„უარყოფითი შეფასებები არავითარ ზიანს არ მოიტანს, ვინაიდან ამერიკისთვის და ევროპისთვის მთავარია, თუ რა კურსს ატარებს მთავრობა“

„უარყოფითი შეფასებები არავითარ ზიანს არ მოიტანს, ვინაიდან ამერიკისთვის და ევროპისთვის მთავარია, თუ რა კურსს ატარებს მთავრობა“

ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს მეგობარ ქვეყნებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. უცხოელი პოლიტიკოსების შეფასებები ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ოპოზიცია მოსალოდნელ სანქციებზეც ალაპარაკდა. რამდენად არის სანქციების დაწესების საფრთხე, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ სანქციების საფრთხე არ არსებობს, მით უმეტეს როდესაც ლაპარაკია ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რაც შეეხება ევროპას, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ევროპამ თავისი შესაძლებლობები მაშინ დაამტკიცა, როდესაც ნავალნის საქმესთან მიმართებაში სანქცია მხოლოდ სამ პერსონაზე გასცა:

სოსო ცინცაძე: გაკეთებული განცხადებები და ის უარყოფითი შეფასებები რაც გვესმის, საქართველოს არავითარ ზიანს არ მოუტანს, ვინაიდან ამერიკისთვის და ევროპისთვის, საქართველო არ არის პერსონიფიცირებული. მათთვის მთავარია, თუ რა კურსს ატარებს მთავრობა. მწარე რეალობაა, მაგრამ ჯობია, საქართველოს ბედი ვაშინგტონში და ბრიუსელში წყდებოდეს, ვიდრე ისტორიულად ისპაჰანსა და სტამბულში წყდებოდა. ევროპელების იმედი არ მაქვს, ნავალნისთან დაკავშირებით ევროპელებმა უკვე დაამტკიცეს სადამდე შეუძლიათ წავიდნენ. მთელი ზარ-ზეიმით მიიღეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეს რა სანქციაა სამი კაცის წინააღმდეგ? ნავალნი პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ითხოვდა სანქციებს, მაგრამ ევროპამ იმისი შიშით, რომ პუტინი სტრასბურგში უჩივლებდა, უკან დაიხია. ამერიკელებს კი სანქციებთან მიმართებაში ყოველთვის უფრო მკვეთრი და ფრთხილი პოზიციები აქვთ. რაც შეეხება მელიას, ერთი რამ, რაც აკლდა, რომ გამხდარიყო სრულფასოვანი ოპოზიციური ლიდერი, ეს იყო პატიმრობა. „ოცნებამ“ კი, მის ბიოგრაფიაში ეს ხარვეზიც შეავსო. ციხე, ოპოზიციის ლიდერისთვის ყოველთვის აქტივია. „ოცნებამ“ თავისი მომავალზე გაუთვლელი ნაბიჯებით ეს ცარიელი შტრიხიც შეავსო.

სანქციებზე ასე გადაჭრით საუბარი ნაადრევია, უბრალოდ ისმის ცალკეული ფრაზები: „დაიწყო ფიქრი სანქციებზე,“ „არ გამორიცხავენ სანქციებს,“ „შეიძლება დააწესონ სანქციები“... ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკა თავის სტრატეგიულ მოკავშირეს დაუწესებს სანქციას. როგორც ჩანს, ეს უკიდურესი ზომა იქნება.

ამერიკელი სენატორები ცოტათი განსხვავდებიან ჩვენი პარლამეტარებისაგან. ამერიკელი სენატორები იმასაც გათვლიან, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ გამორიცხული არ არის.

და ამ შემთხვევაში, რა კონკრეტულ სანქციებზე შეიძლება საუბარი?

 - ამ შემთხვევაში მხოლოდ პერსონალურზე. დასახელდა ივანიშვილი, შს მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მაღალ დონეზე, მაგალითად სახელმწიფო მდივნის, არა. ამერიკელები ასე ზერელედ არ იღებენ სანქციებს, თუმცა, გამორიცხული არ არის. სპორტულ ენაზე, რომ ვთქვათ, ამერიკამ ყვითელი ბარათი აუწია „ქართულ ოცნებას.“

ეს იქნება წერტილოვანი, პერსონალური სანქციები. არა ისეთი სანქციები, როგორიც თავის დროზე რუსეთს ევროკავშირმა დაუწესა ან ამერიკა უწესებდა, რომელსაც ვექტორალური სანქციები ჰქვია. შეიძლება სწორედ ისეთი, როგორიც სამი დღის წინ ევროკავშირმა რუსეთს ნავალნისთან დაკავშირებით დაუწესა სამ პიროვნებას.

