„ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობაა მნიშვნელოვანი, ხოლო ოპოზიციის მხრიდან ოპონენტებზე პერსონალური დევნის გამოცხადება მიუთითებს იმაზე, აქციების შინაარსი რა არის“

„ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობაა მნიშვნელოვანი, ხოლო ოპოზიციის მხრიდან ოპონენტებზე პერსონალური დევნის გამოცხადება მიუთითებს იმაზე, აქციების შინაარსი რა არის“

ოპოზიცია მასობივი აქციებით და სამთავრობო შენობების პიკეტირებით იმუქრება. ოპოზიციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ერთობლივი განცხადება წაიკითხეს და აქციის მონაწილეებს საგაზაფხულო აქციების გეგმა გააცნეს. რუსთაველზე აქცია ფილარმონიიდან მსვლელობით დღის 1 საათზე დაიწყო. მასში მონაწილეობას რამდენიმე ათასი ადამიანი იღებდა, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობას უერთდებოდნენ. შუადღის 4 საათზე აქცია უკვე დასრულებული იყო, თუმცა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. ამ ეტაპისთვის მოედანზე 7-მდე კარავია, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან. დაანონსებულია საპროტესტო გამოსვლების საგაზაფხულო განრიგი კი ასეთია:

სამშაბათი - პარლამენტის პიკეტირება;

პარასკევი - მთავრობის ადმინისტრაციის ბლოკირება;

სამშაბათი - შინაგან საქმეთა სამინისტროს პიკეტირება;

ხუთშაბათი - სასამართლოს პიკეტირება;

შაბათი - ისევ რუსთაველი და პარლამენტის შენობის პიკეტირება;

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა მმართველმა პარტიამ უკვე დესტრუქციად შეაფასა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, თუ ოპოზიციის წევრები კანონს დაარღვევენ, ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის საერთო განცხადება წაიკითხა, სადაც მათი მოთხოვნებია გაწერილი:

„დღეს, საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისათვის, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრებისა და ოპოზიციური პარტიის შტურმის შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა. ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს. ამ კრიზისის განსამუხტად, აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ეს არის ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება. ვაშაძის თქმით, დაძაბულობა უნდა განიმუხტოს.

„მინდა ოპტიმისტი ვიყო და უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება. ყველა დავიღალეთ ამ არეულობით. არეულობა უნდა დავაწყნაროთ, დაპირისპირებული მხარეები უნდა შევათანხმოთ, ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ, განვითერების გზას უნდა დავადგეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ .

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ ნებისმიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის პროტესტის განცდა კარგია. თუმცა ბოლო დროს რომელი საპროტესტო აქციაც ოპოზიციის მიერ დაიგეგმა, არც ერთმა მათგანმა შედეგი არ გამოიღო. მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკოსების მიერ დაგეგმილი აქციები შედეგს ვერ იღებს და ამის ნათელი მაგალითი 20 ივნისია, როცა სპონტანურად დწყებულმა სამოქალაქო პროტესტმა უფრო მეტი შედეგი გამოიღო, ვიდრე პოლიტიკოსების მიერ დაგეგმილმა.

„იმ პოლიტიკური კლასის საპროტესტო აქციები იშლება. საერთოდ არ მაქვს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე კარგი წარმოდგენა. ადამიანებში ემოციები გაჩნდეს და ამას პოლიტიკოსები შეუერთდნენ, ეს სხვა არის, მაგრამ როცა ამას პოლიტიკოსები აანონსებენ საკუთარი მიზნების მასაღწევად, არ მგონია, რომ დიდი შედეგი ექნება. ის ეწინააღმდეგება იმ რჩევებს, რომელსაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვაძლევენ.

ახლა ჩვეულებრივად ხელისუფლებისთვის ბრძოლა მიდის. ეს არის ნათელი და ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. ხელისუფლება იბრძვის იმისთვის, რომ ის შეინარჩუნოს, ხოლო ოპოზიცია ცდილობს, რომ შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალური მიიღოს და „ოცნებას“ ბვრი შეცდომები დააშვებინოს. ჩვენ ვაპირებთ, რომ მდგომარეობის ადეკვატურობა შევინარჩუნოთ. მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა ოპოზიციის მიმართ, არ შეიძლება ხელისუფლება წყვეტდეს ვინ იქნება მისი ოპოზიცია. ნიკა მელიას ქეისი უსამართლოდ მიგვაჩნია, ამიტომ „ოცნებამ“ ისეთი ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ დაგვარწმუნოს, რეალურად მაგიდასთან დასაჯდომად და მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზად არის“,-აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი for.ge-სთან.

საპარლამენტო ოპოზიციის და პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი კი ფიქრობს, რომ მოსახლეობა დაიღალა და ოპოზიციის მოთხოვნები როგორი ლეგიტიმურიც არ უნდა იყოს, მას არ შეუერთდებიან. For.ge-სთან იოსელიანი ამბობს, რომ მოსახლეობა უკვე განუწყვეტელი აქციებით და დაპირისპირებით შეწუხებულია, ამიტომაც ამ აქციებს არ შეუერთდებიან.

