„გამოვიდეს ზალკალიანი და თქვას, ვინ აიძულებდა, რატომ ჰყავს ნაცების აქტივისტები სამინისტროში და საელჩოებში?!“

„გამოვიდეს ზალკალიანი და თქვას, ვინ აიძულებდა, რატომ ჰყავს ნაცების აქტივისტები სამინისტროში და საელჩოებში?!“

გიორგი გახარიას მოულოდნელი წასვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტ–საბჭომ პრემიერ–მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელსაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა. ამ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი სახეა – თავდაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრები. პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის ძირეული ცვლილებისგან, ამ ეტაპზე, თავი შეიკავა, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, სწორი გადაწყვეტილება იყო.

როგორც ცნობილია, პარლამენტს მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ ყალიბდება. უკვე ცნობილია, რომ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნება. სწორედ ამ სტრუქტურული ცვლილების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო ცვლილებას განახორციელებს.

for.ge–ს ინფორმაციით, მთავრობას დატოვებს ეკონომიკური გუნდი, მათ შორის განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რომელიც ამ ეტაპზე ვიცე–პრემიერის თანამდებობასაც ითვისებს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ზალკალიანის განთავისუფლება საპარლამენტო არჩევნებამდეც იყო გადაწყვეტილი, მაგრამ მაშინ ცვლილების ვადამ დროებით გადაიწია. გახარიას ხმაურიანი წასვლის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ პირველ რიგში სწორედ დავით ზალკალიანი დატოვებდა მთავრობას, მაგრამ ცვლილების ვადამ ამ ეტაპზეც გადაიწია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ ერთ–ერთი წარუმატებელი უწყებაა, ეს იმ წერილებითაც დასტურდება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისგან და ასევე სტრატეგიული პარტნიორი აშშ–ისგან იღებს. დავით ზალკალიანის უწყება ამ დრომდე ინარჩუნებს „ნაციონალური მოძრაობის“ კადრებს, მათ შორის დიპლომატიურ სამსახურში.

სწორედ ზალკალინის უწყებაში იყო დასაქმებული საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ივერი მელაშვილი, რომელსაც გამოძიება „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებას“ ედავება.

საგარეო უწყების თანამშრომელია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად, სადემარკაციო–სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე, რომელიც for.ge–ს ინფორმაციით, დავითგარეჯის საქმეზე ბრალდებულების მხარდასაჭერ აქციებს კოორდინირებას უწევს. ასევეთივე ვითარებაა დიპლომატიური კუთხითაც და ამის დასტურია დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიგი გიგიაძე, რომელმაც დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მეტიც, გიგიაძე ამტკიცებდა, რომ მელაშვილი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტია.

„წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება“, – დაწერა გიგი გიგიაძემ.

ის ფაქტი, რომ დიპლომატიურ კორპუსში და მათ შორის სამინისტოროებში, წამყვან თანამდებობაზე ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან დასაქმებული, რაც ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს, ამის შესახებ ჯერ კიდევ for.ge–სთან საუბრისას 2016 წელს საუბრობდა ყოფილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი, თემურ ბასილია. ბასილია ამბობდა, რომ   ხელისუფლებაში ზის ხალხი, რომელიც მიშას დაბრუნებას ელოდება.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, ვაშინგტონში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც მეც ვმონაწილეობდი, იყო ჩამოსული საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ძირითადად, მინისტრის მოადგილეებით დაკომპლექტებული და ეს ადამიანები მოუთმენლად ელოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას და ღიად ლაპარაკობდნენ ამაზე. მეორე დღეს, ისევ იყო ღონისძიების გაგრძელება და ეს ხალხი იქ ცხვირჩამოშვებული და ნაწყენი დადიოდა, რომ არჩევნები „ოცნებამ“ მოიგო“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას მაშინ თემურ ბასილიამ.

for.ge–სთან საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ამბობს, რომ სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მრავალი წელია დაემსაგავსა პროტოკოლის სამსახურს და ასრულებს ცერემონიალურ ფუნქციებს. მისი თქმით, ვერ ხერხდება ქვეყნის ჩართვა საგარეო პოლიტიკური რეგიონალური მასშტაბის პროექტებში, რომ არაფერი ვთქვათ ასეთი პროექტების ინიცირებაზე.

