„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება პირდაპირ ასე დაიწყეს: „კანონზე მაღლა არავინ დგას“, ანუ სამართლებრივად აქ კითხვის ნიშნები არ არის“

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება პირდაპირ ასე დაიწყეს: „კანონზე მაღლა არავინ დგას“, ანუ სამართლებრივად აქ კითხვის ნიშნები არ არის“

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას სთავაზობს. ოპოზიცია კი ხელისუფლებას სანქციებით ემუქრება და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

მმართველი გუნდის წევრი შალვა პაპუაშვილი for.ge-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ოპოზიციას აქციების გამართვას არავის დაუშლის და პარლამენტის წევრს ჩვენთან საუბრისას ევროსაბჭოს განცხადებიდან ციტატა მოჰყავს: „კანონზე მაღლა არავინ დგას“.

მმართველი გუნდი ოპოზიციას მოლაპარაკებას სთავაზობთ, თუმცა, მათ თავიანთი მოთხოვნა აქვთ - ნიკა მელიას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამ მოთხოვნების ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ მოლაპარაკება?

- ჩვენი პასუხი იგივეა, რაც აქამდე იყო. ჩვენ გულწრფელ დიალოგზე თანახმა ვართ, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ შევთანხმდეთ, თუ რა არის ობიექტური სიმართლე - 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. კერძოდ, აისახა თუ არა ამ არჩევნებზე მოქალაქეების ნება, ვინაიდან ჩვენი ოპონენტები წარმოაჩენენ, სწორედ ეს არჩევნები არის ის მომენტი რატომაც ისინი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და ფიქრობენ, რომ გაყალბდა. აქ ერთადერთი გამოსავალია, რომ შევთანხმდეთ, თუ სად არის ობიექტური სიმართლე, ანუ გაყალბდა თუ არა არჩევნები. ისინი ამას კი ამბობენ, თუმცა ამაში საკუთარი თავის გარდა ვერავის არწმუნებენ, ვერც არასამთავრებო სექტორს და ვერც უცხოელ პარტნიორებს. ამიტომ, ამის დასადგენად კარგი საშუალებაა საგამოძიებო კომისია. მოვუწოდებთ, რომ შემოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიაში.

საგამოძიებო კომისიაზეც გკითხავთ, მაგრამ მანამდე მინდა გკითხოთ, ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ დიპლომატიური კორპუსის მხრიდან სანქციების დაწესებას ითხოვს. თქვენი აზრით გაითვალისწინებს დასავლელი პარტნიორები ოპოზიციის მოთხოვნას?

- ჩვენ დასავლელი პარტნიორების გამოხმაურებებს ვაკვირდებით. რა თქმა უნდა, ნიკა მელიას დაკავების პირველ დღეს იყო რეაქციები იმ კუთხით, რომ არასასიამოვნო სურათი ჩანს, როდესაც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო ხდება. საზღვარგარეთიდან დიდი სურათი ჩანს და რა თქმა უნდა, დიდი სურათი სასიამოვნო არაა. საქმეც იმაშია, რომ ჩვენი ოპონენტების მიზანიც ეს იყო და ამას დიდი ხანია აცხადებენ. 2-3 თვეა ამბობენ, რომ მათი მიზანი არაა პარლამენტში შემოსვლა და ოპოზიციურ ფლანგზე ყოფნა. მათი მიზანია ძალაუფლების მოპოვება. ისინი აცხადებდნენ გაზაფხულზე მღელვარების მოწყობას და ამ მღელვარების ტალღაზე ძალაუფლების მოპოვებას. შესაბამისად, ასეთი არასასიამოვნო სურათების შექმნა მათი გეგმების ერთ-ერთი ნაწილია და ქვეყნის ასეთ ჯანჯღარში იქნებ ხელი რამეს გამოჰკრან. ნებისმიერი თემა, ეს იქნება ნიკა მელია, იქნება ეს არჩევნები თუ კორონავირუსი, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ასე უყურებენ - რა შეიძლება იყოს ისეთი თემა, რათა მღელვარება გამოიწვიონ! თუმცა, ახლა ევროკავშირის განცხადება ვნახეთ, სადაც ისინი ჩვენს ოპონენტებს მოუწოდებენ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. ევროსაბჭოს განცხადებაც ვნახეთ, სადაც მათი განცხადება ამ სიტყვებით იწყება - „კანონზე მაღლა არავინ დგას“. ასე რომ, ამ კუთხით ვფიქრობ, მთავარი წუხილი ჩვენი უცხოური პარტნიორების გასაგებია. მათ არ სურთ, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს. ამიტომაც, მოუწოდებენ ისინი ყველას, რომ თავშეკავებულად მოიქცნენ.