„მოსახლეობა გაუთავებელი აქციებით, გამოსვლებით და დაპირისპირებით ძალიან დაიღალა. ვხედავთ კიდევაც, რომ ოპოზიციას და პოლიტიკოსების მოთხოვნები, როგორი ლეგიტიმურიც არ უნდა იყოს, მას არ უერთდებიან. არც ახლა მაქვს მოლოდინი, რომ ეს აქციები მასშტაბური იქნება. ამიტომ ჩვენ არ ვუერთდებით. პარტია „მოქალაქეებს“ კონკრეტული მიზანი და ფუნქციები აკისრია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო რეფორმას მივაღწიოთ, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ გვგონია, რომ ეს ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქუჩაში აქციები და კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიზნებისთვის ბრძოლაა“, - აცხადებს იოსელიანი for.ge-სთან.

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი კი for.ge-სთან ამბობს, რომ ქართველი საზოგადოება დაპირისპირებით დაიღალა. ხოლო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საქართველოში სტაბილურობაა მნიშვნელოვანი.

„ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ციხეში მელია ჰყავს და ამით საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იქცევს, ხოლო როგორც კი მარჯვნივ ან მარცხნივ, რომელიმე პარტია გაიხედავს, მათი თავები საცივში აღმოჩნდება. ეს არის რეალობა, ხოლო ამ რელობიდან გამომდინარე, ძალიან მალე მოსახლეობიდან მათზე უფრო მეტი ზეწოლა იქნება. ამ ზეწოლას ქართული საზოგადოება მოახდენს, რადგანაც ხალხი დაიღალა.

ჩვენი პარტნიორებისთვის კი სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ პერსონალური დევნა უნდა მოაწყონ თავის ოპონენტებზე, რასაკვირველია, ეს მიუთითებს იმაზე, თუ აქციების შინაარსი რა არის. საზოგადოების განწყობა არ შეესაბამება იმ გეგმებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია. არანაირი ნიშანი ან საფუძველი არ არსებობს იმისი, რომ ვინმემ პრორუსულ პოლიტიკაზე ისაუბროს. პირიქით, არსებული ოკუპაცია იმ ადამიანების ბრალია, რომლებიც დღეს აქციებს აწყობენ“, - აცხადებს ვოლსკი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები კვლავ კონფროტაციაში გადაიზარდა.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნიკა მელიას დაკავება მართლმსაჯულების აქტი იყო. ამიტომ ხელსიუფლებას თუ არ უნდოდა, რომ ქვეყანაში დაძაბულობა ყოფილიყო, შეეძლო მის ხელთ არსებული ბერკეტები გამოეყენებინა. ისიც ვნახეთ, რომ დაბნეული პროკურატურა გამოვიდა და მელიას თითქმის ეხვეწება ფული გადაიხადეო, რაც საკმაოდ კომიკური იყო. „ოცნებამ“ მელის დაკავებით ორი მიმართულებით წააგო - ოპოზიციას არანაირი დღის წესრიგი არ ჰქონდა და მელიას დაკავებით ფაქტობრივად პოლიტიკური ველი შეუქმნა, რაზეც მათ შეუძლიათ იხმაურონ და რაღაცა მიმართულებით იმოძრაონ.

მეორე წაგება კი საერთაშორისო კუთხით მოხდა. დასავლეთიდან გამოხმაურებები ძალიან ნეგატიური და მზარდია. შესაბამისად ისმის კითხვა, რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას აუტკივარი თავის ატკიება?! ეს იყო უბრალოდ სიბრიყვე თუ ძალის დემონსტრირება. „ოცნებამ“ ამის გამო ასევე დაკარგა ადამიანი, გიორგი გახარია, რომელმაც მთელი პარტია არჩევნების დროს საკუთარ ავტორიტეტზე აიკიდა. ვიღაცას შეიძლება გაუჩნდეს კიდევაც აზრი, რომ ეს სწორედ მის მოსაშორებლად იყო დაგეგმილი. უბრალოდ, თუ გვინდა მელიას დაკავებაში რამე ლოგიკა დავინახოთ, ეს შეიძლება იყოს. ხელისუფლებამ ყველაფერში უკან დაიხია და მელიას დაკავებით ვერაფერი მოიგო“, - აცახდებს ხუხაშვილი for.ge-სთან.

 

Katana . გია ხუხაშვილი: „შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნიკა მელიას დაკავება მართლმსაჯულების აქტი იყო."
მე კი იმ აზრისაგან ვარ შორს, რომ ჭკუათმყოფელმა ჟურნალისტმა ამ მერყევ, აქეთ-იქეთ ლერწამივით მრხეველ, უმადურ, ნებისმიერ სფეროში სრულიად არაკომპეტენტურ და თვითმარქვია "ექსპერტ-ანალიტიკოსს" უნდა ჰკითხოს აზრი რაიმე საკითხზე!
3 წლის უკან
გრიგორი ხუხაშვილი საერთოდაც შორსაა ყოველგვარი საღი აზრისაგან ! ეს "ექსპერტი" არ იყო, რომ სააკაშვილს ბრალს დებდა მის ზემოთ მცხოვრები ბინიდან ჭუჭრუტანის გაკეთებაში და იქედან თვალთვალში ?!
3 წლის უკან
trampi მარტო ეგ ჭუჭრუტანა კი არა ........... კარგადაც დაქოთეს....
3 წლის უკან