„მეგობრებს, მით უმეტეს, როდესაც რეგიონში ის შენი ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა, სანქციების ენით, ალბათ, არ უნდა ელაპარაკო“

„მეგობრებს, მით უმეტეს, როდესაც რეგიონში ის შენი ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა, სანქციების ენით, ალბათ, არ უნდა ელაპარაკო“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. მეტიც, შარლ მიშელის ინიციატივით, 1-ელ მარტს მხარეთა შორის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგა, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებმა მოსაზრებები გაცვალეს. შესაბამისად, ეს შესაძლოა იყოს ერთგვარი ძვრა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.

ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ერთგვარი სიგნალია, როგორც „ქართული ოცნებისთვის,“ ასევე ოპოზიციისთვისაც. შესაძლოა, მოხდეს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, განხილულ იქნა სხვადასხვა მნიშვნლოვანი საკითხები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და მსგავსი შეხვედრა მხარეთა შორის გაგრძელდება.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრით დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ოპოზიციიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის მოგვესმინა და გავიგეთ, რომ ბევრი საკითხია, რომლებიც პოლიტიკური პირების მიერ უნდა გადაიჭრას. მე ევროკავშირის მხარდაჭერას ვთავაზობ განსხვავებულ საკითხებზე ყველა პოზიტიური ძალისხმევის გასაძლიერებლად. ორ კვირაში ბრიუსელში ჩვენ გვექნება შემდეგი ასოცირების საბჭო საქართველოსთან ერთად, სადაც გაირკვევა, თუ რა წინსვლა მოხდა სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. მთავარი გზავნილი შემდეგია: ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დამცველია. ამ ქვეყანაში ბევრი რთული გამოწვევაა: ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, „კოვიდ-19“, უსაფრთხოება, სტაბილურობა. ეს არის ძალიან არსებითი გამოწვევები, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც არის სასწრაფო პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა.

ამ საღამოს მე ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა. ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს რთული საკითხები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებმა და მთავრობამ უნდა განიხილოს. ეს ნიშნავს, როცა მე ყველა მონაწილეს მივმართე შეკითხვით, რომ ჰქონდათ თუ არა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების სურვილი, რათა ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ამაზე პასუხი იყო მკაფიო – დიახ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური ძალისხმევის მხარდაჭერას“, - განაცხადა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვისაც ერთგვარი სიგნალია. ამასთან, როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, საუბარი იმის შესახებ, თითქოს საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე სანქციებს დაუწესებს, არასწორია.

„მიშელის ვიზიტი თანაბარწილად შეიძლება აღიქვას სიგნალად, როგორც „ქართულმა ოცნებამ,“ ასევე ოპოზიციამ. ევროპა შეშფოთებულია საქართველოში შექმნილი მდგომარეობით. არ უნდა, რომ ეს მდგომარეობა გამწვავდეს და უკონტროლო პროცესებში გადავიდეს. შესაბამისად, ის ცდილობს, რომ ორივე მხარეზე მოახდინოს გარკვეული ზეგავლენა, რომ მოხდეს კრიზისის განმუხტვა და პროცესები გადავიდეს ცივილურ, კონსტიტუციურ ჩარჩოში.

ვისზე მოახდეს ბატონი მიშელი უფრო მეტ ზეწოლას, ოპოზიციაზე თუ ხელისუფლებაზე, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ხელისუფლების პასუხისმგებლობა უფრო მეტია, შესაბამისად, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სიტუაციის განმუხტვაში.

ოპოზიცია სასურველს სინამდვილედ ასაღებს ხშირად. რომც მიდიოდეს საუბარი სანქციებზე, ეს საუბრები შესაძლოა, საუბრებად დარჩეს. სანქციებს, როგორც წესი, უწესებენ ხოლმე მოწინააღმდეგებს და სტრატეგიულ მეტოქეებს. მეგობრებს და მოკავშირეებს, მით უმეტეს, როდესაც რეგიონში შენი ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა, მას სანქციების ენით ალბათ, არ უნდა ელაპარაკო. ცალკეული კონგრესმენები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მიმართ სიმპათიით არიან გამსჭვალული, ლაპარაკობენ სანქციებზე, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს არის კონგრესში ჩამოყალიბებული მოსაზრება?!“ - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ შარლ მიშელის ვიზიტმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა განმუხტოს.

„ევროკავშირი მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემების მოგვარებით. დასავლეთის დემოკრატიული სამყარო შეშფოთებულია ნიკა მელიას დაპატიმრებით, რადგან ქვეყანაში დემოკრატიას გარკვეული პრობლემები ექმნება. უფრო მეტი ფოკუსირება, ალბათ, მოხდება მელიას გათავისუფლებაზე. მინიშნება იქნება მმართველი ძალისთვის, რომ აბსოლუტურად მიუღებელია დასავლეთისთვის პოლიტიკური პარტიის შენობის შტურმით აღება და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge

mamago გაიტანეთ ეს ჩიტი აქედან!
3 წლის უკან