საქართველოს სამხედრო ძალებიდან ერთადერთი, სასაზღვრო ძალები იყო ობლად, ანუ უხელფასოდ დარჩენილი. მაგალითად, თუკი თავდაცვაში გენერალი 1000 ლარს იღებდა, მესაზღვრე გენერალს 200 ლარიც ძლივს გამოსდიოდა. სასაზღვრო ზოლში გაყინული ოფიცრები კი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს თვეში 100 ლარად იცავდნენ.
ეს მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ გამოსწორდა. პრეზიდენტის ახალი ბრძანებულების მიხედვით, მესაზღვრეებმაც ამოისუნთქეს. შეიარაღებული ძალების მსგავსად, სასაზღვრე ჯარებიც კატეგორიებად იყოფა.
პირველ კატეგორიაში უშუალოდ ის სამხედროები მოხვდნენ, ვინც საბრძოლო მზადყოფნაში, იარაღით ხელში იცავს სახელმწიფო საზღვარს და მათ ყველაზე მაღალი ხელფასი ექნებათ. დანარჩენ კატეგორიაში მყოფ ზურგის ნაწილებს კი ხელფასი გაეზარდათ, თუმცა მცირედით.
საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ, სასაზღვრო ჯარების პირველი კატეგორიის პოლკოვნიკს დაახლოებით 1000 ლარი აქვს ხელფასი, მესამე კატეგორიის პოლკოვნიკს - 600 ლარამდე. სხვათა შორის, პირველი კატეგორიის ლეიტენანტის ხელფასი თითქმის უთანაბრდება სხვა კატეგორიების პოლკოვნიკის ხელფასს. ხოლო სასაზღვრო ჯარების ოფიცრის ყველაზე დაბალი ხელფასი დაახლოებით 250 ლარი იქნება.
ხოლო იმ ჯარისკაცებს, რომლებიც სამხედრო-სავალდებულო სამსახურს სასაზღვრო ჯარებში გადიან, ანაზღაურება 6-დან 12 ლარამდე ექნებათ.
ახლა კი, რაც შეეხება საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მომუშავე სამოქალაქო პირებს - ბადრი ბიწაძის ხელფასი 1950 ლარია, მის მოადგილეებს კი მსგავსი ბედნიერება არ ხვდათ წილად. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი, პირველი კატეგორიის ლეიტენანტის ხელფასის ნახევარი - 330 ლარია. ხოლო ადმინისტრაციაში მომუშავე სამოქალაქო სპეციალისტს მხოლოდ 150 ლარი აქვს ხელფასი.
მოკლედ, უხეშად რომ ვიანგარიშოთ, ბადრი ბიწაძეს ჩვეულებრივ მესაზღვრეზე 8-ჯერ მეტი აქვს ხელფასი.
საყაზარმე პირობებში მყოფი პირადი შემადგენლობის კვება ერთ ადამიანზე თვეში 102 ლარით განისაზღვრა. თუმცა, დაყოფა აქაც არსებობს: მფრინავებს 125 ლარის საკვებს აძლევენ, მესაზღვრეებს - დანარჩენების მსგავსად - 102 ლარისას. თუმცა, აქ მთავარი ის არის, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილმა თანხამ სასადილოს მაგიდაზე გაშლილ მზა საკვებად მიაღწიოს და სადმე „გზაში“ არ დაიკარგოს ძველებურად.
სხვათა შორის, საკვები ნორმები მესაზღვრე-ცხენებისა და მესაზღვრე-ძაღლებისთვისაც განისაზღვრა და ოფიცრები ნუ გვიწყენენ და კატეგორიებად დაყოფა აქაც არსებობს. მაგალითად, „საჯდომი და საჭაპანო“ ცხენებს შვრია, თივა და მარილი მეტი აქვთ, ვიდრე „მისაბმელმზიდ“ ცხენებს. ასევე, საყარაულო, სადარაჯო და სამძებრო ძაღლები გაცილებით მეტ საკვებს იღებენ, ვიდრე მათი ლეკვები. ძაღლები იღებენ ხორცს, მათ შორის, ცხენის ხორცსაც, რძესთან ერთად კარტოფილს და სხვა ბოსტნეულსაც. თუმცა, წმინდა სისხლის ძაღლს დღეში 50 გრამით მეტ ხორცს აძლევენ.
ცალკეა განსაზღვრული რა რაოდენობით თივა და მარილი უნდა მიიღოს იმ რქოსანმა პირუტყვმა, რომელიც სასაზღვრო ძალების პირადი შემადგენლობისთვის გეგმურად უნდა დაიკლას.