ევროპის მომავალი, 2022 წლის ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია. მთავარი საკონტინენტო ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა და 22 თებერვალს მის მონაწილეთა რიცხვი 24-ამდე შეივსო. ბოლო საგზურები ლიტვამ და ესტონეთმა მოიპოვეს. ბალტიისპირელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს და დანიაში მინიმალური სხვაობით მოგებით ევრობასკეტზე გავიდნენ. ესტონეთმა კი მთავარი ჯახი იტალიასთან მოიგო, რის შემდეგაც დაშვებულზე ნაკლები სხვაობით წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან და საგზურს შეწვდა.
საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯრის ფარგლებში 2 ტური გაიმართა, რომლის დაწყებამდეც ევრობასკეტის საგზური 11 გუნდს ჰქონდა მოპოვებული: საქართველოს, იტალიას, ჩეხეთსა და გერმანიას როგორც მასპინძლებს და საწყის 4 ტურში შედეგიანად მოასპარეზე ისრაელს, ბოსნიას, ხორვატიას, საბერძნეთს, ესპანეთს, სლოვენიასა და უკრაინას.
კოვიდპანდემიის გამო, თითო ჯგუფის თამაშები თითო ქვეყანაში, ე.წ. ბაბლის სისტემით იმართება და E ჯგუფს, საქართველომ უმასპინძლა. იმის გარდა, რომ საქართველოს, როგორც მასპინძელსა და პლუს ჯგუფის ლიდერს, ევრობასკეტის საგზური განაღდებული ჰქონდა, ჩვენს ჯგუფში გარკვეული არაფერი იყო. შვეიცარია, სერბეთი და ფინეთი თბილისში 2 საგზურის გასანაწილებლად ჩამოვიდნენ და შედეგად მიზანს სერბეთმა და ფინეთმა მიაღწიეს. შვეიცარია ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ევრობასკეტის მიღმა დარჩა.
ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. მონაწილე 24 გუნდი 4 ჯგუფში განაწილდება და თითო ჯგუფს თითო ქვეყანა – საქართველო, გერმანია, ჩეხეთი და იტალია უმასპინძლებენ. ანუ თითო ქვეყანას ესტუმრება 5 ნაკრები და ჯგუფში მეექვსე მასპინძელი იქნება.
თითოეულ მასპინძელს თითო მეტოქის არჩევის უფლება აქვს. ეს პრაქტიკა იმ წელსვე დამკვიდრდა, რაც ევრობასკეტის მასპინძლობა ჯგუფური პრინციპით – 2015 წლიდან დაიწყო. ფიბა-მ ეს იმის გამო გააკეთა, რომ მასპინძლებს საშუალება ჰქონდეთ, ისეთი ქვეყნის ნაკრები ჰყავდეთ ჯგუფში, საიდანაც ქომაგები იოლად ესტუმრებიან და ამ გზით როგორც დასწრებადობა, ისე ფინანსური სარგებელი გაიზრდება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას გადასაწყვეტი აქვთ, თუ რომელიც ქვეყანა იქნება ჩვენი ეგრედწოდებული პარტნიორი და შესაბამისად ჯგუფის წევრი. საქართველოს ნაკრების დანარჩენ 4 მეტოქეს მარტში დაგეგმილი ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრა გამოავლენს.