მთავრობა რამდნიმე დღის წინ პირობას იძლეოდა, რომ თებერვლის შუა რიცხვებისთვის შემსუბუქების მორიგ ეტაპზე გადავიდოდა, მაგრამ მოულოდნელად პირობა შეცვალა და ახლა 2-3-კვირიან პაუზას იღებს. მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს (თანაც არანორმალურად გაზრდილი ტესტირების ფონზე) ხელისუფალთა პოზიცია აბსოლოტურად გაუგებარია. ირკვევა, რომ მარტამდე ქვეყანაში დამატებით არაფერი აღარ გაიხსნება.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი მობილობის მქონე მიმართულებები გაიხსნა, მათ შორის სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემდეგი 2 კვირა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის გაიხსნას დარჩენილი სფეროები. ამიტომ თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი, რა იქნება შემსუბუქების შემდეგი ეტაპი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რაც ამას მოჰყვება. თუკი გვინდა, რომ, ასევე, გაგრძელდეს შემდეგ, დავუშვათ ორი, სამი კვირის თავზე, მარტში შევძლოთ დანარჩენი ნაბიჯები გადავდგათ. ალბათ, ყველამ უნდა დავიცვათ აუცილებლად რეგულაციები, პირველ რიგში, პირბადე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი კონტროლისთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნორმალური ეპიდვითარება და, რა თქმა უნდა, სხვა დაწესებული რეგულაციებიც.
შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა, რას ნიშნავს ეს? წინა სამი კვირის განმავლობაში კვირაში თითო ან ორი დიდი აქტივობა გავხსენით, ახლა დაახლოებით, ორი კვირა მაინც, უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ეპიდემიოლოგების ძალიან მყარი და არგუმენტირებული პოზიცია იმიტომ, რომ თავისი მოქმედების ციკლი აქვს ამ ვირუსს, თავისი ინკუბაციური პერიოდი. თებერვლის ბოლოს უკვე გვეცოდინება უკვე მარტიდან, თუ არაფერი გაუარესდა, რისი გახსნა შეგვიძლება და ვისაუბროთ დამატებით გახსნაზე“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, ბიზნესის გახსნის პარალელურად, ეპიდვითარების კონტროლის მიზნით, დაწესდება ახალი შეზღუდვებიც, რომელზეც მთავრობა უკვე მუშაობს. ეტაპობრივი გახსნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გახსნის გადაწყვეტილების შეცვლა და გადათამაშება არ მოხდეს.
„მოსახლეობას ვთავაზობთ დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს. არავის არ მოსწონს და არ სიამოვნებს, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს დახურული ბიზნესები. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მცირეა ეს დარგები, წერტილოვანია ეს შეზღუდვები, ჩვენ გვიხარია, რომ გავხსნით, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს სათანადო საფუძველი. ბიზნესს თუკი რამე აზარალებს, ეს არის პანდემია და როდესაც ჩვენ ერთბაშად არ მივუშვით ყველაფერი და ეტაპობრივად მივდივართ, ამითი რესტორანსაც ვიცავთ, ფიტნეს დარბაზის თანამშრომელსაც ვიცავთ, შოპინგმოლის თანამშრომელსაც ვიცავთ იმისგან, რომ ეს გამოუხმობადი გადაწყვეტილება იყოს და უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში მინისტრმა.
მთავრობის პოზიციას სრულად ეთანხმება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. უფრო სწორად, მინისტრების პოზიცია სწორედ მთავარი ეპიდემიოლოგების მითითებებიდან მომდინარეობს. მისი თქმით, ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა არ არის რეკომენდებული.
„კომენდანტის საათის მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება, ანუ, როდესაც მთლიანად მთელ ქვეყანაში მაჩვენებლები - შვიდდღიანი ინციდენტობა, 14-დღიანი ინციდენტობა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციებში ავადმყოფთა რაოდენობის მაჩვენებელი, სასუნთქ აპარატზე ადამიანების რაოდენობა იქნება ისეთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ.
ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა არ არის რეკომენდებული, ეს უნდა მოხდეს თანდათანობით. ახალ ძალიან დიდი შეზღუდვა მოიხსნა, რაც მობილობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ათი დღე, ორი კვირა უნდა დავუკვირდეთ მდგომარეობას და შემდგომ შემსუბუქებაზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მის პოზიციას უკვე აღარ ეთანხმებიან ინფექციონისტები. ზოგიერთი მათგანი არათუ ბიზნესის სრულად ამოქმედების, არამედ კომენდანტის საათის გაუქმებასაც ემხრობა. ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძის აზრით, უკვე შესაძლებელია საქალაქთაშორისო მიმოსვლის აღდგენაც და კომენდანტის საათის მოხსნა.
„ვფიქრობ უკვე შესაძლებელია საქალაქთაშორისო მიმოსვლის აღდგენაც დაიწყოს, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც აღარ არის მაღალი ინფიცირებულთა რაოდენობა. რასაკვირველია, ამ კუთხითაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ რომელიმე შეზღუდვის მოხსნა გამოიწვევს დაინფიცირებულთა რაოდენობის მატებას, იმ წამსვე უნდა დაბრუნდეს ის.
რეალურად ხალხი უკვე ამ შეზღუდვებით ძალიან გაწვალდა და კარგად მესმის ამის, თუმცა სიფრთხილის ნორმები უნდა შევინარჩუნოთ. რაც შეეხება კომენდანტის საათს, ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა მოიხსნას“, - განაცხადა ინფექციონისტმა.