პუტინი ჩარლი ჩაპლინის როლში

პუტინი ჩარლი ჩაპლინის როლში

იმაზე, თუ როგორი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მოსკოვში დაწყებულ არეულობას და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, პრესა.გე ესაუბრა ქართველ პოლიტოლოგებს, კონფლიქტოლოგებსა და ექსპერტებს: მამუკა არეშიძეს, რამაზ საყვარელიძეს, პაატა ზაქარეიშვილსა და არჩილ გეგეშიძეს.

 

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთის დედაქალაქში ნაციონალისტებსა და კავკასიელებს შორის შეტაკებები მოჰყვა საფეხბურთო კლუბ “სპარტაკის“ გულშემატკივარ ეგორ სვირიდოვის გარდაცვალებას, რომელიც 6 დეკემბერს, ჩხუბის დროს კავკასიელებმა დაჭრეს. ამ ფაქტის შემდეგ, მოსკოვის ქუჩებში, აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდები საგანგებოდ ეძებდნენ კავკასიური გარეგნობის ადამიანებს და მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რასაც შედეგად მოჰყვა ორი ათასამდე ადამიანის დაკავება და ათეულობით ადამიანის დაშავება.

 

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ კონკრეტულად ეს შემთხვევა სტიქიურად დაიწყო, რაც რუსეთში გატარებული (როგორც ამჟამინდელი, ისე წინა ხლეისუფლების მიერ) არასწორი პოლიტიკის შედეგია – “ტერმინი “ლიცო კავკასკოი ნაციონალნოსტი“ ხომ არ არის დღევანდელი ტერმინი?! ესაა დამამცირებელი ტერმინი, რომელიც რუსეთში საბჭოთა კავშირის პერიოდში გაჩნდა. კავკასიელების მიმართ რუსების დამოკიდებულება ამით გამოიხატებოდა“.

 

მამუკა არეშიძე: “რაც დღეს ხდება, ესაა ერთის მხრივ საზოგადოებაში დაგროვილი უარყოფითი განწყობა, კავკასიელებსა და რუსებს შორის და მეორეს მხრივ, ნაწილობრივ მართული პროცესი. ოთხმოცდაათიან წლებში, ნაციონალისტურ და  სკინჰეტურ ორგანიზაციებს, ხშირ შემთხვევაში შსს–ს სპეცსამსახურები ქმნიდნენ –

რადგან კორუფციის გამო, კანონის მეშვეობით ვერ ერეოდნენ კავკასიურ კრიმინალს, ამიტომ ასეთი ტიპის ორგანიზაციები შექმნეს, რომ კავკასიელებს დაპირისპირებოდნენ. დღეს ბევრი  ამგვარი ორგანიზაცია ხელისუფლების მმართველობიდან გამოსულია, მაგრამ მათ რიგებში ხელისუფლების აგენტურა არის;

 

რუსეთის ხელისუფლებას ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილის კონტროლი რასაკვირველია, შეუძლია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ბოლო დროს ხელისუფლებას მოვლენების განვითარების სადავეები ხელიდან გაუსხლტდა. თუ ამ დღეებში არ მოხდა პროცესის ლოკალიზება და შეწყვეტა, ვვარაუდობ რუსეთის მასშტაბით (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებას“.

 

არეშიძე აცხადებს, რომ სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ორგანიზაციები და მათ მიერ ნაწილობრივ მართული ჯგუფები ლოგიკურად პუტინს უკავშირდება, რადგან

სპეცსამსახურები სწორედ პუტინის ხელშია.

 

ექსპერტი კავკასიის საკითხებში არ გამორიცხავს, რომ პუტინის გუნდი ცდილობს რაღაც მომენტში მოვლენები ნებაზე მიუშვას და შემდეგ თავად მოახდინოს მათი ჩახშობა, რითაც არჩევნების წინ, საზოგადოების თვალში დამატებითი ქულების დაწერას შეეცდება. თუმცა, მამუკა არეშიძეს ის ვერსია უფრო სარწმუნოდ მიაჩნია, რომ ყველაფერი სპონტანურად დაიწყო და ახლა უბრალოდ, ხელისუფლების სხვადასხვა ჯგუფი სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს – “ყოველ შემთხვევაში, მედვედევის გუნდს ეტყობა, რომ შს მინისტრ რაშიდ ნურგალიევის წინააღმდეგ სერიოზული დემარში დაიწყეს. ნურგალიევი პუტინის კაცია“.

