„ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა მოიკოჭლა, მელიას საგმირო საქმეების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას თუ მიაწვდიდნენ, ყველა კარგად გაიგებდა საქმე რეალურად რაშიც არის“

„ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა მოიკოჭლა, მელიას საგმირო საქმეების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას თუ მიაწვდიდნენ, ყველა კარგად გაიგებდა საქმე რეალურად რაშიც არის“

დასავლეთის მხარდაჭერის შემდეგ შეგულიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას უკვე მივიწყებული ულტიმატუმი გაუხსენა. ოპოზიციას სამი მოთხოვნა აქვს, რომელსაც თუ ხელისუფლება არ შესრულებს, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან. მათი თქმით, „ოცნებამ“ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევები უნდა დანიშნოს, ნიკა მელია და გიორგი რურუა გაათავისუფლოს და პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს.

ოპოზიცია აქციებით იმუქრება და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხალხის ქუჩაში მასობრივად გამოსვლის შემდეგ იძულებული გახდება, მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ასევე დასავლეთის მხრიდან ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას ელიან, რომელიც საბოლოო ჯამში, მათი გამარჯვებით დასრულდება.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ოპოზიციის ოპტიმიზმს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ნიკა მელიას დაკავებით ქვეყნის შიგნით სიტუაცია რადიკალურად არ შეცვლილა. მელიას დაპატიმრების დღეს ხალხის რაოდენობამ, რომლებიც აქციაზე გამოვიდa, აჩვენა, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არ არის. მათი აზრით, ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ერთი ან ორი დღის განამვლობაში შეძლებს, მაგრამ ეს არ იქნება იმ დონის მასშტაბური საპროტესტო ტალღა, რომ ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აიძულონ.

ექსპერტები დასავლეთის მხრიდანაც განცხადებების გარდა, სხვა ქმედით ნაბიჯებს არ ელიან და ამბობენ, რომ ჩვენი პარტნიორები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას, როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციასაც აკისრებენ. ამიტომაც მათთვის პარლამენტში შესვლის საკითხი კვლავ მნიშვნელოვანია და ოპოზიციის ბოიკოტი მიუღებელია. ამიტომაც ოპოზიციამ ახლა თუ ქუჩაში ხალხის გამოყვანა ვერ შეძლო, ისინი უბრალოდ „ჩაირეცხებიან“ და პოლიტიკურად მათი გაკოტრეება მოხდება.

26 თებერვალს დაგეგმილია „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა, შენობების პიკეტირება და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლა. ამის პარალელურად, ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო მეტად აღრმავებს. ხოლო ყველა მხარეს მოუწოდებს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გავრცელებული განცხადება მიანიშნებს, თუ რა სჭირდება ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ განცხადებები ხელისუფლების მისამართით ზოგ შემთხვევაში მწვავეა, თუმცა თუკი ოპოზიცია იმ რეჟიმში დარჩება, როგორც ეს დღეს არის, პარტნიორების მხარდაჭერა არ ექნებათ.

„მათთვის საფიქრალია ის, თუ როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მოუმატებს. რასაკვირველია, ჩვენს მიმართ მოთხოვნები არის პრინციპული, არის საკმაოდ მკაფიო, ზოგ შემთხვევაში მწვავეც, მაგრამ შექმნილ ვითარებაში თუკი ოპოზიცია კვლავ ამ დესტრუქციულ რევოლუციურ გზას განაგრძნობს, მე არ მგონია რომ მათ ექნებათ მხარდაჭერა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე საუბრისას ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობას და განაცხადა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები.

ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი იმისა, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება.

ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ უნდა მოვახერხოთ გარკვეულწილად ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება, პოლიტიკური დისკუსია, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი პირობები დაკმაყოფილდება.

„როგორ წარმოგიდგენიათ ახლა რაიმე სახით დიალოგი ხელისუფლებასთან და რაიმე სახის თუნდაც პარლამენტში შესვლაზე საუბარი, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე შტურმით აიყვანეს და წაიყვანეს ციხეში?! რა დიალოგზეა საერთოდ საუბარი და რომელ მოლაპარაკებებზე?! ასე რომ, თუ ხელისუფლებას მოლაპარაკებები სურს რეალურად და საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შევიდეთ პარლამენტში, ამისთვის იცის რა არის ამ ყველაფრის წინაპირობა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენა არ გაუვა, რადგანაც როგორც უკვე „ოცნებისგან“ ხაზგასმული იყო, როგგარეშე არჩევნების დანიშვნა არ განიხილება. აბაშიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს ამ მოტივით მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანას, რადგანაც საზოგადოების დაკვეთა რიგგარეშე არჩევნები არ არის. ასევე მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, დასავლეთის მხრიდან გარკვეული კრიტიკაა, არც მათ განაცხადებებში არსად არ ჩანს, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს. აბაშიძე ამბობს, რომ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, დიპლომატიურმა კორპუსმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა მოიკოჭლა, რადგანაც ზუსტად მათ არავინ არ აუხსნა ვინ არის ნიკა მელია. მათ რომ სცოდნოდათ მელიას საქმენი საგმირონი, ეს კრიტიკაც არ იქნებოდა.

