„ღარიბაშვილის ფაქტორმა ორ მხარეს შორის ძალთა ბალანსი გაათანაბრა, თუმცა პოლიტ–გადატრიალების სცენარი ისევ მიმდინარეობს“

„ღარიბაშვილის ფაქტორმა ორ მხარეს შორის ძალთა ბალანსი გაათანაბრა, თუმცა პოლიტ–გადატრიალების სცენარი ისევ მიმდინარეობს“

უკვე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად, ორი დაპირისპირებული მხარის, ოპოზიციის და ხელისუფლების გეგმები დროებით შეაჩერა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანა პოლიტიკური გადატრიალების რეალური საფრთხის წინაშ იდგა. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წლის რევოლუციური სცენარის, კიდევ ერთხელ, განმეორებას ცდოლობდა, რაც გიორგი გახარიას მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ჩაშალა.

ვახტანგ მაისაია: გახარიას გამოსვლამ, ფაქტობრივად დაგვანახვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი, სახელმწიფო კრიზისის რბილ დონეზე გადავიდა. ჩემთვის გაუგებარია განცხადებები იმის შესახებ, რომ თურმე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ვადა არ გააჩნია, ეს ანომალიაა. ვისაც კანონსა და სამართალმცოდნეობასთან შეხება აქვს, განსაკუთრებით, ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ყველამ იცის, რომ 24 საათის განმავლობაში თუ არ მოხდა სასამართლოსა და ძალოვანი სტრუქტურების გადაწყვეტილებების აღსრულება, შემდგომ ასეთი ქმედებების განხორციელებისათვის ყოველგვარი აზრი იკარგება. ამას აქვს სამართლებრივი, მორალური და პოლიტიკური მომენტები.
უნდა ვაღიაროთ, რომ, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის ერთ–ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია. ბუნებრივია, მისი თავმჯდომარის მიმართ ასეთი დილეტანტური მიდგომა ბევრ კითხვას იწვევს. როცა შენ იწყებ ნაბიჯს და არ ამთავრებ, არ კრავ საქმეს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების საქმეს ეხება, შეიძლება ითქვას, რომ ასეთ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ანგაჟირება გააჩნია. ეს ორი ფაქტორი მიანიშნებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი კრიზისია, ჯერჯერობით, ეს არის საწყისი, რბილი ფორმის. ასევე, მინდა, სიტუაცია გავაანალიზო, როგორც უსაფრთხოების სპეციალისტმა. ფაქტობრივად, საქართველოში პოლიტიკური გადატრიალება მზადდებოდა. ეს ჩანდა დილის თერთმეტი საათიდან ოთხ საათამდე, როდესაც შეიქმნა სახელისუფლებო ვაკუუმი, მმართველ პოლიტიკურ პარტიაზე მაქვს საუბარი. წინა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, მოუწოდა თავის მომხრეებსა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ წარმომადგენლებს, რომ დაეწყოთ კონკრეტული ღონისძიება სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებზე, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებზე, მოეძიებინათ სიები, გასულიყვნენ მათთან კომუნიკაციაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა მოეხდინათ. ფაქტობრივად, იკვეთებოდა პოლიტიკური გადატრიალების კონტურები. ეს, ბუნებრივია, სააკაშვილის სტილია. მან არაერთხელ გააკეთა ასეთი ქმედება. როცა ათის ნახევარზე პოლიციის წარმომადგენელები მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან და გადასცეს კონკრეტული გაფრთხილება, გასაგები იყო, რომ წესდების მიხედვით ერთ საათში დაიწყებოდა მელიას აყვანის ოპერაცია, რა თქმა უნდა, ეს მოხდებოდა შტურმით. ამას დაასწრო გახარიამ და გააკეთა პრევენციული ღონისძიება. მან აღნიშნა, რომ ამ ფორმით მელიას დაკავებას არ ეთანხმებოდა. ამ ყველაფრიდან იკვეთება გადატრიალების მომენტი, ერთი და მეორე მხარე, როგორც ჩანს, ემზადებოდნენ.

რა გავლენა იქონია პროცესებზე ღარიბაშვილის კანდიდატურის დაყენებამ?

– ღარიბაშვილის დაბრუნებამ დააბალანსა სიტუაცია იმ კუთხით, რომ ის იყო თავდაცვის მინისტრი, მანამდე – შს მინისტრი, მას უფრო მეტი ნდობა და რეიტინგი ჰქონდა ძალოვან სტრუქტურაში, ვიდრე ყველა იმ „ქართული ოცნების“ „ლიდერშიფს“. ღარიბაშვილის ფაქტორმა სიტუაცია შემოაბრუნა. თუმცა, ეს სიტუაცია არ დასრულებულა. სიტუაცია დროებით დაბრუნდა საწყის პოზიციებზე და ორ მხარეს შორის ძალთა ბალანსი გათანაბრდა, თუმცა პოლიტ–გადატრიალების სცენარი, რა თქმა უნდა, ისევ მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“ როგორც მოგეხსენებათ ეს არის არაკლასიკური პოლიტიკური პარტია, ეს არის შიდა პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის არსებული კონდონიუმი, რომელიც დაყოფილია და ამ კლანებთან დაპირისპირებით ხორციელდება „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებების მიღება. აქ მოხდა ის, რომ გახარიას კლანი დამარცხდა. აშკარად ჩანდა, რომ გახარია და ღარიბაშვილი ორივე დისტანცირებული იყო „ქართული ოცნების“ ლიდერშიფისაგან. გახარია დემონსტრაციულად ორჯერ არ დაესწრო პოლიტ–საბჭოს სხდომას. დღეს უკვე ძალთა ბალანსი შეიკრა, ღარიბაშვილს გააჩნია მეტი ქარიზმა, მეტი რეიტინგი საზოგადოებაში.

