ავტობიზენსით დაკავებული კომპანიების დიდი ნაწილი გაკოტრებას დროებით გადაურჩა

ავტობიზენსით დაკავებული კომპანიების დიდი ნაწილი გაკოტრებას დროებით გადაურჩა

2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადამ 1-ელ ივნისამდე გადაიწია. გადაწყვეტილება, რომელიც ახალმა პრემიერმა მიიღო, ავტობიზნესით დაკავებული საშუალო თუ მცირე კომპანიებისთვის გადარჩენის ტოლფასია. შეღავათის გარეშე ისინი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგებოდნენ, რადგან ისედაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის გადაწვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 000 მფლობელს შეეხება.

„მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის 1-ელ მარტამდე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ 1-ელ ივნისამდე. ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, ამ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, რომ სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლს, რაც ბოლო წლებში იყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტოგანბაჟება მთავრობამ რამდენჯერმე გადაავადა და დღემდე 2020 წლის მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვალდებულება 2021 წლის მარტამდე ჰქონდათ.

ავტოიმპორტიორების შეფასებით, კორონავირუსის გამო კომპანიები დიდ დანაკარგს განიცდიან და ბევრი მათგანი რეალურად ისედაც გაკოტრების წინაშეა. ასეთ სიტუაციაში, როგორც „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი, ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, დიდი მნიშვნელობა აქვს შეღავათიან სესხებს, რომ იმპორტიორებს იაფ ფულზე წვდომა გაუმარტივდეთ. ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა, რაც შეიძლება ავტომობილების ბიზნესს დაუწესდეს.

„კრიზისული სიტუაციაა და ნებისმიერი შეღავათი მნიშვნელოვანია, რასაც სახელმწიფო ავტომობილების იმპორტისთვის დააწესებს. ცხადია, პრობლემა ყველას შეექმნა, მაგრამ მსხვილი ბიზნესი შედარებით მყარად ინარჩუნებს პოზიციებს, მას მეტი რესურსი აქვს პრობლემასთან გამკლავებისთვის, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესი მოკლებულია. ამიტომ ყველაზე დიდი დახმარება იქნება, რომ იაფი სესხებით სარგებლობის შესაძლებლობა მოგვეცეს. არ ვამბობს, რომ გრძელვადიანი კრედიტები დაგვიმტკიცონ, 3-5-წლიანიც საკმარისი იქნება, რომ კომპანიები ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ. მეტი სანდოობისთვის, საბანკო რისკის შესამცირებლად, შეიძლება, სესხის მიზნობრიობაც განისაზღვროს და მკაცრად გაკონტროლდეს.

ჩვენ პანდემიის პერიოდში ფაქტობრივად გაჩერებული ვართ. ის, რომ განბაჟების ვადა გახანგძლივდა, კარგია, მაგრამ შეღავათიან კრედიტებზე წვდომა თუ არ გაგვიმარტივდება, ბიზნესი ფეხზე ვერ დადგება“, - განუცხადა „რეპორტს“ ჯამაგიძემ.

ის, რომ ავტომობილებით ვაჭრობის სეგმენტი ღრმა კრიზისშია, ციფრებითაც მტკიცდება. მიმდინარე წელს იანვარში ავტომობილების ექსპორტ-იმპორტში მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის დასაწყისში ქვეყანაში 32.88 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილია შემოსული, რაც წლიურ ჭრილში 56.5%-იან კლებაზე მიუთითებს.

რაც შეეხება, საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე გასულ ავტომობილებს, ამ მხრივ, ვარდნა 54%-ს აჭარბებს. მიმდინარე წლის იანვარში მხოლოდ 24.88 მლნ დოლარის ავტომობილი გაიყიდა, მათი უმრავლესობა აზერბაიჯანის ბაზარზე გავიდა.