„არ ველი, რომ ქუჩაში ხალხი გამოვა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს. საზოგადოების დაკვეთა არის სულ სხვა რამ და არა „ნაციოანლების“ უკან ხელისუფლებაში დაბრუნება. კარგად ჩანს, რომ ენმ-ს გარეთ თბილისელებიც კი ვერ გამოყავს, რომლებმაც ხმა მისცეს. ჩვენი მოსახლეობა კანონმორჩილია და „ნაციონალების“ უკანონო მოწოდებებს არავინ არ დაემორჩილება. შეიძლება რეგიონებიდან საკუთარი პარტაქტივი ფულის სანაცვლოდ ჩამოიყვანონ და ერთი ორი დღე თქვან, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა. სხვას ესენი ვერაფერს იზამენ. ფაქტია, ვხედავთ, კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, დასავლეთის მხრიდან კვლავ მოწოდებებია, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. არავინ ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს. სააკაშვილს არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა არა აქვს, ამიტომაც ულტიმატუმების ენით საუბარი არ გამოვა.

ცუდი ისაა, რომ ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა მოიკოჭლა, რადგან ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, თითქოს პოლიტიკური ლიდერი დააკავეს, ტყუილია. მელიას საგმირო საქმეების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას თუ მიაწვდიდნენ, ყველა კარგად გაიგებდა საქმე რეალურად რაშიც არის. ამიტომაც ამ მიმართულებით სამუშაოა გასაწევი“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ მართალია, ვითარება პოლიტიკურად შეიცვალა, მაგრამ არა ისე დრამატულად, რომ ამას ქვეყნის შიგნით რაიმე სახის ცვლილება მოეტანა. თუმცა ქვეყნის გარეთ, ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება ხელისუფლების მისამართით რადიკალურად სხვაა. რიტორიკა შეცვალეს, მაგრამ აქაც რაიმე რადიკალური ნაბიჯების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ძაბირაძე ამბობს, რომ ეს შეშფოთება მხოლოდ განცხადებების დონეზე რჩება, ამიტომაც „ქართულ ოცნებაზე“ პარტნიორებისგან დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ნაკლებად მოსალოდნელია. მისი აზრით, ეს კი ოპოზიციის შანსებს ამცირებს, რადგან თუ მათ 26 თებერვალს და სხვა დღეებში ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანეს, მათი პოლიტიკური მომავალი საფრთხის ქვეშ დგება.

„სანამ მელიას დაკავება მოხდებოდა, მანამდე ყველა ოპოზიციას ერთხმად მოუწოდებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. ახლა კი მელიას დაკავების შემდეგ რიტორიკა შეიცვალა. თუმცა არა იმ დონეზე, რომ „ოცნებას“ ჩვენმა პარტნიორებმა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოსთხოვონ. პირიქით, მათგან ისევ ისმის მოწოდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს და დიალოგი განახლდეს. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ჯერჯერობით ხელისუფლების გაფრთხილებაა და სხვა ნაბიჯებისკენ პროცესები არ მიდის. ქვეყნის შიგნით კი სიტუაცია დიდად დრამატული არ არის.

კი ბატონო, 26 თებერვალს აქციაზე გაცილებით მეტი ხალხი მივა, მაგრამ ეს იქნება ერთჯერადი ხასიათის. მასშტაბური და მასობრივი აქციები ოპოზიციას გაუჭირდება. ხალხში და ქვეყანაში სულ სხვა პრობლემებია წინა პლანზე წამოსული. რიგგარეშე არჩევნები არ არის მოსახლეობის დაკვეთა. საზოგადოებაში არის უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ამიტომ ამ ადამიანებს ოპოზიცია ვერ არწმუნებს, რომ ამას ხელსიუფლებაზე უკეთესად მოაგვარებს. შესაბამისად, ქვეყანაში არ არის ის განწყობა, რომ მოდი, ახლა ეს ხელისუფლება გავუშვათ და სხვა მოვიყვანოთ“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია კომპრომისზე არ მიდის, ამიტომაც მივიღებთ მუდმივად არასტაბილურ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც ფაქტია, ქვეყანას არაფერში წაადგება. თუმცა ეს არ იქნება იმ დონის კრიზისი, რომლის გამოც ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას გადაწყვეტს. ეს იქნება არაკომფორტული პროცესები ხელისუფლებისთვის, თუმცა იმდენად შორს არ წავა, რომ ოპოზიციამ რაიმე დათმობაზე წასვლა აიძულოს. ძაბირაძე ფიქრობს, ხელისუფლება ეცდება უფრო შორს წავიდეს და მოსახლეობას აჩვენოს, რომ საქმეს აკეთებს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. თუ მოსახლეობა ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს დაინახავს, ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოყვანა მით უფრო გაუჭირდება.

Katana . დიახ, ეს არის სერიოზული პრობლემა: საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩოებში ისევ უმრავლესობაში მყოფი აშკარა თუ ლატენტური ნაცები ან პირში წყალჩაგუბებული არიან, ან პირიქით - ფარულად ამ ხელისუფლების ძირგამომთხრელ მუშაობას ეწევიან!..

ბ-ნო ღარიბაშვილო, გადაახალისეთ ეს სტრუქტურა ძირფესვიანად, მინისტრიან-საელჩოებიანად, გირჩევთ! (გარწმუნებთ, ვიცი, რასაც გეუბნებით!).
3 წლის უკან