არსებული ინფორმაციით, გახარიას მთავარი პრობლემა იყო კონკრეტული ადამიანების მხრიდან პრემიერის კომპეტენციაში შეჭრა, რაც მას, როგორც ქვეყნის პირველ პირს თავისუფლებას უზღუდავდა. ამიტომ, ბუნებრივია, ისმის კითხვა, რამდენად თავისუფალი იქნება საკუთარ გადაწყვეტილებებში ღარიბაშვილი და იგივე პრობლემა ხომ არ შეხვდება მასაც?

– იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა პოლიტიკური გადატრიალების სცენარისგან გადაარჩინა ირაკლი ღარიბაშვილმა, ამიტომ მას ექნება სრული კარტ–ბლანში, სხვანაირად, „ქართული ოცნება“ გაქრება დღის წესრიგიდან. სრული თავისუფლება ექნება ღარიბაშვილს იმიტომ, რომ მეორე მხარე გამოჩნდა სააკაშვილის სახით, მე შეიძლება გავიზიარო „გირჩის“ მოსაზრება, რომ მათ მხოლოდ პოლიტ–ტქნოლოგად გამოიყენეს მელიას დაჭერის მომენტი და ეს პოლიტ–ტექნოლოგიური ტრუკი იყო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ და საერთოდ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებისთვის იყო დიდი სიურპრიზი ღარიბაშვილის გამოჩენა და მათი გეგმის ჩაშლა. ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური გადატრიალება იქნებოდა ის, რომ პოლიციას შტურმი მიეტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე და დაეკავებინათ პოლიტიკური ლიდერი. იგივე ვარიანტი განვითარდებოდა, რომ არ გამოჩენილიყო ღარიბაშვილი და მომხდარიყო იმ სცენარის განმეორება, რომელიც იყო 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს. როდესაც პოლიტიკურ ლიდერზე ასეთი რამ ხორციელდება, მაშინ პარლამენტმა კეთილი ინებოს და ჯერ მიიღოს პოლიტიკური განცხადება, ანდა პოლიტიკურად შეაფასოს სიტუაცია და შემდეგ მიიღონ ზომები. „ქართული ოცნება“ ძალიან მიეჩვია გაუაზრებლად რაღაც ქმედებების განხორციელებას და მერე ბუმერანგივით ძალიან ცუდად უბრუნდება. იმედს ვიტოვებ, რომ სიტუაცია იქნება დაბალანსებული, ორივე მხარე გაითვალისწინებს ქვეყნის გარეთ არსებულ გეოსტრატეგიულ რეალობას, ვინაიდან თუ ეს არ გავითვალისწინეთ, შეიძლება მივიღოთ ძალიან ცუდი შედეგი.

ვისი გადაწყვეტილება იყო ღარიბაშვილის გაპრემიერება?

– მოდით, ასე ვთქვათ, გონივრული ანალიზის საფუძველზე, მაღალი ალბათობაა, რომ მინიშნება იყო ბიძინა ივანიშვილისგან. იმიტომ, რომ იმ დღით მმართველ გუნდში ისე იყვნენ დაბნეულები და აჭრილები, არ მგონია მათი პროფესიული ბეგრაუნდით რაიმე ანალიზის დონემდე გასულიყვნენ, იმიტომ რომ მათ პოტენციალი არ გააჩნიათ. ივანიშვილს გააჩნია სტრატეგიული აზროვნება, ამით განსხვავდება „ქართული ოცნების“ სხვა დანარჩენი „ლიდერშიფისგან“. ვფიქრობ, ივანიშვილის გარეშე მმართველ პოლიტიკურ კონდინიუმში ამას სხვა ვერავინ განსაზღვრავდა. კონდონიუმი იმიტომ, რომ ეს არის კონკრეტული კლანებისა და დაჯგუფებების გაერთიანება, ასევეა მეორე მხარესაც, უბრალოდ, იქ არის პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომელმაც ამ არჩევნების ფონზე დაკარგეს გავლენა და ლიდერობა ხელში ჩაიგდო „ნაცმოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის თამადობით, ეს არის რეალური ფაქტი. ჩვენ, ამ დღეებში ვიდექით პოლიტიკური გადატრიალების სცენარზე.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე თუ მოხდება შეთანხმება?

– სამწუხაროდ, ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რომ დაიწყო სახელმწიფოებრივი კრიზისის რბილი ფაზა. სიტუაცია ისეთია, რომ ვფიქრობ, მხარეები, ალბათ, შეთანხმდებიან ვადამდელ არჩევნებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება და მიიღებს რთულ სახეს, თუმცა ღარიბაშვილის მოსვლის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს ამ ნაბიჯზე. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი, თუ როგორი იქნება ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო აქტორების ჩართულობა ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი თუნდაც ფორმალურად გაგრძელდება და „ქართული ოცნება“ ეცდება მაქსიმალურად გაწელოს დრო.