გიორგი გახარიას გადადგომამ და ირაკლი ღარიბაშვილის მობრუნებამ ბიზნესმენები და ეკონომისტები საგონებელში ჩააგდო. კეთდება უამრავი ურთიერგამომრიცხავი განცხადება. ამის მიზეზი უფრო ისაა, რომ პრემიერის უცაბედმა ცვლილებამ შოკური ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე და მათ შორის ბიზნესზეც.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც პრემიერის გადადგომას და მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა. მან ყურადღება სტაბილურობის შენარჩუნებაზე გაამახვილა.
„ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან არა მხოლოდ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე მომუშავე პერსპექტიული ინვესტორებიც, რომელთა ჩართულობის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შემოსვლა. ბიზნესისთვის დღეს, როგორც არასდროს, მიმდინარე პანდემიის ფონზე, მნიშვნელოვანია სტაბილურობა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველთვის თანამშრომლობდა და თანამშრომლობს როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან იმ მიზნით, რომ იტვირთოს ერთგვარი პარტნიორისა და შუამავლის ფუნქცია სახელისუფლო შტოებსა და ბიზნეს ოპერატორებს შორის. მსგავსი სულისკვეთებით ვთანამშრომლობდით ყოფილ პრემიერთან, როგორც მთავრობის მეთაურთან და დარწმუნებული ვართ, იგივე კონსტრუქციულ ფორმატში განვაგრძობთ ურთიერთობას საქართველოს ახალ მთავრობასთან, რომელსაც რაც შეიძლება მალე უნდა გამოუცხადოს ნდობა საქართველოს პარლამენტმა.
ყოველთვის მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ძლიერი ბიზნესი არის ძლიერი ეკონომიკის შექმნის საწინდარი, ხოლო ძლიერი ეკონომიკა კი არის ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი“, - განაცხადა ფხაკაძემ.
გახარიას წასვლას და ღარიბაშვილის დაბრუნებას აფასებენ ბიზნესმენებიც. სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, 10-ბალიანი სისტემით, გიორგი გახარიას გადადგომის კუთხით, უმაღლესი შეფასება ეკუთვნის. მისი აზრით, გახარია საუკეთესო ბიზნესომბუდსმენი იყო, თუმცა ბოლო დროს გადაწყვეტილებები ბიზნესის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„როცა გიორგი გახარიაზე ვსაუბრობთ, ალბათ, უმჯობესი იქნება დავიწყოთ მისი ბიზნესომბუდსმენობიდან. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესომბუდსმენი. რაც შეეხება პრემიერობას, მისმა პრემიერობამ გაიარა პანდემიის პირობებში. ამიტომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ტოვებს ბიზნესს, მაგრამ რაც შეეხება გადადგომას, მისი მხრიდან იყო ღირსეული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჩოჩელმა.
კომუნიკაციის მხრივ გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროიდან, მუდმივად ცდილობდა კომუნიკაცია ჰქონოდა ბიზნესთან, მაგრამ ბოლო დროს უკვე გადაწყვეტილებები მიიღებოდა ბიზნესის საწინააღმდეგოდ, რადგან ისეთი კანონები იქნა შემუშავებული, რომელიც ბიზნესს აფერხებდა და ხელს არ უწყობდა.
ბიზნესმენი თემურ ჭყონია გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ექსპრემიერს გაწეულ სამუშაოსაც არ უწუნებს.
„გახარია არ იყო მიუღებელი ტიპი, იყო 50-50-ზე, ნული არასდროს ყოფილა. მას სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა უპირატესობა ჰქონდა სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო თავისი ცხოვრების მომავლისათვის. რა თქმა უნდა, გახარია მართალია, ამ შემთხვევაში“, - განუცხდა „ბიზნეს მედიას“ ჭყონიამ.
რაც შეეხება პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელის კანდიდატურას, ბიზნესმენის აზრით, თუ მთავრობის შემადგენლობა იგივე დარჩა და მხოლოდ მეთაური შეიცვლება, ეს ვითარებას არ შეცვლის.
„ახალ პრემიერ-მინისტრს რომ აირჩევენ, რა უნდა მოხდეს ახლა ისეთი, რომ ჩვენ გაგვიკვირდეს? ჩვენ არ გვჭირდება ნდობით აღჭურვილი პირი, არ გვჭირდება ცნობადი სახე, გვჭირდება ჭკვიანი, წესიერი ადამიანი, რომელიც ინტელექტუალებისგან შექმნის მთავრობას. ახლა გადამდგარი მთავრობა თუ ისევ შეიკრიბა, ერთი კაცის ცვლილება რას მისცემს სახელმწიფოს? - არაფერს!“ - განაცხადა ჭყონიამ.
იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ეკონომიკა პანდემიის გამო ისედაც კრიზისშია და ყოველდღიურად 16 მლნ ლარს კარგავს, ბიზნესისთვის ყოველი დღე გადამწყვეტია. „აისიარ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ხაზარაძის შეფასებით, ასეთ დროს, პრემიერის წასვლა ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.
„ზოგადად, პრემიერის გადადგომა, არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ასეთ სიტუაციაში ყოველთვის ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ პროცესებზე. გამოწვევები კოვიდის გარდა არის პოლიტიკურიც და მათ შორის, ეკონომიკა ღრმა კრიზისშია. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი ძვრები, ნეგატივის მომტანია ქვეყნისთვის. ბიზნესში გაუკვევლობის განცდა ბოლო 9 თვის განმავალობაში ისედაც არის. ბიზნესს ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა და პრემიერის გადაწყვეტილება კი, კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. სანამ ახალი მთავრობა იქნება არჩეული, მერე, სანამ ბიზნესთან კომუნიკაცია აღდგება... ამ დროს ჩვენთვის ნებისმიერი დღე პრობლემურია, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ყოველ დღე 16 მილიონს კარგავს. ახლა ეს პროცესი დროში კიდევ გაიწელება და ყველაფერს უფრო დაამძიმებს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
გიორგი გახარიას წასვლას ეხმაურებიან ექსპერტებიც. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკონომიკაში ამით დიდად არაფერი შეიცვლება, რადგან რაც გასაფუჭებელი იყო, ისედაც გაფუჭდა. ეკონომისტების ერთი ნაწილი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობს, რადგან თვლის, რომ მისი მეთაურობით ეკონომიკური პროცესები ბოლო პერიოდის განმავლობაში არასწორად იმართებოდა და წარუმატებელი კრიზის-მენეჯერი იყო.
ეკონომისტ დემურ გიორხელიძის შეფასებით ეპიდემიურ პერიოდში და გაცილებით ადრეც, გიორგი გახარიას მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გააუარესა როგორც ბიზნეს გარემო, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას საბოლოოდ დაუსვა წერტილი.
„ეკონომიკა ისედაც განსაცდელში იყო, არავის ეცალა და ამ ეტაპზე, მით უმეტეს, ვერ მოიცლიან. ეკონომიკაში გაფუჭებული იყო საქმე და ახლაც იქნება იმავე მდგომარეობაში, თუკი უარესი არ მოხდება. ცხადია, რასაც გახარიას მთავრობა აკეთებდა, ეს არ იყო ეკონომიკური პოლიტიკა, შედეგი არ ჰქონდა და არც შეიძლება ჰქონოდა. ახლა ეკონომიკის თემა არ დგას საქართველოში, სხვა რამე გახდა პრიორიტეტული, რომელსაც ეკონომიკის გაუმჯობესება არ შეუძლია“, - განაცხადა გიორხელიძემ.
ეკონომისტი პაატა ბაირახტარის აზრით, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომით, შექმნილ სიტუაციაში ბიზნესის გაურკვევლობის დონე უფრო გაიზრდება.
„ბიზნესს არავინ უხსნის თუ რატომ არის ესა თუ ის შეზღუდვა. გუშინწინ რამდენიმე ბიზნეს ასოციაციამ, რომელიც რამდენიმე ათეულ ბიზნესს აერთიანებს, პრემიერის სახელზე გაავრცელა განცხადება, ისინი ითხოვნდნენ პრემიერთან უშუალოდ შეხვედრას იმისთვის, რათა მომხდარიყო შეზღუდვების იმ დონეზე გადახედვა, რომ ბიზნესს რეალური მუშაობის საშუალება მისცემოდა. ახლა კი, სრული გაურკვევლობაა.
გიორგი გახარია იყო ძალიან კარგი ბიზნესმენი თავის დროზე, შემდეგ იყო ბიზნესომბუდსმენი, მას შესანიშნავად ესმოდა ბიზნესის ესა თუ ის ტკივილი. მეორე საკითხია, ეპიდემიოლოგებთან ერთად რამდენად ითვალისწინებდა ბიზნესის თხოვნას. მას ბიზნესის მაჯისცემაზე ხელი ყოველთვის ედო. ასეთ რეალობაში პრემიერის გადადგომა ბიზნესისთვის დამაიმედებელი ნამდვილად ვერ იქნება“, - აღნიშნა ბაირახტარმა.
მისივე აზრით, პრემიერის გადადგომამ პროცესებზე მეტ-ნაკლებად ნეგატიური ეფექტი შეიძლება მოახდინოს ეროვნულ ვალუტაზე, თუმცა დღეს ლარის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გაჩერებულია.