"მე და ბუტა ორი წლის დამეგობრებულები ვიყავით, ერთ ჯგუფში ვსწავლობდით, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე. იმ საბედისწერო დღეს მეგობრებმა გიორგობის აღნიშვნა გადავწყვიტეთ, ბუტასაც დავურეკეთ, შინ გავუარეთ და ჩვენთან ერთად წამოვიდა. ექვსნი ვიყავით: ბუტა, ლევან დანგაძე, კახა აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე და მე. ერთ-ერთი ჩვენგანის ოჯახში დაახლოებით 2 საათს გავჩერდით, მაგრამ არ დაგვილევია და 12 საათისთვის შინ დაბრუნება გადავწყვიტეთ. აზარიაშვილის მანქანით ვიყავით... ჯერ ბუტა უნდა მიგვეყვანა წერეთლის გამზირზე, ეკლესიასთან ნელა მოძრავ პატრულის ავტომობილს გავუსწარით, გაგვაჩერეს და ვინაიდან ვიწროდ ვიჯექით, ყველანი გადავედით. პოლიციელებს გიორგობა მივულოცეთ, თან გვაინტერესებდა, რატომ გაგვაჩერეს. გვითხრეს, არაფერია, უბრალო შემოწმებააო და კორექტულად მიგვითითეს უმნიშვნელო დარღვევაზე. ამასობაში მოვიდა პატრულის მეორე მანქანა, საიდანაც გადმოვიდა გრიგოლ ბაშალეიშვილი, რომელიც უცნაურად და აგრესიულად იქცეოდა. მერე და მერე, როდესაც შეგვაგინა და შუბლზე იარაღი დაგვადო, ვიგრძენი ალკოჰოლის სუნი, აშკარად ნასვამი იყო", - აცხადებს ბუტა რობაქიძეს მეგობარი ირაკლი მიქაბერიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "როგორ მოკლეს ბუტა რობაქიძე" / "ბუტა რობაქიძის მეგობარი საბედისწერო ღამის დეტალებს იხსენებს".
"დაძაბულობა მეორე ეკიპაჟის მოსვლამ გამოიწვია. ბაშალეიშვილი მანქანიდან იარა¬ღით გადმოვიდა, მოსულებმა არც იცოდნენ, რა ხდებოდა. დაგვიწყეს გინება, პოლიციელები თან გვჩხრეკდნენ, თან სათითაოდ იარაღს გვადებდნენ. გვიბრძანეს, მიწაზე დაწექითო. აი, ამ არეულობაში გაისროლა გრიგოლ ბაშალეიშვილმა. თავდაპირველად მეგონა, რომ ჰაერში გაისროლეს ჩვენს შესაშინებლად, რას ვიფიქრებდი, გამიზნულად თუ ესროდნენ ვინმეს. ლევან დანგაძემ, რომელიც ჩემს გვერდით იწვა, როცა დაინახა, რაც მოხდა, ყვირილი დაიწყო, სასწრაფო დახმარებას ითხოვდა", - აღნიშნა გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მიქაბერიძემ.
"ბაშალეიშვილმა ხელებაწეულ ბუტას მარცხენა იღლიაში ესროლა... ბუტა ზურგით იდგა და როდესაც პოლიციელმა შეაგინა, შემოტრიალდა და უთხრა, რატომ იგინებიო. ამ გინება-გინებაში გამოჰკრა ბაშალეიშვილმა სასხლეტს ხელი - გინება და გასროლა ერთდროულად მოხდა. ეს არ იყო შემთხვევითი გასროლა. არ ვიცი, რით იყო გაბრუებული ეს ადამიანი, მაგრამ ფაქტია, რომ უმიზეზოდ დახვრიტა კაცი. შემდეგ დაიწყეს ჩვენი წიხლებით ცემა და გინება. მიწაზე დაწოლილებს წიხლებს ხან სახეში გვირტყამდნენ, ხან - გვერდებში. ვერაფერს ვხედავდი, ხელზე ბორკილები, თავზე კი იარაღი გვედო, გვერდით არც გვახედებდნენ. ბუტა მგონი, ადგილზე დაიღუპა. სასწრაფო რომ მოვიდა, თქვეს, გარდაცვლილიაო, პატრულის თანამშრომლები მათ მოსვლამდეც საუბრობდნენ ამაზე. ცემის შემდეგ ფეხზე წამოგვაყენეს და უამრავი პოლიციელი დავინახე - ფორმიანიც და უფორმოც", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სწორედ დონაძე და მიქაძე აკონტროლებდნენ, ვისთვის რა იარაღი უნდა ჩაედოთ, რა და როგორ გადაეღოთ. ჩვენ იარაღის მსგავსი არაფერი გვქონია, მაგრამ რამდენიმე წუთში ადგილზე უამრავი იარაღი გაჩნდა - პისტოლეტები, ავტომატები, ტყვიები და ნიღბები, დაახლოებით 200-მდე იარაღი და ტყვია-წამალი. მოკლულ ბუტასაც დაუდეს გვერდით ავტომატი და გადაიღეს. ბოლოს, ყველა იარაღი ერთად მანქანის საბარგულზე დააწყვეს. სამი საათის განმავლობაში ვიწექით მიწაზე, მაგრამ სულ ბუტაზე ვფიქრობდი, ნეტა, ცოცხალი იყოს-მეთქი. ვინაიდან გვიანი იყო და გამვლელ-გამომვლელები არ ჩანდნენ, მიქაძე და დონაძე ტაქსის მძღოლებს აჩერებდნენ და სთავაზობდნენ, მოწმედ დაგვიდექით, ესენი ყაჩაღები არიან, ხვალ სახლში შემოგივარდებიანო. ბევრმა უარი თქვა, მაგრამ, მგონი, მაინც იპოვეს ცრუ მოწმე", - ამბობს ირაკლი მიქაბერიძე.