„ტრაგიკულად ვერ მივიჩნევ სხვადასხვა პარტიული მუშაკების ყოფნას, თუ სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე, შეუძლია თავისი კურსი გაატაროს და ნებისმიერი ადამიანი გამოიყენოს ამ კურსისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით ხდება. მიდგომა არის ნიჰილისტური – ოღონდ არაფერი არ გავაფუჭოთ. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომით დიდი საქმეები არ კეთდება. ბევრი პოტენციური პროექტი არსებობს, რომლის განხორციელება შეუძლია საქართველოს. ჩვენს გარშემო ყველა მსჯელობს რეგინალური მოწყობის ფორმატებზე, ერდოღანმა ახსენა „ექვსეული“; ალიევმა ისაუბრა „სამს პლუს სამი“, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი დიპლომატია დაპაუზებულია. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი რეალობა. ეს ბოლო რამდენიმე მინისტრის მუშაობის სურათია. ამასთან შეგუება არ არის სწორი.

ძალიან ძლიერი კადრები გვყავს. თუნდაც დღესაც იგივე საელჩოებში, მაგრამ მათი პოტენციის გამოყენება არ ხდება, რადგან, ელემენტარულად, ელჩი თვითშემოქმედებით ვერ დაკავდება, მას სჭირდება აბსოლუტურად მკაფიო დირექტივა მოქმედებისთვის, რაც ცენტრიდან არ მიდის, რაც ქმნის ინერტულობას, პაუზას, რომელიც ქართულ დიპლომატიაში დღეს გვაქვს“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და მათ შორის დიპლომატიური კორპუსი, რომ მოწოდების სიმაღლეზე არ არის, ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ეს გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში, როდესაც დასავლეთიდან და აშშ–დან წამოვიდა ნეგატიური წერილები.

როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი პრობლემა ის არის, რომ შეისრუტეს ის კადრები, რომლებიც დაკავშირებული არიან ნაციონალებთან. ანალიტიკოსი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იმდენად პრობლემას ვერ ხედავს, რამდენადაც პრობლემას ხედავს საკადრო თვალსაზრისით.

„რასაკვირველია, ესენი დიპლომატები არიან და კადრის დიპლომატები უნდა იყვნენ. უმრავლესობა, ვინც დიპლომატიურ სამსახურში და საგარეო უწყებაში მუშაობს, ძირითადად, ისევ ნაციონალების დროს არიან დაწინაურებული. ბუნებრივია, გარკვეული პოლიტიკური პრეფერენციები მუშაობს. ის განწყობები, რაც მათ ჰქონდათ სააკაშვილის რეჟიმის დროს, კვლავაც არსებითია, შენარჩუნებულია და ეს არის მთავარი პრობლემა.

სახელმწიფო მოხელის და განსაკუთრებით დიპლომატის პოზიცია არ შეიძლება განსხვავებული იყო სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციისგან და მით უმეტეს კრიჭაში ედგეს სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას. თქვენ ახსენეთ გარეჯის საკითხი, ძალიან არაკორექტული იყო დანიაში საქართველოს ელჩის კომენტარი. ბუნებრივია, ეს საკმარისი საფუძველია ის განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და პირველ რიგში ეს მინისტრის პასუხისმგებლობაა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ბალანსი დაცული უნდა იყოს. ერთი მხრივ ის არის სახელმწიფო მოხელე და ამავე დროს საქართველოს მოქალაქე, ვერავინ ვერ შეუზღუდავს ჰქონდეს საკუთარი შეხედულება, მაგრამ არის მეორე მხარეც – შენი პოლიტიკური შეხედულებები წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს სახელმწიფო ინტერესებთან.

