთის მიმართულებით რომ არაფერი არ კეთდებოდა, არ ვიცით? გავიხსენოთ რა თქვა ლინკოლნ მიტჩელიმ – „ვაშინგტონში მარტო ერთი მხარის ხმა ისმის. ძირითადი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ვერსია“. ეს რას ნიშნავს? აშშ–ში და დასავლეთში ჩვენი საელჩოები მუშაობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გავრცელებაზე, რის შედეგებსაც ვხედავთ.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნება მძიმედ აღიქვა ოპოზიციამ. ოპოზიციურ მედიაში ისევ გაჩნდა ტერმინები – „კახური კლანი“, „კორუფცია“, „ბიზნესინტერესები“, „რუსეთთან კავშირები“ და ა.შ. როგორც ვიცით, ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს, ძალიან კარგი კონტაქტები დაამყარა აშშ–თან. ძალიან კარგად იცნობენ ნატოში და კიდევ უფრო ინტენსიური გახდა და განვითარდა ნატოსთან ურთიერთობები, პანტაგონთან კავშირები. ღარიბაშვილის ანგარიშზეა ევროპოასთან ასაოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, სად ჩანს ღარიბაშვილის რუსული კავშირები?

– საერთოდ, ვინ ლაპარაკობს კორუფციაზე და პრორუსულობაზე, ეს ხომ ყველაფერი არის ცრუ პროპაგანდა. ჯერ ერთი, ვინ აფინანსებს „ტვ პირველს“, „ფორმულას“ „მთავარს“? – ეს კითხვები რატომ არ ისმის. რომელ რუსულ კავშირებზე საუბრობენ ესენი. თქვენ, ჟურნალისტები რატომ არ სვამთ კითხვას, რამდენი აქვს ხელფასი ნოდარ მელაძეს, ინგა გრიგოლიას, ნიკა გვარამიას და ამ „სამშობლოსთვის თავგანწირულებს“?

მოიძიეთ და გამოაქვეყნეთ მათი შემოსავლები, საიდან აქვთ მათ შემოსავლები ამ პატარა ქვეყანაში? ლეგალურია ეს შემოსავალი? რატომ არ ინტერესდება ამ საკითხით აუდიტის სამსახური? საერთოდ. „ქართულ ოცნებას“ მთელი უწყებები, რომ ნაცებით ჰყავს გამოტენილი, რატომ არ ინტერესდებიან? სადაა ეს თაროზე შემოდებული საქმეები? პათოლოგიურ ვითარებაში რომ გვაცხოვრებენ, ეს ნორმალურია? რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ.

ვნახოთ, ვინ იკვლევს ღარიბაშვილის ქონებას? ეს ხომ სასაცილოა. საერთაშორისო კორუფციის ქსელი არის საქართველოში, რომელსაც „კრიშავს“ ეს მეხუთე კოლონა, რომელმაც მოწამლა მთელი საქართველო. ახლა ლაპარაკობენ იმაზე, რომ თურმე რუსეთში ღვინის გატანა დანაშაული ყოფილა. 125 ჰექტარზე ვენახი რომ ჰქონიათ, ამიტომ ყოფილა ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი საქართველოში, ეს რა სისულელეა! 125–იც აქვთ, 1000–იც და კიდევ მეტი აქვთ და ვისაც აქვს, იმათაც ჩამოგითვლით. არსებული კანონით ლეგალურად აქვს ძალიან ბევრს ადამიანის შეძენილი ბევრად უფრო მეტი მიწის ნაკვეთი.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ტელევიზიის ის წარმომადგენლები, რომლებიც მთლიანად დანაშაულებრივი ფულით ფინანსდებიან, ესენი რომ სხვის ქონებას იკვლევენ, ეს არის ტრაგედია. დიახ, ტრაგედიაა ის, რომ ესენი სხვის შემოსავალზე და პრორუსულობაზე საუბრობენ. რომელი სცეპსამსახურები აფინანსებენ ამათ, იქნებ ისინი, ვისთანაც კავშირს სხვას აბრალებენ? ყველაზე მეტად ისინი ყვირიან რუსულ კავშირებზე, რომლებსაც ფული სწორედ რუსეთში აქვთ ნაშოვი, დღემდე რუსული ფულით ფინანსდებიან და ახლაც რუსეთში შოულობენ ფულს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს კობა ნაყოფია, ვანო მერაბიშვილი, თემურ ალასანია, ძმები ყარამანიშვილები, რომელთა კავშირები რუსეთთან ცნობილია...

