საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ „გრან კანარიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაციას ესპანური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს, სადაც წერია, რომ მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბურჯანაძემ ხელშეკრულების გაწყვეტა პირადი მიზეზებით ითხოვა.
„გრან კანარიამ და ბექა ბურჯანაძემ მიაღწიეს ორმხრივ შეთანხმებას ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოთამაშემ ეს პირადი მიზეზების გამო მოითხოვა. კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში“, - წერს ესპანური კლუბის ვებგვერდი.
27 წლის ბექა ბურჯანაძე „გრან კანარიაში“ 2019 წლიდან თამაშობდა. მიმდინარე სეზონში ბექა თამაშში საშუალოდ 5.7 ქულას, 3.1 მოხსნას და 0.9 პასს აგროვებდა, ხოლო მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 6.1 იყო.