„უნდა მოხდეს კადრების გადახედვა, მაგრამ ეს არ შეიძლება დაემსგავსოს პოლიტიკურ ანგარისწორებას. როგორც კი პატარა დარღვევა იქნება, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენებენ ისევ ნაციონალები. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნაცებით არის დაკომპლექტებული. რთული ვითარებაა. სააკაშვილს სამსახურში აყავდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და მით უმეტეს საგარეო დიპლომატიურ სამსახურში, ეს ადამიანები არსად არ წასულან, ისევ იქ არიან. ძირითადი დიპლომატიური კორპუსი სააკაშვილის დროს შეივსო.

თემურ ბასილიას ნაამბობი გაიხსნეთ, რასაკვირველია, ეს ყოველგვარი პოლიტიკური ეტიკეტის მიღმაა და ძალიან დამაზიანებელია, პირველ რიგში, უცხოელებში დატოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქართველო განუვითარებელი და ჩამორჩენილი ქვეყანაა, რომელსაც ელემენტარული დიპლომატიური კულტურა არ აქვს. არ შეიძლება უცხოელმა დაინახოს, ან იგრძნოს, რომ შენ რომელიმე პარტიას ღიად და ხაზგასმულად უჭერ მხარს, ეს არის სირცხვილი.

ეს გამოხმაურებებიც მიუთითებს იმაზე, რომ სათანადოდ არ ხდებოდა მუშაობა და ბევრისთვის მოულოდნელი იყო მელიას დაპატიმრება, ამ დროს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი უცხოეთისთვის, საგარეო უწყებას და დიპლომატიურ კორპუსს ჯეროვნად რომ ემუშავა. ზალკალიანმა მშვენივრად იცის, რაც ხდება და თავად არის ამაზე პასუხისმგებელი“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

სისტემურ ჩავარდნაზე საუბრობს ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე, რომლის განცხადებით, ნაციონალების ბატონობა უწყებებში გასცდა ყოველგვარ ზღვარს. მისი თქმით, ცალკეული უწყებები გადაქცეულია „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბად და ეს არის კულტურის სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი, განათლების სამინისტრო, სადაც პრონაცური „ენჯეოების“ ბუდეა. როგორც მანჯავიძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ლეგენდარული უწყებაა, სადაც ნაციონლები პირდაპირ საელჩოებში აწარმოებენ პირდაპირ დივერსიულ მოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ უკან დააბრუბონ „ნაციონალური მოძრაობა“.

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ საელჩოებში გაბატონებული არიან ნაციონალები, რომლებიც აწარმოებენ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ პოზიციას. არანორმალური სიტუაცია არის. რა თქმა უნდა, ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი არის საგარეო საქმეთა მინისტრი. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წასვლის მიუხედავად, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში მუშაობდა ადამიანი, რომელიც ვნახეთ, პირდაპირ ეთერში როგორ ტიროდა მიხეილ სააკაშვილის დანახვაზე. წარმოგიდგენიათ, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური კორპუსი არ გამოხატავდეს მმართველი ძალის ინტერესებს, პირიქით, გამოხატავდეს ოპოზიციის ინტერესებს? ვინმეს წარმოუდგენია მსგავსი რამ? მაგრამ ჩვენ ასეთ აბსურდში ვცხოვრობთ. ივერი მელაშვილი, რომელიც 8 წელი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გამოდის და აცხადებს, რომ დავითგარეჯი არ არის საქართველოს ნაწილი და ტაშს უკრავს „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებმაც გაყიდეს გარეჯი და დღეს უდიდესი პრობლემა გვაქვს.