შეიძლება, სწორედ ასეთ სანქციებზე იყოს საუბარი, მაგრამ აქ ივანიშვილის ფიგურის გათვალისწინებით, ეს სანქციები ძალზედ მტკივნეული იქნება. მე პირადად სიმართლე, რომ გითხრათ, არ ველოდები სანქციებს. ვფიქრობ, სანქციებამდე საქმე არ მივა. ნათქვამია, ჩხუბში ისეთი სიტყვები არ უნდა დახარჯო, რომ მერე შერიგების დროს გაგირთულდეს საქმე. „ოცნებამ“ ფრაზეოლოგიით და საქმით, თითქმის ყველაფერი გააკეთა, რომ შერიგება გართულებულიყო.

თქვენი აზრით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რაიმე შეიცვლება? იქონიებს თუ არა არსებული მდგომარეობა რაიმე გავლენას?

- ამან უკვე იქონია გავლენა. ხვალ რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, უკან დაბრუნება საქმეს ვეღარ უშველის, რადგან ეს ზიანი უკვე მიყენებულია. მე არ ვამბობ, რომ ნდობა სამუდამოდ დაკარგა დასავლეთში „ქართულმა ოცნებამ,“ მაგრამ პრობლემა გაჩნდა.

ევროპა რომ არ ყოფილიყო, რა სისტემა განვითარდებოდა ქვეყანაში? ერთია, როდესაც ქვეყანა დემოკრატიას აშენებს, რადგან თვითონ მას უნდა, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც დემოკრატიას აშენებ შენ, იმიტომ, რომ გეშინია ვიღაცისგან დასჯის. თითქოს რაღაც ჯადოქრულ წრეში ვართ. რაღაც იმედებს წარმოვქმნით, შემდეგ ეს იმედები ქრება. დასავლეთი იძულებულია, სულ ყურდაცქვეტილი იყოს, რომ თბილისმა არ გადაუხვიოს დემოკრატიისა და ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზას.

ამ უკანასკელმა მოვლენებმა, არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა მოვლენებმა, განსაკუთრებით ნიკა მელიას დაპატიმრებამ, მინიმუმ 10-15 წლით გადასწია ეს პროცესები. როგორც შევარდნაძე იტყოდა, „ბრიუსელის კარზე რომ დავაკაკუნოთ,“ ის სიცილით მოკვდება. იკითხავს, ამ სასამართლოთი?

თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ნიკა მელია კრიმინალია, მაშინ მისი ამომრჩევლები რა გამოდიან? - იდიოტები, რომლებმაც არ იციან ხმას ვის აძლევენ, ან შეგნებული აქვთ და იციან, რომ ხმას აძლევენ კრიმინალს. აქედან არც ერთი არ მატებს ქვეყანას ღირსებას. ამიტომ ქვეყანა უკვე დაზიანდა. ზიანის გამოსწორება ან შეუძლებელია, ან შეიძლება ათეული წლები დასჭირდეს.

რაც შეეხება ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებას, საკმაოდ აქტიურად და ეფექტური ნაბიჯებით დაიწყო პრემიერობის მეორე ეტაპი, ბევრი პოზიტიურად უყურებს მომავალს, რისი გაკეთება შეუძლია ამ ურთულეს პერიოდში ღარიბაშვილს?

