რუსულმა გამოცემა Sports.ru-მ რუსეთის პრემიერლიგაში 22-წლამდე ასაკის ხუთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დაასახელა და პირველ ადგილზე ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანა - რუსეთის ჩემპიონატის მთავარი ტალანტი.
ხვიჩას შესახებ რუსული გამოცემა დარწმუნებით წერს და სტატიის ავტორს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის ჩემპიონატზე 20 წლის ქართველზე უფრო მაგარი ტალანტი არ თამაშობს:
„ეჭვი არ არსებობს, პირველ ადგილზე ვინ უნდა გასულიყო. რუსეთის პრემიერლიგაში ძალიან ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც აქვს თვისებების ნაკრები და საფეხბურთო ნიჭი, რომელიც „რუბინის“ მოთამაშეს გააჩნია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ახლახან გახდა 20 წლის და დიდებში უკვე 70 მატჩი დაუგროვდა. საფრანგეთის მთავარმა სპორტულმა გამოცემა L’Equipe-მ მსოფლიოს 50 ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს შორის შეიყვანა და 34-ე ადგილი მიაკუთვნა. ამ ბიჭის ნიჭს აბსოლუტურად ყველა ხედავს და თუ განვითარების პროცესს არ შეაჩერებს, მაშინ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ როგორ ითამაშებს ტოპ 5 ჩემპიონატში“, - წერია რუსულ ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან 16 თამაშში თავი 2 გოლით, 2 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. წინასასეზონო შეკრებაზე კი თურქეთში 6 გოლი გაიტანა. კვარაცხელიას გასული სეზონიც შესანიშნავი ჰქონდა. „რუბინის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.