– ესენი ვისზე ლაპარაკობენ საერთოდ? სისხლი დაღვარეს და ასე ჩააბარეს ყველაფერი რუსეთს, მათ შორის მთელი ეკონომიკა, სტრატეგიული ობიექტები. ტელეკომპანია „პიკი“ გახსნეს, მერე აღმოჩნდა, რომ ყველა იქ დასაქმებული „ფეესბე“-ს აგენტი აღმოჩნდა, თავად აღიარეს, არ გვახსოვს? რომელი ერთი ჩამოვთვალო. ძალიან მარტივი მეთოდია, ძალიან უნდა გამოიჩინო თავი ანტირუსული რიტორიკით, იმის დასამალად, რომ სინამდვილეში რუსეთზე მუშაობ. რა უნდა რუსეთს საქართველოში? – დასუსტდეს საქართველო. ვინ ასუსტებს არ ჩანს? ვის პერიოდში ჩაბარდა ტერიტორიები არ ჩანს? ვის პერიოდში და როდის ჩაბარდა რუსეთს ენგურჰესი? ვინ გადასცა სტრატეგიული ობიექტები? ვინ დადო მონური ხელშეკრულებები რუსეთთან? ეს ხომ ყველამ ვიცით.

2008 წელს რაც ჩაიდინეს თავისი ჰალსტუხის ღეჭვიდან და ფორთხიალით, ჯარის მიტოვებით, ამდენი მსხვერპლით, დაკარგული ტერიტორიებით, მერე წითელ ხიდს მიაწყდნენ და გარბოდნენ, ამის მაყურებელი ადამიანი კიდევ, რომ მაგათ უჭერს მხარს, სამკურნალოა. ასეთი ტიპის უტიფარი და გარეწარი ძალა, არ ვიცი. ჩვენი უდიდესი პრობლემაა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ ქვეყანაში და მათ ჰყავთ მხარდამჭერები. სამწუხაროდ, ჩვენს თვალწინ ხდება ეს ყველაფერი.

ძალიან მარტი კითხვაა – რატომ არ ხდება თქვენს მიერ ჩამოთვლილი საქმეების გამოძიება?

– იმიტომ, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაარსა „ქართული ოცნება“, „ოცნების“ დიდი უმრავლესობა იყო იქ შეგზავნილი, რაც გამოჩნდა შემდეგ მოვლენების განვითარებით. ვისი შეგზავნილი იყო – კუდ–ის, სოდ–ის და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის. ეს აგნეტურა იყო შეგზავნილი, რომელზეც არსებობდა კომპრომატები და არა მარტო შეგზავნილი იყვნენ, არამედ ისინი დაწინაურებული იყვნენ „ოცნების“ მიერ. ამ კომპრომატებიანმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩაეშალათ ყველა სისხლის სამართლის საქმე.

რესპუბლიკელებმა, რომლებსაც 3 მინისტრი ჰყავდათ მთავრობაში, ასევე ჰყავდათ პარლამენტის თავმჯდომარე, უმთავრეს ამოცანად დაასახელეს ნაციონალების გადარჩენა და გააკეთეს კიდეც. იმიტომ, რომ მარტის ძაღლებივით კუდებით იყვნენ ერთმანეთთან გადაბმული. მივიღეთ ეს ფანტასმაგორიული სურათი, რომელიც გვაქვს.

მე ვიყავი ციხის კადრების გავრცელების ერთ–ერთი ორგანიზატორი. ვიცი, ვინ რითი სუნთქავდა ე.წ. ოპოზიციაში, როგორ მუშაობდნენ მიშასთან და როგორ გამდიდრდნენ. ახლაც იგივეა. ეს ხალხი არასად არ წასული. ეს არის კოაბიტაციის რეალური სახე. გასაგებია, რომ ამ სიმართლის თქმას ყველა ერიდება. ვიღაცა ვიღაცის ახლობელია, ან შვილის ნათლია და ა.შ. ყველაზე უფრო რევოლუციური ტელევიზიის ყველაზე უფრო სკანდალური წამყვანის ქალიშვილის ქორწილში ყოფილი და მოქმედი პრემიერ–მინისტრები ერთმანეთს ჭიქებს უჭახუნებდნენ; საჯაროდ ერთმანეთს აკრიტიკებენ, ხოლო მეორე წუთში ერთად მღერიან „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა“ –ს. ამას რა თქმა უნდა, თან ახლავს ერთობლივი ფულის კეთების პროცესი. აი, ეს არის საქართველო. ვისაც პრინციპული პოზიცია უკავია, ისინი ხდებიან ორმაგი დარტყმის ობიექტები.