ბოკერიას ფაქტორი

ბოკერიას ფაქტორი

რას აშავებს გიგა ბოკერია და რატომ დისტანცირდებიან მისი პარტიიდან პოლიტიკური ლიდერები - ჯერ ელენე ხოშტარია, შემდეგ- ჭიაბერაშვილი, უგულავა, ბაქრაძე?!

მართალია, ბოკერია ირწმუნება, რომ „ევროპულ საქართველოში“ შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს და ეს მთავრობის პროპაგანდაა, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის ლიდერების (უგულავას, ბაქრაძის) განაწყენება სწორედ გიგა ბოკერიას ფაქტორმა განაპირობა. ამითაც აიხსნება, რომ „ევრონაცების“ ლიდერებს რატომღაც მაინცდამაინც ახლა ერთი-მეორის მიყოლებით გაახსენდათ, რომ გზა პარტიაში ახალგაზრდებისთვის უნდა დაეთმოთ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც უგულავა და ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. ამან პარტიის ლიდერებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

როგორც ირკვევა, გიგა ბოკერია არც სხვა პარტიის წარმომადგენლებისთვისაა კომფორტული პარტნიორი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არ მალავს, თუ ბოკერია პარტიულ თანამდებობაზე დარჩება, „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციის შექმნა რთული იქნება, რადგან ხალხი სიახლეს ეძებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციის შექმნას აპირებენ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „ევრონაცები“, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მაგრამ ბოკერია ხელშემშლელ ფაქტორად რჩება და მას ლუკაშენკოსაც ადარებენ.

„ევროპულ საქართველოში“ დაპირისპირება ახალი არ არის. ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბაქრაძე-უგულავას გუნდს გიგა ბოკერია არ წყალობდა, რადგან ეს უკანასკნელნი კეთილმეზობლურად იყურებოდნენ „ნაცმოძრაობისკენ“. ბაქრაძე- უგულავას არგუმენტით, პროდასავლური ძალები ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ, რადგან არჩევნებში გამარჯვებას სააკაშვილის მუხტი სჭირდებოდა.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ ფიქრობს, რომ, ამ შემთხვევაში, გიგა ბოკერია ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს. ხელის შემშლელნი პარტიაში არც გიგი უგულავა და არც დავით ბაქრაძე არ არიან, უბრალოდ, თვითონ პარტიაში გაიყო პოზიციები არა მარტო ბოკერიას, უგულავას და ბაქრაძეს შორის, არამედ სხვა პოლიტიკური ლიდერებიც ასეთ მდგომარეობაში არიან. იგივე ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, გოკა გაბაშვილი. კონკრეტულად, დავით ბაქრაძეს მიაჩნია, რომ ეს პარტია უკვე ვეღარ ვითარდება, მისი რეიტინგი დაწეულია, ამიტომაც საჭიროებს ან რეორგანიზაციას, ან თვითლიკვიდაციას, თუმცა გიგა ბოკერია თვლის, რომ პარტიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა, ოღონდ საჭიროებს მნიშვნელოვან რეორგანიზაციას, ახალი კადრების მოზიდვას პარტიაში და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს შორის გარკვეული უთანხმოება შეიძლება მართლაც იყო, მაგრამ არავინ არ ყოფილა განმსაზღვრელი ფაქტორი პარტიის ლიკვიდაციის თვალსაზრისით. უბრალოდ, პარტიის რეიტინგი დაეცა და ამის მიზეზები შემდეგია: 2018 წლიდან 2020 წლამდე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდნენ პროდასავლური ორიენტაციის სხვა პოლიტიკური ძალები. თუ, ვთქვათ, 2018 წელს „ევროპული საქართველო“ იყო მეორე ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობის“ შემდეგ, რაც ნათლად გამოჩნდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, როდესაც ევროპული საქართველოს კანდიდატმა, ბატონმა ბაქრაძემ მიიღო ხმათა 11%, ანუ 10%-ზე მეტი მხარდაჭერა გააჩნდა „ევროპულ საქართველოს“ 2018 წლის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, გარკვეულწილად, მათ ჩაანაცვლეს „ევროპული საქართველო“. ამდენად, ხმები გადანაწილდა სამ პოლიტიკურ სუბიექტს შორის - „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. ამის გამოა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ნაკლები ხმა მიიღო. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ამ პარტიის რეიტინგის დაწევის რეალური მიზეზი და პარტიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ვერ მიიღო ხმათა შესაბამისი რაოდენობა. ფაქტია, უგულავა და ბაქრაძე „ნაცმოძრაობაში“ კვლავ გაწევრიანებას გამორიცხავენ, მაგრამ გამორიცხული არაა, ითანამშრომლონ სხვა პროდასავლურ ძალებთან, იმავე „ლელოსთან“, „სტრატეგია აღმაშენებელთან“, - აღნიშნა for.ge- სთან საუბრისას ნიკა ჩიტაძემ.

რაც შეეხება საკითხს, როგორ აღიქმება გიგა ბოკერია ჩვენი საზოგადოების თვალში, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ, მართალია, ზოგიერთ ადამიანში ბოკერია გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ პირადად მას ბოკერია პროგრესულ, გონებაგახსნილ ადამიანად და ძლიერ პოლიტიკოსად მიაჩნია. ამიტომ ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანი არ უნდა ითვლებოდეს დესტრუქციულ სუბიექტად. უფრო მეტიც, ანალიტიკოსი პატივს სცემს, როგორც ბაქრაძეს, ისე უგულავას, ანუ მათ, ვინც პროდასავლურადაა განწყობილი.

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, გიგა ბოკერია წავა თუ არა თავისი პარტიიდან, ეს აბსოლუტურად ბოკერიას გადასაწყვეტია.

„ზოგადად რომ ვუყურებ ამ გადალაგებებს, მე თვითონ სადაც მივდივარ, ვგრძნობ თავისუფლებას იმ თვალსაზრისით, რომ ხალხს თითქოს სიამოვნებს, რომ მე არ ვყოფილვარ ხელისუფლებაში, არ ვყოფილვარ პოლიტიკაში. ვგრძნობ, რომ ადამიანები ამ კუთხით სანდოობით იმსჭვალებიან, ამიტომ, თუ გაითვალისწინებს გიგა ბოკერია, რომ გადახალისების მოთხოვნილება არის მის პარტიაში, უთუოდ კარგი იქნება. თუმცა ვიმეორებ, ეს ისეთი თემაა, აბსოლუტურად გიგა ბოკერიას გადასაწყვეტია“, - მიიჩნევს თაკო ჩარკვიანი.

 

ზურაბი ჰიტლერიც დასავლეთში მოღვაწეობდა, ეგენი იმ დასავლეთის მიმართულებით მიდიოდნენ.
3 წლის უკან