- ყველაფერი დამოკიდებულია რა კურსს აირჩევს ღარიბაშვილი. აი, მაგალითად, აფრიკის ყველაზე ღატაკმა ქვეყანამ უკვე მიიღო ვაქცინის 600 ათასზე მეტი დოზა და რატომ მიიღო იცით? იმ ღარიბ ქვეყანათა რიცხვში რომელშიც ჩვენც შევდივართ, ყველაზე მომზადებული აღმოჩნდა ვაქცინაციის პროცესისათვის. ჩემი აზრით, ღარიბაშვილის მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო ევროპაში ვოიჟი, რომ როგორმე ვაქცინის მიღება დაეჩქარებინა, ეს იქნებოდა გადამწყვეტი მისი რეპუტაციისათვის და ქვეყნისათვის. ღარიბაშვილს რა შეუძლია? გულითაც რომ მოინდომოს, ის ვერ გადაჭრის უმუშევრობის პრობლემას, ვერც ლარს განამტკიცებს, ვერც ფასებს დაწევს, ვერც სიღარიბეს შეამცირებს, იმიტომ კი არა, რომ ის სუსტია, უბრალოდ, ეს შეუძლებელია.

რაც შეეხება ზოგად სურათს, გიორგი გახარიას თანამდებობიდან მოულოდნელმა წასვლამ ღიად აჩვენა სახელისუფლებო კრიზისი, ხელისუფლებაში არსებული კლანური დაპირისპირება უკვე სახეზეა და ვხედავთ, ამან რა სავალალო შედეგებამდეც მიიყვანა ქვეყანა. შეცვლის რაიმეს გახარიას წასვლა თუ ხელისუფლება ისევ გააგრძელებს თავდაპირველ კურსს?

- კრიზისი გამოჩნდა. დღეს თუ რამე რადიკალურად შეიცვალა, ოპოზიცია სხვა მოვლენებთან ერთად, უნდა უმადლოდეს გახარიასაც. ახლა არ არის ის დრო, რომ გახარიას წარსული გავახსენოთ. გახარიამ თავისი ქმედებით მკვეთრად შეცვალა რეალობა. ცალსახად, იმასაც ნუ ვიფიქრებთ, რომ იმ მომენტში სპეცრაზმის იქ შევარდნას რევოლუცია მოყვებოდა, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც დაძაბულობა იყო პიკში, მოხდებოდა ქვეყნისათვის ძალიან ცუდი რამ, ეს ხელისუფლებისთვის იქნებოდა ჰარაკირი, მაგრამ არა მყისიერი. პრემიერი გახარია აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, მან გამოავლინა პოლიტიკოსის თვისებები. მე დავრწმუნდი, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა მხოლოდ ერთი პოლიტიკოსი. შეხედეთ რა დღეშია დღეს „ქართული ოცნება“, ივანიშვილი ყავდა ბურჯი, წავიდა, გახარია წავიდა, ვისი იმედი აქვს ახლა, ოხანაშვილის თუ პაპუაშვილის, რომლებიც უშეცდომოდ ორ წინადადებას ვერ ამბობენ? დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ ინტელექტუალურ ჭრილში როგორ ჯობნის ოპოზიცია ხელისუფლებას. ხელისუფლებაში ვერავინ ვერ მიხვდა იმას, როდესაც მელია ამბობდა, რომ არ გადაიხდის და ვერ დაიჭერენ, ის არ „ბლეფობდა“, ყველამ დილეტანტურად გადაწყვიტა, რომ ეს იყო „ბლეფი“, რომ იმ ფულს ვიღაცას გადაახდევინებდა და ასე შემდეგ. ბოლო წუთამდე „ოცნება“ დარწმუნებული იყო ამაში, ამიტომ იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში გამოაქვეყნებინეს. ანუ გამოვიდნენ იქიდან, თუ როგორ მოიქცეოდნენ თვითონ. მელია რისკზე წავიდა და ეს პარტია მოიგო. მელიამ „ოცნება“ ბავშვებივით მოატყუა. არ იფიქრეს იმაზე, თუ როგორ შეხედავდა მელიას დაპატიმრებას ევროპა, როგორ შეხედავდა შტატები, როგორ შეხედავდა ცივილიზებული მსოფლიო. ამათმა ჯერ კიდევ ვერ გაიცნეს ევროპა. ჩავლენ, დაესწრებიან რაღაც სხდომებს, ინგლისური ნახევარზე მეტმა არ იცის და ვერც იგებენ რაზეა ლაპარაკი, მერე ივლიან მაღაზიებში, „ჩაიშმოტკებიან“ და წამოვლენ და ეს გონიათ ევროპა. მათ ვერ გაიგეს, რომ ცივილიზებული სამყაროსთვის მელია არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ამის შემდეგ, იქ სამაჯურის მოხსნა და გირაოს გადახდა უკვე მეორეხარისხოვანი ხდება. „ოცნებამ“ თვითონვე შექმნა ისეთი სასამართლო სისტემა, რომ მისი არავის აღარ სჯერა და როდესაც ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, ფიქრობენ, რომ ერთნაირად უნდა შესრულდეს აქ მურუსიძის და ჩინჩალაძის გადაწყვეტილება და ლონდონში კიდევ მეხუთე თაობის ლორდი მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ ამ ორივეს ერთნაირი ძალა აქვს, სწორედ ასე ფიქრობენ.