გამოვიდეს ზალკალიანი და თქვას, ვინ აიძულებდა, რატომ ჰყავს ნაცების აქტივისტები სამინისტროში და საელჩოებში?! ნუ იტყვით და ესენიც კარიერული დიპლომატები არიან! გამოტენილი ჰყავთ ნაცებით სამინისტროები. მინისტრი იძახის, რომ კარიერული დიპლომატები არიან და იმის მიხედვით ვარჩევთო. რას ნიშნავს ეს, რომელ ქვეყანაშია მსგავსი აბსურდი. ამათ ჰგონიათ, რომ ჰალსტუხის კეთებდა და განცხადებების წერა არის მარტო დიპლომატია? ასე არ არის. წარმოდგენა არ აქვთ რა უნდა გააკეთოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რა მუშაობა უნდა აწარმოონ. სამინიასტრო გადაქცეულია უსაქმურების და ქვეყნის მოღალატეების ბუნაგად“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

„რაც შეეხება დასავლეთის განცხადებებს, ამას დავარქმევდი არასწორ რეაქციას დასავლეთის მხრიდან, რომელიც, ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, არის გაუგებარი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭდლიშვილი, რომლის განცხადებით, დასავლურ ქვეყნებში სისტემა ისეა მოწყობილი, რომ პატივს სცემენ კანონის უზენაესობას, არიან სამართლებრივი სახელმწიფოები და ნებისმიერი ასეთი გადაცდომა ისჯება კანონით.

„რაც შეეხება ბოლო მოვლენებს აშშ–ში, ვხედავთ, რომ ერთი კონგრესმენი დაიჭირეს კიდეც. პირდაპირ ეთერში ვუყურებდი კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას. „სიენენის“ კორესპონდენტები, რომლებიც არ გამოირჩევიან უცენზურო, არასწორი და არადეკვატური ტერმინების მოხმარებით, აი, ამ ხალხს ეძახოდნენ „ველურების რბობს“. არაპოლიტიკურ ტერმინებს ხმარობდნენ, იმდენად ცუდად იმოქმედა კაპიტოლოიუმის შენობაში შეჭრამ.

როდესაც, ამის ფონზე დასავლეთი შენ გეუბნება ოპოზიციური პარტიის ლიდერი რატომ დაიჭირეო, ეს არის გაუგებარი. დაიჭირეს იმიტომ, რომ მან დაარღვია კანონი და შესაბამისად, მოხდა ამ კანონის აღსრულება. მეორე, ეს არ არის პოლიტიკური დევნა. ნიკა მელიას არც არავინ არ იჭერდა, შეეძლო გადაეხადა დამატებითი გირაო. მელიას დაჭერის არანაირი სურვილი არ ჰქონდა სახელმწიფოს. ჩემთვის დასავლეთის რეაქცია არის გაუგებარი, მაგრამ მე ამას არ დავარქმევდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩავარდნას. ეს რეაქცია, რომელიც იყო ამ რამდენიმე დღის წინ, ნელ–ნელა მილევადი ხდება, უფრო აწონილი რეაქცია მოდის დასავლეთისგან. ამიტომ, პირიქით, მე მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა არხებით დასავლეთს და აშშ–ს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია სინამდვილეში რა მოხდა. ვფიქრობ, რომ იმუშავებს საგარეო უწყების და სხვა არხების მიერი მიწოდებული ინფორმაცია და ნელ–ნელა შედეგს გამოიღებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ნიკოლოზ მჭდლიშვილმა.

 

trampi ეს მთავრობა არააა.....
ესაა დებილების და ჩათლახების ჯოგი
რა ვქნა და არა მჯერა რომ საქართველოსი განათლებული ხალხი არა
აუცილებელი პირობა...............მარტო ინგლისურის ცოდნა განათლებას არ ნიშნავს
3 წლის უკან
romani მართალია, მთელი ჩვენი პოლიტიკა აგებულია ქვემძრომის ინსტიქტზე, რაც ღირსეულ ქმედებას სრულიად გამორიცხავს და დაქვემდებარების პრინციპზეა აგებული, მაგრამ საგარეო უწყების სისუსტე და ამ ფონზეც კი თვალშისაცემია.
3 წლის უკან