„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „კადისთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ნიდერლანდელი სპეციალისტი ძალზე იმედგაცრუებული იყო. როგორც მან განაცხადა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა.
„სამწუხარო შედეგია. ასეთი მატჩები უნდა მოვიგოთ, მაგრამ ჩვენ ვერ მოვახერხეთ. „ატლეტიკოს“ მარცხის გამო დიდი შესაძლებლობა გავანიავეთ და იმედგაცრუებაც დიდია. სამშაბათის მატჩის შემდეგ ორი ქულის დაკარგვის საშუალება არ გვქონდა. არ მიყვარს კონკრეტული მოთამაშეების დადანაშაულება, მაგრამ ზოგადად შეტევაში თამაშს ვერ შევეგუეთ და თავიც სხვანაირად უნდა დავიცვათ.
რაღაცის მიღწევა მაინც შეგვიძლია, რადგან ადვილად ვერავინ მოიგებს. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შესაძლებლობების ხელიდან გაშვება არ შეიძლება. შეგვეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ ორი ქულა დავკარგეთ მატჩში, რომელსაც ვაკონტროლებდით. ზოგადად, „კადისთან" ორ თამაშში 5 ქულა დავკარგეთ (პირველ წრეში "ბარსამ" "კადისთან" 1:2 წააგო) და ეს მიუღებელია“, - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ 47 ქულა აქვს და ლიდერ მადრიდის „ატლეტიკოს“ 8 ქულით ჩამორჩება.