მათი ეს განცხადებები გასაგებია, თუმცა კრიტიკა მმართველი გუნდის მიმართაც არ დაიშურეს, როდესაც ნიკა მელია დააკავეს...

- ნიკა მელიას დაკავებას ორი განზომილება აქვს. ერთი ეს არის სამართლებრივი განზომილება და ამ კუთხით ოფიციალური პირებისგან არ მოგვისმენია, რაიმე საქმის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება პირდაპირ ასე დაიწყეს: „კანონზე მაღლა არავინ დგას“ და ასევე სხვა განცხადებებშიც იყო ეს აღნიშნული. ანუ, სამართლებრივად აქ კითხვის ნიშნები არ არის.

ასევე, პოლიტიკური შეფასებები გვაქვს. როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები დიდ სურათს ხედავენ, რომელიც სასიამოვნო არ არის, როდესაც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უწევს ყოფნა.

მეორე სურათია ის, რომ რთული რეგიონია. სულ ახლახანს ვნახეთ აზერბაიჯანსა და სომხეთ შორის ყარაბაღის კონფლიქტი როგორ განვითარდა, ეს დღეები სომხეთშიც არასტაბილურია, მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს. ამიტომ, ამ არასტაბილურ მდოგმარეობაში, მათი და ჩვენი აზრი ემთხვევა იმაში, რომ თუკი ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია ვინმეს აწყობს, აწყობს რუსეთს. ამიტომ არის ეს მოწოდებებიც, რომ ყველამ თავი შეიკავოს, პარლამენტში იყოს თანამშრომლობა და ევროკავშირმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. შესაბამისად, ჩვენ ამ სულისკვეთებას ვიზიარებთ. სწორედ, ამ სულისკვეთებით იყო გამსჭვალული ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, სადაც მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, რომ მოვძებნოთ საკითხები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და არა ის, რაც ჩვენ გვყოფს. ასე რომ, დიალოგისთვის ჩვენ მზად ვართ და ამას ადასტურებს საარჩევნო რეფორმა, რომელიც იმ ფაზაშია, რომ კანონპროექტის ინიცირებას შევძლებთ. ხედავთ, რომ პარტია „მოქალაქეებთან“ ერთად ვასრულებთ იმ სიტყვას, რომელიც ჩვენ ფასილიტატორ ელჩებთან ერთად გამართულ დიალოგის დროს ვთქვით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი კონსტრუქციული მიდგომა. გარეთ ქუჩაში ყოფნა და კარვების გაშლა, განსაკუთრებით პოლიციელებზე შეტევის მიტანა და დაშინება, რომ მათ სახელებს ბოძებზე გამოაკრავენ, ეს არის დესტრუქცია და ეს უნდა სწორედ რუსეთს.

დესტრუქცია ახსენეთ და დღეს ოპოზიცია აქციას მართავს და თქვენი აზრით ისინი დესტრუქციულ და რადიკალური ქმედებებს მიმართავენ?