 

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ რუსეთში მიმდინარე არეულობა სტიქიური შეიძლება იყოს, მაგრამ იმის ეჭვიც არსებობს, რომ მოვლენების ამგვარად წარმართვა რომელიმე პოლიტიკური მხარის მიერ იყოს ინიცირებული – “მედვედევსა და პუტინს ვგულისხმობ. გამორიცხული არ არის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადდება ის განწყობილებები, რომელიც ერთ–ერთ მათგანს უპირატესობას მისცემს. ამ ვერსიაზე დარწმუნებით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ეჭვს ცოტათი ის ამყარებს, რომ მაგალითად, მედვედევმა რეაქცია მაშინვე მისცა და პუტინმა შეაგვიანა. პოლიტიკაში ასეთი დეტალები მნიშვნელოვანია. სწორედ ამ დეტალებმა აფიქრებინა ზოგიერთებს, ამ მოვლენების იქით პრემიერ–მინისტრის დგომა, რომელსაც პრეზიდენტი უპირისპირდება“.

 

ჩვენს კითხვაზე – პირადად თქვენთვის რომელი ვერსიაა მისაღები? პოლიტოლოგი პასუხობს, რომ მისთვის არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ვინმეს შეთქმულება იგულისხმოს, მაშინ, როცა ხალხი ნაციონალურ უმცირესობებს უპირისპირდება;

 

“არანაირი შეთქმულება არ იყო, თუ გახსოვთ, საბჭოთა პერიოდში, თბილისში, სტადიონზე, რომ გადავიდა მაყურებელი და დაერია მსაჯებს, რადგან მიაჩნდა, რომ რუსი მსაჯი არაობიექტურად სჯიდა. ასე რომ, ასეთი პრეცენდენტები გვაქვს, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სცადა ეს პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად განეიტრალებულიყო, ჩამქრალიყო, მაგრამ ახლა რუსეთში პოლიცია შედარებით გულგრილად უყურებდა როგორ დასდევდნენ კავკასიელებს; მათ ზომები მოგვიანებით მიიღეს, ოღონდ იმისთვის, რომ უკიდურესი ვითარება  თავიდან აეცილებინათ, თორემ აგრესია კავკასიელების მიმართ, როგორც ჩანს, არც პოლიციელებისთვის იყო უცხო“, –  ამბობს რამაზ საყვარელიძე და იქვე მიუთითებს, რომ თუ პროცესი სტიქიურია, არეულობას წერტილს დაუსვამენ.

 

რამაზ საყვარელიძე: “თუ არეულობის გაგრძელება რომელიმე სახელისუფლებო შტოს ინტერესშია, მაშინ გაგრძელდება. მაგალითად, თუ ეს კონფლიქტი რომელიმე მხარისთვის ხელსაყრელია და მეორე მხარის ხელთ არ იქნება ამის ლიკვიდაციის ინსტრუმენტები, მაშინ კონფლიქტი გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის სურათს არ შექმნის. ჩარლი ჩაპლინის ფილმში რომაა, თუ გახსოვთ, როცა ჩარლი, თვითონ ამტვრევს იმ შუშებს, რომელიც შემდეგ უნდა ჩასვას, დაახლოებით ეგ სტრატეგია აქვთ ხოლმე პოლიტიკოსებსაც. ისინი ხშირად აჩენენ კრიზისს იმისთვის, რომ თვითონ ჩააქრონ და სანაცვლოდ პოლიტიკური გასამრჯელო მიიღონ“.