"შოკში ვიყავი, ვინაიდან ბუტას მე დავურეკე და გარეთ გამოვიყვანე... როცა შენ მიერ გარეთ გამოყვანილ მეგობარს გიკლავენ, ამაზე საშინელი არაფერი ყოფილა... მიქაძემ ტელეეთერში განაცხადა, ახალგაზრდებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწიეს და ამიტომ გავხსენით ცეცხლიო. მერე თქვეს, რობაქიძეს იარაღი არ ჰქონია, არც წინააღმდეგობა გაუწევიაო. ბაშალეიშვილმა კი თავდაპირველად თქვა, ყაჩაღები იყვნენ, წინააღმდეგობა გაგვიწიეს და ამიტომ ვისროლეო, სასამართლოზე განუცხადებია, შემთხვევით გამივარდაო. ბაშალეიშვილი იმას იმეორებდა, რასაც დაავალებდნენ. ყველანი დასასჯელები არიან. ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭს კლავ და თან ბანდიტის იარლიყს აკერებ? თავის გადარჩენის მიზნით, მიქაძეებმა და დონაძეებმა რაც უნდა თქვან და რა კადრებიც უნდა ეძებონ, თავს ვერ გაიმართლებენ. ახლა, როცა მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ყველა ეცდება, ერთმანეთს გადააბრალოს დანაშაული. ბაქრაძემ პირადად ჩაუდო აკაკი ბართაიას "ლიმონკა", შარვალი გამოუწია, ეგონა, ჯიბეში უდებდა, მაგრამ ტოტიდან გამოვარდა. შემდეგ ჩართეს კამერა და "ამოიღეს ნივთმტკიცება". ამ ყველაფერს დონაძე და მიქაძე კურატორობდნენ, ისინი ანაწილებდნენ, ვისთვის რა იარაღი დაედოთ და რა ჩაედოთ. გამოძიებიდან გაირკვა, რომ ამ საქმეში ბევრი ადამიანი იყო ჩართული - დაწყებული სამმართველოს უფროსიდან, კრიმინალური პოლიციის უფროსით დამთავრებული", - განმარტავს რესპონდენტი.
"იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლი წაგვიყენეს. მოსამართლე შარაძემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, რომ წინასწარი ძიების მიმდინარეობისას საპატიმროში ვყოფილიყავით და ყველანი გაგვიშვა. როგორც შევიტყვე, ამ გადაწყვეტილების გამო ის მალე გაათავისუფლეს. როგორც კი გამოგვიშვეს, მეორე დღეს სასამართლოში გამოგვიძახეს და ისევ ძველი ბრალი დაგვიტოვეს. მე და დანგაძე არ დაგვაპატიმრეს. ქურდაძე, ბართაია და აზარიაშვილი კი ციხეში გადაიყვანეს. ბართაია ერთ თვეში გაათავისუფლეს, ხოლო ის ორი - 5 თვის შემდეგ. გვემუქრებოდნენ - დანაშაული აღიარეთ და მდგომარეობა შეგიმსუბუქდებათ, თან დაჭერილ ბიჭებს გამოვუშვებთო. სამართალდამცველების და ჩვენი კეთილდღეობისთვის უნდა გვეცრუა, რომ ბუტა ყაჩაღი იყო და იარაღი ჰქონდა?! ამას არასდროს ვიტყოდით... ახლახან პროკურატურამ ყველას მოგვიხსნა ბრალდება და დაზარალებულის სტატუსი მოგვენიჭა", - დასძენს ირაკლი მიქაბერიძე.