ბოლო პერიოდში „ოცნებამ“ ერთმანეთის მიყოლებით ძალიან ბევრი არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა, როგორ ფიქობთ, დაეტყო „ოცნებას“ ივანიშვილის გარეშე ყოფნა, ან რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რისთვის ემზადება ივანიშვილი კიდევ ერთხელ ხომ არ ცდის პოლიტიკაში ბედს?

- ისტორიული გამოცდილებით ერთ რამეს გეტყვით. ივანიშვილმა არც დრო დაკარგა და არც სურვილი არ ჰქონდა, რომ ეს ხალხი არათუ გაეზარდა პოლიტიკურად, მან არ იფიქრა იმაზე, თუ ვის იმედად ტოვებდა ამ ხალხს, ნაცვლიშვილის იმედზე? სწორად შეახსენა დათო ბაქრაძემ „ოცნებას“ თომას ჯეფერსონის ცნობილი გამოთქმა: „როდესაც უკანონობა კანონი ხდება, დაუმორჩილებლობა აუცილებლობა ხდება“.

სად დაუშვა „ოცნებამ“ შეცდომა მელიას საქმესთან მიმართებაში?

- „ოცნებას“ წყნარად და ელეგანტურად უნდა დაევიწყებინა მელიას თემა. ეს იყო დილეტანტების იმპულსური გადაწყვეტილება. როდესაც ბელადი მიდის, ასე ხდება. სტალინმა ერთხელ სწორად უთხრა თავის პოლიტბიუროს, მე რომ მოვკვდები, ბრმა კნუტებივით დარჩებითო და ასეც მოხდა. და მართლაც ბრმა კნუტებივით დარჩნენ ესენიც და იმპულსური გადაწყვეტილება იყო, რომ არ ეფიქრა ვინმეს რომ ივანიშვილის იმედად იყვნენ, რომ ისინიც რაღაცას წარმოადგენენ, რომ მათი ძალა ივანიშვილი კი არ იყო, ისინი არიან ძალა. გადაწყვიტეს ძალის დემონსტრირება, ეს არის სუსტი ადამიანის გადაწყვეტილება. როდესაც სუსტის ხელში არის ძალა, ეს უკვე ცუდია.

რა ბეგრაუნდით წავიდა გახარია პოლიტიკიდან?

- გახარიამ სახე შეინარჩუნა და საქართველოს უახლეს ისტორიაში ის შევა, როგორც წესიერი ადამიანი. შემდეგი ნაბიჯი როდის იქნება, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად იტყვის ვისი ბრძანება იყო იმ საბედისწერო ღამეს, როდესაც ბავშვებს თვალები დათხარეს და რატომ ვერ აღუდგა წინ მაშინ იმ გადაწყვეტილებას. ის აუცილებლად იტყვის სიმართლეს, რადგან ეს ყველაფერი მას დამოკლეს მახვილივით კისერზე კიდია. მე ძალიან მიკვირს კობახიძის და მისი პუბლიკის, სულ ახალგაზრდები არიან და ნუთუ ფიქრობენ, რომ 30-40 წელი იქნებიან ხელისუფლებაში? ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც აქვს დასასრული და რატომ არ ფიქრობენ ამაზე?!

ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანამ ბევრი ცუდი გაიარა უკვე წლების წინ ნაციონალური ხელისუფლების სახით და მოხდა იმ შეცდომების და დანაშაულებების ჩამოწერა, მეტიც, მოხდა იმ ძალის რეაბილიტაცია. ფაქტობრივად, ყველა ხელისუფლება ფიქრობს, რომ მათი შეცდომების დავიწყება ჩვეულებრივი, პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია და ალბათ, პოლიტიკოსები ამიტომაც არ ფიქრობენ ბევრს. ყოველივე ამის შემდეგ, რატომ ენდობა საზოგადოება პოლიტიკაში კიდევ ერთხელ უკან მობრუნებულ ძალას?