 

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, არეულობა მოსკოვის პროვოცირებულია, რითაც სოჭის ოლიმპიადის წინ, ჩრიდლო კავკასიაში წესრიგის დამყარებას შეეცდებიან.

 

პაატა ზაქარეიშვილი: “ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რაც ბრაზილიამ რიო დეჟა ნეროში გააკეთა, როცა კრიმინალების პროვოცირებით დაიწყეს კრიმინალებთან ბრძოლა. ჩემი აზრით, რუსეთში ამგვარი მოვლენების პროვოცირებით ერთის მხრივ სურთ არა სამუდამოდ, მაგრამ მოკლევადიან რეჟიმში, 2014 წლამდე შეძლონ ჩრდილო კავკასიაში სიტუაციის კონტროლქვეშ აყვანა და მეორე მხრივ, მოსკოვში ულტრანაციონალისტების გამოვლენა, მათი კონტროლი და დაპატიმრება. ანუ ესაა ხელისუფლების მხრიდან მართული პროცესი, რათა მათ ულტრა ნაციონალისტები და ულტრა კავკასიელები გამოავლინონ.

 

ყველაფერი გააკეთეს, რომ კავკასიელები მოსკოვში ჩამოსულიყვნენ (არადა მათი დაპატიმრება ამის გარეშეც შეეძლოთ); იქ დააპირისპირეს ნაციონალისტებს და გამოვლინეს ვინ ვინ არის; ანუ ლიდერები გამოვლინეს და ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ამით აშკარაა, რომ მოსკოვს სურს ჩრდილო კავკასია გაწმინდოს მომავალი ექსპტრემისტებისგან, უახლოეს წლების განმავლობაში მაინც“.

 

ზაქარეიშვილის აზრით, ლიდერების გამოვლენის პროცესი ერთი წელი შეიძლება გაგრძელდეს, “ერთის მხრივ ფაშისტურ მოსკოვში და მეორეს მხრივ ულტრანაციონალისტურ კავკასიაში, რათა ნიადაგი ნახონ საიდან ამოდის მათი ჯგუფები და შემდეგ ალბათ, მთელი დარტყმა 2011–2012 წლებში იქნება“.

 

პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე თვლის, რომ ის, რაც დღეს მოსკოვში ხდება, უკავშირდება რუსეთში საერთაშორისო ურთიერთობების მოუგვარებელ თემას – “პრობლემის არსი და საფუძველი სწორედ ამაში მდგომარეობს და არა იმაში, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეხლა–შემოხლა მოხდა“.

 

არჩილ გეგეშიძე: “რუსებს და განსაკუთრებით მემარჯვენე ნაციონალისტებს, ცივი ომის დამთავრების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოუყალიბდათ და სულ უფრო და უფრო მეტად უმძაფრდებოდათ არასრულფასოვნების კომპლექსი; თავს დამცირებულის პოზაში გრძნობდნენ. ოთხმოცდაათიან წლებში, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ განვითარებული მოვლენები აღიქმებოდა, როგორც რუსეთის დათრგუნვის და დამცირების მცდელობები.ყველა ამ უარყოფითი განცდის გამომჟღავნების კულმინაცია იყო 2007 წელს პუტინის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, მაგრამ ეს განცდა არა მარტო პოლიტიკურ ელიტას ჰქონდა.

 

თუ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, ხელისუფლება შეძლებს მოსკოვში მოვლენები ჩააწყნაროს, მაგრამ თუ ამ მოვლენების სიმწვავემ რაღაც კრიტიკულ წერტილს მიაღწია, მაშინ შესაძლოა ეს აისახოს ჩრდილო კავკასიაში, მოვლენების კიდევ უფრო მეტ სიმწვავეში და კავკასიაში ვითარება კიდევ უფრო მეტად გართულდეს. მოსკოვში დაწყებული შეხლა–შემოხლის მასშტაბების გაფართოვება, ჩრდილოა კავკასიაში ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის პოზიციების შესუსტებას გამოიწვევს და ფედერალურ მთავრობასთან ბრძოლა საყოველთაო–სახალხო ფორმას მიიღებს“.