- აქციებს პირველად არ მართავენ. რა თქმა უნდა, პროტესტის გამოხატვის ეს ფორმაც კონსტიტუციით დაცულია. აქციების გამართვაში პრობლემას ვერ ვხედავ, პრობლემას ვხედავ მის შინაარსში. 4 თვეა ხან აქციები აქვთ და ხან რას მიმართავენ და ხან - რას, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათ აქციებს შინაარსი არ აქვს. მათი შინაარსი ტყუილზეა აწყობილი, თითქოს 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ახლა ახალი ტყუილი დაამატეს, რომ კანონის აღსრულება უკანონობაა. კანონის დაუმორჩილებლობაა კანონი. ასეთი შებრუნებული რეალობის წარმოსახვა აქვთ. მათი მთლიანი სულისკვეთება გამსჭვალულია ტყუილით და სიცრუით. ამიტომაცაა, რომ „მოქალაქეების“ მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ.

პარლამენტში არ შემოდიან იმიტომ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში საუბრის დროს, მათ არანაირი უპირატესობა არ აქვთ. არ აქვთ უპირატესობა იმისა, რომ ძალაუფლება მოიპოვონ. 31 ოქტომბერს მოქალაქეებმა მათ მანდატის მიცემაზე უარი უთხრეს. ამიტომ, ისინი შემოვლით გზებს ეძებენ, რომ რამენაირად ძალაუფლება მოიპოვონ. ამ კუთხით, ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილას, მეორეს მხრივ „მოქალაქეების“ მხარდაჭერა არ აქვთ.

31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია კომპლექტდება. კონკრეტულად როდის დაიწყებს კომისია მუშაობას და როდის დაასრულებს?

- რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, უმრავლესობისა და ოპოზიციის კვოტები დადგინდა - ორივე მხარეს 2-2 წარმომადგენელი ეყოლება. მომავალ კვირას შემადგენლობა განისაზღვრება. ჯერჯერობით შემადგენლობა განსაზღვრული არაა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ოპოზიციიდან „ევროპელი სოციალისტებიდან“ 2 წარმომადგენელი იქნება. სამწუხაროა, რომ „მოქალაქეები“ მონაწილეობას არ იღებენ. ამით თავად დაადასტურეს, რომ მათი ყველა სიტყვა აქამდე ნათქვამი გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ტყუილი იყო. სხვა შემთხვევაში ისინი კომისიაში შემოვიდოდნენ.

რაც შეეხება კომისიის მუშაობას, კომისიას მუშაობას 3-თვიანი ვადა აქვს. მაისის ბოლოსთვის ველოდოთ დასკვნას. კომისია არის გახსნილი, მას ყველაფერი შეუძლია, ყველა პირი ვალდებულია გამოცხადდეს და ახსნა-განმარტება მისცეს. ეს იქნება საჯარო მოხელე თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. კომისიას ასევე შეუძლია, რომ უბნები გახსნას და გადათვალოს. ასე რომ, მას ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ ობიექტური სიმართლე დაადგინოს.

მმართველი გუნდი ოპოზიციას ეუბნება თუ იქნება 1%-იანი სხვაობა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებაო და თქვენ როგორ ფიქრობთ ის 1%-იანი სხვაობა დადგება?

- რა თქმა უნდა, ხარვეზები იქნება, რადგან ვნახეთ, რომ ხმების გადათვლის დროს ხარვეზები აღმოჩნდა. თუმცა, ხარვეზების გავლენა შეუძლებელია, რომ 1%-ზე მეტს სცდებოდეს. 1% რატომ ვთქვით ჩვენ, - თუ მეტი იქნებოდა, ეს უკვე სისტემური მოვლენა შეიძლება ყოფილიყო. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ეს სისტემური პრობლემა არ იყო, ამიტომაც ჩვენ თამამნი ვართ. აქედან გამომდინარე, გადაითვლება ხმები, ხალხი გამოიკითხება და ვნახოთ, რა იქნება. ჩვენ ჩვენს პოზიციაში მყარად ვართ.