კასანო:

კასანო: "იუვენტუსი" რონალდუს დამატების შემდეგ გაუარესდა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, „იუვენტუსმა“ ის ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად დაიმატა, რეალურად კი მისი გუნდში გამოჩენის შემდეგ ტურინელთა თამაშის ხარისხი და დონე მკვეთრად დაეცა.

„რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იყიდეს, მაგრამ მასთან ერთად „იუვე“ უფრო ცუდი გუნდი გახდა და უარესი შედეგები აქვს, ვიდრე მანამდე მის გარეშე იყო,სკუდეტოს კი ისედაც მოიგებდა. ეს არასწორი პროექტი იყო. რონალდუს არაფერი აქვს საერთო პირლოს იდეებთან, ის აგრძელებს გოლების გატანას, რადგან ეს მაინც შეუძლია, მაგრამ ანდრეას (პირლო) თამაშის შენება უნდა, მაღალი პრესინგი, პოზიციური თამაში, ხარისხი რგოლებს შორის. რონალდუ ისევ გადამწყვეტია, მაგრამ თამაშში მცირე მონაწილეობას იღებს. ვფიქრობ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ის ძალიან ცუდად თამაშობს, თუ საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგას ამ სეზონში არ მოიგებს“, - თქვა კასანომ.

იტალიელი ფეხბურთელის განცხადებაზე ალბათ მსჯელობა შეიძლება, მაგრამ შედეგებს თუ გადავხედავთ, მისი სიტყვები ალბათ, სიმართლესთან ახლოსაა: რონალდუს გარეშე „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ოთხ სეზონში ორჯერ ფინალში ითამაშა, ხოლო ორჯერაც ძალიან ძლიერ „ბაიერნთან“ და „რეალთან“ დრამატულ ბრძოლებში, გერმანელებთან დამატებით დროში და ესპანელებთან ბოლო წუთებზე გამოეთიშა ბრძოლას, აი, რონალდუსთან ერთად კი „იუვე“ ჩემპიონთა ლიგიდან „აიაქსმა“ და „ლიონმა“ გააგდო, ახლა იგივე საფრთხის წინაშე „პორტუს“ წინააღმდეგ დგას.

პორტუგალიელ შემტევს „იუვეს“ შავ-თეთრი მაისურით 2018 წლიდან დღემდე 117 მატჩში 90 გოლი აქვს გატანილი. მას ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და სეზონში ანაზღაურების სახით 31 მილიონ ევროს იღებს.