- ნიკა მელიას დამსახურება არის ის, რომ მან ამ მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა სხვა ხალხით შევსებულიყო. როდესაც ეს პარტია დაფუძნდა, სულ სხვა ხალხი იყო მის შემადგენლობაში, დღეს სულ რამდენიმეა დარჩენილი.

ბევრი ძველი სახე დომინირებს და არც მათი იდეოლოგია შეცვლილა დიდად..

- არც იდეოლოგიაა ძველი და არც სახეები. თქვენი, ჟურნალისტების ბრალია ის, რომ კომენტარებისთვის მიმართავთ ერთი და იგივე პიროვნებებს. არ გიყვართ ახალი სახეები. მესმის, რომ ძველი სახეების პოპულარობა გჭირდებათ, არ უყვარს მედიას ახალი სახეები. „ოცნებაც“ ასევე შეიცვალა ამ რვა წლის მანძილზე, მისი დამფუძნებლებიდან ძალიან ცოტაა დარჩენილი. „ნაციონალური მოძრაობა“ თორმეტი წლის წინ დაფუძნდა და იდეოლოგიაც შეიცვალა, ხალხიც შეიცვალა, რომ არ შეცვლილიყო, იგივე საპრეზიდენტო არჩევნებზე შვიდასი ათას ხმას ვერ მიიღებდა. რაც შეეხება „ოცნებას“, ის ცუდისკენ შეიცვალა. ბიძინა ივანიშვილი კი ამბობდა, რომ კადრების შერჩევა იცის, მაგრამ თუ მართლა მაგისი შერჩეულია ეს ხალხი, მაშინ რა გითხრათ. როგორ შეიძლება კობახიძეზე დადო ფსონი, როდესაც დიპლომატიის ნამცეცი არ გააჩნია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკოსისათვის ისეთ აუცილებელ თვისებებზე, რაც არის კომპრომისი. კომპრომისზე ტიტანები და გენიოსები მიდიოდნენ როცა საჭირო იყო, ამიტომ ვამბობ, რომ გახარიას გადადგომა რომ არა, სისხლი აუცილებლად დაიღვრებოდა.

 

amo გადაბრუნებული ურმის შემდგომი ანალიზია, თანაც პესიმისტური. კრიტიკულ მომენტში თქვით ხოლმე რაა გასაკეთებელი.
3 წლის უკან
გოგი დაბერდი სოსო და ინტუიცია დაგიქვეითდა, წარსულზე ლაპარაკით გეტყობა, ანალიზი აკლია, ლოგიკაც.
3 წლის უკან
Maverick 50/50-ზე, ანუ შენც კარგი ხარ/ ისიც ვერაა კარგი, მაგრამ მაინც კარგია, საქარტველოში ტალეირანი გაცოცხლდა!
3 წლის უკან
Katana . ეეჰ... ერთი ნაცნობი მყავდა (აცხონოს ღმერთმა!), ჯერ საქართველოს გამწითლებელ ბოლშევიკებზე გამოსცა სახოტბო ნარკვევების წიგნი, თვითონ რეპრესირებულის შვილმა: სულ პანეგირიკები უძღვნა ჩვენთვის დამოუკიდებლობის წამრთმევებს...
მერე ეროვნული მოძრაობის აღმავლობა წამოეწია და ახლა ამ ბოლშევიკების მსხვერპლ, უადანაშაულოდ განწირულ-განადგურებულ ოჯახებზ გამოსცა ასეთივე ნარკვევების წიგნი...
იმ კაცს მაგონებს ბ-ნი სოსო ცინცაძე: ნახევარი ცხოვრება დასავლეთის გინებში გაატარა და ახლა იმითი გვაშინებს, ვაითუ ჩვენი მთავრობის საქციელი არ მოეწონოს ესოდენ სანუკვარ დასავლეთს და სანქციები დაგვიწესონო!..:))
3 წლის უკან