საქართველოს ნაკრებისა და ბელგიის „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს. კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში 21 წლის ქართველი ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად ფიზიკური კონდიციის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია. ის ბოლოს მოედანზე 4 ოქტომბერს, „ბეერსჰოტთან“ შეხვედრაში გავიდა. ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, გიორგიმ „გენტის“ სარეზერვო გუნდის სპარინგში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.
გენტი ჟუპილერ ლიგის 28-ე ტურის შეხვედრისთავის ემზადება, რომელსაც 28 თებერვალს შინ „ბრიუგეს“ წინააღმდეგ გამართავს. „გენტი“ 37 ქულით ბელგიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, „ბრიუგე“ კი ცხრილის ლიდერია.
გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ ღირსებას მეოთხე სეზონია იცავს და ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ „გენტის“ შემადგენლობაში მხოლოდ 4 მატჩში ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.